დაკარგული თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა არავის ეკისრება
მარი ჩიტაია
12.04.2016

 საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის ქვეყნებში მოგზაურობისას პრობლემა ხშირად ექმნებათ. განსაკუთრებით ისრაელში, სადაც ყოველი 10 ქართველი მოგზაურიდან 8-ს უკან აბრუნებენ. კონტროლი გამკაცრებულია ბელორუსსა და უკრაინაში წამსვლელთათვისაც, თუმცა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მგზავრთა უმეტესობა საზღვრის გადაკვეთას მეტ-ნაკლებად ახერხებს.

ისრაელში კი, როგორც ტურისტულ კომპანიებში განმარტავენ, დეპორტაციისთვის საბაბიც არ სჭირდებათ. ბევრ მოგზაურს აძევებენ საზღვრიდან ისე, რომ მიზეზსაც არ ასახელებენ. პასუხისმგებლობას იხსნიან ტურისული კომპანიებიც, რომელთა დახმარებითაც ეს ხალხი ქვეყნიდან გადის. ხალხს ელემენტარულად არ აქვს დაზღვევა და დაკარგული თანხის დასაბრუნებლადაც ყველა კანონიერი გზა მოჭრილი აქვთ.

რატომღაც ყველას ჰგონია, რომ დასვენების მიზნით მოგზაურობისას პრობლემა არ შეექმნება და ბევრი სასტიკად ცდება. უამრავი შემთხვევაა, როცა ქართველ ტურისტს, ნანატრი დასვენების ნაცვლად, რამდენიმედღიანი "პატიმრობა" და საქართველოში გამობრუნება შერჩება ხელთ.

პრობლემაზე საუბრობენ ტურისტულ კომპანიებში, მაგრამ აქვე დასძენენ, რომ მათ გამოძევებული მგზავრების წინაშე არანარი ვალდებულება არ აქვთ, რადგან ხელშეკრულებაში ასეთი პირობა არ დევს.

"უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებში მიმავალ მგზავრებს არ აქვთ გარანტია, რომ დაუბრკოლებლად შეძლებენ გასვლას, თუნდაც საბუთები წესრიგში ჰქონდეთ და ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებდნენ. ამ მხრივ უკიდურესად გამკაცრებულია ისარელში მგზავრობა, მათ შორის წმინდა მიწაზე მომლოცველთათვისაც. ფაქტობრივად, ყოველი 10 მგზავრიდან 8-ს უკან აბრუნებენ. საკმაოდ შემაშფოთებელი სტატისტიკაა. ტურისტს, რომელიც 5 დღით მიდის, ისე აძევებენ, რომ ახსნა-განმარატებასაც არავინ იძლევა.

საკმარისია, ვინმეს თვალში არ მოუხვიდე, შეუძლია, სუბიექტური მოსაზრებითაც უკან გამოგიშვას. ამასობაში კი ადამიანს გაწეული აქვს ფინანსური ხარჯი - სასტუმროს, ბილეთის ფული და სხვა, რაც ასეთ დროს სრულად ეკარგება. ტურისტული სააგენტოები პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, მით უმეტეს, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ აგვარებს ამ პრობლემს. ჩვენ დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ ვერაფერს ვაკეთებთ. ასეთ ვალდებულებას არც კლიენტთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს", - განმარტავს თინათინ გოგუაძე, კომპანია "ფრი თრეველის" წარმომადგენელი.

სასაზღვრო პოლიციასა და საამიგრაციო სამსახურებს გამკაცრებული აქვთ პირობები უკრაინასა და ბელორუსშიც, თუმცა ამ ქვეყნებში მოგზაურებს პრობლემა ნაკლებად აქვთ. მთავარია მგზავრი სავალდებულო პირობებს აკმაყოფილებდეს.

დაზარალებული მოქალაქეების ძებნა "ბიზნეს-რეზონანსს" არ გასჭირვებია. უამრავი ადამიანი ჩივის, რომ სრულიად დაუსაბუთებლად არის საზღვრიდან გამოგდებული. განასკუთრებით კი, სამსახურის საძებნელად წასულებს ექმნებათ პრობლემა.

როგორც აღმოჩნდა, "უვიზო ქვეყანაში" გამგზავრება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ შენ იქ კარგად მიგიღებენ. ამის ილუზია ნურავის ექნება. ტურისტულმა კომპანიებმა თავიანთ სასიკეთოდ მოიწყვეს საქმე, რადგან ხელშეკრულებაში ჩადებული ერთ-ერთი პირობით პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ისინი არც მაშინ არიან ვალდებულნი, როცა მათ მიერ გაწეული მომსახურების შემდეგ ადამიანები მოგზაურობისთვის განკუთვნილ მთელ თანხას "პატიმრობისას" ხარჯავენ და ჯიბეცარიელი ბრუნდებიან უკან. ამ დანაკარგს მათ არავინ უნაზღაურებს.

38 წლის ლიანა კერესელიძე ამბობს, რომ თვენახევრის წინ ისრაელში სამუშაოდ წასვლა გადაწყვიტა, იპოვა კიდეც შუამავალი, მაგრამ საზღვრიდან უკან დააბრუნეს და გადახდილი თანხაც დაკარგა.

"100%-იანი გარანტია თუ არ აქვს ადამიანს, ისრაელში წასლაზე ფიქრიც არ ღირს. ასეთი გარანტია კი არ არსებობს. წინასწარ გავურიგდი ერთ-ერთ ნაცნობს, 2000 დოლარი გადავიხადე, მაგრამ საზღვრიდანვე მომაბრუნეს. მიზეზი ახლაც უცნობია, ცხადია, ვერც გადახდილი ფულის დაბრუნება შევძელი. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამერიკაშიც კი და ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ისრაელში წასვლა ასე გამიჭირდებოდა. ვინც მუშაობს, არაადამიანურ შრომას ეწევა და თვეში 1000 დოლარსაც ვერ იღებს. აღარც მინდა ამ ქვეყნისკენ გახედვა", - ამბობს დაზარალებული.

თბილისელი გიორგი ქასრაძე იხსენებს, თუ როგორ გაჭირდა გამგზავრება საშობაოდ. საზღვრიდან ჯგუფებად მიმავალ ხალხსაც კი აბრუნებდნენ უკან.

"თავიდანვე რისკია ისრაელის ტურში ფულის ჩადება. საშობაოდ ვიყავი წასული, გამიმართლა და გამიშვეს, თუმცა საკუთარი თვალით ვნახე ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც უმიზეზოდ აბრუნებდნენ. როგორც შემდეგ გავიგე, ბევრი არ ბრუნდება უკან და რჩება ისრაელში, ამიტომ წინასწარ იღებენ ზომებს. ამასობაში უამრავი მოქალაქე ზარალდება", - ამბობს გიორგი ქასრაძე.

თბილისელი ჯული გელოვანის თქმით, მგზავრი, ფაქტობრივად, ისეთივე პროცედურებს გადის, რაც მაგალითისთვის, ამერიკის საელჩოში უნდა გაიაროს. განსხვავება მხოლოდ ფრაზაშია: "უვიზო რეჟიმი".

"მოქალაქეები დიდ რისკს ეწევიან. ზოგს უმართლებს და მიდის, მაგრამ უმეტესობას ტურში გადახდილი მთელი ფული ეკარგება. იანვარში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ უკან მომაბრუნეს. მესაზღვრე პოლიციელს ხეირიანად პასპორტიც არ უნახავს. ამხედ-დამხედა, თქვა, რომ დავლოდებოდი. 5 წუთში მობრუნდა და მომახალა, რომ ვერ შევიდოდი ქვეყანაში. ჩემთან ერთად 7 ქართველი მოაბრუნეს. ამ დროს სასტუმროს ფოლიც დაჯავშნილი მაქონდა და ფული არავინ დამიბრუნა. დასვენების ნაცვლად, ვიზარალე. მგონი, ყველაზე მკაცრი კანონები ისრაელს აქვს შესვლასთან დაკავშირებით, უვიზო რეჟიმი მხოლოდ ქაღალდზეა", - ამბობს დაზარალებული.

ესაა მცირე ნაწილი იმ დიდი პრობლემის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის გარეთ, უვიზო რეჟიმის პირობებში აწყდებიან. მოქალაქეების ფული იკარგება და არც პასუხისმგებლობის ვალდებულება არსებობს. ფაქტია, რომ ანალოგიური შემთხვევები გახშირდება, როცა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა ძალაში შევა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ისრაელში უვიზოდ შესვლის უფლება ნებისმიერი პირისთვის ქვეყანაში შესვლის უფლების გარანტიას არ ნიშნავს. უვიზოდ შესვლის უფლება არ ვრცელდება სასწავლებლად ან სამუშაოდ მიმავალ პირებზე. ამ კატეგორიის ადამიანებმა კვლავაც უნდა მიიღონ ვიზა დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

ისრაელის ტერიტორიაზე უცხოელების შეშვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე ოფიცერი იღებს, რომელსაც უფლება აქვს, უარი უთხრას უცხოელს ქვეყანაში შესვლაზე გარკვეული მიზეზების საფუძველზე. მისი გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში, სუბიექტურია, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი მოქალაქეების უფლებები აბსოლუტურად დაუცველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×