წლიდან წლამდე სოფელს 42 ათასზე მეტი ადამიანი ტოვებს. ბოლო 5 წელიწადში სახელმწიფომ სოფლის მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ათეულობით პროგრამა განახორციელა და ასეულობით მილიონი ლარი დახარჯა. მიუხედავად ამისა, ხალხის ადგილზე დამაგრება ვერ ხერხდება, რადგან ადამიანებს სტაბილური სამუშაო სჭირდებათ.
მოსახლეობის აღწერამ აჩვენა, რომ წინა აღწერიდან მოყოლებული (2002 წელს) სოფელი 500 ათასმა ადამიანმა დატოვა, ანუ ყოველწლიურად სოფლებიდან 42 ათასი ადამიანი გამორბის, ხოლო ყოველთვიურად - 3500. ეს ტემპი თუ გაგრძელდა, კიდევ ათ წელიწადში საქართველოს სოფლებში 1 მილიონი ადამიანიც აღარ დარჩება.
არადა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში სოფლის განვითარებისთვის სახელმწიფო სუბსიდიას სუბსიდიაზე ახორციელებს და ათასგვარ პროგრამას იგონებს. მაგალითად, რეგიონებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ექიმის არ არსებობა იყო. 2012 წლიდან დღემდე "სოფლის ექიმის" პროგრამისთვის 101,862 მილიონი ლარი დაიხარჯა.
სოფელში მცხოვრებთა დასახმარებლად დღემდე აქტუალური და საკამათო თემაა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ხელშეწყობის ღონისძიებიბი, ე.წ. უფასო ხვნა-თესვის დაფინანსება, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 148 მილიონი ლარი გაიღო, აგროდაზღვევის უზრუნველყოფისთვის - 29 მილიონი ლარი, 100 მილიონ ლარამდეა დახარჯული სხვადასხვა დარგის სუბსიდირებისთვის.
მართალია სოფლის მეურნეობა ადგილიდან დაიძრა, მაგრამ მის სრულყოფილ განვითარებამდე ძალიან ბევრი წელია საჭირო. ამასობაში, სოფელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს და საცხოვრებლად ან უცხოეთში, ან დიდ ქალაქში გარბის. კატასტროფულად იზრდება როგორც შიდა, ისე გარე მიგრაცია.
დემოგრაფი გიორგი წულაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი ტენდენცია მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ხალხი სოფელს ტოვებს და ქალაქებში გადადის. ადამიანებს ტექნოლოგიები ანაცვლებენ და მათ არსებობისთვის საკუთარი სახლების დატოვება უწევთ.
"აქ არის გარე მიგრაციის წილიც, მაგრამ შიდა მიგრაცია კიდევ უფრო დიდია. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. რაც უფრო ვითარდება საზოგადოება ტექნოლოგიური თვალსაზრისით, უფრო მეტი ადამიანი ტოვებს სოფელს. გარდა ამისა, საქართველოს შემთხვევაში სოფელში დასაქმების დონე ძალიან დაბალია, ამიტომ ხალხი ქალაქებისკენ მიიწევს. რა ქნან ადამიანებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები სჭირდებათ", - ამბობს გიორგი წულაძე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, დღეს სოფლად 1 589,1 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც წინა აღწერის, ანუ 2002 წლის მონაცემებთან შედარებით, 23,8%-ით ნაკლებია. იმ პერიოდში სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 2 086,7 ათას ადამიანს შეადგენდა. მართალია, 2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად შემცირებულია მთლიანად მოსახლეობის რაოდენობაც, თუმცა არა იმდენად, რამდენითაც სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა.
ახალი აღწერით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 14,6%-ითაა დაკლებული (2002 წელთან შედარებით). 2002 წელს საქართველოში სულ 4 371 535 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი მოსახლეობის რიცხოვნობა 3 729 500-ს შეადგენს.
გარდა მოსახლეობის შემცირებისა, ბოლო პერიოდში ბევრი სოფელი გაუკაცრიელდა. მართალია, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ასეთი მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა თუ წინა აღწერის მონაცემებს გადავხედავთ, გამორიცხული არ არის, რომ ახლა უფრო სავალალო შედეგი მივიღოთ.
2002 წლის აღწერის მიხედვით, მაშინ ქვეყანაში სულ 3668 სოფელი იყო, საიდანაც 162 სოფელში არავინ ცხოვრობდა. 152 სოფელში 1-დან 10 კაცამდე ბინადრობდა, 169-ში - 11-დან 25 კაცამდე, 224 სოფელში - 22-დან 40 კაცამდე, 360 სოფელში კი - 51-დან 100 კაცამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში, (განსაკუთრებით კი იქ, სადაც წინა აღწერის შედეგად 1-დან 10 კაცამდე ცხოვრობდა) შეიძლება აღარავინ იყოს ცოცხალი.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე აღნიშნავს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობამ სოფლის ცხოვრება მოშალა. მოსახლეობა იძულებულია ან ქალაქად ჩამოვიდეს, ან საზღვარგარეთ წავიდეს. დღეს თბილისში, ფაქტობრივად, იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც 20-25 წლის წინ ცხოვრობდა. 2 ათეული წლის წინ დედაქალაქი ასი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
"ეს შეავსო სოფლიდან ჩამოსულმა ხალხმა. ძალიან ცუდი ტენდენციაა. სოფლად შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, შეიცვალა სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა. თანდათანობით, სოფლად მხოლოდ ასაკოვანი მოსახლეობა რჩება", - აღნიშნავს ანზორ თოთაძე და დასძენს, რომ კახეთში 80-იან წლებში 60 ათასი ბავშვი იბადებოდა, 2000-ით წლებში კი - მხოლოდ 20 ათასი და ისიც არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე.
"ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს. მართალია, სახელმწიფო გარკვეული ტიპის პროგრამებს ახორციელებს, მაგრამ, როგორც გამოჩნდა, ეს არ არის საკმარისი და ეფექტური. ახლა მუშავდება საქართველოს დემოგრაფიული კონცეფცია. უნდა შეიქნას დემოგრაფიული პოლიტიკა. უაღრესად მწირი ბიუჯეტის პირობებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება არ შეგვიძლია, მაგრამ უნდა დავგეგმოთ პრიორიტეტი, რომელიც ქვეყანას ამ კატასტროფიდან იხსნის. სოფელშიც და ქალაქშიც ოჯახში სამი შვილი ნორმა უნდა გახდეს. აუცილებელია შობადობის წახალისება", - ამბობს ანზორ თოთაძე.
როგორც ცნობილია, საქართველოში აქტიური შიდა მიგრაციული პროცესები გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც მთის ზონიდან მოსახლეობა ბარის ზონაში ჩამოიყვანეს. იმ პერიოდში მძიმე მრეწველობის განვითარება ბევრ მუშახელს მოითხოვდა. დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდისათვის მთიანეთი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად, დაცარიელებული იყო.
90-იან წლებში შიდა მიგრციული პროცესები ისევ გააქტიურდა. ამჯერად არა მთიანი საქართველოდან, არამედ ბარის სოფლებიდანაც კი დაიწყო ქალაქებში მოსახლეობამ გადასახლება და აქ ვაჭრობით ლუკმაპურის შოვნა. 2004 წლის შემდეგ კი საერთოდ მოისპო ისეთი უმნიშვნელოვანესი დაწესებულებები როგორიცაა საშუალო სკოლები, საბავშვო ბაღები, ჯანდაცვის ობიექტები. ამის გარეშე კი ხალხს სოფელში აღარ დაედგომება.