გასულ კვირას ქართულ ინტერნეტში რამდენიმე ვებ-გვერდზე ასობით პოპულარული ფილმი და სერიალი დაიბლოკა. მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს მათი ყურება და/ან გადმოტვირთვა უფასოდ შეეძლო.
მალევე გაირკვა, რომ ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის რეპერი შვილის, ბერას ტელეკომპანია ჯი-დი-ესია, რომელმაც მანამდე აღნიშნული ფილმებისა და სერიალების ჩვენება/გავრცელების ექსკლუზიური უფლება შეიძინა და მარეგულირებელი კომისიისგან მოითხოვა, სხვაგან მათი განთავსება/ჩვენება დაიბლოკოს.
ამ შეზღუდვამ ქართველი მაყურებლის მწვავე რეაქცია და აგრესიაც კი გამოიწვია, რაც სოციალურ ქსელებში ახლაც ცალსახად ჩანს.
აღნიშნულზე განცხადება ერთ-ერთმა საიტმა აჭარანეტ.კომ-მაც გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ "სერიალებისა და ფილმების საქართველოში ჩვენება/გავრცელების ექსკლუზიური უფლება ტელეკომპანია "ჯი-დი-ესს" აქვს, შესაბამისად, ტელეკომპანიის მოთხოვნით, ვებ-გვერდის ადმინისტრაციას საიტიდან ფილმებისა და სერიალების ნაწილის მოხსნა მოუხდა."
აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში 200-ზე მეტი პოპულარული ფილმი და სერიალია, მათ შორის, ისეთი სერიალები, როგორებიცაა: "ძვლები"; "სამეფო კარის თამაშები"; "გრეის ანატომია"; ანიმაციური სერიალი "ავატარი"; "ნამდვილი დეტექტივი"; "მენტალისტი"; ასევე ფილმები: "ტიტანიკი;" "იქს ადამიანების" ყველა სერია, "ვარსკვლავური ომები" და ა.შ. ახლა ამ ფილმების ხილვა მაყურებელს მხოლოდ ჯი-დი-ეს-ის ეთერში შეუძლია.
როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ტელეკომპანიის პროგრამების მენეჯერი თათა ედგარი ამბობს, ამ ფილმების ლიცენზიას ტელეკომპანია ექსკლუზიურად ფლობს, საიტები კი ამ ფილმებს ულიცენზიოდ უშვებდნენ. მისი თქმით, ამ უფლების მოპოვებაში დიდი ფინანსური რესურსი ჩაიდო, შესაბამისად, ჯი-დი-ესმა მარეგულირებელ კომისიას საიტებთან შუამდგომლობა სთხოვა.
"მთავარი მესიჯი ამ ყველაფრისა გახლავთ ის, რომ ჯი-დი-ესს ამ ფილმების გაშვების უფლება ლეგალურად აქვს ნაყიდი, ანუ ლიცენზიას ფლობს. ინტერნეტ-საიტებს ამ ფილმების გაშვების ან ატვირთვის ლიცენზია ნაყიდი არ აქვთ. არადა, რეალურად, ისინიც ისეთივე ავტორიზებული, ოფიციალურად დარეგისტრირებული პირები არიან, როგორც ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პლატფორმა ვართ.
"შესაბამისად, ჯი-დი-ეს-მა (კომუნიკაციების მარეგულირებელ) კომისიას მიმართა და გადაამოწმა, იყო თუ არა საქართველოში ეს უფლებები გაყიდული, რადგან ჩვენი პროვაიდერი კომპანიები გვეუბნებობდნენ, რომ ლიცენზია გაყიდული არ არის. სწორედ ამიტომ ვთხოვეთ მარეგულირებელს დახმარება, რის შემდეგაც მან გვიშუამდგომლა. მოკლედ, გასაგები რომ იყოს, ჯი-დი-ესს აქვს სატელევიზიო ლიცენზია, ექსკლუზივი ამ ფილმებზე.
"მესმის, რომ ინტერნეტმომხმარებლისთვის, რომლისთვისაც კომფორტულია ამ ფილმების ინტერნეტსივრცეში ყურება, ამგვარი გადაწყვეტილება პრობლემაა, მაგრამ... თუ ჩვენ ვრეგულირდებით და ვალდებულნი ვართ ყველა წესი დავიცვათ, მაშინ მეორე მხარეც ვალდებულია დაიცვას ნორმა. ჩვენ ამ ფინანსებს ვხარჯავთ და მეორე მხარისთვის, ფაქტობრივად კონკურენტისთვის, კაპიკი არ ღირს, ძალიან არათანაბარ პირობებში ვვარდებით," - ამბობს თათა ედგარი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საიტზე ლიცენზირებული ფილმები მოიხსნა, სხვადასხვა ვებ-გვერდზე მათი მოძიება მაინც შესაძლებელია, სწორედ ამიტომ ტელეკომპანიამ მარეგულირებელ კომისიას სთხოვა რეაგირება, რაზეც ტელევიზია პასუხს უახლოეს მომავალში მიიღებს.
"მეც ინტერნეტმომხმარებელი ვარ და თანაც ძალიან აქტიური, ამიტომ მათი გულისწყრომა მესმის, მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ. ნებისმიერ ცივილიზებულ სამყაროში თამაშის წესები ასეთია," - დასძენს ჯი-დი-ესის პროგრამების დირექტორი.