გიორგი მჭედლიშვილი, ისტორიკოს-კულტუროლოგი, პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
მაქვს ისტორიის სწავლების ოცდაჩვიდმეტწლიანი პრაქტიკა, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე. თავდაპირველად ვასწავლიდი საშუალო სკოლებში, შემდეგ უკვე უმაღლეს სასწავლებლებში. ამ დროის განმავლობაში მომიწია სამ ათეულზე მეტი სალექციო კურსის მომზადება და წაკითხვა. ვარ 15 მონოგრაფიის ავტორი. ამდენად, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში თავს უფლებას ვაძლევ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - თანამედროვე ქართული სკოლების ისტორიის სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები არათუ ვერ უძლებს კრიტიკას, მიმაჩნია, რომ მათი ამ სახით ბავშვებისთვის მიწოდება დანაშაულია ქართული სახელმწიფოს წინაშე.
აქ არაა ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმძღვანელოებში მრავლადაა ფაქტობრივი შეცდომა, დარღვეულია თხრობის თანმიმდევრულობა და ლოგიკური კავშირები მოვლენათა შორის. მთავარი მაინც ამ შემთხვევაში სხვა რამეა - ეს სახელმძღვანელო წიგნები არ ემსახურება ჩვენი შვილების პატრიოტულ აღზრდას.
საქართველოს ისტორიის ყველა ის ძირითადი მომენტი, სადაც საუბარი უნდა იყოს გმირობასა და თავდადებაზე, ამოღებულია და მის ნაცვლად წვრილმანები და უაზრო, გაუგებარი ფაქტებია ჩაყრილი მსოფლიო ისტორიიდან. ეს, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი და ემსახურება ერთადერთ მიზანს - მომავალ თაობას გული აუცრუონ და ჩვენი ერისა და ქვეყნის ისტორიის შესწავლის ინტერესი დაუკარგონ.
ამავე მიზანს ისახავს ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიის საგანში ის საგამოცდო ტესტები, რომლებიც საუკეთესოდ მომზადებულ მოსწავლესაც კი შესაძლებლობას ართმევს მიიღოს მაღალი შეფასება. სხვა, ამის შემყურე აბიტურიენტი, ყოველგვარ ინტერესს კარგავს სამომავლოდ ამ საგნის არჩევისა.
ასე და ამგვარად, მიზანი მიღწეულია, თანდათან ხდება ისტორიის, როგორც ყველაზე პოლიტიზირებული საგნის ჩანაცვლება სხვა დისციპლინებით.
ახლა ორიოდე სიტყვით იმის შესახებ, თუ საიდან იღებს სათავეს ეს ე.წ. ანტიისტორიზმი, რომელიც როგორც იდეოლოგია, საფუძვლად უდევს ამ ყველაფერს.
მოგეხსენებათ, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპამ ორი მსოფლიო ომი გადაიტანა, რამაც ყველა ქვეყანაში დატოვა კვალი - ათეულ მილიონობით მსხვერპლი, განადგურებული ქალაქები, დანგრეული ეკონომიკა, მოშლილი კომუნიკაციები. აშშ-მა ევროპის სახელმწიფოებთან ერთად დაიწყო გზებისა და საშუალებების ძიება მომავალში მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტიებისათვის. მათ თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უშიშროება იყო.
დასახული მიზნების განხორციელების გზაზე ევროპის სახელმწიფოებმა შეძლეს გვერდი აევლოთ წარსული მემკვიდრეობისთვის, რათა ისტორიას კვლავ არ გაეღვივებინა ნაციონალური გრძნობები, საერთო იდეების ხელშეუხებლობისა და ურღვევობის შენარჩუნებისათვის, თანდათან მისი ადგილი ანტიისტორიზმით ჩაანაცვლეს. მაგრამ თუ მიღწეული შედეგებით ვიმსჯელებთ, არც ეს გზა აღმოჩნდა გამოსავალი.
დღეს, როდესაც ანტიისტორიზმის წყალობით წლების განმავლობაში ცხოვრების წესად ქცეულმა მულტიკულტურიზმმა დაღუპვის პირამდე მიიყვანა ევროპული ცივილიზაცია და რეალურად გაჩნდა პირობები, რათა ახალი ძალით იფეთქოს აგრესიულმა ნაციონალიზმმა, მცირერიცხოვანი ერების გარდა დიდი პოლიტიკური ამბიციებით გამორჩეული ქვეყნებიც კი ცდილობენ, რომ საიმედო თავშესაფარი ისევ საკუთარ ჭერქვეშ მოიწყონ.
ფაქტია, რომ ყოველი ხალხი თავისი იდეალებით ქმნიდა და ქმნის ისტორიულ სურათს, რომელსაც თავის სულიერ საზრდოდ იყენებს. სწორედ ამ ოცნებაშეპყრობილ ხალხთა კოშმარებისგან იწერება და იქმნება "ახალ-ახალი ისტორიები".
ამიტომ ნუ დაგვავიწყდება ეს ყოველივე, რადგანაც დღეს, თავად დროის მოთხოვნა პლანეტაზე მცხოვრები ერებისადმი: დახვეწონ თვითმყოფადობის შენარჩუნების ფორმები, დაიცვან ნაციონალური პრიორიტეტები, წარმოაჩინონ ეროვნული ღირებულებები, რა თქმა უნდა, არანაკლებ რისკებს ბადებს. ყოველივე ეს სამომავლოდ რას გვიქადის, ძნელი სათქმელია. სოლჟენიცინის მიერ დასმული კითხვა: "სად არის პატრიოტიზმის საზღვარი?" სად შეიძლება გაავლო ზღვარი ოცნებაშეპყრობილ აგრესიულ ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს შორის, ინტელექტუალების მიერ ჯერაც პასუხგაუცემელია. ისევე, როგორც პასუხგაუცემელია მრავალი სხვა კითხვაც.
"აჭარა ოტომანების ისტორიული მიწაა" - ასე ასწავლიან თურქები სკოლებში ბავშვებს.
ირანელმა მოსწავლეებმა იციან, რომ ერეკლე ურჩი სარდალია, რომელმაც რუსები შემოიყვანა საქართველოში და სპარსელებს ისტორიული მიწა-წყალი დააკარგვინა.
სომხებს დღესაც ნორმალურად მიაჩნიათ ის ამბავი, რომ დიდი სოხეთის იდეით საზრდოობდნენ მათი შვილები...
აქ გასაკვირი თითქოს არაფერია, განა სხვა ერებიც ასე არ იქცევიან? საკუთარ თავს ესპანელები ყველაზე გაბედულებად თვლიან (კორიდას სინდრომი), ფრანგები - ყველაზე ინტელექტუალებად მიიჩნევენ, ხოლო იაპონელები დარწმუნებული არიან, რომ ყველაზე უკეთესები არიან.
მსოფლიოში თვით ყველაზე ფლეგმატურ შვედებსაც კი დღესაც ნორმალურად მიაჩნიათ ის ამბავი, რომ კარტოგრაფიის ერთ-ერთმა პიონერმა ფლამანდიელმა გერარდ მერკატორმა (1512-1594) თავის რუკაზე შვეცია აფრიკის ოდენად გამოსახა. შვედების ნაციოინალური თვითშეგნება მაღალია. შვედების ნაციონალური ჰიმნის ერთ სტრიქონში ნათქვამია: "ცოცხლობს ჩვენს მახსოვრობაში წარსულის დიდება". დღესაც მახსოვრობაში მტკიცედ აქვთ "დიდი ერა", როცა მათ თითქმის მთელი ჩრდილოეთი ევროპა ექვემდებარებოდა. თქვენ უნდა ნახოთ, როგორი სიამაყით ასწავლიან ბავშვებს სკოლაში ყაჩაღ და მოძალადე ვიკინგებს.
თუ ჩვენ გვაქვს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, შვედ ისტორიკოსებში დღესაც შეხვდებით ისლანდიურ საგებიდან და პლატონიდან ამოკრეფილ ციტატებს, რომ შვეცია ეს "ღმერთების კუნძულია" ე.ი. ოკეანის ფსკერიდან ამოსული ატლანტიდა.
ფაქტია, რომ ყოველ ერს თავის თავზე განსაკუთრებული წარმოდგენა აქვს. მრავალი ამას ალბათ ბუნებრივად მიიჩნევს, მაგრამ როცა ეს უბრალო ამბის თხრობად აღარ აღიქმება, უკვე სხვა ხასიათს იძენს. ასეთ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? დღეს ისე, როგორც გუშინ და გუშინწინ, კვლავაც ნაციონალური თვითშეგნების განადგურებით ვართ დაკავებულნი.
წლების განმავლობაში მძიმე პროცესები მართავს ჩვენს სულს - პირდაპირი და შეფარული შეტევა ტრადიციებზე, ზნეობაზე, სიყალბის გაბატონება, თვითშეგნების განადგურება. სიმდიდრე ინათლება მხოლოდ პატიოსნებად, სიღარიბე - ნაკლად და უნიჭობად, მხოლოდ დაპირებები, მოჩვენებითი რეფორმები ეროვნული ფასეულობების გასანადგურებლად.
მაგრამ დღეს მსოფლიოში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. ნაციონალიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულმა დიდმა იდეოლოგიურმა ომმა, რომელმაც დაამკვიდრა უპასუხისმგებლობა და უზნეობა, სრული კრახი განიცადა.
დღევანდელმა უკიდურესმა სულიერმა კრიზისმა შვა საერთო ეროვნული კათარზისი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ყოველგვარი აგრესიის გარეშე, ბუნებრივად, ყოველი ერის გენოტიპი დაექვემდებარება გარკვეულ დაცვას, ასიმილირებისგან გარკვეულ გაფრთხილებას და ისე გამრავლებას რადგან ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ნაციონალური იდენტობის წაშლით კი არა, სწორედ ეროვნული თავისთავადობის საფუძველზე დამყარებული ეროვნებათა ჰარმონიული თანაარსებობა არის მხოლოდ საყოველთაო სიკეთის საფუძველი.
ასე რომ, თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ყველაფერი საყოველთაო პრაგმატიზმით სუნთქავს, განათლების მინისტრი ვალდებულია იცოდეს ან, სულ ცოტა, ესმოდეს მაინც, რამ განაპირობა დღევანდელი სამყაროს უკიდურესი კრიზისი და რას უნდა ველოდეთ ამ მიმდინარე პროცესებისგან.
ამიტომ დროა ვიფიქროთ ამაზე და ვიდრე არ დაგვქცევია ჭერი თავზე, ჩვენ ვალდებული ვართ, შევცვალოთ განათლების პოლიტიკა საქართველოში!