ვახტანგ შამუგია
22.04.2016

 რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის ქართული წარმოშობის ერთადერთი დეპუტატი, ფედერალური კრების წევრი ლიპეცკის ოლქიდან და მმართვალი პარტია "ეძინაია რასიას" წარმომადგენელი მაქსიმილიან ქავჟარაძე რუსული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. ჟურნალისტები მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობაში ადანაშაულებენ. მოსკოვსა და დასავლეთს შორის დღესდღეობით არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით კი ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა.

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ლიპეცკის ოლქის ქართველ სენატორსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამომცემლობა "ინფოლიკსის" ჟურნალისტმა, ილია სოლდატოვმა სცადა. როგორც მის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან ჩანს, მათ საერთო ნაცნობი, ვინმე ჯუმბერ ელბაქიძე ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ჯუმბერ ელბაქიძე თბილისში, 1974 წელს დაიბადა. 1992-1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. 1995 წელს მან საქართველო დატოვა, იგი აშშ-ში წავიდა და ფინანსისტის პროფესიას დაეუფლა. 1998-2002 წლებში აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში იმ დროს ჯერ კიდევ მასაჩუსეტსის შტატის სენატორის, ჯონ კერის მრჩეველი იყო. 2000-იანი წლების დასაწყისში იგი რუსეთში გადავიდა, სადაც ბიზნესსაქმიანობას მიჰყო ხელი. ჟურნალისტის თქმით, იგი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებთან, კერძოდ კი ე.წ. ქურდული სამყაროს "გენერალ" ასლან უსოიანთან, იმავე "ძედ ჰასანთან", რომელიც 2013 წელს მოჰკლეს.

რუსეთში გადასულ ელბაქიძეს, იმავე "ჯუბას" ქავჟარაძე ყოველგვარ დახმარებას უწევდა. მათ საერთო ბიზნესინტერესები ჰქონდათ. ასე მაგალითად, დეპუტატის კუთვნილი "ალიანს ბანკი" და სხვა ფინანსური ორგანიზაციები მათ საერთო კონტროლს დაუქვემდებარეს.

2007 წლისათვის მათი შემოსავალი 30 მლნ დოლარს აღემატებოდა, თუმცა მოგვიანებით "ჯუბას" სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა. მას ლიცენზია ჩამოართვეს.

"ეს ფული სხვადასხვა მიზანს ხმარდებოდა, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გამყარებასა და შესაძლოა, 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში რუსი სამშვიდობოების დახოცვასაც კი", - წერს რუსი ჟურნალისტი თავის სტატიაში.

მისივე ვარაუდით, ამერიკელი ჯაშუშები მათთვის განკუთვნილ ფინანსურ რესურსებს ვაშინგტონიდან სწორედ "ჯუბას" მიერ შექმნილი და კონტროლირებადი ფინანსური წყაროებიდან იღებდნენ. ამასთან, ისინი, ელბაქიძის მეშვეობით, რუსეთის ფედერაციის ფინანსურ სისტემაში შეღწევასაც ახერხებდნენ. ილია სოლდატოვი იმედოვნებს, რომ მის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება რუს სამართალდამცავებსაც დააინტერესებთ.

ჟურნალისტური გამოძიება ქართველი სენატორის ბიოგრაფიითაც დაინტერესდა. მაქსიმილიან ქავჟარაძე რუსეთში, მოსკოვში, 1969 წლის 10 ივლისს დაიბადა. იგი პროფესიით იურისტია. რუსეთის სათათბიროს ზედა პალატაში, ლიპეცკის ოლქის წარმომადგენლად პირველად 2001 წელს, შემდეგ კი 2006 და 2011 წლებში იქნა არჩეული. იყო სხვადასხვა კომიტეტის წევრი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სიგარეტის გაყიდვაზე რეგულაციების დაწესებისათვის მიმართულ კამპანიაში.

2014 წელს ქავჟარაძის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად, მისი წლიური შემოსავალი 3 800 000 რუბლია (დაახლოებით 120 ათასი). მის საკუთრებაში ორი კერძო სახლი და ერთი ბინაა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტების ცნობით, 1980-იანი წლების ბოლოს იგი კრიმინალურ სამყაროსთან ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა, რის გამოც სასჯელიც კი მოიხადა, თუმცა მისი გავლენიანი ნაცნობების წყალობით, არჩევნების წინ მან მოახერხა თავისი ბიოგრაფიის ამ უსიამოვნო ფაქტის მიჩქმალვა.

პოლიტოლოგ დავით კასრაძის თქმით, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში კრიმინალური წარსულისა თუ "ქურდულ სამყაროსთან" მჭიდრო ურთიერთობა ჩვეულებრივ ფაქტად აღიქმება. მისი აზრით, გარკვეულ ძალებს სურთ მაქსიმილიან ქავჟარაძის ჩამოშორება და არ არის გამორიცხული, რომ მის წინააღმდეგ ამ სახის შავი პიარის აგორება განიზრახეს.

"ქავჟარაძეს, როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული დასაყრდენი და სანაცნობო ჰყავს, რაც ვიღაცას ძალიან არ მოსწონს. რუსეთში კი დღემდე საბჭოური მეთოდებით ებრძვიან თავიანთ პოლიტიკურ მეტოქეებს, იყენებენ რა ამ მიზნისათვის, კონტროლირებად მედიასაშუალებებს, რომლების მეშვეობითაც ხედება მათთვის არასასურველი პირის "სააშკარაოზე გამოყვანა".

"ისე კი, რამის გადაჭრით თქმა ძალიან რთულია, რადგანაც რუსულ პოლიტიკაში სუფთა ხელებით ვერავინ მიდის და მით უმეტეს, ვერც ამდენ ხანს ჩერდება ვინმე. არ გამიკვირდება, თუ უახლოეს მომავალში ქავჟარაძეს სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგანაც მის წინააღმდეგ ე.წ. "საარტილერიო მომზადება" მედიაში აგორებული შავი პიარის მეშვეობით, უკვე დაიწყო", - თქვა "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×