მოსაზრება
25.04.2016

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ჯერ კიდევ 2005 წლის დასაწყისში აღვნიშნე, რომ "სწორედ უნივერსიტეტის მიერ საკუთარი მისიის შესასრულებლად იყო აუცილებელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე თსუ-თვისაც მიგვენიჭებინა სრული დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, როგორც ეს 1918 წელს განხორციელდა.

მაშინდელი დებულებით: "თბილისის უნივერსიტეტი როგორც სამეცნიერო-სასწავლო სფეროს მხრივ, ისე საუნივერსიტეტო მართვა-გამგეობისა და შინაური მეურნეობის მხრივაც სრულებით ავტონომიურია და ყოველ ამ დარგის საქმეებს თვითონვე განაგებს". ამასთან, სახელმწიფოს ბიუჯეტში განსაზღვრული იყო კონკრეტული თანხა უნივერსიტეტის "შესანახად".

ნაცვლად იმისა, რომ კანონმდებელს მკაფიოდ განესაზღვრა სახელმწიფოს მხრიდან პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფინანსების ვალდებულება (ბიუჯეტიდან გარკვეული პროცენტის გამოყოფის გზით), ამასთან, თსუ-სთვის რეალურად მიენიჭებინა აკადემიური თავისუფლება (ანუ, უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავდა ვის მიიღებდა, რას ასწავლიდა, ან რა კრიტერიუმებით შეაფასებდა), უმაღლესი განათლების შესახებ "ნოვატორული" კანონით ყველა არსებით საკითხს, ფაქტობრივად, ისევ სახელმწიფო წყვეტდა, ხოლო მაგ., იურისტის პროფესია და იურიდიული საგანმანათლებლო პროგრამები კანონითვე მიეკუთვნა სახელმწიფოს მხრიდან "რეგულირებადს".

სჭირდებოდა კი "რევოლუციურ" ხელისუფლებას რეალურად დამოუკიდებელი სამართალმცოდნეები, რომლებიც ძალისმიერი გზით ხელისუფლების ცვლას მიუღებლად მიიჩნევენ და საკუთარ სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავლენ?! დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო იმაში რაც "ცოდნის ტაძარში" ხდება, არამედ საქართველოში სამართლებრივი ნიჰილიზმის (სამართლის ნორმების არცოდნა ან/და აბუჩად აგდება) დამკვიდრებაზე და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის ტემპებზეც, პირველ რიგში, თსუ-ს იურისტები არიან პასუხისმგებელნი.

ამასთან, როდესაც დასავლეთში აპრობირებული მეთოდებით ვაპირებდით თსუ-ს მართვაში სტუდენტების ჩართვას, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩენოდა, რომ განვითარებულ ქვეყნებში უნივერსიტეტში ე. წ. თვითმმართელობის ორგანოებში თანამდებობების დასაკავებლად ან მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გასატარებლად არ აბარებენ.

ამდენად, ყველაზე საგანგაშოდ უნივერსიტეტის პოლიტიზაციის მცდელობა მიმაჩნდა, ხოლო კანონში ჩადებული "მრავალხელისუფლებიანობის" ძირითადი მიზანი თსუ-ში "დაბალანსებული" ძალების შექმნა იყო, რომელთა საშუალებითაც მმართველი პოლიტიკური ძალა გააკონტროლებდა ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებლის მრავალათასიან კოლექტივს.

ამასთან, ცხადი იყო, რომ უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფდა მართვის ორგანოების "საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭისყრით სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებით" ფორმირებას, როგორც ეს კანონში იყო დეკლარირებული.

ნაცვლად იმისა, რომ თსუ რეალურად დამოუკიდებელ, ავტონომიურ და დეპოლიტიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად გვექცია, ფაქტობრივად, ხდებოდა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტობის დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფა და თსუ-ში კომუნისტებისდროინდელი პარტიული თუ კომკავშირული ორგანიზაციების მსგავსი ე. წ. თვითმმართველობის სტრუქტურების ფორმირება.

თუმცა, ეს არც უნდა გაგვკვირვებოდა, ვინაიდან უნივერსიტეტს რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოში შეიძლება გააჩნდეს და არა პლუტოკრატიულში ან ბუტაფორიულში.

სამწუხაროდ, მოვლენები იმაზე უფრო ტრაგიკულად განვითარდა, ვიდრე ეს შემეძლო წარმომედგინა. "გეპეის" ლექტორობიდან თსუ-ს რექტორად გამწესებულმა რუსუდან ლორთქიფანიძემ "რეფორმის პირველი ტალღით" აქტიური პროფესორების ერთი ნაწილი "ჩარეცხა..." უნივერსიტეტზე გავლენის მოპოვების მიზნით, განხორციელდა არა მარტო ფაკულტეტების გაერთიანება და შტატების შემცირება, არამედ თსუ-ს ახალი წესდების დამტკიცებაც, რომლის საფუძველზე აკადემიური საბჭოს შემადგენლობა 12-მდე შემცირდა. შედეგად, ხელმძღვანელი კოლეგიური ორგანო, ფაქტობრივად "პოლიტბიუროდ" გადაიქცა, ვინაიდან წევრების ნახევარი "ნაცმოძრაობის" აქტივისტებით (მათ შორის, პარლამენტარებით და ხელისუფლების მაღალჩინოსნებით) იყო დაკომპლექტებული.

თსუ-ს რექტორად გიორგი ხუბუას, ხოლო გაერთიანებული ფაკულტეტების დეკანებად ხელისუფლების მომხრეების გამწესებით მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ 2005-2006 წლებში, ფაქტობრივად, ისეთივე სრული კონტროლი მოიპოვა უნივერსიტეტზე, როგორც ამას კომუნისტები ზეობის წლებში ახერხებდნენ.

ამავე პერიოდში იწყება ე. წ. სტუდენტური თვითმმართველობის ფორმირებაც, რომელიც ძირითადად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერებით დაკომპლექტდა. მათი მორალური სახის შესახებ მკაფიო წარმოდგენას "ერთიანი სტუდენტური მოძრაობის" წინასაარჩევნო პლაკატი ქმნიდა, რომელზეც სტუდენტები რუსული "ვოდკისა" და ინგლისურენოვანი უხამსი წარწერებიანი მაისურებით იყვნენ გამოსახულნი. მათ გართობა-სეირნობაზე, ღამის კლუბებში "საუნივერსიტეტო ღონისძიებების" გამართვაზე თსუ-ს ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გამოიყოფოდა. სამაგიეროდ, პარტიული ლიდერების მიერ მართული და "ზონდერებად" ჩამოყალიბებული "პატრიოტები" განსხავებულად მოაზროვნეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. და არა მარტო სტუდენტებს...

2008 წელს ხუბუამ კანონდარღვევით დანიშნა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი ბურდული (ამ დროს უკვე თსუ-ს წესდებაც არსებობდა და ფაკულტეტის დებულებაც, რომელთა თანახმად დეკანი ფაკულტეტის საბჭოს უნდა აერჩია), რომელმაც იმით "გაითქვა" სახელი, რომ ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს მისცა გაყალბებული რეკომენდაცია, ბოლოს კი, იმდენი მოახერხა, აკადემიურ საბჭოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგენინა თავი... ამდენად, გამორიცხული არ არის, თუ თსუ-ს ახალი რექტორი აკადემიური საბჭოს დღევანდელმა შემადგენლობამ აირჩია, პირველი ქართული უნივერსიტეტის მორიგი მესვეური ისევ იურისტი გახდეს...

ვაღიარებ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თსუ-ს რექტორად ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერის, ვლადიმერ პაპავას გამწესებამ თსუ-ს გადარჩენის და რეალური საუნივერსიტეტო რეფორმის გატარების იმედი გამიჩინა. მაგრამ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ისეთი გარემოცვა მიუჩინეს, ხელის განძრევის და "სამართლიანობის აღდგენის" საშუალება არ მიეცა.

შედეგად, ვერც უნივერსიტეტიდან დათხოვილი ან ნებით წასული პროფესიონალების უკან დაბრუნება მოხერხდა, ვერც ფაკულტეტების აღდგენა და ვერც სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება.

მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, თსუ-ში წესდება და აკადემიური საბჭოს შემადგენლობაა შესაცვლელი, მითუმეტეს, რომ უკეთესი რექტორი თსუ-ს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ ჰყოლია...

2016 წლის არჩევნების მოახლოებისთანვე, როგორც მოსალოდნელი იყო, "კოაბიტაციის" რეჟიმში მყოფი "ნაცმოძრაობა" გააქტიურდა და თსუ-ში პოზიციის გამყარება, პირველ ეტაპზე, კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატის გაყვანის გზით განიზრახა. თვითმმართველობის აქტივისტი, ეკონომისტი გიორგი გაფრინდაშვილი, რატომღაც იურიდიულმა ფაკულტეტმა წარადგინა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისმა მხარდამჭერებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ თსუ-ს სრულად ვერ "აკონტროლებდნენ" და თუ "რეფორმირებული" პროფესორების მხრიდან წინაღმდეგობა არ შეხვდებოდათ, უნივერსიტეტში მოსული ახალი თაობა უსამართლობას ვერ შეეგუებოდა...

მართლაც, რომ მეგონა, დედა უნივერსიტეტშიც სრული სამართლებრივი წყვდიადი იყო გამეფებული და სტუდენტობა პროფესორებთან ერთად "თვლემდა" ლექციებზე, ახალგაზრდების ნაწილმა ძალადობაში მონაწილეთა მფარველობაში შემჩნეული პირის კანცლერის თანამდებობაზე წარდგენა ღიად გააპროტესტა. ყველასთვის მოულოდნელად, მათ გვერდით უნივერსიტეტის რექტორი დადგა და, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა, როდესაც აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობის წინააღმდეგ წავიდა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელს (მითუმეტეს, იურისტების მიერ წარდგენილს...) ღიად არ დაუჭირა მხარი. ცხადი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და იურიდიული ფაკულტეტის მესვეურები "ურჩი" რექტორის წინააღმდეგ დაირაზმებოდნენ და თვითმმართველობას ჩაიყენებდნენ ავანგარდში...

შთაბეჭდილება დამრჩა, თუ სტუდენტთა ერთი ჯგუფი თვითორგანიზაციის პრინციპით მოქმედებდა, ვითარებას აანალიზებდა, ერთმანეთს ეთათბირებოდა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებდა, მეორე აშკარად გარედან იმართებოდა, ვინაიდან, ფაქტობრივად, არავის მოსმენა არ სურდა, არც აუდიტორიაში შესვლას თანმხდებოდა და მიზნად მხოლოდ რექტორის დაუყოვნებლივი გადადგომა ჰქონდა დასახული.

ორივე მხარეს მოვუწოდებდი, პირველ რიგში, ცოდნის თეთრი ტაძრისთვის ეცათ პატივი და პროტესტი კანონით დაშვებული ფორმით გამოეხატათ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პაპავას მიმართ დასაბუთებული პრეტენზიები მაქვს (თუნდაც ის, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ დოკუმენტის გაყალბებაზე რეაგირების მოთხოვნით შეტანილ რამდენიმე განცხადებაზე მისგან პასუხი ვერ მივიღე და შეხვედრის სურვილიც არ გამოუთქვამს), სტუდენტთა ერთი ჯფუფის მიერ შიმშილობის დაწყებისთანავე რექტორის თანამდებობიდან მისი გადადგომა გაუმართლებლად მიმაჩნია. მართალია, პაპავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, მაგრამ მაღალი ალბათობით შეიძლება დასაბუთება, რომ თსუ-ს რექტორზე გარედან მოხდა ზემოქმედება...

დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტში ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები მოახლოებულმა საპარლამენტო არჩევნებმა განაპირობა. დღევანდელ ხელისუფლებასაც და მის ე.წ. ოპოზიციასაც თსუ-ს რექტორის თანამდებობაზეც და აკადემიურ საბჭოშიც ერთგული პირები სჭირდებათ. მე კი მხოლოდ აღიარებულ მეცნიერებს, პოლიტიკური ამბიციებისგან სრულიად თავისუფალ და სხვებისგან დამოუკიდებელ პიროვნებებს ვისურვედი.

აქედან გამომდინარე, მეც ვუერთდები ახალი თაობის უნივერსიტეტელების მოწოდებას: "ავტონომია უნივერსიტეტს!". ამასთან, პოლიტიკური გაერთიანებების მესვეურებს ვთხოვ ნუ ჩაერევიან თსუ-ს შიდა საქმეებში, ხოლო პროფესორებს ვურჩევ, მიბაძონ სტუდენტებს, არ მოექცნენ პოლიტიკოსთა გავლენის ქვეშ, ღირსება აღიდგინონ, თავისუფლების ხიბლი სრულად შეიგრძნონ, ხმის მიცემისას მხოლოდ საკუთარი ნება გამოხატონ და პირველი ქართული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლადაც და რექტორადაც ყოველმხივ ღირსეული პიროვნება აირჩიონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×