გუშინ საბოლოოდ გაირკვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკელი ნომინანტი - დონალდ ტრამპი. დემოკრატების ბანაკში სიტუაცია საბოლოოდ გარკვეული არ არის, თუმცა უკვე დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ჰილარი კლინტონი იქნება (თუმცა სოციალისტური შეხედულებების მქონე ბერნი სანდერსსაც აქვს მცირე შანსი). ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომელი კანდიდატის გაპრეზიდენტება იქნება საქართველოსთვის უფრო მომგებიანი?
ქართველი ანალიტიკოსების თვალსაზრისით, აშშ-ში რამდენადაც ძლიერი იქნება ანტირუსული პოლიტიკა, იმდენად მეტი ყურადღება მიექცევა საქართველოს, ამიტომაც, ამ ლოგიკით, ჩვენთვის ყველაზე სასურველი დემოკრატი ჰილარი კლინტონის გამარჯვება იქნება.
"ვინც არ უნდა მოვიდეს აშშ-ის პრეზიდენტად, საქართველო იმგვარ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, რაც ჯორჯ ბუშის დროს გვქონდა. ეს იყო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ოქროს ხანა. ფიგურალურად რომ ვთქვათ, პრიორიტეტების თვალსაზრისით ბუშის დროს საქართველო ათეულში შედიოდა, დღეს კი მეოთხე-მეხუთე ათეულში თუ შედის. ამიტომაც იყო, რომ ამერიკაში პრემიერის ვიზიტი პრაქტიკულად ჩავარდა. ის არც ერთმა გავლენიანმა კომიტეტის თავმჯდომარემ და არც ერთმა ნორმალურმა უნივერსიტეტმა არ მიიღო. მაკკეინი არ ითვლება, რადგან ის ნარმანიასაც კი შეხვდებოდა, ძველი ურთიერთობების გამო. ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ამ ბოლო წლებში ერთ ნორმალურ ელჩსაც კი ვერ ვეღირსეთ," - აცხადებს დიპლომატიის აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე.
"აშშ-საქართველოს დღევანდელი ურთერთობა საუკეთესო არ არის და თუ ბუშის პერიოდის დროინდელ ურთიერთობებს ვერ დავუბრუნდებით, კარგი იქნებოდა შუალედური ვარიანტი მაინც გამოინახოს. ამიტომ, საქართველოსთვის ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტება სჯობს. მას ამ დარგში გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს. თუმცა ზედმეტი ილუზიების დამყარება არ ღირს," - აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
სოსო ცინცაძის თქმით, თუმცა დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა, რის გამოც მას დიდი 20-ეულის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთი უჭერს მხარს, ამიტომ ისიც მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის მაინც ყველაზე ხელსაყრელი ჰილარი კლინტონის გამარჯვება იქნებოდა.
"ტრამპმა თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას შეეცდება. თუმცა სამი დღის წინ იმავე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას ძალის პოზიციიდან ვაპირებ, ჩვენს გამანადგურებლებს ბალტიის ზღვაში უნდა ჩამოეგდოთ რუსული სუ-24, რომელმაც ამერიკულ კრეისერს გადაუფრინაო. ამდენად გაურკვეველია, ტრამპს გამარჯვების შემთხვევაში როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება. თუმცა ჩვენთვის მაინც ალბათ ჰილარი კლინტონი სჯობს, ვინაიდან ის აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მისი გაპრეზიდენტება კარგ არაფერს უქადის მოსკოვს," - აღნიშნავს ცინცაძე.
მისი აზრით, აშშ-ში რამდენადაც ძლიერი იქნება ანტირუსული პოლიტიკა, იმდენად მეტი ყურადღება მიექცევა საქართველოს, ვინაიდან კავკასიის რეგიონში პრაქტიკულად მხოლოდ საქართველოა პროდასავლური კურსის ერთგული.
"ბუშის დროს სხვა ვითარება იყო, აშშ-ს არ ჰქონდა მწვავე პრობლემები და ამიტომ ჩვენი ქვეყანა პრიორიტეტებში შედიოდა. დღეს კი აშშ-ს უამრავი სხვა თავის სატკივარი აქვს," - დასძენს ცინცაძე.
კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ყველა კანდიდატიდან ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი სენატორი რუბიო იქნებოდა, რადგან ის მეტ-ნაკლებად იცნობდა საქართველოს. თუმცა ახლა ყველაზე უკეთესი ვარიანტი ჰილარი კლინტონია. მას ჩვენს რეგიონთან ურთიერთობის ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს, მათ შორის რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცესთან. ასევე პირდაპირი შეხება ჰქონია საქართველოსთან და ჩვენს პოლიტიკურ ელიტასთან. აქედან გამომდინარე, მას გარკვეული წარმოდგენა აქვს შექმნილი ჩვენზე და ზედმეტი ახსნა-განმარტება საქართველოს მნიშვნელობაზე არ დასჭირდება.
მისი თქმით, ახლანდელ არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატებმა პრაქტიკულად უღალატეს საგარეო პოლიტიკაში იმ ტრადიციულ კურსს, რაც მათ ათწლეულების განმავლობაში ჰქონდათ. ამის მაგალითია ტრამპის რიტორიკა რუსეთსა და პუტინთან დაკავშირებით, როდესაც ამბობს, რომ მოსკოვთან დიალოგი საჭიროა.
"ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოსვლისას თითქოს ჩანს, რომ წინააღმდეგიც არ არის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის მხრიდან გარკვეული გავლენა შენარჩუნდეს. ამიტომაც ჩვენთვის უფრო საინტერესოა, რას ლაპარაკობს ჰილარი კლინტონი. ის "დემოკრატიული პარტიის" ე.წ. "ქორების ბანაკს" წარმოადგენს, რომლებიც უფრო კრიტიკულად და აგრესიულადაც კი არიან განწყობილი პუტინის რუსეთის მიმართ. სავარაუდოდ, კლინტონი უფრო მკაფიოდ იქნება დაპირისპირებული რუსეთთან, ვიდრე ობამაა დღეს. კლინტონი უფრო პრინციპული იქნება მაგალითად, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ამდენად, საქართველო უფრო კომფორტულად და დაცულად იგრძნობს თავს," - აღნიშნავს კაკაჩია.
ფიქრობს, რომ იმ ოქროს ეპოქას ვერ დავუბრუნებთ, რასაც საქართველომ ბუშის დროს მიაღწია.
"ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა. ერთი ის, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება მეტ-ნაკლებად აღმოჩნდა აშშ-ის ინტერესის ობიექტი, რადგან ბუშის ადმინისტრაციის დეკლარირებული კურსი იყო დემოკრატიის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში და მაშინ როდესაც ერაყში, ავღანეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში აშშ-ის იდეები ჩაფლავდა, მხოლოდ საქართველო იყო წარმატების მაგალითის ფორმულად დარჩენილი. აქედან გამომდინარე, გარკვეული იდეოლოგიური თანხვედრაც იყო და საგარეო პოლიტიკური ნარატივებიც დაემთხვა, რამაც უბიძგა ხელი, რომ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ყოფილიყო. თუმცა ეს არ იყო ნორმალური. ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, სუპერ სახელმწიფოსთან განსაკუთრებულ ურთიერთობაში ვერ იქნება. აქეან გამომდინარე, ობამას პოლიტიკა იქითკენ იყო მიმართული, რომ საქართველოს მიუჩინა ის ადგილი, რომელიც მას მეტ-ნაკლებად ეკუთვნოდა, რაც ჩვენთვის მტკივნეულიც იყო," - მიიჩნევს კაკაჩია.
მისი თქმით, ლობიზმი მნიშვნელოვანია და "ქართულმა ოცნებამ" უნდა შეძლოს დასავლეთში საქართველოს მხარდამჭერი პოლიტიკოსების მოძებნა და დამეგობრება.
"ქართულმა ოცნებამ" რაც უნდა გააკეთოს და რასაც ჯერჯერობით ვერ აკეთებს, ისაა, რომ შეინარჩუნოს აშშ-ის სენატსა და კონგრესში მხარდაჭერა და მათ საქართველოს ახალი მეგობრები უნდა მოუმრავლოს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ჩანს. ძირითადად ჩვენით ინტერესდებიან საქართველოს ყოფილი მეგობრები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს შევიძინეთ. ახალი სენატორები, კონგრესმენები, ახალი ჯგუფები, რომლებიც საქართველოს მხარდამჭერები იქნებიან და რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" მოუპოვა საქართველოს, არ ჩანან. ეს კი აუცილებელია," - დასძენს კაკაჩია.