2007-2009 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ძვრები, რომელსაც ღრმა მიზეზები ედო საფუძვლად, გროვდებოდა წლების მანძილზე და როგორც წესი, გამოვლინდა მაშინ, როდესაც უდიდესმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ჩამოშლა დაიწყო. სწორედ აქ იჩინა თავი გლობალიზაციამ - აშშტატებში დაწყებულმა ნეგატიურმა ძვრებმა მოიცვა მთელი ფინანსურ-ეკონომიკური სისტემა და გამოჩნდა გლობალური სამყაროს სრული სახე.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგის, ირაკლი კოვზანაძის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ახლახან კოლეგებსა და ფართო საზოგადოებას (რუსულ ენაზე) წარუდგინა შესანიშნავი მონოგრაფიული გამოკვლევა - "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გაკვეთილები და განვითარების ახალი მოდელის ფორმირება".
ვინც კი ზოგადად თვალს გადაავლებს მონოგრაფიაში განხილულ საკითხებს, დარწმუნდება, რომ 2007-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი თავისი მასშტაბურობით, ხასიათით, ხანგრძლივობითა და სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით, არსებითად განსხვავდება ადრინდელ კრიზისებისაგან და დიდი უბედურებად ატყდება თავზე მსოფლიო ეკონომიკას, განსაკუთრებით ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებს და მის დაძლევას ხანგრძლივ დროსთან ერთად უზარმაზარი ენერგია, ცოდნა და მატერიალურ-ფინანსური რესურსები სჭირდება. ამიტომ აუცილებელია განუწყვეტელი ზრუნვა ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ინოვაციური პროცესების დაჩქარებისათვის.
არ შეიძლება არ აღინიშნოს მონოგრაფიაში დასმული საკითხების აქტუალობა, იგივე ეხება მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე წინააღმდეგობებით აღსავსე მოვლენების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს - 2007-2015 წლებს.
დავიწყებ იმით, რომ პროფესორი კოვზანაძე გასაგებად და მარტივად, მაგრამ დასაბუთებული მეცნიერული არგუმენტებით გვიხსნის ეკონომიკური კრიზისების წარმოშობის ისტორიულ ასპექტებს და განვითარების ეტაპებს როგორც ობიექტურ კეონომიკურ კანონზომიერებას, რომლის გვერდის ავლა მეტად რთულია და შეუძლებელიც, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, კრიზისების ზუსტი და ადეკვატური ანალიზი, დროული და სწორი პროგნოზირება, რომ წინასწარ საფუძვლიანად შემუშავდეს ქმედითი ღონისძიებები ამ კრიზისის სინქრონულად და მსუბუქად დაძლევისათვის.
კრიზისების ისტორიულ ასპექტში განხილვით, ავტორი დამაჯერებლად გადმოსცემს მათი წარმოშობის არა მხოლოდ შემთხვევით მიზეზებს, რაც განსაზღვრულ ისტორიული მომენტებითაა განპირობებული, არამედ მუდმივად მოქმედი საერთო ხასიათის მიზეზებსაც, რაც თანამედროვე კულტურულ-ეკონომიკურ წყობასთან არის დაკავშირებული. საქმის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნით, აგრეთვე სათანადო ციფრობრივი მონაცემების ანალიზითაა გაშუქებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების წარმოშობის მიზეზები, მათი განვითარების ციკლური ხასიათი და ცვლადი ფაზები, კრიზისების ყოვლისმომცველობა და ეკონომიკის ყველა დარგთან მათი შეხების თავისებურებანი.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ავტორის მიერ გამოთქმული აზრები, შეფასებები და ანალიზი უაღრესად საჭიროა და აუცილებელი დადგინდეს არა მხოლოდ კრიზისის წარმოშობის მიზეზები, არამედ გამოინახოს ის რაციონალური მარცვალი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ახალი ეკონომიკური მოდელის ფორმირებისათვის.
მონოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელების ავტორისეულ შეფასებას, სადაც ნაჩვენებია თუ რა მიღწევებს და, ნაწილობრივ, რა პრობლემებს ჰქონდა ადგილი კრიზისის პროცესში და როგორ უნდა გადაილახოს ეკონომიკური კრიზისი. ავტორი ნათელყოფს, რომ ღრმა დისპროპორცია და პრობლემები, რომელიც არსებობს როგორც ეროვნული, ასევე მსოფლიო ეკონომიკის დონეზე, არ შეიძლება გადაწყდეს ავტონომიურ რეჟიმში, საჭიროა მის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მსოფლიოს გაერთიანებული ძალებით. სწორედ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები წარმოადგენს ანტიკრიზისული პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ფორმირების ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას. ავტორი, ასევე, დეტალურად აშუქებს არა მხოლოდ ოპერატიულ და საშუალოვადიან ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, არამედ დიდ ყურადღებას უთმობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ღრმა ინსტიტუციონალური რეფორმის განხორციელების საკითხებსაც. ამ მხრივ, პირველ რიგში, აღსანიშნავია ფინანსური სტაბილურობის საბჭოსა და მის შემადგენლობაში შემავალი ყველა ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება და ბერკეტების ფუნქციონირების სრულყოფა.
ავტორი ნათლად გვიჩვენებს კრიზისის დაძლევის საქმეში თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიოს ყველა რეგიონის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცების, ინფორმაციული გაცვლის გზით ფინანსური რისკების შემცირების, ეროვნული ორგანოებს შორის საერთაშორისო ზედამხედველობის გაძლიერების, კრიზისის ფონზე ევროპის თანამეგობრობაში ბაზელის ხელშეკრულების, ინსტიტუციონალური და რეგულაციური გარდაქმნების, აგრეთვე აშშტატებსა და დიდ ბრიტანეთში რეგულირებისა და ზედამხედველობის სისტემების რეფორმების საკითხებს.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მსოფლიო ეკონომიკის პოსტკრიზისული განვითარების ანალიზი, სადაც ავტორი საფუძვლიანად, ღრმად და დეტალურად აშუქებს კრიზისული განვითარების ტენდენციებსა და პერსპექტივებს. გულდასმითაა გადმოცემული პოსტკრიზისული განვითარების მნიშვნელოვანი მახასიათებლები: მსოფლიო ეკონომიკის სუსტი და არა მყარი ზრდა, მონეტარულ და ფასების ფაქტორთა განვითარება, სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობა, საბანკო სექტორის მიღწევები და პრობლემები, საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციები.
აქედან გამომდინარე, ავტორი ნათელყოფს, რომ მსოფლიო კეონომიკის სუსტი და არამყარი ზრდა თავის თავში მოიცავს მაკროეკონომიკურ დისპროპორციებს და განსაზღვრულ ვითარებაში ქმნის ახალი კრიზისის წარმოქმნის ალბათობას. კრიზისის შედეგად მნიშვნელოვნად დაეცა მშპ-ის მოცულობა, გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა ხელფასები, საგადასახადო შემოსავლები, გაიზარდა სახელმწიფო ვალები და ა.შ.
ამ მიმართულებით შექნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ავტორი სამართლიანად ასკვნის, რომ დღევანდელ ეტაპზე მეტად საჭიროა ყველა სახელმწიფომ სწორად და რეალურად განსაზღვროს, როგორ გადალახოს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პრობლემები და როგორ შექმნას გრძელვადიან პერიოდში სახელმწიფოს სტაბილური განვითარების უზრუნველმყოფი ეკონომიკური სტრატეგია. განვითარებადმა და განვითარებულმა ქვეყნებმა არსებითად უნდა შეცვალონ წარმოებისა და მოხმარების სტრუქტურა, გაადიდონ ერთობლივი მოთხოვნა (მათ შორის, სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციით), აამაღლონ ინვესტიციების მოცულობა, ხარისხი და წარიმართოს ის, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის, სამუშაო ძალის, ახალი ტექნოლოგიების, ეკოლოგიის, განათლებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით.
ცალკე განხილვის განსაკუთრებულ უფლებას იმსახურებს მონოგრაფიული გამოკვლევის ბოლო ნაწილი - დროის გამოწვევა და განვითარების შესაძლო გზები, - რომელიც ფაქტობრივად, მთლიანად ნაშრომის დასკვნას წარმოადგენს.
მსოფლიოს მოწინავე, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების დიდი გამოცდილების, ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტების, ავტორიტეტული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეხედულებათა განზოგადების, აგრეთვე მდიდარი ფაქტობრივი ხასიათის მასალათა ანალიზის საფუძველზე, ავტორი აკეთებს უაღრესად სჭირო დასკვნებს - ეკონომიკური განვითარების ახალი მოდელის შექმნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად მოდელის შინაარსს, იგი განასახიერებს თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური განვითარების ისეთ მყარ, დაბალანსებულ, სოციალურად ორიენტირებულ ეკონომიკას, რომელსაც შესწევს უნარი დაძლიოს დაგროვილი დისპროპორციები და ნეგატიური საგარეო ზემოქმედებანი.
დასასრულ, ზედმეტი არ იქნება თუ აღვნიშნავ თავად ავტორის არაჩვეულებრივ შრომისუნარიანობას, გამუდმებულ კვლევა-ძიებას, ეკონომიკურ მეცნიერებაში საძიებელი მოვლენის ყოველმხრივ ანალიზისა და სიღრმისეული წვდომის უნარს, განზოგადოების მაღალ დონეს, ლოგიკური დასკვნის გამოყვანის საუკეთესო ალღოს, სხვების გამოცდილების კრიტიკულად და შემოქმედებითად გამოყენების ორიენტაციას, რაც ამავე დროს პროფესორ ირაკლი კოვზანაძისთვის, როგორც მეცნიერ-მკვლევარისთივს, ავტორიტეტისა და მოკრძალებული დამოკიდებულების ამაღლებისა და განვითარების საფუძველია.
პროფესორი გედევან ხელაია