კომენტარები კანონპროექტზე "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"
მოსაზრება
13.05.2016

პაატა კოღუაშვილი, საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

ჯუმბერ ფანჩულიძე, ექსპერტი მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის საკითხებში

ანზორ მესხიშვილი, ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში

კარგ ღონისძიებას ეყრება საფუძველი - მიწების რეგისტრაციის გაადვილებას. სახელმწიფოს ძალისხმევითა და დახმარებით შესაძლებელი გახდება რეგისტრაციის პროცესის დაჩქარება, რათა მაქსიმალურად მოხდეს დასარეგისტრირებელი ობიექტების დროულად დარეგისტრირება.

აქვე ყურადღება არის გასამახვილებელი, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ პარლამენტში ინიცირებული ახალი პროექტის სახით კიდევ ერთი ტენდენციურ-კამპანიური ხასიათის დოკუმენტი არ მივიღოთ. ტენდენციური (წინასწარ შემუშავებული ცალმხრივი აზრი, რომელსაც თავს ახვევენ საზოგადოებას) იმიტომ, რომ მიწების პრივატიზაციიდან დაწყებული, სხვადასხვა მთავრობისაგან სხვადასხვა პერიოდში, კომპენტეტურ სპეციალისტებისგან დაუკითხავად, მრავალჯერ იქნა თავსმოხვეული მცდარი ღონისძიებები; კამპანიური კი (მუშაობა, რომელიც ტარდება გარკვეულ პერიოდში რამე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან სამეურნეო საქმიანობის შესასრულებლად) იმიტომ, რომ მიწების რეგისტრაციის სრულყოფილად ჩატარების მიზნით, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, ბანკების მიერ დაფინანსებული ღონისძიებების (პილოტპროგრამები და ა.შ.) განხორციელების მიუხედავად, დღემდე სავალალო შედეგს ვიმკით - დაიხარჯა მილიონობით ვალუტა, კრედიტი ქვეყანას ვალად დააწვა, საქმე კი სანახევროდაც არ არის შესრულებული. პირიქით, მოხდა არევ-დარევა, ნაკვეთების ურთიერთგადაფარვა, ქვეყნის ტერიტორიის ფიქტიური გაზრდა. გაჩნდა კერძო ამზომველების დახმარებით ფართობების დაზუსტების და თავიდან დარეგისტრირების აუცილებლობა, რაც დამატებითი ხარჯების სახით დააწვა ბიუჯეტს, ხალხს.

რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებულ შენიშვნებს, ის უკვე სათაურიდანვე იწყება და ჩვენი აზრით, "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" ნაცვლად, უნდა იყოს "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა გაადვილებული რეგისტრაციისათვის საკადასტრო და იურიდიული მონაცემების სრულყოფის წესის შესახებ". შესაბამისად, პირველ მუხლში მოცემული სიტყვა წესი, რომელიც კანონპროექტში შემდგომშიც ხშირად ფიგურირებს, გამართლებული იქნება; სიტყვა "სისტემური" საერთოდ ამოღებული უნდა იყოს, ვინაიდან ადრე არსებულ კანონებში, საიდანაც "გადმოპორტირებულია" აღნიშნული ტერმინი, განმარტებულია, რომ "სისტემური რეგისტრაცია ტარდება ინდივიდუალური განცხადებების გარეშე და ა. შ."; ანუ თუკი ერთი ინდივიდუალური განცხადება და სხვა ამზომველის მიერ შესრულებული ნახაზი მაინც არსებობს, სიტყვა სისტემური, რომელიც წარმოდგენილ კანონპროექტშია "დაპორტირებული" (კერძოდ, მუხლი 5, პუნქტი 1, - "მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სისტემური რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და....... საფუძველზე"), ეწინააღმდეგება ადრე არსებულ განმარტებას.

კანონპროექტის მიხედვით: მუხლი 2. კანონის მიზანი, დ) ქვეპუნქტში - "საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების სრულყოფა და ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა" გაუგებარია რა იგულისხმება - პიარისთვის წამოსროლილი ლოზუნგია, თუ სხვა რამ. ჯერ ისედაც მიწების 25%-ია დარეგისტრირებული და ისინიც არ ყოფილა "სრულყოფილი და შესაბამისობაში მოყვანილი";

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება, პ. 1, ქვეპუნქტი რ) მყარი სასაზღვრო მიჯნა - "ღობე ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობა"; უნდა იყოს - "ღობე, ხევი ან სხვა, საზღვრად გამოყენებული ბუნებრივი ანდა ხელოვნური ნაგებობა".

როგორც წარმოდგენილი კანონპროექტიდან ჩანს, მასში შემდგომი ჩაღრმავება და მისი კომენტირება აღარ შეიძლება, თორემ დარგისადმი უვიცობის აპოგეამ შეიძლება ჩარეცხვას გადარჩენილი სპეციალისტები შეიწიროს. არ შეიძლება, დარგობრივი რეგულირების კანონი დარგის სპეციალისტების გარეშე მხოლოდ იურისტებმა შეიმუშავოს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ დღესდღეობით რეგისტრაცია და კადასტრი ერთმანეთთან გაიგივებულია. თანამედროვე რეგისტრაცია უნდა მოიცავდეს დასარეგისტრირებელ მიწებზე ხარისხობრივ და მელიორაციულ მახასიათებლებთან დაკავშირებულ მონაცემებსაც; ალბათ, დროა, მომავალში ამის შესახებაც იზრუნოს ქვეყანამ.

საერთოდ, მართალია, პროცესის გაადვილება ხელს შეუწყობს დასარეგისტრირებელი ობიექტების დაჩქარებულ რეგისტრაციას, მაგრამ პირველადი რეგისტრაციის მთლიანობაში დასრულების შემთხვევაშიც კი, რეესტრი ვერ უზრუნველყოფს იმ საჭირო მონაცემთა ბაზას, რაც ქვეყანას სჭირდება სრულყოფილი კადასტრის წარმოებისათვის.

ამჟამად ახალი კანონის ნორმალურად ამოქმებისა და გათვალისწინებულ დროში (მაქსიმუმ 2,5 წელი) დასრულების შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს, ის მაინც დაზუსტდება, ქვეყანაში რა არის კერძო, რა მუნიციპალური და ა.შ.

რაც შეეხება მიწასთან დაკავშირებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და ეფექტურად მართვას. სრულყოფილი თანამედროვე კადასტრის შემთხვევაშიც კი, მარტო საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისა და სამომავლო პერსპექტივების დაგეგმვის განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუკი არ იარსებებს ერთიანი მიწის ფონდის განმკარგველი, მარეგულირებელი და დარგთაშორის მაკორდინირებელი ძლიერი სახელმწიფო ორგანო (სააგენტო). იგი როგორც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების, ისე სუბურბანული და ურბანული მიწების მიწათმოწყობისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის გასატარებლად, მონაცემების გაანალიზებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისათვის მონიტორინგს განახორციელებს: რეგისტრაციების ტრანზაქციებს; სავარგულების დროში ტრანსფორმირებებს; სასოფლო მიწების არასასოფლოში გადასვლის სანაცვლოდ ახალი მიწების ათვისების მიმდინარეობას; გარემოს დაცვისა და სამეურნეო ბრუნვაში არსებული მიწების ბრუნვიდან გამოვარდნის საწინააღმდეგო ღონისძიებების დასახვას; ერთიანი საკანონმდებლო ბაზის - მიწის კოდექსის შემუშავებას და ა.შ.

დადგენილი წესით სააგენტო განსაზღვრავს მიწის რესურსებით სარგებლობის ძირითად მიმართულებებს, რისთვისაც შექმნის ქვეყნის მიწების მართვასა და გამოყენებაზე განსაკუთრებული წესებისა და შეზღუდვების მთელ სისტემას; მიწის ადმინისტრირების სამართლებრივი სფეროს სრულყოფის მიზნით, შეიმუშავებს ერთიან საკანონმდებლო კრებულს - მიწის კოდექსს; მონაცემთა ერთიანი ბანკის შესაქმნელად და ყოველწლიური სახელმწიფო ანგარიშის მოსამზადებლად, აწარმოებს მუდმივ მონიტორინგს მიწის რესურსების მდგომარეობასა და მის დინამიკაზე; კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელებს სახელმწიფო კონტროლს მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ. ამ მიზნით, დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს გაუწევს კონსულტაციებს, ტექნიკურ დახმარებებს, გასცემს ექსპერტიზას მიწის გამოყენებასთან დაკავშირებით დამუშავებულ პროექტებზე.

ახალი სტრუქტურის შექმნა უმტკივნეულოდ შეეძლება სახელმწიფოს, ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტის მეთექვსმეტე მუხლით, მუნიციპალიტეტებში გათვალისწინებულია "მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი". იმედია, ინსტრუქტაჟგაწეული, უკვე დარგში გათვითცნობიერებული სპეციალისტი, მიწის ადმინისტრირების ახლად შექმნილ სტრუქტურაში გააგრძელებს თავის სქმიანობას (მუნიციპალიტეტში მეტი შტატი არცაა საჭირო). რაც შეეხება სათავო სტრუქტურას, მისი შექმნა, ალბათ, ეკონომიასაც კი მისცემს სახელმწიფოს, ვინაიდან მიწის მართვის დეპარტამენტის დაშლის შემდგომ სხვადასხვა სამინისტროში შექმნილი ანალოგიური სტრუქტურების ხელახალი სინთეზისას, უფრო ნაკლები კადრი იქნება საჭირო, ვიდრე დღესაა სამინისტროების იდენტურ სტრუქტურებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×