საქართველოში წვრილი აქციონერების აქციები უგზო-უკვლოდ იკარგება. საკუთრების უფლება ისევ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. ხელისუფლებას კი უკვირს, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი რატომ არ ვითარდება.
90-იან წლებში განხორციელებული მასშტაბური პრივატიზაციის შედეგად შეიქმნა საწარმოები, რომელთა აქციონერები თანამშრომლები გახდნენ. ნაწილმა ეს აქციები, ძალიან მცირე ოდენობით, მესამე პირზე გაყიდა. მათ არ ჰქონდათ საწარმოს მართვის გამოცდილება და არც შესაბამისი ცოდნა თავიანთი უფლებების დასაცავად, ამიტომაც მათი მოტყუება ძალიან მარტივი იყო. წვრილ აქციონერებს არ იწვევდნენ საერთო კრებებზე, არ აძლევდნენ ფინანსურ ინფორმაციას.
სამწუხაროდ, ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ხშირია შემთხვევა, როცა ირღვევა აქციონერთა კანონით მინიჭებული უფლება - მიიღონ სასურველი ინფორმაცია კომპანიის მმართველობის ორგანოებისაგან. ასევე გავრცელებული პრობლემაა ინფორმაციის არასაჯაროობა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კომპანიები საჭიროდ არ თვლიან წლიური ანგარიშების გამოქვეყნებას. ერთი სიტყვით, კანონი ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა.
"ბიზნეს-რეზონანსის" რესპონდენტმა ავთო ნადირაძემ სს "საირმის" აქციების მცირე წილი 1997 წელს შეიძინა. წლების განმავლობაში კომპანიას თავი ძლივს გაჰქონდა და შესაბამისად, აქციონერებს დივიდენდების მიღებაზე პრეტენზია არ გასჩენიათ. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ასეთი უნიკალური აქტივების მქონე კომპანია, გამართული მენეჯმენტის პირობებში, წარმატებას მიაღწევდა და მათი აქციებიც მომგებიანი გახდებოდა. მოგვიანებით სააქციო საზოგადოებიდან დამოუკიდებლად საქმიანობა დაიწყო შპს "საირმემ", სააქციო საზოგადოების აქტივები ამ კომპანიის სასარგებლოდ დაგირავდა.უკვე რამდენიმე წელია მინერალური წყალი "საირმე" ბაზარზე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ წლების განმავლობაში, კომპანიისგან წვრილ აქციონერებს არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ავთო ნადირაძე კომპანიის, რომლის აქციების მფლობელი თავადაც არის, ფინანსური მდგომარეობით დაინტერესდა. შარშან, ინფორმაციის მისაღემაბ "საირმის" მენეჯმენტს წერილობით მიმართა, თუმცა მცირე აქციონერი პასუხის ღირსად არავინ ჩათვალა. შემდეგ ავთო ნადირაძემ "საირმის" ოფისს თავად მიაკითხა. რატომღაც კომპანიაში კანონის საწინააღმდეგოდ, თავს უფლება მისცეს და წვრილი აქციონერი ყოველგვარი პასუხის გარეშე უხეშად თავიდან მოიშორეს.
ამ შემთხვევაში საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი სამეწარმეო რეესტრის ბაზიდან სს "საირმე" საერთოდ გაქრა და ბაზაში ახლა მხოლოდ შპს "საირმეა".
"მე მაქვს უფლება ვიცოდე რა ბედი ეწია ჩემს აქციებს. შპს "საირმის" მართვაში გადავიდა, თუ ისევ სს "საირმეს" კუთვნილებაში. დივიდენდების მიღებას რომ თავი დავანებო, ხომ უნდა ვიცოდე სად წავიდა ჩემი აქციები? დღემდე ვერ მივაღწიე, რომ კომპანიისგან პასუხი მივიღო. იძულებული ვარ სასამართლოს მივმართო", - ამბობს ავთო ნადირაძე.
ბევრმა წვრილმა აქციონერმა საერთოდ ფარ-ხმალი დაყარა და აქციების დაკარგვას მშვიდად შეხვდა. ზოგს სასამართლოში ჩივილისა და ადვოკატის აყვანის სახსრები არ გააჩნია, ზოგი კი სასამარლოს მიმართ უნდობლობას გამოხატავს. აქციონერების უიმედობის მიზეზი არის ისიც, რომ სასამართლოში პროცესი წლების განმავლობაში იჭიმება. ერთ ადამიანს კი რამდენიმე კომპანიის აქცია აქვს სამართლიანობის მისაღწევად ბრძოლა ძალიან რთულდება.
აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, რომ არც ერთ კომპანიას არ აქვს უფლება აქციონერს, თუნდაც იგი კომპანიის მხოლოდ ერთ აქციას ფლობდეს, ინფორმაცია დაუმალოს. ეს არის კანონის დარღვევა.
"90-იანი წლების ბოლოს საწარმოებში დასაქმებულ ადამიანებს აქციები გადაეცათ შეღავათიან პირობებში. ბუნებრივია მათ რაც იყიდეს, ის მათი საკუთრებაა და მათთის ინფორმაციის დამალვის უფლება არავის აქვს. სააქციო საზოგადოებამ აქციონერებისთვის ინფორმაციები ოფიციალურად უნდა გამოაქვეყნოს", - ამბობს ავთო სილაგაძე და დასძენს, რომ თუ თუ კომპანია გაიყიდა და იურიდიული სტატუსი შეიცვალა, ამ შემთხვევაში კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეიძლება საჯარო აღარ იყოს, თუმცა მისი მიღების უფლება აქციონერს მაინც აქვს.
"შეიძლება კომპანია ახლა სხვის მფლობელობაშია, მაგრამ აქციონერის ნებართვის გარეშე მისი აქციების მითვისების უფლება არავის აქვს. აქციონერმა აუცილებლად უნდა მიიღოს განმარტება სად წავიდა მისი წილი. კიდეც რომ გაკოტრებულიყო საწარმო, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენ აქციას ფლობს, ამის შესახებ ყველა საქმის ყურში უნდა ყოფილიყო", - ამბობს ავთო სილაგაძე.
ამ შემთხვევაში საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი, მცირე აქციონერების ნაწილს აქციები ისე გაუყიდეს, რომ მათთვის არავის არაფერი უკითხავს. რამდენიმე წლის წინ პარლამენტმა "მეწარმეთა შესახებ" კანონში ცვლილებები განახორციელა და მსხვილი აქციონერები პრივილიგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. კანონის 53-ე მუხლის მიხედვით, მეწარმეებს, რომლებიც აქციების 95%-ს ფლობენ, უფლება აქვთ წვრილ აქციონერებს თავიანთ მფლობელობაში არსებული აქციების გაყიდვა აიძულონ.
"მართალია მსხვილ მეწილეებს კანონმა ამის უფლება მიანიჭა, მაგრამ მას ეს აქციები პარტიზანულად არ უნდა მიეღო. კანონში ნათლად არის გაწერილი, რომ გამოსყიდვა უნდა მოხდეს სამართლიან ფასად. ვიმეორებ, რომ არავის აქვს უფლება აქციონერის ნებართვის გარეშე მიითვისოს აქციები. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი იქნება და შესაბამისი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ", - ამბობს ავთო სილაგაძე.
კონსტიტუციის 21-ე მუხლში აღნიშნულია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილია, დაუშვებელია მისი იძულებით ჩამორთმევა. ამ შემთხვევაში, ჩამორთმევა სრულად სამართლიანად შეიძლება გამოვიყენოთ, ვინაიდან ადამიანებს აქციები მალულად გაუყიდეს.
დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ხელყოფა არავის შეუძლია. აქციონერს 1 აქციაც რომ ჰქონდეს, ის მისი საკუთრებაა და ვერავინ წაართმევს. "საკუთრების უფლება კონსტიტუციით არის დაცული. შეიძლება აქციების 5%-ზე ნაკლები მაქვს, მაგრამ ეს ჩემი საკუთრებაა", -
ქვეყანაში დღემდე ასეთი მდგომარეობაა და ხელისუფლებას კი უკვირს ფასიანი ქაღალდების ბაზარი რატომ არ ვითარდება. თავის იმით იმართლებენ, რომ საქართველოში აქციების შესყიდვის კულტურა არ არსებობს, მოსახლეობას ურჩევნია დანაზოგი მუთაქებში ან ბანკებში შეინახოს, ვიდრე აქციები შეიძინოს და ფული სარფიანად დააბანდოს. ბუნებრივია, როდესაც მესაკუთრის უფლებები ასე დაუცველია, ვერც ერთი ადამიანი ვერ გაბედავს, რომ ფული კომპანიებში დააბანდოს.