მოსაზრება
19.05.2016

ვასო კაპანაძე

დღესდღეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უკიდურესად სავალალო მდგომარეობაშია. ისტორიულად საქართველოში რუსეთი აღიქმებოდა, როგორც მოძმე ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც საქართველოს მეზობელი მუსულმანური ქვეყნების აგრესიისგან იცავდა. მე-19 საუკუნის მიწურულიდან კი, ქართული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების და ეროვნული მოძრაობის განვითარების პარალელურად, რუსეთის იმიჯში ჩნდება ნეგატიური ნიშნები - დაკავშირებული იმასთან, რომ რუსეთმა დაარღვია საქართველოზე პროტექტორატის პირობები და გააუქმა საქართველოს სამეფო. 1991 წლიდან ნეგატიურმა ნიშნებმა რუსეთის აღქმაში უფრო იმატა. ეს უკავშირდებოდა პირველ რიგში კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; აგრეთვე იმას, რომ ქართველი პოლიტიკოსები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს განიხილავენ, როგორც 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანას. 2008 წლის რუსულ-ქართული სამხედრო დაპირისპირების შემდეგ კი რუსეთის აღქმა საქართველოში კიდევ უფრო ნეგატიური გახდა. ამჟამად რუსეთი საქართველოში ოფიციალურად ითვლება აგრესორ სახელმწიფოდ, რომელმაც ქვეყანას მოწყვიტა მისი ტერიტორიის მეხუთედი და მას თავად აკონტროლებს. გავიდა 7 წელზე მეტი, რაც დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ ტრაგედიად მიიჩნევს, სამაჩაბლოში ომის დაწყების მეორე დღეს, 2008 წლის 9 აგვისტოს ვლადიკავკაზში ყოფნისას განაცხადა: "რუსეთი საუკუნეების მანძილზე თამაშობდა კავკასიაში დადებით როლს, იყო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გარანტი. ასე იყო წარსულში, ასე იქნება მომავალშიც. ნურც ნურავის შეეპარება ამაში ეჭვი."

აქვე უნდა აღინიშნოს 2009 წელს ოლიგარქის, აწ გარდაცვლილი ბორის ბერეზოვსკის მიერ გაკეთებული განცხადება: "მე ვარ მომსწრე იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ვიცი, რომ ეს იყო პროვოკაცია და აგრესია რუსეთის მხრიდან, რაზეც სამწუხაროდ წამოეგო საქართველოს ხელისუფლება. ომი ინიცირებული იყო რუსეთის მიერ, იგი მეთოდურად ემზადებოდა ამისთვის, მე ვიცოდი ამის შესახებ ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის ფუნქციებს ვასრულებდი."

ფაქტია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში არ წარმოებდა კავკასიის რეგიონის და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ რუსეთის პოლიტიკის და გეოპოლიტიკური ინტერესების სიღრმისეული ანალიზი, ასევე იმის ანალიზი, თუ რა პოზიციას დაიკავებდნენ მომავალში აფხაზები და ოსები რეგიონში სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. შედეგი: საქართელოს სახელისუფლებო სტრუქტურების ბოლომდე გაუაზრებელი პოლიტიკის და რუსეთის შესაბამისი აგრესიული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, ხოლო პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ჩიხში შევიდა. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამოენახა საერთო ენა რუსეთის ხელმძღვანელობასთან და თავიდან ვერ აიცილა სამხედრო დაპირისპირება 2008 წლის აგვისტოში, რამაც ქვეყანას მოუტანა მნიშვნელოვანი ადამიანური მსხვერპლი, მორალური და მატერიალური ზარალი, ტერიტორიების ოკუპაცია.

არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დაიწყო ერთგვარი დათბობა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ თანდათანობით აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, სატრანსპორტო მიმოსვლა. მიუხედავად რთული პოლიტიკური ურთიერთობებისა, შეიცვალა ოფიციალური თბილისის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში, ქვეყანაში აღდგა რუსული ტელეარხების მაუწყებლობა. "მანიაკური მტრობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, წარსულში დარჩა," - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად შეინარჩუნა ჩრდილო-ატლანტიკური და ევროპული ვექტორი. თუმცა, თუ სააკაშვილი ცდილობდა ამ ვექტორის განხორციელებას რუსეთთნ ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, იყენებდა რა რუსეთის ფაქტორს შინაგანი მობილიზაციის ერთგვარ ინსტრუმენტად, "ქართული ოცნება" მიყვება იგივე ვექტორს, მაგრამ ცდილობს რომ პარალელურად რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს. მხარეებმა განსაზღვრეს ე.წ. "წითელი ხაზები", როგორიცაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი. რუსეთი დღესდღეობით არ სთავაზობს საქართველოს ხელსაყრელ ვარიანტებს პატარა ქვეყნისთვის ამ უმნიშველოვანესი პრობლემის გადაწყვეტისთვის.

რუსეთის ჩარევა 2008 წელს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებში, რაც დასრულდა ამ ქართული ავტონომიების აღიარებით, დასავლეთში აღქმულ იქნა, როგორც მოსკოვის უარი სტატუს-კვოს პოლიტიკაზე და რეგიონში ექსპანსიის პოლიტიკაზე გადასვლად. რუსეთის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით კი, სწორედაც ნატოს პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ ისახავდა მიზნად უსაფრთხოების ვაკუუმის შევსებას, რომელიც წარმოიშვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და სწორედ ეს წარმოადგენს ექსპანსიონიზმის მაგალითს. რუსეთში პოსტსაბჭოთა სივრცე მიაჩნიათ საკუთარი ინტერესების და საკუთარი გავლენის ზონად და აღნიშნავენ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა პირველებმა დაარღვიეს სტატუს-კვო, რომელიც მსოფლიოში სსრკ-ის დაშლამდე არსებობდა.

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთის ხელმძღვანელობამ აჩვენა, რომ კოსოვის დამოუკიდებლობა პრეცედენტს წარმოადგენს. უკრაინის კონფლიქტმა და ყირიმის ანექსიამ მსოფლიოს კვლავ გაახსენა კოსოვოს მოვლენები. ამ პრეცედენტების მსგავსება შემდეგში მდგომარეობს: გარე ძალებს - სახელმწიფოს ან სახელმწიფოების ჯგუფს, გამომდინარე საკუთარი სახელმწიფოებრივი და გეოპოლიტიკური ინტერესებიდან, ასევე საკუთარი წარმოდგენიდან უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესებისადმი საფრთხეების მიმართ, შეუძლიათ აიძულონ უფრო სუსტი ქვეყანა, ვერ უზრუნველყოს საკუთარი ტერიტორიის ნაწილის კონტროლი და ჩამოაშორონ ეს ტერიტორია დანარჩენ ქვეყანას, მისი ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდ.

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების, ასევე ყირიმის მიერთების შესახებ გადაწყვეტილებები შეიძლება იქცეს პრეცედენტებად, მაგალითად, დნეპრისპირეთისთვის, მთიანი ყარაბაღისთვის, ჩრდილო ყაზახეთისთვის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატიული ნაწილისთვის, კალინინგრადისთვის (რომლის მოსახლეობაც მიილტვის ბალტიის რეგიონისკენ), ჩრდილო კავკასიის რიგი რესპულიკებისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი, აღიარა რა რუსეთთან საზღვრების დელიმიტაცია, უარს არ ამობობს საკუთარ პრეტენზიებზე შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებზე, რომლებსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიებად აღიქვამს. აღნიშნული პრეცედენტების არსებობის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო, რომელიც მათ ქმნის, ამას ახორციელებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ფიქრობს იმაზე, რომ ამგვარი პრეცედენტებით შეიძლება სხვებმაც ისარგებლონ.

შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს გლობალურ დაპირისპირებას ერთი მხრივ, დასავლური სამყაროს ფასეულობებსა და მისწრაფებებს და მეორე მხრივ, რუსული სამყაროს ფასეულობებსა და მისწრაფებებს შორის. იგი ასახავს რთულ მსოფლმხედველობრივ წინააღმდეგობებს, რასაც ადგილი აქვს თანამედროვე მსოფლიოში. რუსეთში არსებობს მოსაზრება, რომ აშშ-ის როლი - ეს არის მთელ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელება, ხოლო რუსეთის მისიას გლობალურ მასშტაბში სამართლიანობის დაცვა წარმოადგენს. ერთი შეხედვით, თითქოს დემოკრატია და სამართლიანობა სინონიმური ცნებებია. თუმცა, სინამდვილეში, ეს ყოველთვის ასე არ არის. რეალურად კი, როგორც დემოკრატიის, ისე სამართლიანობის განსხვავებული აღქმა დასავლეთისა და რუსეთის მიერ, მათ შორის დაპირისპირების საფუძველს წარმოადგენს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი კონტაქტები ამჟამად განისაზღვრება დაბალეფექტური დისკუსიებით ჟენევის ფორმატში და გაცილებით მნიშვნელოვანი შეხვედრებით აბაშიძე-კარასინის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური საკითხები არ განიხილება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული ქართველი ვერ უბრუნდება მშობლიურ ადგილებს, სერიოზულ პრობლემად რჩება სიტუაცია ადმინისტრაციულ საზღვრებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან - ადამიანებს ხშირად აკავებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დარღვევისთვის. მოსახლეობა ხელოვნურადაა დაყოფილი ადმინისტრაციული საზღვრებით და არცთუ იშვიათად ე.წ. საზღვრების დელიმიტაციის შედეგად სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადამიანთა მიწის ნაკვეთები ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მიღმა აღმოჩნდება. ზოგჯერ ადამიანებს არ გააჩნიათ საშუალება, მივიდნენ საკუთარი წინაპრების საფლავებზე იმის გამო, რომ ადმინისტრაციული საზღვრები მავანთა ძალისხმევის შედეგად "სახელმწიფოებრივ საზღვრებად" გადაკეთდა. ქართველები, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ, ვერ იღებენ განათლებას მშობლიურ ენაზე. ნუთუ ეს სამართლიანია?! საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ მოქმედებს შემსუბუქებული, მაგრამ მაინც სავიზო რეჟიმი რუსეთის მხრიდან.

თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვმა და თბილისმა შეძლეს კონფრონტაციის ენიდან პრაგმატული ურთიერთობების ენაზე გადასვლა. კრიზისმა უკრაინაში პრაქტიკულად ვერაფერი შეცვალა რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. საქართველოს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა იდეას, შეერთებოდა იმ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა.

ორ ქვეყანას შორის გააქტიურდა კულტურული ურთიერთობები. საქართველოში რეგულარულად ტარდება რუსული კინოფილმების ფესტივალი, ჩამოდიან მსახიობები რუსეთიდან. საქართველოდან რუსეთში სულ უფრო ხშირად ჩადიან სხვადასხვა ანსამბლები, ხელოვნების, თეატრის, კინოს წარმომადგენლები. მარტის ბოლოს ჩრდილო ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში სრული ანშლაგით ჩატარდა ქართული საცეკვაო ანსამბლების "რუსთავისა" და "ბანის" გასტროლები. მაყურებლები მათ მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდნენ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში გარკვეული უკმაყოფილება გამოითქვა ამ გასტროლებთან დაკავშირებით.

მთავარ პრობლემად რუსულ-ქართულ ურთიერთობაში კვლავინდებურად რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი - "მე მიმაჩნია, რომ რუსეთმა დაუშვა უმძიმესი შეცდობა, როცა აღიარა ამ ანკლავების დამოუკიდებლობა. საქართველო არასოდეს შეეგუება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დაკარგვას, ხოლო რუსეთი უარს არ იტყვის აღიარებაზე. 20-წლიანი გაუცხოების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ რუსეთი ამოღებულია ქართველთა პოლიტიკური რუკიდან, განსაკუთრებით ახალგაზრდობის რუკიდან," - განაცხადა ერთი წლის წინ სააგენტო ლენტა.რუ-სთან ინტერვიუში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა იური კობალაძემ. ხოლო რუსეთში ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და პუბლიცისტმა ავიგდორ ესკინმა გასული წლის ბოლოს გამოთქვა მოსაზრება, რომ დაიწყოს ქართველი დევნილების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების პროცესი და საქართველოს ფედერალიზაციის საკითხის განხილვა, მაგრამ ეს ინიციატივა რუსეთის ოფიციალურ წრეებში ჯერჯერობით არ განიხილება.

ქართულ-რუსული ურთიერთობაში არსებული მდგომარეობა სადღეისოდ წააგავს ფრაზებს ძველი რუსული სიმღერიდან "მოსკოვისპირა საღამოები". იქ არის ასეთი ფრაზები: "მდინარე მიედინება და არც კი მიედინება... სიმღერა ისმის და არც ისმის..." თუმცა ქართველებს და რუსებს რეალურად სურთ, რომ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის რეალურად გაუმჯობესდეს და "მდინარე მართლაც მიედინებოდეს, ხოლო სიმღერა რეალურად ისმოდეს". მიუხედავად ყველა სირთულისა, ორივე მხრიდან პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენი ხალხების დაახლოებას, ჩვენს ქვეყნებს შორის საერთო ინტერესებისა და საერთო შეხების წერტილების პოვნას, გამომდინარე ჩვენი ხალხების ინტერესებიდან, მომავალში ალტერნატივა არ ექნება.

ავტორის მიერ აღნიშნული ტექსტი მოხსენების სახით გაჟღერებული იქნა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობის სახელმწიფო ინსტიტუტში ("მგიმო"), ქართველი ექსპერტების რუს ექსპერტებთან და დიპლომატებთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 20-23 აპრილს გამართული შეხვედრების ფარგლებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×