ისტორიის ფურცლები ბევრ მისტიკურ და შეუცნობელ მოვლენას იტევს. კაცობრიობა ჯერჯერობით უძლურია სიღრმისეულად ჩასწვდეს მათ უმრავლესობას. მიუხედავად ამისა, მტვერმიყრილი წარსული თანდათანობით იწყებს გამომზეურებას და იმკვიდრებს ადგილს ადამიანთა ცნობიერებაში. საგულისხმოა ისიც, რომ ეს პროცესი საკმაო იმპულსურობითა და ამასთანავე, გამორჩეული სპეციფიკურობით ხასიათდება.
ცივილიზაციათა გამომზეურების პროცესი გარკვეულ ზოგად სქემას ეფუძნება. მეტად საყურადღებოა ის გარემო, რომლის მეშვეობითაც ხდება ერთ დროს მითოლოგიის სფეროდ მოაზრებული ფაქტების ცხოვრებისეულ სინამდვილედ აღიარება.
ჰაინრიხ შლიმანის მიერ ტროას აღმოჩენა ამ თვალსაზრისით ბევრ საინტერესო ნიუანსს შეიცავს. აღნიშნული სქემითა და მეთოდოლოგიით ქართული ცივილიზაციის ჯერ კიდევ შეუცნობელი კვალის მიგნება არ უნდა გამოირიცხოს, მითუმეტეს, როცა არქეოლოგიური გათხრების შედეგებზე დაყრდნობით, ბერძნულ მითოლოგიაში ქართული სამყაროს შესახებ დაფიქსირებული მთელი რიგი ფაქტების რეალობას თანამედროვე მეცნიერებაც იზიარებს. ყოველივე ეს მეტად საგულისხმო დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.
ამიტომაც, ერთი მხრივ, შლიმანის მიერ ტროას მიგნება და მეორე მხრივ, ჯერაც შეუცნობელი ქართული ცივილიზაციის კვალი, გარკვეულწილად ერთ საერთო ზოგად სქემას ეფუძნება, რის გამოც, ამ საკითხების ერთობლივი განხილვა, ვფიქრობთ, მეცნიერების შემდგომი აღმოჩენებისა და შესაძლო პერსპექტივების ბევრ საინტერესო დეტალს წარმოაჩენს.
ამბავი უცნაური ახირებისა
ჰაინრიხ შლიმანის ცნობიერებაში ტროა მამამისის მიერ მოყოლილი ამბებიდან გაჩნდა. მართლაც მიმზიდველი იყო ჰელენეს, აქილევსისა და ჰექტორის თავგადასავლები, ამბები დამწვარ და დანგრეულ ტროაზე...
ყ|ყ ს-ის 30-იანი წლებისას საკმაოდ პოპულარული გახლდათ ერერის წიგნი "მსოფლიოს დასურათებული ისტორია". ის დღეც კარგად ახსოვდა შლიმანს, როცა მამამ სანუკვარი ამბების დამტევი ჯადოსნური სამყარო გადაუშალა წინ. ინტერესით ათვალიერებდა პატარა ჰაინრიხი ლამაზად გაფორმებულ ფურცლებს, განსაკუთრებით ტროამ მიიზიდა, კითხვებიც თანდათან ჩნდებოდა. მართლა ასეთი იყო ტროა? ნუთუ ისე დაინგრა, რომ არავინ უწყის მისი არსებობა? ამ ფრაზებს მუდმივად იმეორებდა პატარა, თუმცა მის ცნობისმოყვარეობას კონკრეტულად ვერავინ პასუხობდა... სწორედ მაშინ გაჩნდა პატარა ჰაინრიხში სურვილი - ტროაც ეპოვა და მეფის განძიც...
თავისი ოცნება მამას გაანდო. ისიც ახსოვდა შლიმანს, როგორი საოცარი ღიმილით უპასუხა მან მეოცნებე შვილს... ეს ღიმილი იმედსაც გამოხატავდა, გაოცებასაც და ერთგვარ გაკვირვებასაც...
ამ ამბიდან ოცდაათი წლის შემდეგ ჰაინრიხ შლიმანმა ტროა აღმოაჩინა. ეს არ იყო უბრალო აღმოჩენა. ტროას მიგნებამ, ფაქტობრივად ხელახლა გადაწერა საბერძნეთის ისტორია და მითადმიჩნეული სამყარო ისტორიის განუყოფელ ნაწილად წარმოაჩინა.
მანამდე კი... მანამდე იყო დაუღალავი შრომა, ენების ათვისება, რუტინული, ყოველდღიური მეცადინეობა. ორ წელიწადში შეისწავლა ინგლისური, ფრანგული, ჰოლანდიური, ესპანური, იტალიური და პორტუგალიური ენები. შემდგომ რუსულის სწავლასაც შეუდგა...
ჰაინრიხ შლიმანი - ბედის რჩეული
რუტინული შრომის მიღმა იყო საოცარი გამართლებაც. შეიძლება ითქვას, შლიმანი ბედის რჩეული გახლდათ, თუმცა ისიც ნათქვამია - ბედი მხოლოდ ძლიერებს სწყალობთო. ღარიბი პასტორის შვილი, რომელმაც საქმიანობა მედუქნის შეგირდობიდან დაიწყო, სამეფო ვაჭრის თანამდებობაზე აღზევდა, მაგრამ ეს არ იყო ის, რაზეც შლიმანი ოცნებობდა. მისი ფიქრები ისევ ჰომეროსს და ტროას დატრიალებდა.
საკმაოდ გულახდილია შლიმანი თავის წერილებში, სადაც აღწერს, თუ როგორ გამოიყენა ყირიმის ომი საკუთარი კაპიტალის დაგროვებისთვის, როგორ გამდიდრდა ამერიკაში სამოქალაქო ომის პირობებში. ერთ მომენტს განსაკუთრებული მისტიკური დატვირთვა ჰქონდა ჰაინრიხის ცხოვრებაში. ყირიმის ომის დროს მან მემელში გაგზავნა ტვირთი. საწყობს ხანძარი გაუჩნდა და ყველაფერი დაიწვა, გარდა მისი ქონებისა. საქმე ის იყო, რომ რატომღაც შლიმანის გაგზავნილი ტვირთი მოშორებით, ცალკე ფარდულში მოეთავსებინათ.
როგორ გახდა "ილიადას" ოცდამეორე სიმღერა ტროას გასაღები
1863 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ჰაინრიხის ცხოვრებაში. უდიდესი ქონების პატრონი მიხვდა, რომ მიუხედავად კარიერული წარმატებისა, სულაც არ იყო მთავარი მდიდარი ვაჭრის სტატუსამდე აღზევება. სწორედ ახლა უნდა გადაედგა ის ნაბიჯი, რომლითაც ბავშვობისდროინდელი ოცნება აუსრულდებოდა.
იმ პერიოდში ამის არანაირი გარანტია არ არსებობდა, რადგან დიდი კითხვის ქვეშ იდგა არათუ საკუთრივ ტროა, არამედ თვით ჰომეროსიც. ბევრი მიიჩნევდა, რომ ჰომეროსი არ არსებობდა და მითოლოგიურ პერსონაჟს წარმოადგენდა. შესაბამისად, ეჭვის ქვეშ დადგა მისი ცნობების სინამდვილეც. ადამიანთა უმეტესობა ემხრობოდა იმ ცალსახა აზრს, რომ ჰომეროსი მითოლოგიის სფერო იყო და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ბერძნული ცივილიზაციის არსებობასაც ამრეზით უყურებდნენ... ეს ყ|ყ საუკუნის შუა პერიოდია, ის ხანაა, როცა ფეხს იდგამს ისტორია, როგორც მეცნიერება.
არადა, "ილიადა" მიანიშნებდა, თუ რამხელა კულტურული ტრადიციების მქონე ქვეყანა უნდა ყოფილიყო საბერძნეთი. ყ|ყ საუკუნის გადასახედიდან რთული იყო საუკუნეთა სიღრმეში არსებული რეალობის განჭვრეტა. ეს არც იყო გასაკვირი. ჟამთასვლამ თავისი კვალი დაატყო საბერძნეთს - ის უკვე არაფრით გამოირჩეოდა სხვა ქვეყნებისგან. ამიტომაც რთულად მისაღები იყო ის ვერსია, რომ უდიდესი ცივილიზაციის შემდეგ დაიწყო დაცემა - ბარბაროსების ეპოქა, შემდეგ კი ისევ აღმასვლა, რასაც ელინური კულტურის ხელახალი დიდება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, შლიმანი კვლავაც ჰომეროსით ცხოვრობს, ტროაზე ოცნებობს და ისევ ჩაჰკირკიტებს "ილიადას" ოცდამეორე სიმღერას, სადაც აღწერილია ტროას ადგილმდებარეობა:
"სრბოლით წყაროებს მიაღწიეს ლაღად მდინარე ამ ორ ნაკადულს, სადაც სათავე ქსანტოსის არის, ერთგან ცხელი სჩქეფს ნაკადული, მარადჟამს ირგვლივ დგას ოხშივარი, თითქოს ხანძრის ბოლავდეს ალი, მეორე მოსჩქეფს - მცხუნვარ დღეში ყინულოვანი ცივი, ვით თოვლი, ხოშკაკალად ქცეული წვიმა."
სწორედ აქ მინიშნებული წყაროები გახდა შლიმანის აღმოჩენის უმთავრესი ორიენტირი.
როგორ სწირავდნენ შესაწირს ილიის მინერვას ქსერქსე, მინდარე და ალექსანდრე მაკედონელი
თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ჰისარლიყის ნანგრევები, რომელსაც ილიონის სახელითაც იცნობდა თანამედროვეობა, საოცრად ჰგავდა ჰომეროსის მიერ აღწერილ ტროას. თუმცა არსად ჩანდა ის ორი წყარო, რომელიც დაამტკიცებდა, რომ შლიმანის ალღო უტყუარი გახლდათ. მალე ამ საკითხსაც მოეფინა ნათელი - ილიონის მიდამოებში რამდენიმე ცხელი წყარო გაჩნდა, მერე ისევ გაქრა...
ჰომეროსმა მიაგნო აქილევსისა და ჰექტორის ბრძოლის ადგილსაც - ბორცვის ფერდობები ისე მცირედ იყო დაქანებული, რომ ერთი წრე ხუთ კილომეტრს ქმნიდა. ცნობილია, რომ ტროას მომხდურმა სამჯერ შემოუარა. ეს კი ჯამში თხუთმეტი კილომეტრი იყო, რაც არ ჩანდა განუხორციელებელ საქმედ. გადამწყვეტი როლი ისევ ანტიკურ მწერალთა ცნობებმა შეასრულა. ჰეროდოტე გვიამბობს, რომ ქსერქსე მივიდა ახალ ილიონში, დაათვალიერა პრიამოსის პერგამი და ათასი ხარი შესწირა ილიის მინერვას. ქსენოფონტეს გადმოცემით, იგივე გაუკეთებია ლაკდემონელთა სარდალს - მინდარეს, ხოლო არიანეს ცნობით - ალექსანდრე მაკედონელს.
სრულიად ბუნებრივი გახლდათ შლიმანის ეჭვი და ლოგიკური კითხვა - ნუთუ ყველა იგონებს ტროას არსებობას? შლიმანის თვალწინ, ილიონის ნანგრევებზე, უმშვენიერესი პეიზაჟი იშლებოდა. აქ ყველა პირობა არსებობდა, რომ უდიდესი ქალაქი გაშენებულიყო. ბუნებრივია, დაცვის ზღუდე ერთ-ერთი უმთავრესი პირობა გახლდათ ქალაქის აღმოცენებისათვის. შლიმანის ვარაუდით, დიდი გორის თავში მთავარი ციხე უნდა ყოფილიყო აღმართული. ჰისარლიყის ბორცვიდან კარგად ჩანდა იდას მთა, საიდანაც, ჰომეროსის აღწერით, ზევსი დასცქეროდა ტროას.
ილიონის ცხრა ფენაში ჩამარხული მსოფლიო საოცრება
ეს ყველაფერი კიდევ ერთი ცდუნება აღმოჩნდა შლიმანისათვის. 1870 წელს მან მტკიცედ გადაწყვიტა ილიონის ნანგრევებზე გათხრების დაწყება. ვერაფერი დაუდგა წინ - ვერც მუშების სიჯიუტე, ვერც სასმელი წყლის სიმცირე, არც ის, მთელი მაშინდელი სამეცნიერო სამყარო ბრიყვულად რომ აღიქვამდა მის გადაწყვეტილებას, თავად შლიმანს კი ჭკუიდან შეშლილად აცხადებდა.
ცდუნება ჰომეროსიდან მოდიოდა, რომელიც გარკვევით წერდა, რომ ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას ქალღმერთ ათინას ტაძარი იდგა, რომელიც პოსეიდონმა და აპოლონმა პერგამოსის კედელით გაამაგრეს. შლიმანი მიხვდა, სწორედ აქედან უნდა დაეწყო გათხრები. თქვა და აღასრულა კიდეც. ბორცვის მწვერვალზე მართლაც იპოვა კედელი, იქვე იყო იარაღი, სამკაულები, ლარნაკები...
საჭირო გახდა ამ უზარმაზარი ადგილის ფრთხილად გაწმენდა. ილიონის ნანგრევებში სხვადასხვა ეპოქის ფენები გამოჩნდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ აქ გამუდმებით ჩქეფდა ცხოვრება - ერთ ცივილიზაციას ცვლიდა მეორე, მოდიოდნენ სრულიად განსხვავებული წეს-ჩვეულებების მქონე ხალხები. სულ ცხრა ფენა აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აქ ცხრა ეპოქის ქალაქის ნანგრევები იყო. მათ შორის უნდა ეძებნათ ტროა.
ახდენილი ოცნება
გათხრებისას ნაპოვნი ის საუნჯე, რაც ადრე ფანტაზიის სფეროდ მოიაზრებოდა, სინამდვილედ გაცხადდა. შლიმანის ოცნება ახდა - ტროა აღმოაჩინა, თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა და გათხრების დასრულების თარიღიც გამოაცხადა - 1873 წლის 15 ივნისი.
თუმცა, ისევე როგორც ბევრჯერ, როგორც ბედის რჩეულს, ახლაც გაუმართლა. 14 ივნისს, წინა დღეს ტროაში განძი იპოვეს... კიდევ ერთხელ შეძრა მსოფლიო შლიმანის აღმოჩენამ, კიდევ ერთხელ გაამდიდრა მსოფლიო ცივილიზაცია ერთი გერმანელი ბავშვის ჯიუტმა ახირებამ...
შლიმანი დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ მიგნებული განძი მეფე პრიამოსს ეკუთვნოდა, ასევე დარწმუნებული იყო, რომ ტროა ქვემოდან მეორე და მესამე ფენა უნდა ყოფილიყო, თუმცა შეცდა. როგორც შემდგომ გაირკვა, ტროა მეექვსე ფენა გახლდათ, განძი კი მეფეს ეკუთნოდა, რომელიც პრიამოსზე ათასი წლით ადრე ცხოვრობდა...