რატომ არ მისცა ჰაინრიჰ შლიმანს მეფის რუსეთმა საქართველოში არქეოლოგიური გათხრების უფლება
მამუკა ნაცვალაძე
23.05.2016

 საით მივყავართ ისტორიის სათავეებს? რა საიდუმლოებებს ინახავს ერთი შეხედვით უტყვი და მდუმარე ძეგლები? ამ თითქოსდა აბსტრაქტულ თემაზე არაერთხელ მიფიქრია, განსაკუთრებით მაშინ, მესხეთში, ახალციხიდან ასპინძისაკენ მიმავალ გზაზე ამაყად მდგარი სალი კლდეებისათვის რომ შემივლია თვალი.

მესხები და მათი წინაპრები მუშქები, იგივე მოსხები, საცხოვრებლად ტრადიციულ დარნებს იყენებდნენ. დარანი კლდეში მდებარე საცხოვრებელი დარბაზებია. სწორედ აქ შეეძლო სამხრეთ საქართველოში მცხოვრებს საკუთარი ოჯახი მტრისთვის განერიდებინა, შემდეგ კი დამპყრობელისთვის გამორჩეული ჟინით შეეტია.

არ ვიცი რატომ, მდუმარე, გორგოზი და უტყვი კლდეების იქით ჯერაც შეუცნობელი ქართული ცივილიზაციის კვალი მეგულებოდა. იქნებ ვცდებოდი? შეიძლება - არა... ვერაფერს ვიტყვი კონკრეტულს, გარდა იმისა, რომ ამ კლდეებთან პირისპირ დარჩენილს არაერთხელ მიგრძვნია, ქვის უზარმაზარ ლოდებს ბევრი რამ ჰქონდათ ქართველთათვის სათქმელი...

უძველესი დროიდან ქართული ცივილიზაცია მსოფლიო ცივილიზაციას ფეხდაფეხ მიჰყვება. ქართული ცივილიზაცია უძველესი ეგვიპტური და მესოპოტამიური კულტურების თანადროულია. არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონაცემებით, მრავალი ათეული წლების კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ქართული ეთნიკური კულტურა კავკასიის ამჟამინდელ არეალში ჩამოყალიბდა. ეს კი, თავის მხრივ, მოწმობს იმას, რომ ქართულ ტომებს და შემდგომში ქართულ სახელმწიფოებს, გააჩნდათ ის ძალა, რამაც მათ საუკუნეების მანძილზე მეტ-ნაკლები წარმატებით შეაძლებინა ღირსეულად შეენახათ და დღევანდლამდე მოეტანათ უძველესი ქართული ცივილიზაციის კვალი.

რამ გადაგვარჩინა?

არ იყო იოლი. დაგემკვიდრებინა საკუთარი თავი მსოფლიო ისტორიის უკიდეგანო ქარტეხილებისას. არადა, ქართველმა ტომებმა და ქართულმა სახელმწიფოებმა ეს მოახერხეს. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ქართველ ტომებს ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდათ იმდროინდელი სამყაროს მოწინავე წარმომადგენლებთან.

ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის გეოპოლიტიკურად მომგებიანი მდებარეობა, მაგრამ კაცობრიობის გარიჟრაჟზე იყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რომლის გამოც ქართველი ტომები იმდროინდელი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ინტერესთა სფეროში მოექცნენ.

რკინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხი გახლდათ იმის წინაპირობა, რამაც ქართველ ტომებს არსებობის საშუალება მისცა. ხალიბური რკინის ხარისხი განთქმული იყო იმ პერიოდის ცივილურ სამყაროში. მაღალი ხარისხის რკინის წარმოება ძველ პერიოდში დაახლოებით იმავე რანგის მოვლენად მოიაზრებოდა, რაც თანამედროვე პერიოდისას ატომური იარაღია.

ამბავი აიეტის სამფლობელოთი გაოცებული ბერძენი არგონავტებისა

ეთნიკური სახელი კოლხი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის წყაროებში, კონკრეტულად კი ტიგლატფილესერ პირველის წარწერებში, პირველად იხსენიება ქრისტემდე ყ||-ყ| საუკუნეების მოვლენათა აღწერისას. შავი ზღვისპირეთში კოლხურ ტომთა გაერთიანების არსებობას მეცნიერები ვარაუდობენ ქრისტემდე ყ|ქ-ყ||| საუკუნიდან. ეს დასტურდება ასურული წყაროებითა და დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვებული არქეოლოგიური მასალით.

კოლხური კულტურის შემქმნელ ტომთა გაერთიანების ძლიერების ხანა აირეკლა არგონავტთა ლაშქრობის შესახებ ძველი ბერძნული თქმულებების სხვადასხვა ვერსიაში. ერთ-ერთი ამგვარი ვერსია ეკუთვნის ქრისტემდე ||| საუკუნის ავტორ აპოლონიოს როდოსელს, რომელიც არაა "არგონავტიკაში" აღწერილი მოვლენების თანამედროვე, თუმცაღა, მისი თხზულება საკმაოდ რეალურად გვიხატავს კოლხას კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სახეს.

პირველი, რაც მეტად ნიშანდობლივია თხზულებაში, ის რეაქციაა, რომელიც არგონაველებს ჰქონიათ აიეტის სასახლის დანახვისას. ბერძნები გაოცებულან სასახლის გალავნით, ფართო ჭიშკრებით, სვეტებით, ვაზის ხეივნის ქვემოთ მოჩუხჩუხე ოთხი შადრევნით.

აიეტის სასახლის დანახვით გამოწვეული არგონაველების რეაქცია, მრავლისმეტყველია. ეს არცთუ უმნიშვნელო ნიუანსი მიანიშნებს იმას, რომ კოლხას კულტურა ბერძნების კულტურაზე არანაკლებ ფასეული იყო. ის ღირსი აღმოჩნდა გაოცებისა, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ქართულ კულტურას თავისი თვითმყოფადობითა და განუმეორებლობით, გამორჩეული ადგილი ეკავა იმდროინდელი ცივილიზაციის იერარქიაში.

"არგონავტიკაში" განსაკუთრებით ფასეულია ის ადგილი, სადაც აღწერილია აიეტის საბრძოლო აღკაზმულობა, რომელიც შედგებოდა აბჯრისა და მოელვარე ოთხბიბილოვანი ოქროს მუზარადისაგან. ეს კი თავის მხრივ დასტურია იმისა, რომ ლითონის საყოფაცხოვრებო გამოყენებას კოლხაში ფართო მასშტაბები ჰქონდა.

მაინც რა იყო კოლხას კულტურით უზომო აღფრთოვანების მიზეზი, ასე რომ ვერ მალავენ საკუთარ თავსა და საკუთარი ქვეყნის გამორჩეულობაში დარწმუნებული ბერძნები? რამ განაპირობა მათი მყისეული ფერისცვალება? რა არის ის მთავარი საიდუმლო, რომლითაც აიეტის სამეფოში ბერძენთათვის გასაოცარი ცივილიზაცია და კულტურა შეიქმნა?

ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას ისევ რკინასთან მივედით. რკინა იმ პერიოდის ტექნოლოგიური სიახლე გახლდათ, რომელმაც ის რეალობა შექმნა, ბერძნები რომ აღაფრთოვანა. რკინამ შექმნა ქართული ცივილიზაცია, ესოდენ დიდი თავსატეხი რომ გახდა არა მარტო ძვ. წ-აღ-ის ყ|ქ ს-ში მცხოვრები არგონავტების, არამედ შემდგომი პერიოდის ბერძნული ცნობიერებისათვის, რაც თავისებური სახით აირეკლა აპოლონიოს როდოსელის თხზულებაში.

თხზულებაში შემორჩენილია კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი. აიეტი იაზონს ჰპირდება, რომ მისცემს ოქროს საწმისს, თუკი აღასრულებს რამდენიმე პირობას. მათ შორის უმთავრესი იყო ხუთი დღის სახნავის ერთ დღეში მოხვნა. აპოლონიოს როდოსელის მინიშნებით, ამას აიეტი საკმაოდ ადვილად აკეთებდა.

 რკინა ჩვენი არსობისა

ცალსახად შეიძლება ვთქვათ - კოლხაში ცნობილი იყო გარკვეული ტექნიკური სიახლე, რომლის საშუალებითაც ადვილად უნდა შესრულებულიყო აღნიშნული დავალება - ხუთი დღის სახნავი ერთ დღეში მოხნულიყო. კუტაიელმა აიეტმა იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს, სამაგიეროდ არ იციან ბერძნებმა, რომელთაც თავი მოაქვთ, როგორც ყველაზე განვითარებულებსა და გამორჩეულ ხალხს.

ბერძნებისთვის უცნობი ეს ტექნიკური სიახლე რკინაა, რკინა, რომელსაც გამორჩეულად უფრთხილდებიან იმ პერიოდისა და შემდგომი ხანის სხვადასხვა სახელმწიფოებში: აქემენიდების სპარსეთში, რომსა და თუნდაც შემდგომი პერიოდის ბიზანტიაში.

ის დამკვიდრებული ჩვეულება, რომ უდიდესი სირცხვილი გახლდათ მეომარს დაეკარგა ფარი, სწორედ რკინისადმი გამორჩეული დამოკიდებულებიდან უნდა მომდინარეობდეს. რკინის აღმოჩენით ერთ-ერთი უდიდესი ეტაპი იწყება კაცობრიობის ისტორიაში. მას მეტად დიდი და ფასეული დატვირთვა ჰქონდა.

შედეგი, მართლაც, ფანტასტიკური გახლდათ, რადგან ის, ვინც რკინის იარაღს ფლობდა, ადვილად ერეოდა მტერს და ამასთანავე, ადრინდელისაგან განსხვავებით, შეეძლო საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთის დამუშავება. ასე რომ, რკინის იარაღი არა მარტო წარმატებული სამხედრო ოპერაციების, ლაშქრობებისა და თავდაცვის, არამედ შრომისნაყოფიერების ზრდის მთავარი პირობა იყო.

როგორ დაიწუნა მეფის რუსეთმა შლიმანი ორცოლიანობის გამო

საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი, რომ თავად ჰაინრიხ შლიმანს სურდა საქართველოში არქეოლოგიური გათხრების დაწყება. მან 1883 წელს ოფიციალურად მიმართა მეფის რუსეთს, თუმცა, ამ უკანასკნელმა სასტიკი უარი განუცხადა და თავისი პოზიცია საკმაოდ ბუნდოვანი არგუმენტაციით განმარტა - ცარიზმის საიმპერატორო კარმა ორცოლიანობა დაუწუნა არქეოლოგს, რომელმაც მანამდე თავისი უნიკალური აღმოჩენით ფაქტობრივად საბერძნეთის ისტორია გადაწერა.

მაშინვე ნათელი გახლდათ, შლიმანის ორცოლიანობა მხოლოდ საბაბი იყო. რუსეთის მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი სულ სხვა გახლდათ: მას არ აწყობდა გამომზეურებულიყო ის ცივილიზაცია, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანთა ცნობიერების მიღმა არსებობდა, რადგან თავისი დამპყრობლური პოლიტიკის უმთავრეს პოსტულატად სწორედ დაპყრობილი ხალხების დაბალი კულტურული დონე მოიაზრებოდა.

იმპერიული იდეოლოგია ყველაფერს აკეთებდა, რათა საკუთარი ქვეყნის კოლონიური პოლიტიკისათვის მეტად მყარი იდეოლოგიური საფუძველი შეექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ მან ეს მეტ-ნაკლები წარმატებით მოახერხა.

საით მივყავართ ჯერაც შეუცნობელი ქართული ცივილიზაციის კვალს

არქეოლოგიური გათხრების ისტორია საქართველოში სულ რაღაც ერთ საუკუნეს მოიცავს. დიდი ხნის განმავლობაში მას თან სდევდა ის იდეოლოგიური წნეხი, რომლის უმთავრესი კონცეფცია ქართული ცივილიზაციისა და კულტურის უარყოფა გახლდათ.

მიუხედავად ამისა, დღეს ხელშესახებია ქართული არქეოლოგიის წარმატებები, არაერთი საინტერესო და საგულისხმო აღმოჩენა. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სულ რაღაც ოცდაათი წლის განმავლობაში ახალ-ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების მეშვეობით რამდენჯერმე შეიცვალა საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ადამიანის კვალის დათარიღება.

ამ თვალსაზრისით დმანისის არქეოლოგიურმა მონაპოვარმა კიდევ ერთხელ შეიტანა კორექტივი. დღესდღეობით საქართველოში დადასტურებული უძველესი ადამიანის კვალი მილიონ რვაასი ათასი წლით თარიღდება. საყურადღებოა, რომ მსოფლიოში უძველესი ადამიანის სადგომი მიგნებულია ტანზანიაში, რომლის ხნოვანებაც ორი მილიონი წლით განისაზღვრება.

მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა მითოლოგია ბევრ საინტერესო ცნობას შეიცავს ქართული სინამდვილის შესახებ. აქ დაფიქსირებული ქართული ცივილიზაციის კვალი, სრულიად ბუნებრივია, არ შეიძლება მხოლოდ მითოლოგიის სფეროდ მოვიაზროთ. მითუმეტეს, როცა საქართველოში არა აქვს დასასრული ახალ-ახალ სხვადასხვა არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რაც ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ მასშტაბურია ჩვენი ცნობიერების მიღმა მდებარე საკმაოდ საინტერესო ცივილიზაცია.

ამ უკანასკნელის გამომზეურების შლიმანისეული ნაცადი ხერხი კი, თავის მხრივ, მეტად საინტერესო პერსპექტივას სახავს. ფაქტია, რომ არგონავტების მითში არსებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. სწორედ ამიტომ, მითოლოგიას სერიოზული მეცნიერული მოპყრობა უნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×