მამუკა ნაცვალაძე
26.05.2016

 1915 წელი იდგა... დღევანდელი დედაუნივერსიტეტის შენობაში, მაშინ რომ ლაზარეთად ქცეულიყო, ვაჟა-ფშაველა თავის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა...

ამ ამბიდან ერთი წლის წინ, 1914 წელს დაწყებულმა მსოფლიო ომმა ააფორიაქა სამყარო, დიდი პოლიტიკური თამაშები ეშხში შესულიყო, ერთმანეთს ევროპის წამყვანი ქვეყნები დაპირისპირებოდნენ, პოლიტიკურ ორომტრიალს ჯერ კიდევ შორიდან აკვირდებოდა ვუდრო ვილსონის ამერიკა...

ლოგინს მიჯაჭვულმა, მშობლიურ მთას მოწყვეტილმა მგოსანმა დახუთულ ქალაქში ბალახის სურნელი ინატრა. იოსებ იმედაშვილს აუსრულებია მისთვის თხოვნა. სწორედ იმ დროს უთქვამს ჩვენს სასიქადულო პოეტს იოსებისთვის - ეს ამბავი, რაც ახლა ხდება, უემბროდ არ იქნების, იქნებ საჩვენო საქმეც იჭედებოდესო...

გენიოსმა იგრძნო დიდი პოლიტიკური მოვლენების მოახლოება, ისიც იფიქრა, ეგებ 115 წლის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა აღედგინა მის უსაყვარლეს საქართველოს. სწორედ მან განჭვრიტა ის, რაც მისი გარდაცვალებიდან სამიოდე წლის შემდეგ ახდა...

ქართული სოციალ-დემოკრატიის პარადოქსები

1918 წლის 26 მაისს ქართველი ხალხის საუკუნის ოცნებამ ხორცი შეისხა - იშვა ახალი სახელმწიფო, საქართველოს რესპუბლიკა, რომელმაც სულ რაღაც ორი წელი და შვიდი თვე იარსება, მიუხედავად ამისა, მსოფლიო ისტორიაში ის გამორჩეული ნიშნით შევიდა. საქართველოს რესპუბლიკა გახლდათ პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც სოციალისტებმა გაიმარჯვეს არჩევნების გზით. მანამადე მსგავს პრეცედენტს ცივილიზებული სამყარო არ იცნობდა.

1918 წლის 26 მაისს ქართველ მენშევიკებს ხონჩით მიართვეს დამოუკიდებელი საქართველო. ამ მოვლენის პარადოქსი ის იყო, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ის ადამიანები, რომელნიც მთელი თავისი არსებით ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს თავისუფლების იდეას, რომელთა სინდისზეც იყო ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს სულიერი მამის ილია ჭავჭავაძის მკვლელობა.

ნაციონალური საკითხი ქართველი სოციალ-დემოკრატებისთვის სრულიად უცხო გახლდათ. ისინი კლასიკური მარქსისტები იყვნენ, ამდენად მათ არათუ საპროგრამო დოკუმენტში, საჯარო საუბრებიც კი არაფერი დასცდენიათ საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ სრულიად მარტივი მიზეზის გამო - მათთვის ეს თემა არ არსებობდა. ისინი თვლიდნენ, რომ მხოლოდ სოციალური საკითხების გადაჭრით მოგვარდებოდა ყველა დანარჩენი პრობლემა.

კიდევ ერთი პარადოქსი ამ მოვლენისა იყო ის, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ქართველი მენშევიკები რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ, ისინი ოფიციალურად რუსულ პარტიას 1918 წლის შემოდგომაზე გამოეყვნენ.

იყო თუ არა საქართველო მზად დამოუკიდებლობისათვის

ხშირად ისმის კითხვა - იყო თუ არა საქართველო მზად დამოუკიდებლობისათვის? პასუხი ამ კითხვაზე ცალსახაა. რა თქმა უნდა, მზად იყო. ზემოაღნიშნული პარადოქსები პარადოქსებად რჩება, ფაქტი კი ის გახლდათ, რომ მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში, მეოცე საუკუნის პირველ ოცწლეულში ქართველ ერს არ შეუწყვეტია ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, საქართველო ვერ შეეგუა რუსეთის იმპერიულ დიქტატს, რომელიც ერთმორწმუნეობის მიუხედავად ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქართული ეროვნული ფასეულობები შეებღალა.

სწორედ ამ იმპერიულმა პოლიტიკამ გააერთიანა მოწინავე ქართული ინტელიგენცია. აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება შეუქცევადი პროცესი იყო, ამიტომაც ჯერ კიდევ 26 მაისამდე ქართველმა თავადაზნაურობამ გადასცა სახელმწიფო საბჭოს 15 მილიონი მანეთი ოქროთი. ამ საქმეს სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძის დისშვილი, კოტე აფხაზი, რომელიც 1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკებმა დახვრიტეს. გარდა ამისა, ილია ჭავჭავაძის დაარსებულმა საადგილმამულო ბანკმა სახელმწიფო საბჭოს 27 მილიონი უბოძა.

 თავადაზნაურობა ითვალისწინებდა იმ რეალობას, რომ მთავრობა არ იყო ეროვნულად განწყობილი, თუმცა იმასაც ხვდებოდნენ - სოციალური პრობლემებისა და სხვა რეფორმების გატარება სწორედ ეროვნულ ინტერესებს რომ ესადაგებოდა.

ეს საერთო-სახალხო განწყობა ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის სურვილით საზრდოობდა. ამის დასტური კი დღემდე მოღწეული საკმაოდ საინტერესო და ემოციური არტეფაქტი გახლავთ.

ხაშურის რაიონის სოფელ აძვისში შემორჩენილია საფლავის ქვა, სადაც ისტორიული ეპიტაფიაა ამოტვიფრული: "მონობაში გატანჯულო დაუვიწყარო მამავ! შენი ოცნება ასრულდა - საქართველო თავისუფალია". მხოლოდ ერთი დღე დაკლებია 1918 წლის 25 მაისს გარდაცვლილ ერთ ჩვეულებრივ გულანთებულ ქართველ დავით კაპანაძეს, მისი საოცნებო სამშობლო დამოუკიდებელი რომ ენახა.

როგორ გახდნენ ქართველი მენშევიკები "ბოლშევიკები"

ქართველ სოციალ დემოკრატებს ძალიან აღიზიანებდათ, როცა მათ რუსეთის მუშათა სოციალისტური პარტიის სახელით, მენშევიკებად მოიხსენიებდნენ. კაცმა რომ თქვას, მათი პროტესტი სამართლიანი გახლდათ - კიდევ ერთი პარადოქსი სოციალ-დემოკრატიისა ის გახლდათ, რომ უმცირესობად, იგივე მენშევიკებად ხმობილმა პარტიამ 1919 წლის არჩევნებისას ეროვნულ საბჭოში 130 ადგილიდან დიდი უმრავლესობა - 109 მანდატი მოიპოვა.

ასე რომ, მენშევიკები სრულიადაც არ ყოფილან მენშევიკები. ქართული რეალობიდან გამომდინარე, სოციალური პრობლემებით გათანგულმა მოსახლეობის უმავლესობამ სწორედ სოციალ-დემოკრატებს დაუჭირა მხარი არჩევნებისას. გამოდის, რომ სწორედ არჩევნებმა აქცია ქართველი მენშევიკები უმრავლესობად - "ბოლშევიკებად".

რატომ სურდა ვილჰელმ მეორეს საქართველოში საკუთარი შვილის გამეფება

გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ მეორე კარგად აცნობიერებდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც სასურველი პოლიტიკური პლაცდარმის შექმნის, იმპერიის გავრცობისა და სატელიტი ქვეყნის დაარსების მცდელობაში გამოიხატა. გერმანელთათვის სწორედ ამ კუთხით იყო საინტერესო ჩვენი ქვეყანა. ამიტომაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ რუსეთის კლანჭებიდან საქართველოს გამოსახსნელად.

ვილჰელმ მეორეს კონკრეტული გეგმა ჰქონდა. ამაზე საკმაოდ დეტალურად საუბრობს გენერალი შალვა მაღლაკელიძე. უნდა აღმდგარიყო საქართველოს სამეფო და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ამასთან, ტახტზე ბაგრატიონი კი არა, ვილჰელმის ვაჟი, იოახიმი უნდა ასულიყო.

გერმანელები იოახიმის საქართველოში გამეფებას გამორჩეული მონდომებით ამზადებდნენ. ამ მიზნით ის ჩასული ყოფილა ტრაპიზონში და იქ ხვდებოდა ქართველ მოკავშირეებს. გერმანელი პრინცისთვის შერჩეული ჰყოლიათ კიდეც ქართველი ქალი - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წარმომადგენლის, მიშო მაჩაბლის ასული მარინე. იოახიმისა და მარინეს ქორწინებით იგეგმებოდა ახალი სამეფო დინასტიის შექმნა.

პოლიტიკური ვითარება ისე წარიმართა, რომ ეს ქორწინება არ შედგა. მარინე იტალიაში გათხოვდა, საქართველო კი დიდ შარს გადარჩა. საქმე ის გახლდათ, რომ სამეფოდ გამზადებული იოახიმი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეპილეფსიით იყო დაავადებული.

გერმანელებს, გარდა პოლიტიკური მიზნებისა, ჰქონდათ ეკონომიკური ინტერესიც - ჭიათურის უნიკალური მანგანუმის საბადო სასურველი სამიზნე გახლდათ არა მარტო მათთვის.

ის, რომ ინგლისი, რუსეთი და ოსმალეთი იოლად არ დათმობდნენ პოზიციებს კავკასიაში, მაშინათვე ნათელი იყო, ამიტომაც აშკარა გახლდათ, რომ კავკასიისთვის ბრძოლა უკიდურესად დაძაბული იქნებოდა.

რატომ აითვალწუნეს მენშევიკებმა ქართველი კვალიფიციური გენერლები

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა შვიდი ათასამდე კვალიფიციური სამხედრო, რომელნიც სოციალ - დემოკრატებმა სანდოდ არ მიიჩნიეს და გვერდით არ გაიკარეს. არადა, მთავარი საქმე ახლად შექმნილი ქვეყნისთვის ეროვნული არმიის ფორმირება გახლდათ. როგორც ჩანს, დიდი იყო შიში საკუთარი ხელისუფლების დაკარგვის, ამიტომაც მენშევიკებმა ეს საქმე პარტიული პრიზმიდან გადაწყვიტეს და ჩამოაყალიბეს გვარდია, სადაც ასპარეზი მისცეს მათთვის ერთგულ და სანდო ხალხს, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო პროფესიონალიზმთან. სამაგიეროდ, ნამდვილი, აღიარებული გენერლები, მაღალკვალიფიციური სამხედროები უსაქმოდ დატოვეს.

გენერლებს მაზნიაშვილს, ოდიშელიძესა და კვინიტაძეს მხოლოდ მაშინ ეძახდნენ, როცა საფრთხე დაემუქრებოდა ხოლმე ქვეყანას. დიდი იყო განცდა მუნდირის ღირსებისა, ამიტომაც პროფესიონალი სამხედროები სამშობლოსათვის ერთგულად და ბოლომდე იბრძოდნენ. ასე მოიგეს მათ რამდენიმე ომი, რომელთაგანაც ზოგი - ორიოდე დღე, ზოგიც ორიოდ თვე გრძელდებოდა. ამ თავდადებასაც თავისი მიზეზი ჰქონდა - დიდი იყო განცდა მონატრებული თავისუფლებისა, ამდენად თავდადების ხარისხიც განუზომელი იყო.

თავად განსაჯეთ, დენიკინი, რომელმაც საქართველოს შემოუტია, ქართულმა არმიამ გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით არათუ განდევნა საქართველოს ტერიტორიიდან, ტუაფსემდე სდია და სწორედ იქ გაამაგრა პოზიციები. ქართული ჯარი ექვსი თვე ტუაფსეში იდგა, რომელიც შემდგომ ინგლისელთა კატეგორიული მოთხოვნით დატოვა.

როგორ დარჩა უქმად იაპონელების ნაჩუქარი იარაღი

საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური ჭადრაკის დაფა გაშლილიყო, საქართველოზე რუსეთის მოწინააღმდეგენი დებდნენ ფსონებს. იაპონიამ, რომელმაც 1905 წელს სასტიკად დაამარცხა რუსეთი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის განსაკუთრებული ჯიბრი ჭირდა, ქართველთათვის დიდი რაოდენობით შვეიცარიული საუკეთესო იარაღი შეიძინა და ტრანსპორტირებაც უზრუნველყო ჰოლანდიური გემით, რომლის სახელი იყო "სირიუსი". იარაღი საქართველოში შემოვიდა.

ეს ამბავი, სამწუხაროდ, საიდუმლოდ არ დარჩენილა. ფოთში შემოსულ "სირიუსს" რუსეთის ჟანდარმერია დახვედრია, ნაწილი იარაღისა ზღვაში გადაუყრიათ, ნაწილი ჟანდარმერიას წაუღია, ნაწილიც ეროვნულ ძალებს უგდია ხელთ.

ფაქტია, რომ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ გამოიყენა თავის დაქვემდებარებაში არსებული შეიარაღება. თავად განსაჯეთ - როცა 1921 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, თბილისში მახათას მთაზე განლაგებულ არსენალში 30 ათასამდე უხმარი თოფი აღმოაჩინეს.

გააჩნდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლად არსებობის შინაგანი რეზერვი

დღეს, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან სულ მალე ასიოდე წელი შესრულდება, ჩნდება კითხვა - გააჩნდა თუ არა საქართველოს რესპუბლიკას დამოუკიდებლად არსებობის შინაგანი რეზერვი? რომ არა რუსეთის ოკუპაცია, შეძლებდა თუ არა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას? რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობისათვის საჭირო შინაგანი რეზერვი უხვად იყო, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობამ სულ რაღაც ორი წელი და შვიდი თვე გასტანა. ამ მცირე პერიოდში ქვეყანაში განხორციელდა მთელი რიგი სისტემური რეფორმები როგორც ეკონომიკაში, ასევე კულტურასა და განათლებაში. და ყველაფერი მხოლოდ შინაგანი რესურსების ხარჯზე - მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ვალი არ აუღია. რაც მთავარია, 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც თანამედროვე, ყველაზე პრეტენზიულ კონსტიტუციასაც კი ტოლს არ უდებდა.

მიუხედავად უამრავი შინაგანი წინააღმდეგობისა, ეს სირთულეები დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის დასასრულის მიზეზი ვერ გახდებოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცალსახად რუსთა ოკუპაციის მსხვერპლი აღმოჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×