ანზორ საკანდელიძე, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
უპირველეს ყოვლისა, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ გაზეთ "რეზონანსის" რედაქციას, რომელმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების, ანუ დასაქმებისა და სამართლიანობის აღდგენის ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული და პრაქტიკული რეალიზაციისათვის გამზადებული ეკონომიკური რეფორმების მოსახლეობისათვის გასაცნობად გამოგვიქვეყნა 20-ზე მეტი სტატია. დაახლოებით ამდენივე სამთავრობო ოფიციალური წერილი ჩვენი რეფორმების მოკლე ანოტაციების თანდართვით გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრებს: ბიძინა ივანიშვილს (5), ირაკლი ღარიბაშვილს (10) და ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უკვე (5).
ამ წერილებში იყო ერთადერთი თხოვნა, რომ პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა საბჭოს დროულად განეხილა ჩვენ მიერ აკადემიურ დონეზე დამუშავებულ-დაპატენტებული ("საქპატენტის" მოწმობა #6333), ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტის, აკადემიკოს ლეო ჩიქავას მიერ მოწონებული, 57-გვერდიანი, პრესაში გამოქვეყნებული 700-ზე მეტი პუბლიკაციით, 64 გამოყენებული ლიტერატურითა და ინტელექტუალური საკუთრების 6 "საქპატენტის" მოწმობით გამყარებული სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომი: "საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა", რომელიც 4 წელია სრული მოცულობით განთავსებულია ჩვენი ასოციაციის ფეისბუქ-გვერდზე.
ამ კონცეფცია-პროგრამის პრაქტიკული რეალიზაცია შესაძლებელია 5 სამეურნეო წლის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოში რეალურად დავიწყოთ, დავალაგოთ და მოვაგვაროთ პროდუქციის მწარმოებელი მცირე მეწარმეობის (სადაც 10 დასაქმებული არასამეწარმეო ბიზნესებში ავტომატურად დამატებით ქმნის 50 ახალ სამუშაო ადგილს!) და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება - კომპენსაციის 2 უდიდესი, ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა.
სამწუხაროდ, არც ერთ ამ ჩვენს ოფიციალურ წერილზე პასუხი არ მიგვიღია და დღემდე ვერ მივაღწიეთ, მრჩეველთა საბჭოზე მოხდეს კონცეფცია-პროგრამის მოსმენა და განხილვა. არადა, ყველა ეს სამთავრობო წერილი პრემიერ-მინისტრისათვის საყურადღებო ნამდვილად უნდა გამხდარიყო. მაგალითისთვის მოვიყვანთ ერთ ამონარიდს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისადმი 2016 წლის 5 იანვარს გაგზავნილი ჩვენი ასოციაციის #1 ოფიციალური წერილიდან:
"ამ 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებას ჩვენთვის ერთხელ მაინც რომ მოესმინა და დაგვეწყო ჩვენი კონცეფცია-პროგრამის ამოქმედება, 2030 წლისთვის ხელისუფლების მიერ მალულად გადატანილი 1,2 მილიარდი ლარის ეს სახელმწიფო შიდა ვალი, რომელიც აუცილებლად გასკანდალდება და აშკარად წამგებიანი იქნება კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ, საბიუჯეტო ხარჯების გაღების გარეშე საგადასახადო თამასუქებად უკვე კაპიტალიზებული იქნებოდა. შესაბამისად, ამ თანხის კომპენსაციებს მიიღებდნენ დაზარალებულები, რაც, პირიქით, არჩევნების წინ უაღრესად მომგებიანი იქნებოდა".
დიახ, ხელისუფლებას ჩვენთვის ერთხელ მაინც რომ მოესმინა, მას 11 სახის სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა შიდა ვალად ოფიციალურად აღიარებული მიზერული 1,2 მილიარდი ლარის ვალის (მათ შორის, 502 მილიონი ლარი დაზარალებულ მეანაბრეთა ვალია) დამალვა კი არ დასჭირდებოდა, არამედ ამ ვალის შესაბამისი სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქები დაზარალებულებზე უკვე იქნებოდა დარიგებული და ადგილობრივ ინვესტიციებად კაპიტალიზებული გარანტირებულ მოგებაზე მომუშავე ასობით ახლად გახსნილ პროდუქციის მწარმოებელ მცირე საწარმოში, სადაც რეალურად შეიქმნებოდა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. 5-ჯერ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი კი ავტომატურად დამატებით შეიქმნებოდა არასამრეწველო ბიზნესებში!
რაც მთავარია, ჩვენი ეს უნიკალური კონცეფცია-პროგრამა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით უმაღლეს სიჩქარეებზე უკვე დაქოქილი იქნებოდა როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ამის შედეგად ათეული მილიარდობით ლარის რეალური ზარალის აღრიცხვის, აღრიცხული ზარალის საგადასახადო თამასუქებად ტრანსფორმაციის, ტრანსფორმირებული თამასუქების მცირე სამრეწველო საწარმოთა ადგილობრივ ინვესტიციებად კაპიტალიზაციის ეს პროცესები გახდება უწყვეტი მანამ, სანამ არ ამოიწურება სახელმწიფოს მიზეზით მოსახლეობისათვის მთლიანად რეალურად მიყენებული 11 სახის ათეულობით მილიარდი ლარის ზარალი. შესაბამისად, თანდათანობით ამ ათეული მილიარდობით ლარის კომპენსაციებს მიიღებენ დაზარალებულები და ასევე ამ ათეული მილიარდობით ლარის ინვესტიციები თანდათანობით ჩაიდება ახლად გახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში, რაც იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის გადარჩენის ტოლფასი!
აი, ასეთი კონცეფცია-პროგრამის სასტარტო დაფინანსებისათვის, რომელიც, პირველ რიგში, ითვალისწინებს ჩვენი დიდი ძალისხმევით 1999 წელს მიღებული და 2006 წელს ნაციონალების მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღდგენასა და ამ კანონთან ავტომატურად მიბმული მცირე მეწარმეობის მართვის ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურის, "მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის" აღდგენას, ფინანსთა სამინისტრომ 2013, 2014, 2015 და 2016 წლების ბიუჯეტებში ვერაფრით ვერ "გამონახა" 0,4 მილიონი ლარი; ხოლო შემდეგში ნახევარწლიანი დაფინანსებისათვის ასევე ვერც ერთმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილის ჩათვლით, ვერ გაიმეტა თავიანთი მრავალმილიონიანი ფონდიდან 0,2 მილიონი ლარი. ჩვენი ასოციაციის ბოლო ასეთი თხოვნის წერილი 2016 წლის 4 მაისს არის შესული პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში და ესეც, ალბათ, როგორც წესი, დარჩება პასუხგაუცემელი!
ჩვენი ასოციაციის ასეთი აბსოლუტური იგნორირების ფონზე რეკორდულად სწრაფ ტემპში 2016 წლის 26 თებერვალს მთავრობამ მიიღო "მავანთა" მიერ მომზადებული საეჭვო ღირებულების მთავრობის #100 დადგენილება: "საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2020 წლებისათვის და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ".
აქ არ შევუდგებით მცირე მეწარმეობის ამ "ვაისტრატეგიების" კრიტიკას, რომლებიც ჯერჯერობით არავითარი სამოქმედო პროგრამებით არ არის განმტკიცებული. მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, რომ როცა ამ აბდა-უბდას, უამრავ ტყუილსა და რახა-რუხა ზოგად ფრაზებს გავეცანი, რასაც მცირე მეწარმეობის რეალურ აღდგენასა და განვითარებასთან არავითარი საერთო არა აქვს, მე შემრცხვა ავტორების მაგიერ. როგორ შეუტანეს ეს სამარცხვინო ნახევარფაბრიკატი პრემიერ-მინისტრს ხელმოსაწერად?
ჩვენი გაკვირვება გამოიწვია აგრეთვე იმ ფაქტმა, რომ მცირე მეწარმეობის ამ სამთავრობო სტრატეგიაში სტრატეგიულ მხარდამჭერ ბიზნესასოციაციებად წარმოდგენილებია სავაჭრო-სამრეწველო პალატა, დამსაქმებელთა ასოციაცია და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია. ეს ორგანიზაციები ყოველთვის აქტიურად იზიარებდნენ ნოღაიდელისა და ნაციონალების ანტიმცირემეწარმეობრივ დანაშაულებრივ ეკონომიკურ პოლიტიკას და ერთხელაც კი არ გაუპროტესტებიათ 2006 წელს ნოღაიდელისა და ნაციონალების მიერ მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის გაუქმებით ქართული მცირე მეწარმეობის დასამარება, განსხვავებით ჩვენი ასოციაციისა, რომელიც 18 წელიწადია მუდმივ დაუნდობელ ბრძოლაშია ამ ანტიმცირემეწარმეობრივ და ანტიეროვნულ ძალებთან.
უნდა გავიხსენოთ 2010 წელს დაარსებული ამ ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორის, კერძოდ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის დამფუძნებელ-თავმჯდომარე გიორგი ისაკაძეც, რომელსაც პირადად ედებოდა ბრალი ნაციონალების დავალებითა და ხელშეწყობით "ქართუ ბანკის" გაკოტრებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სამივე, ვითომ "სტრატეგიულ" პარტნიორს, მცირე მეწარმეობის პრობლემებსა და სტრატეგიაზე თუ ოდესმე რამე გამოუქვეყნებიათ, ერთად აღებულ მათ გამოქვეყნებულს, 10-ჯერ და უფრო მეტად გადაწონის მარტო ჩვენი ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული!
ვეჭვობთ, რომ ამ სამარცხვინო "სტრატეგიების" ავტორებია ზემოთ დასახელებული "სტრატეგიული" ბიზნესასოციაციები, რომლებსაც მთავრობაში ვიღაც ლობირებს. ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ერთგულებაში ბატონი ბიძინას მიმართ ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია. ამიტომ მივმართავთ ბატონ გიორგის ამას წინათ პრესაში გავრცელებული ამ სიტყვებით: "გაწმინდეთ კადრები! ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი კი არა, მისი გარემოცვა ღუპავს!"