ჰაერის ტემპერატურა საშიშ ზღვარს უახლოვდება - 2016 წელი გაერომ ყველაზე ცხელ წლად გამოაცხადა. მომავალი 12 თვის განმავლობაში ტემპერატურა ახალ რეკორდს დაამყარებს და აქამდე არსებულ ყველა მონაცემს გადააჭარბებს. ქართველი მეტეოროლოგები მაღალ, თუმცა ევროპასთან შედარებით რბილ ტემპერატურას საქართველოშიც პროგნოზირებენ.
აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წელი ყველაზე ცხელ წლად არის მიჩნეული. მეტეოროლოგიის მსოფლიო სააგენტოს წარმომადგენლის კლერ ნულისის განმარტებით, მაისი რიგით მეთორმეტე თვეა, რომელმაც ჰაერის ტემპერატურის უმაღლესი მაჩვენებლების მიხედვით რეკორდი დაამყარა და საშუალო მონაცემს, სულ მცირე, ერთი პროცენტით გადააჭარბა.
გაერო იმ ქვეყნებს, რომლებმაც პარიზში გამართულ კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შეთანხმების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას სთხოვს. პარიზის კლიმატის შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებს მსოფლიო ტემპერატურის მატება 2 გრადუსი ცელსიუსის ქვემოთ უნდა შეენარჩუნებინათ.
ნასა-ს ინფორმაციით, მომავალი 12 თვის განმავლობაში ტემპერატურა რეკორდს დაამყარებს და აქამდე არსებულ ყველა მონაცემს გადააჭარბებს.
"მონაცემები საშიშ ზღვარს უახლოვდება, აქედან გამომდინარე, მომავალი პროგნოზების გაკეთება მიჭირს. ვიცოდით, რომ ელ-ნინიო (თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში) გარემო პირობებზე საგრძნობ გავლენას მოახდენდა, თუმცა მსგავს ნახტომს არავინ ელოდა", - განაცხადა მეტეოროლოგმა ერიკ ოლტაუსმა.
როგორც ამინდის გრძელვადიანი პროგნოზირების განყოფილების სამსახურის უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის ნორმაზე ერთი გრადუსით მატება. "შედარებით ცხელი ზაფხული იქნება, თუმცა ანომალიური არა. საშუალო ნორმასთან შედარებით, მატება მხოლოდ ერთი გრადუსი იქნება. ევროპაში ელოდებიან, რომ დიდი სიცხე დაფიქსირდება - ჩვენთან შედარებით უფრო შერბილებულ ტემპერატურას ველოდებით. თუმცა ვიმეორებ, ცხელი ზაფხული გველოდება.
ზოგადად მაღალი ტემპერატურა ივლისის შუა რიცხვებიდან იწყება და პიკს აგვისტოს შუა რიცხვებში აღწევს ხოლმე. წელს ველოდებით, რომ ტემპერატურის მატება დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება და დაახლოებით, 39-40 გრადუსი იქნება," - აღნიშნა ქოქოსაძემ.
როგორც ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ექსტრემალური ტემპერატურის შემთხვევაში, მოსახლეობას პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შეექმნება, მოსახლეობის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დადგება და წყლის რაოდენობა შემცირდება. "ექსტრემალური ტემპერატურა დიდხანს თუ გაგრძელდა, სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში პრობლემები იქნება. გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურა ელექტროენერგიის მოხმარებას გაზრდის, რადგან ამ დროს მოსახლეობა კონდიცირებას რთავს.
"სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგვექმნას წყალთან მიმართებაში. ამ პერიოდში, თუ დაიჭირა გრძელვადიანი გვალვა და ექსტრემალური ტემპერატურა დიდხანს გაგრძელდა, მწვანე საფარი გახმება.
"სიმართლე გითხრათ, ამის საწინააღდეგოდ რა უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი. მაგალითად, ევროპაში, კონკრეტულად პარიზში, ამის საწინააღმდეგოდ შესაბამისი ნაბიჯები გადადგეს. მოსახლეობისთვის მზის დაკვრის შემთხვევების დროს სამედიცინო დახმარება უფასო გახადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა ჩაირთო, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ მოსახლეობისათვის წყალი ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
"ბევრი ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს იმისათვის, რომ მაღალი ტემპერატურა მოსახლეობამ უფრო იოლად გადაიტანოს. როდესაც ექსტრემალური ტემპერატურაა, დიდი რაოდენობით წყლის მიღებაა საჭირო. დიდი რაოდენობით წყლის მიღება ერთადერთი საშუალებაა, რომ ორგანიზმმა რამენაირად მაღალი ტემპერატურა აიტანოს, თუმცა ყველას ეს არ შეუძლია.
"პროპლემატური იქნება ნარგავების საკითხიც, მორწყვის სისტემა გამართული თუ იქნება, ვიღაცას შესაძლოა ნარგავები გადაურჩეთ. თუმცა შესაძლებელია, საჭირო რაოდენობის წყლით მოსახლეობა ვერ უზრუნველყონ, რადგან რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი აღმოსავლეთ საქართველოში იქნება. აუცილებელი გახდება, როგორც სასმელი, ასევე ნარგავებისთვის წყალი ორგანიზებულად იყოს მიწოდებული.
"საჭიროა ადაპტაციის პროგრამის არსებობა, რომელიც მოსახლეობისთის მაღალი ტემპერატურის შემსუბუქებას მაქსიმალურად შეძლებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მოსახლეობის შრომისუნარიანობა მკვეთრად ეცემა, ამიტომ საჭიროა სამუშაო საათების შემცირება," - განაცხადა ჩხობაძემ.