რატომ ვერ შედგა ბიზანტიიის იმპერატორის ქორწინება ქართველი მეფის ასულთან
მამუკა ნაცვალაძე
28.05.2016

 1453 წლის 29 მაისი გარდამტეხი აღმოჩნდა ცივილიზებული კაცობრიობის ისტორიაში. ბიზანტიის იმპერიის დაცემამ მთლიანად შეცვალა მსოფლიო ისტორია. ეს არ იყო ერთი ჩვეულებრივი ქალაქის დაცემა. მაჰმადიანურმა გარემოცვამ მთლიანად გადაკეტა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მაგისტრალი, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებდა ერთმანეთს. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო ალტერნატიული საზღვაო გზის ძებნა, რაც, თავის მხრივ, ახალი გეოგრაფიული აღმოჩენებით დაგვირგვინდა.

კონსტანტინოპოლი ჯერ კიდევ 50 წლით ადრე იყო განწირული, მაშინ თემურ ლენგის წყალობით გადარჩა. 1402 წელს გათურქებული მონღოლი სახიჩარი ოსმალეთს შეესია და ანკარასთან დაამარცხა კიდეც ბაიაზიდ |. ამის შემდეგ ოსმალებს 40-ოდე წელი ძალა არ შესწევდათ შაგრენის ტყავივით დაპატარავებული ოდესღაც უძლეველი ბიზანტიისათვის გამოეყვანათ წირვა.

სულ უფრო მცირდებოდა ბიზანტიის იმპერიის საზღვრები. მაშინ, როცა კონსტანტინე ყ| ავიდა ტახტზე, 1449 წელს, ერთ დროს ძლევამოსილ სახელმწიფოს მხოლოდ ქალაქი კონსტანტინოპოლი და მისი მიმდებარე ოლქებიღა შერჩენოდა.

კარგად გრძნობდა ყველა, რომ კონსტანტინოპოლის დღეები დათვლილი იყო, ამიტომაც განსაკუთრებულად ემზადებოდნენ, ამაგრებდნენ ქალაქის ზღუდეებს, იმარაგებდნენ სურსათ-სანოვაგეს. ხმელეთიდან კონსტანტინოპოლი მთლიანად ოსმალთა ალყით იყო გარემოცული, ქრისტიანულ სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებად ზღვა რჩებოდა.

ბიზანტიის იმპერატორი ოსმალთა სულთნის ვასალი გახლდათ და ხარკს უხდიდა. იმის გამო, რომ თურქებმა გადაკეტეს ქალაქში შესასვლელი გზები, ვაჭრობაც ჩაკვდა, რამაც განსაკუთრებულად გააღარიბა ქალაქი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ცენტრში შიმშილმა და გაჭირვებამ დაისადგურა.

როგორ ცდილობდა კონსტანტინოპოლის გაჭირვებიდან გამორჩენას რომის პაპი

მას შემდეგ, რაც ბიზანტიის იმპერატორებმა გააცნობიერეს, რომ ოსმალთა დაპყრობები შეუქცევადი პროცესი იყო, დაიწყეს მოკავშირეების ძებნა. ერთ-ერთ ძალად, რომელსაც შეეძლო დახმარების აღმოჩენა, მოიაზრებდნენ მათ მთავარ მოწინააღმდეგეს, რომის პაპს. ბიზანტიის იმპერატორი და კონსტანტინოპოლის პატრიარქი აღარას დაგიდევდნენ ძველ წყენას და მზად იყვნენ რომის პაპს დამორჩილებოდნენ, თუკი მათი დახმარება ბიზანტიის იმპერიას გადაარჩენდა.

1439 წელს გამოცხადდა ფლორენციის კრების უნია - მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანება პაპის ხელისუფლების ქვეშ, თუმცა, ერთი იყო, საეკლესიო კრების გადაწყვეტილება და, მეორე, ამ უნიის ცხოვრებაში გატარება.

ასეთი გადაწყვეტილება რეალურად ვერ აღსრულდა, რამდენადაც მართმადიდებელთა უარყოფითი დამოკიდებულება კათოლიკეებისადმი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ბერძნებს ზიზღი ჰქონდათ კათოლიკეებისადმი - ჯვაროსნული ლაშქრობები და ლათინთა იმპერია მათ სწორედ ამგვარი განწყობით კვებავდა.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, რომელნიც ამ დროს არ იყვნენ კონსოლიდირებულნი, საკმაოდ გულგრილად შეხვდნენ ბიზანტიის იმპერიის განსაცდელს.

რატომ ვერ შედგა ბიზანტიიის იმპერატორის ქორწინება ქართველი მეფის ასულთან

ბიზანტიის კეისარი კონსტანტინე ყ| სხვა მოკავშირესაც ეძებდა ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. მათგან ერთ-ერთი ყველაზე რეალური სწორედ ერთმორწმუნე საქართველო იყო, რომელიც უპირობოდ დაუდგებოდა გვერდით კონსტანტინოპოლის დამცველებს, ამიტომაც ქალაქის დაცემამდე რამდენიმე წლით ადრე იმპერატორმა საქართველოში გამოგზავნა ელჩები, რომელთაც დავალებული ჰქონდათ არა მარტო დიპლომატიური საკითხების მოგვარება, არამედ მისთვის თანამეცხედრის შერჩევაც.

სწორედ აქ გადაწყდა გიორგი ქ||| ასულისა და ბიზანტიის იმპერატორის ქორწინება, თუმცა დედოფლის კონსტანტინოპოლში ჩაყვანა გარკვეული მიზეზების გამო შეფერხდა. როცა ყველაფერი გადაწყდა და მოგვარდა, უკვე დაგვიანებული იყო. კონსტანტინე ქალაქის დამცველებთან ერთად დაიღუპა კონსტანტინოპოლის ქუჩებში.

როგორ დაიპყრო მეჰმედ მეორემ ბოსფორის ორივე ნაპირი

1452 წელს მეჰმედ || უპრობლემოდ დაიკავა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ადგილი - ბოსფორის სრუტის ევროპული სანაპირო, ის ტერიტორია, რომელიც ბიზანტიის იმპერიას ეკუთვნოდა, აქ მან ციხე-სიმაგრე ააგო, რომლის პირდაპირ ოსმალურ სანაპიროზე არსებობდა კიდევ ერთი ციხე-სიმაგრე. ამ საფორტიფიკაციო ნაგებობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ბიზანტიის დაპყრობის თვალსაზრისით, რამდენადაც ვერც ერთი ხომალდი ვერ გაივლიდა აქ კონტროლის გარეშე. თვითნებურად შემოსულთ კი ოსმალები არტილერიით უმკლავდებოდნენ. ერთი სიტყვით, მარმარილოს ზღვიდან შავ ზღვაზე გასასვლელი ოსმალეთის სრულ კონტროლში ექცეოდა.

ბუნებრივია, კარგად გაიაზრეს ბიზანტიელებმა ამ ახალი ციხის მნიშვნელობა და მეჰმედს შესთავაზეს - ხარკს გადაგიხით, თუკი მაგ ციხე-სიმაგრეს დაგვითმობო. პასუხი საკმაოდ ცალსახა და ერთგვარად მედიდური და თავხედური გახლდათ: მე ვაკეთებ იმას, რაც მსურს, ბოსფორის ორივე მხარე ჩემია, ის მე მეკუთვნის... აღმოსავლეთის სანაპირო იმიტომ, რომ აქ ოსმალები ვცხოვრობთ, დასავლეთი კი იმიტომ, რომ თქვენ მისი დაცვა არ შეგიძლიათო...

რატომ ერჩივნა რომის პაპს კონსტანტინოპოლი ოსმალების ყოფილიყო

1451 წელს კიდევ ერთხელ სცადა რომის პაპმა მართლმადიდებლობისა და კათოლიკობის გაერთიანება თავისი პროტექტორატის ქვეშ, კიდევ ერთხელ შეეცადა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა კონსტანტინოპოლის უმძიმესი მდგომარეობა. განწყობა ისეთივე იყო, როგორც წინა წლებისას. საკმოდ დიდი ზიზღით შეხვდნენ კონსტანტინოპოლში პაპის ლეგატებს.

კონსტანტინოპოლის არტილერიას ლუკა ნოტარი ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთი გამორჩეული მეომარი, რომელმაც თავისი მაგალითით ყველას აჩვენა, თუ როგორ უნდოდა ქრისტეს რჯულისთვის თავდადება. სწორედ ლუკა ნოტარმა ბრძანა პირველად, თანაც სახალხოდ - მირჩევნია ჩემი ქალაქი მეჰმედის დაპყრობილი იყოს, ვიდრე აქ რომის პაპის ლეგატები ბოგინობდნენო.

ერთგან თავად რომის პაპსაც წამოსცდა - სჯობს კონსტანტინოპოლი ოსმალებისა იყოს ვიდრე მწვალებლებისაო. პირველ პლანზე საკუთარი პოლიტიკური მიზნები ჰქონდა გამოტანილი, რეალური საშიშროება კი ამ მიზნებს უკან იყო მიჩქმალული.

როცა პაპი გონს მოეგო, კონსტანტინოპოლი ორი დღის დაცემული გახლდათ.

როგორ იპოვა მეჰმედ || კონსტანტინოპოლთან მისასვლელი ფონი

კონსტანტინოპოლი ძნელი მისადგომი იყო მტერთათვის. გეოგრაფიული მდებარეობა კარგად იცავდა ქალაქს. მას სამი მხრიდან ქვითკირის გალავანი ჰქონდა შემოვლებული, ერთი მხრიდან კი ზღვა ესაზღვრებოდა. ამ ქალაქის აღებას ბევრი ცდილობდა, თუმცა ეს ოსმალებამდე მხოლოდ ერთხელ, ისიც ჯვაროსნებმა მოახერხეს 1204 წელს.

მეჰმედ || ხშირად იმეორებდა მაჰმადიან მისანთა სიტყვებს: "საუკეთესო ხელმწიფე იქნება ის, ვინც შეძლებს კონსტანტინოპოლის დაპყრობას, საუკეთესო ლაშქარი ეყოლება მას, ვინც კონსტანტინოპოლს დაიმორჩილებს."

ოსმალებმა კონსტანტინოპოლს ალყა 1453 წლის აპრილში შემოარტყეს, საკმაოდ მედგრად იცავდნენ თავს კონსტანტინოპოლელები, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ბიზანტიელზე ოცი თურქი მოდიოდა.

მიუხდავად ქალაქის კარგი გამაგრებისა, აღმოჩნდა, რომ ქალაქი ჩრდილოეთიდან, ზღვიდან არ იყო მტკიცედ დაცული. როდესაც ეს შეიტყო მეჰმედ ||, გადაწყვიტა სწორედ ამ მხრიდან შეეტია კონსტანტინოპოლისთვის, თუმცა ერთი წინააღმდეგობა რჩებოდა - ნავსადგურში, რომელსაც ოქროს რქას უწოდებდნენ, მასიური რკინის ჯაჭვი იყო გაბმული.

სულთნის ბრძანებით ერთ ღამეში ფიცარნაგი დააგეს, ქონი წაუსვეს და ასე გადაათრიეს ოქროს რქაში 70-მდე ხომალდი. დილით როცა კონსტანტინეპოლელებმა ნახეს ოსმალთა ხომალდები მიუდგომელ ნავსადგურში, მოულოდნელობისგან გაოგდნენ.

გემები შენიშნეს ბერძენმა მეომრებმაც და ბერძნული ცეცხლით შეეცადნენ გაენადგურებინათ ისინი.

საგულისხმოა, რომ ქ|| საუკუნიდან საბრძოლო მოქმედებებისას ბიზანტიელები იყენებდნენ განსაკუთრებულ ცეცხლს, რომელიც ბერძნული ცეცხლის სახელითაა ცნობილი. მის შემადგენლობას ჩვენამდე არ მოუღწევია, ვარაუდობენ, რომ ის შეიცავდა გვარჯილას, ფისს, გოგირდს, ნავთობს. ამ ცეცხლს ესროდნენ დანიშნულებისამებრ კასრებით, თიხისა და შუშის ჭურჭელით, ბერძნული ცეცხლი ანადგურებდა ყველაფერს, რადგანაც მას წყალი ვერ აქრობდა.

ბერძნული ცეცხლითაც ვერაფერს გახდნენ კონსტანტინოპოლელები. ცდა ერთი იყო, რეალობა კი - მეორე. ბერძნები ტყვედ ჩავარდნენ.

ულმობელი გახლდათ მეჰმედის განაჩენი, ყველა ტყვე სიკვდილით დასაჯა, საპასუხოდ კონსტანტინე ყ| 260 ოსმალ ტყვეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

როგორ აჯობა სამმა იტალიურმა ხომალდმა ოსმალთა 150 ხომალდს

მეჰმედ || 200 ათას კაცამდე ჰყავდა, ამასთან საკმაოდ ძლიერი ფლოტი გააჩნდა, რომელიც 420 ხომალდისაგან შედგებოდა. რაც შეეხება ბერძნებს, მათი ჯარი სულ 7 ათასამდე იყო, აქედან 5 ათასი ბერძენი მეომარი გახლდათ, 2 ათასი კი ლათინელი მოქირავნე, ბერძნებს ოციოდე გემიც უმაგრებდათ ზურგს.

საგულისხმოა, რომ ოსმალებს ალყა უკვე შემორტყმული ჰქონდათ კონსტანტინოპოლისთვის, როცა იტალიიდან 3 ხომალდი გამოჩნდა. ამ სამ ხომალდს ოსმალთა 150 გემისგან შემდგარი ფლოტი უნდა დაპირისპირებოდა. ოსმალებმა იტალიელებს გადაუკეტეს ქალაქისაკენ მიმავალი გზა, თუმცა მათ სასწაულებრივ მოახერხეს ამ წინააღმდეგობის დაძლევა და შეაღწიეს ნავსადგურში, ამასთან ოსმალთა რამდენიმე ხომალდის დაწვაც მოახერხეს.

ამბავი სევდიანი მესისა

ალყიდან 53-ე დღეს დაეცა კონსტანტინოპოლი, 1453 წლის 28 მაისის ღამე კონსტანტინოპოლის არსებობის ბოლო ღამეა, ყველა შეგუებულია, რომ ქალაქის დაცემა გარდაუვალია, ხედავენ, რომ ერთი ოცს ვეღარ უმკლავდება...

მსოფლიო ისტორია თავის ერთ-ერთ ყველაზე სევდიან და ემოციურად დამუხტული წუთებს ითვლის. კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთად ლოცულობენ კონსტანტინოპოლის ქუჩებში, თავად კათოლიკეებიც კარგად ხედავენ, რომ განსაცდელს ვერ ასცდებიან, განსაცდელს კი ქრისტიანული სამყარო ერთად შეკრული ხვდება.

კონსტანტინე ყ| სასახლეში მიიწვია წარჩინებულები, როგორც იტალიელები, ისე ბერძნები, სწორედ მათ წინაშე წარმოსთქვა უკანასკნელი სიტყვა, იმ ერთობაზე საუბრობდა, ქრისტანობას რომ ჰქონდა რამდენიმე საუკუნის წინ თავისი არსებობის პირველ წლებში, მერე ყველას შენდობა სთხოვა...

ჯარისკაცების გარდა ყველა აია-სოფიასაკენ გაეშურა, ერთად იდგნენ კარდინალები და ეპისკოპოსები, ადამიანები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის მოსმენაც კი არ სურდათ, ახლა ერთმანეთის თანაგრძნობით იყვნენ აღვსილნი.

მოსახლეობა აღსარებას აბარებდა მღვდლებს, არ კითხულობდა არავინ, კათოლიკე იყო მოძღვარი თუ მართლმადიდებელი, ზიარებასაც მათი ხელიდან ასევე უკითხავად იღებდა...

სულ რამდენიმე საათი რჩებოდა ერთ დროს უბრწყინვალესი და უძლიერესი ბიზანტიის იმპერიის აღსასრულამდე...

უშეღავათო ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქის ქუჩებში, ბრძოლაში დაიღუპა კონსტანტინე ყ|. მძიმე სანახავი იყო ქალაქი ბრძოლის შემდეგ. ქუჩებში მიცვალებულები უპატრონოდ ეყარნენ, საშინლად დასახიჩრებული გარდაცვლილი იმპერატორი მხოლოდ მისი ძოწისფერი ჩექმებით იცნეს. ოსმალები ულმობლად მოექცნენ კონსტანტინე ყ| ცხედარს - საქვეყნოდ გამოფინეს, რათა ყველა დარწმუნებულიყო იმპერატორის სიკვდილში, რათა აღარავის ჰქონოდა სურვილი ბრძოლის გაგრძელებისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×