აქემენიდთა იმპერიამ გამორჩეული კვალი დააჩნია ძველი მსოფლიოს ისტორიის მსვლელობას. ძვ. წ-აღ.-ის ქ| საუკუნის შუახანებიდან ყალიბდება იმდროინდელი სამყაროსათვის მეტად უჩვეულო სახელმწიფო, რომელმაც სამი საუკუნე გაძლო და რომ არა ბერძენ-სპარსელთა ომში დასავლეთის წარმატება, შეეძლო რადიკალურად შეეცვალა დღევანდელი მსოფლიო.
აქემენიდებმა გააერთიანეს სხვადასხვა ხალხი, რომელთა ინტერესიც გათვალისწინებული გახლდათ ქვეყნის მართვისას. საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ აქემენიდების იმპერიის მსგავსი მასშტაბებისთვის მანამდე არცერთ სახელმწიფოს არ მიუღწევია.
რა ენაზე საუბრობდნენ აქემენიდები? რა მექანიზმებითა და პრინციპებით მართავდნენ ისინი ქვეყანას? რა გახდა მათი პოლიტიკური მასშტაბებისა და დღეგრძელობის მიზეზები? წინამდებარე წერილში შევეცდებით სწორედ ამ კითხვებზე გავცეთ პასუხი.
აქემენიდთა იმპერიის უნიკალური მასშტაბები
აქემენიანთა დინასტიის ფუძემდებელია ლეგენდარული ხახამანიში, იგივე აქემენი, რომელსაც უკავშირებენ ირანული ტომების კონსოლიდაციის პროცესს, პირველი მეფე კი კიროსი გახლდათ, რომელმაც აქემენიდების ტახტი ძვ. წ-აღ-ის 558 წელს დაიკავა. აქემენიდების იმპერიამ ძვ. წ-აღ-ის 330 წლამდე იარსება, სანამ ალექსანდრე მაკედონელმა არ გაანადგურა.
აქემენიდთა სამეფოს შექმნისთანავე კიროს ||-მ აქტიურად აიღო დაპყრობით პოლიტიკაზე გეზი. ფაქტია, რომ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ძვ. წ-აღ-ის 525 წლამდე აქემენიდებმა თითქმის მთელი ახლო აღმოსავლეთი დაიპყრეს.
დაპყრობითი სტრატეგიის მიმდევარი მარტო კიროს || არ ყოფილა, ანალოგიური პოლიტიკური ხაზი კიროსის შთამომავლებმაც შეინარჩუნეს. დარიოს |-მა აქემენიდებს აფრიკის სანაპიროები და შუა აზიის ტერიტორები შემოუერთა. აქემენიდები ცდილობდნენ ძალაუფლება გაევრცელებინათ ინდოეთში, ბალკანეთსა და შავიზღვისპირეთშიც.
მათ ქართველთა სახელმწიფოებთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, რომელსაც ვერაფერი მოუხერხეს, ვერ დაიმორჩილეს გეოგრაფიული მდებარეობის გამო და მხოლოდ სამოკავშირეო ხელშეკრულებით შემოიფარგლნენ. სწორედ ამ პირობის გათვალისწინებით აღმოჩნდნენ ქართველები ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ მარათონის ბრძოლაში აქემენიდების ლაშქარში. ამ თემას ჩვენ მომდევნო წერილებში შევეხებით.
ფაქტია, რომ აქემენიდების მმართველობაში მოექცა საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელიც აღემატებოდა მანამდე არსებულ ყველა იმპერიის საზღვრებს. დარიოს | დროს ძვ. წ-აღ-ის ქ| ს-ის ბოლოს მისი უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვარი გახლდათ მდინარე ინდის ხეობა, დასავლეთი საზღვარი ეგეოსისა და ხმალთაშუა ზღვის სანაპიროები, რაც შეეხება უკიდურეს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიჯნებს, შუა აზიის ჩრდილოეთი საზღვრიდან ეთიოპიამდე იყო გადაჭიმული.
აქემენიდთა იმპერიის თავისებურებები
აქემენიდების იმპერიაში შედიოდნენ ერთი მხრივ ისეთი ქვეყნები, რომელნიც აქემენიდების იმპერიის შექმნამდე არსებობდნენ როგორც სახელმწიფოებრივი ერთეულები - მცირე აზიის ოლქები, ბაბილონი, ეგვიპტე, სირია, ფინიკია, ელამი, და მეორე მხრივ ისეთი ქვეყნები, რომელნიც განვითარების დაბალ საფეხურზე იმყოფებოდნენ - სკვითები, არაბები.
ურთულესი საქმე გახლდათ ამ განსხვავებული კულტურული სეგმენტების ერთიან ჩარჩოში მოქცევა როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციული თვალსაზრისით. ამ პრობლემას კიროსი აგვარებდა თავისი უზადო დიპლომატიით, შემდეგ კი დარიოსის გატარებული რეფორმებით მოხერხდა აქემენიდთა იმპერიისათვის მყარი საფუძვლის მომზადება.
აქემენიდებს უკავშირდება მსოფლიო ისტორიაში პირველი "რელიგიური ავტონომიის" შექმნა, რაც შემდგომში რამდენიმე იმპერიის მიერ იქნა განსხვავებული ფორმებით გამოყენებული.
დაპყრობილ ქვეყნებში აქემენიდები თავდაპირველად უცვლელად ტოვებდნენ ადგილობრივი ხალხის კანონებს, ზომა-წონის ერთეულებს, ადათ-წესებს, რელიგიას, დამწერლობას. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, კილიკიასა და სოგდიანეში დატოვეს ადგილობრივი სამეფო დინასტიები. ამგვარი პოლიტიკა მას შემდეგ შეიცვალა, რაც დაპყრობილმა ქვეყნებმა სეპარატისტული განწყობილება გამოავლინეს.
რა ენაზე საუბრობდნენ აქემენიდთა იმპერიაში
კიროს ||-ის დროიდან აქემენიდების სახელმწიფო ენა არამეული გახლდათ, თავდაპირველად ამ ენასთან ერთად გამოიყენებოდა ძველი სპარსული და ელუმური. არამეულ ენას იყენებდნენ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები სემიტური ტომები.
არამეულს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მისი დამწერლობა ანბანური გახლდათ, რაც გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეში, როგორც ძირითადი კომუნიკაციის საშუალება. დარიოს |-ის გადაწყვეტილებით შემდგომში ეს ენა იქცა აქემენიდების იმპერიის საკანცელარიო ენად.
რატომ სარგებლობდნენ მიდიელები პრივილეგიებით
კიროსის დროიდან აქემენიდთა იმპერიაში საკმაოდ დიდი პრივილეგიები ჰქონდათ სპარსელებს. სპარსელები მსახურობდნენ "უკვდავთა გვარდიაში", არმიასა და სახელმწიფო აპარატში. ისინი გათავისუფლებულები იყვნენ გადასახადებისა და სხვადასხვა ბეგარისაგან. ამიტომაც იყო, რომ რიგითი სპარსელები არასდროს გამოსულან მეფის წინააღმდეგ. ისინი ფაქტობრივად ქვეყნის სხვა ეთნიკური ჯგუფების ხარჯზე არსებობდნენ.
სპარსელები სამხედრო თემებად ცხოვრობდნენ, ისინი მთელ დროს სამხედრო საქმეში ატარებდნენ, მათ მიწებს კი არენდატორები ამუშავებდნენ.
აქემენიდების ისტორიის მთელ მანძილზე პრივილეგიები გააჩნდათ სპარსელების მონათესავე მიდიელებსაც, რომელნიც ირანულ ეთნოსს ეკუთვნიან. მათ ორჯერ ნაკლები შეჰქონდათ ხაზინაში, ვიდრე სხვა დაპყრობილ ქვეყნებს.
აქემენიდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვაჭრობის განვითარებას, ამიტომაც ის ხალხი, ვინც ამ საქმის გაფართოებას უწყობდა ხელს, განსაკუთრებული პატივითა და პრივილეგიებით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქვეშევრდომები იყვნენ. მრავალ ბერძნულ და ფინიკიურ ქალაქს აქემენიდებმა ავტონომია მიანიჭეს და გადასახადისგან გაათავისუფლეს.
არ არის გასაკვირი, რომ ასეთივე პრივილეგიები ჰქონდათ სპარსეთის მთავარ ქალაქებს: პერსეპოლისს, ეკბატანას, სუზას, პასაგრადეს, რომელნიც ასევე გათავისუფლებულნი იყვნენ ხარკისგან.
კომუნიკაციის უნიკალური მექანიზმი, რომლითაც აქემენიდთა იმპერია იმართებოდა
ბუნებრივია, ისმის კითხვა - რა იყო ის მექანიზმი, რომლითაც მანამდე უპრეცედენტო სიდიდის იმპერია იმართებოდა? რა იყო ის სასიცოცხლო იმპულსი, რაც მის აქტიურ ქმედებას უწყობდა ხელს?
პასუხი საკმაოდ მარტივია - აქემენიდებმა პირველებმა შექმნეს საკმაოდ მოქნილი საკომუნიკაციო სისტემა. აქემენიდთა სამეფო ქალაქიდან სუზიდან გზები მიემართებოდა როგორც აღმოსავლეთით ინდოეთისაკენ, ასევე დასავლეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე.
ეს გზები 20 კილომეტრიან მონაკვეთებად, ერთი დღის სავალ ტერიტორიებად იყო დაყოფილი, სადაც მოწყობილი გახლდათ საფოსტო სადგურები. აქ მგზავრს შეეძლო ცხენის შეცვლა, დასვენება.
ძვ. წ-აღ-ის ქ საუკუნის ავტორი ჰეროდოტე წერდა, რომ არავინ და არაფერია ისეთი სწრაფი, როგორიც სპარსი კურიერები არიან, რომ არავის და არაფერს არ შეუძლია მათი სისწრაფის შეფერხება, რომ ისინი არ ეპუებიან არც თოვლს, არც სიცივეს, არც წვიმას, არც სიბნელეს. რომ პირველი მხედარი გადასცემს წერილს მეორე მხედარს, მეორე მესამეს და ასე გრძელდება მანამ, სანამ დანიშნულების ადგილს არ მიაღწევენ. რომ მხედრები გზებზე დაქრიან "წეროებეზე სწრაფად" და საგუშაგოდან საგუშაგოზე გადასცემენ მეფის ბრძანებებს.
რატომ ამოიღო კიროს მეორემ მიზანში მიდია
აქემენიდები დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ არა მარტო ახალი ტერიტორიების შემოერთების მიზნით. ეს პოლიტიკა მათ აძლევდათ შანსს გადაეჭრათ მრავალი საშინაო პრობლემა იმით, რომ ძირითადი აქცენტი სხვა მიმართულებით, ომზე გადაეტანათ და ასე გაენელებინათ ის შინაგანი წინააღმდეგობები, რაც იმ პერიოდის აქემენიდურ სახელმწიფოში მრავლად იყო. ამასთანავე დაპყრობითი ომები აქემენიდებისათვის იყო შანსი ეცხოვრათ დამორჩილებული ხალხების ხარჯზე.
საკმაოდ მასშტაბური და მრავლისმეტყველი გახლდათ აქემენიდთა პირველივე შეტევა მიდიის მიმართულებით, არადა, მიდიელები სწორედ ის ხალხი იყო, ვინც შიშის ზარს სცემდა იმ პერიოდის ცივილურ სამყაროს. სწორედ მათ სახელს უკავშირდება ძვ. წ-აღ-ის ქ|| ს-ის ბოლო ათწლეულში ასურეთის სამეფოს განადგურება, შემდეგ კი წარმატებული ლაშქრობები ურარტუში, რის შედეგადაც ძვ. წ-აღ-ის 590 წელს ერთ-ერთი უძლიერესი სამეფო სამუდამოდ აღიგავა პირისაგან მიწისა.
ასე რომ, კიროსმა პირველსავე ცდაზე მიზანში ის სახელმწიფო ამოიღო, რომელმაც სულ რაღაც 50 წლის განმავლობაში თავდაყირა დააყენა იმდროინდელი მსოფლიო.
როგორ გახდა იშთარის კარიბჭე აქემენიანთა მორიგი სამიზნე
ძვ. წ-აღ-ის 553 წელს კიროსი იკავებს მიდიის დედაქალაქ ეკბატანას, ძვ. წ-აღ-ის 550 წელს კი საბოლოოდ იმორჩილებს მიდიის სამეფოს, რის შემდეგადაც იმპერიის ტერიტორიას მნიშვნელოვნად ზრდის.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მიდიას კიროსი არ მოქცევია როგორც ტრადიციული დამპყრობელი. უჩვეულო გახლდათ მისი გადაწყვეტილება, შეექმნა მთავრობა, სადაც სპარსელებთან ერთად ტომით მიდიელებიც შევიდოდნენ. ეს მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი გახლდათ.
ამ დროიდან აქემენიდების იმპერია გადაიჭიმა შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ სულ მალე სამყაროს ახალი უძლიერესი იმპერია მოევლინებოდა.
ამას კიროსის შემდგომი ტრიუმფალური საბრძოლო მოქმედებებიც ადასტურებდა. ძვ. წ-აღ-ის 546 წელს იპყრობს ლიდიას - ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე უძველეს სახელმწიფოს, ამარცხებს თავისი სიმდიდრით გამორჩეულ ლიდიის უკანასკნელ მეფე კრესუსს, იკავებს მცირე აზიის ბერძნულ ქალაქებს, ძვ. წ-აღ-ის 545 წელს შუა აზიის მნიშვნელოვან ნაწილს, რითაც აქემენიდების იმპერიას თვისობრივად განსხვავებულ სახეს სძენს.
ასე რომ, კიროსი მზად არის კიდევ უფრო მასშტაბური დაპყრობებისთვის, რაც აქემენიდთა იმპერიას კიდევ უფრო გამორჩეულ სახეს მისცემს. შემდგომი ბასტიონი, არც მეტი, არც ნაკლები, არა მარტო სამხედრო პოტენციალით გამორჩეული იმ პერიოდის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო ბაბილონი გახლდათ.