ვისაც კი სტაბილური შემოსავალი აქვს, თვიდან თვემდე დანაზოგის გაკეთებას ვერ ახერხებს
ელზა წიკლაური
31.05.2016

 საქართველოში ღარიბი ფენის ხარჯი შემოსავალს 60%-ით აღემატება, საშუალო ფენისა კი - 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ორივე ამ კატეგორიას ყოველთვიურად ოჯახის სარჩენად ფული აკლდება და ვალი ეზრდება. ეს 2014 წლის კვლევის შედეგია, 2015 წელს კი, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ლარის დევალვაციამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა და გამორიცხული არ არის, რომ ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყოს.

ამ დროს კი სტატისტიკის ეროვნული სამსახური უფრო საიმედო რიცხვებს აქვეყნებს. 2015 წლის მონაცემებით, ერთი ადამიანის თვიური შემოსავალი 284,5 ლარს შეადგენს, ერთი შინამეურნეობის, ანუ ერთი ოჯახისა კი - 1022,3 ლარს. ამავე მონაცემებით, ერთი ოჯახის თვიური ხარჯი - 1004,7, ერთი ადამიანის 279,6 ლარია. ამ შემთხვევაში შემოსავლებსა და ხარჯებს შორის მინიმალური სხვაობა კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფულის დაგროვებას ვერ ახერხებს. ამის შესაძლებლობა, სპეციალისტთა გათვლებით მხოლოდ 30%-ს გააჩნია.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა თითქმის ყოველწლიურად იკლებს. თუ შარშან ერთ შინამეურნეობაზე ეს სხვაობა 17,6 ლარი იყო, ერთი ადამიანზე კი სულ რაღაც 4,9 ლარი, 2014-ში სხვაობამ, შესაბამისად, 27,7 და 7,7 ლარი შეადგინა.

თუ რიგითი თბილისელების აზრს გავითვალისწინებთ, ეს თანხა იმისათვის, რომ ადამიანმა და ზოგადად ოჯახმა ყოველდღიური მოთხოვნიდება მეტ-ნაკლებად დაიკმაყოფილოს, საკმარისი არ არის. მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ ოჯახისთვის ყოველთვიური შემოსავალი სულ მინიმუმ 1500-2500 ლარი უნდა იყოს.

რამდენი ლარია იმისთვის საჭირო, რომ ოჯახმა იარსებობს და ზომიერების ფარგლებში დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება? ამ კითხვაზე რიგითი თბილისელების აზრი და ოფიციალური მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია. თუ ოფიციალურად ერთი ოჯახის შემთხვევაში ეს ციფრი 1004 ლარს შეადგენს, არაოფიციალურად, ანუ რიგითი ადამიანების სურვილის შემთხვევაში, მისი მოცულობა 1500-2500 ლარია.

ის, რომ ოჯახისთვის 1022-ლარიანი შემოსავალი საკმარისი არ არის, ჩვენთან საუბრისას გამოკითხულთა თითქმის 95%-მა დაადასტურა. მათი უმეტესობა, თვლის, რომ ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, 1500 ლარი უნდა იყოს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ყოველთვიურად ოჯახს 2000 ლარზე ნაკლები შემოსავალი არ უნდა ჰქონდეს. უფრო ხელგაშლილები კი 2500-ლარიან "სტანდარტს" ემხრობიან.

"ჩემი ოჯახის შემოსავალი 1200 ლარია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, 2000 ლარი მაინც უნდა გვქონდეს, რათა ყველა სასურველი ხარჯი გავწიოთ. რაც შეეხება ოფიციალურად დასახელებულ 1004 ლარს, ეს ცოტაა და არა მგონია, ერთ ოჯახს ის ყოველთვე ეყოს, თანაც თუკი რჯახი თბილისში ცხოვრობს", - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" თბილისელმა თინათინ მათიაშვილმა.

"ცხადია, 284 ლარი ერთ ადამიანს ერთი თვის განმავლობაში არ ეყოფა. მარტო ტრანსპორტში გჭირდება 40 ლარამდე, რასაც ემატება კომუნალური ხარჯები, საკვები და საშუალოდ, 300-350 ლარამდე ადიხარ. ადამიანის ცხოვრება კი მხოლოდ არსებობა არ არის და მას სხვა მოთხოვნილებებიც აქვს. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ადამიანს თვეში 284 ლარი ეყოს, არასერიოზულია და შესაბამისად, ოფიციალურ მონაცემებსაც ვერ დავეთანხმები", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თეონა ბასილიამ.

რამდენი ლარი სჭირდება ერთ ოჯახს თვეში, ეს ფართობითია და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრთა მოთხოვნაზეა დამოკიდებული. თუ საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობისთვის 1004-ლარიანი ხარჯი შეიძლება ნორმალურიც იყოს, ღარიბისთვის ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მეტიც, როგორც ანალიტიკოსი ლია ელიავა აცხადებს, ხშირ შემთხვევაში, ღარიბი მოსახლოების ხარჯი შემოსავალს 60%-ითაც აღემატება.

"2014 წლის მონაცემებით, დაბალ შემოსავლიანი, უფრო ზუსტად კი, ღარიბი მოსახლოების ხარჯი ყოველთვიურ შემოსავალს 60%-ით აღემატება, საშუალო შემოსავლიანი 10-20%-იან მინუსშია. საშუალო ფენა მეტ-ნაკლებად ერევა პრობლემებს. 2015 წელს კი სიტუაცია უფრო გაუარესდა და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებლიც უფრო გაზრდილი იქნება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ელიავამ.

რაც შეეხება სტატისტიურ მონაცემებს, ელიავას თქმით, ხარჯხებსა და შემოსავალს შორის ასეთი მინიმალური სხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთან არასწორად იზომება სიღარიბის და სიღატაკის ზღვარი. ის, ვინც მინუსშია, ნამდვილად არ არის ღარიბი, ის არის შიმშილისა და გადარჩენის ზღვარზე მყოფი ადამიანი.

"სტატისტიკა მოსახლეობის ცხოვრების დონეს იმ მეთოდით ითვლის, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს რეალობას და სინამდვილეს. "საქსტატი" იყენებს საერთაშორისო სტატისტიკურ სტანდარტებს, მაგრამ იგი შედგენილია მდიდარი ქვეყნების მაგალითზე. ამერიკაში 42 ათასზე ნაკლები თუ გაქვს შემოსავალი, ღარიბი ხარ, საქართველოში 42 ათასი ითვლება საშუალოზე მაღალ შემოსავლად. სტატისტიკა უნდა იყოს მისადაგებული საქართველოს რეალობას და არა განვითარებული ქვეყნების ვითარებას. მაშინ უფრო კარგად გამოჩნდებოდა, რამდენად ღატაკი და გადარჩენის ზღვარზე მყოფი მოსახლეობაა საქართველოში", - დასძინა ელიავამ.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი შინამეურნეობის 10%-ის ფულადი შემოსავალი, ყველაზე ღარიბი ფენის 10%-ის შემოსავალთან შედარებით, 19-ჯერ მაღალია. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 9-ზე ნაკლებია. საზოგადოების სოციალურ ფენებს შორის არსებული უთანასწორობის მაჩვენებლით კი საშუალო ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერ ვუსწრებთ.

"სტატისტიკას შეუძლია დათვალოს შინამეურნეობათა განაწილება შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით, თუმცა ამას დიდი ხანია აღარ აქვეყნებს. რატომღაც ერიდება აქ ციფრების გამოქვეყნებას. მიზეზი ორია: ან საკუთარ კომპეტენტურობაში ეპარება ეჭვი, ან კიდევ რიცხვები ირდენად დამთრგუნველია, რომ ამან შეიძლება ღია სოციალური პროტესტიც კი გამოიწვიოს. რაც ქვეყნდება, ისიც კი საკმაოდ მძიმეა, საქართველოში, საშუალოდ, საშემოსავლო უთანასწორობა ამ დეცილური ჯგუფების მიხედვით თითქმის 2-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ დონეს", - ამბობს არჩვაძე.

რაც შეეხება შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არსებულ მინიმალურ სხვაობას, არჩვაძის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ხალხი ფულს ვეღარ აგროვებს.

"აქ გვაქვს პარადოქსული სიტუაცია: საქართველოში დეპოზიტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ასეთი ტიპის შენატანის შესაძლებლობა აქვს საკმაოდ შეზღუდულ წრეს მოსახლეობის დიდი ნაწილი (დაახლოებით 70%) ამას მოკლებულია. მაშინ, როდესაც ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის 84%-ს ჰქონდა დეპოზიტები.

ამიტომ, გარკვეულწილად, ნოსტალგია საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებში იმითაც არის გამოწვეული, რომ ახლანდელმა საბაზრო ეკონომიკამ ბევრი მიმართულებით ვერ შეძლო თავისი უპირატესობის ჩვენება. ამ მიმართულებით ხელისუფლებას ბევრი მუშაობა მოუწევს, რომ ადამიანებმა ჭეშმარიტად და რეალურად საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ ეს უპირატესობა", - დასძინა არჩვაძემ.

ემპირიული დაკვირვებით საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან, 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×