დრო ყველაფერს ისტორიის საცერში ატარებს, რჩება ის, რაც ნაღდია, ნაყალბევსა და გამოგონილ ამბავს კი თავისი ადგილი მიეჩინება. ეს სწორედ პროფესიონალ ისტორიკოსთა წყალობით ხდება, რომელნიც ურთიერთსაპირისპირო წყაროებსა და მასალებს ერთმანეთს აჯერებენ და ასე არკვევენ - რა არის ნაყალბევი, ანდა კონიუნქტურის შედეგი და რა არის რეალობა.
ასეთი ანალიტიკური მიდგომისას არცთუ იშვიათად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ისტორიული სინამდვილე სულ სხვანაირი იყო, ვიდრე ეს მემატიანის მიერ აღწერილ ანალებშია წარმოდგენილი.
ამის მაგალითად ფარაონ ეხნატონის 3500 წლის წინანდელი ისტორია გამოდგება.
როცა მზე იყო ღმერთი
ეხნატონს აზრთა სხვადასხვაობა სიცოცხლეშივე დაებედა, მისი დინასტია მართავდა მსოფლიოში მანამდე არსებულ ყველაზე დიდ იმპერიას, ის იყო მსოფლიოში პირველი ხელისუფალი, რომელსაც ერთი ღმერთის სწამდა. ბევრისთვის ის შეშლილი და ერეტიკოსი გახლდათ, დღეს მკვლევართა უმრავლესობა მას გენოსად თვლის...
სწორედ ფარაონმა ეხნატონმა დაუდო სათავე იმ რევოლუციურ მოვლენებს, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო და კინაღამ იმსხვერპლა ეგვიპტის იმპერია ძვ. წ-აღ-ის ყ|ქ ს-ის შუახნებისას.
როცა ამენხოტეპმა იგრძნო, რომ საფუძველი შეერყა ეგვიპტელთათვის უმნიშვნელოვანეს ფასეულობას, მეფის ღვთიურ წარმომავლობას, მან საკმაოდ ხისტ ზომებს მიმართა, რათა სწორედ ეს ფასეულობა დარჩენილიყო ხელშეუხებელი - პანთეონში ერთი ღმერთის, ატონის კულტის წამოწევა გადაწყვიტა. ეს ღონისძიება იმდენად ხისტი გახლდათ, რომ მკვლევართა ნაწილი თვლის - საქმე გვაქვს მონოთეისტური რელიგიის პირველ პრეცედენტთან.
ამბავი მსოფლიოში პირველი მოაზროვნისა
ერთი ღმერთის დამკვიდრება უნიკალური მოვლენა იყო, რამდენადაც მრავალღმერთიან ეგვიპტურ პანთეონში სრულიადაც არ გახლდათ იოლი საქმე სხვა ღმერთები უარეყოთ და დაემკვიდრებინათ მხოლოდ ერთი ღმერთი. სწორედ აქ ჩანს ეხნატონის პრინციპული და ამასთანავე ანალიტიკური მიდგომა - მხოლოდ ერთ ღმერთს, მზის ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს ეგვიპტე, რამდენადაც ეს ქვეყნის ერთიანობას (რომელსაც, კაცმა რომ თქვას, იმ მომენტში მისი მმართველობისას არც არაფერი ემუქრება), კიდევ უფრო შეაკავშირებს და შეადუღაბებს.
ამბავი "შორიდან მოსული" ნეფერტიტისა
რა როლს ასრულებდა ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენისას ეხნატონის თანამეცხედრე ნეფერტიტი? ნეფერტიტი ნიშნავს - "მშვენიერი მოვიდა", ამ თარგმანის საფუძველზე მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ის ზემო ევფრატზე მდებარე მითანის სამეფოდან გახლდათ, ნეფერტიტი მეფის ასულია. თუმცა, ვარაუდი აქ არ ჩერდება და უფრო შორს მიდის. არის ვერსია, რომ სწორედ ნეფერტიტს მოაქვს საკუთარი სამეფოდან მზის, ატონის ღმერთი.
უნდა ითქვას, რომ ყქ||| დინასტიის სამეფო ჰარემში იყვნენ მითანის მეფის ასულები, მაგრამ ისინი არასდროს გამხდარან მეფის სწორნი. მათი დატვირთვა უფრო განსხვავებული უნდა იყოს - ისინი ორ სამეფოს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ერთგვარ გარანტს წარმოადგენენ.
როგორც ჩანს, ნეფერტიტი გახლდათ მხოლოდ დედოფალი. ექვსი ქალიშვილის დედა, სწორედ ამ სახით არის ის წარმოდგენილი ძეგლებზე. ეხნატონი განსაზღვრავდა საკუთარი მეუღლის ადგილს სამეფოში და სწორედ ეხნატონის ბრძანება იყო გამოესახათ ისინი ერთად.
ამ მხრივ ფარაონი ერთგვარად ბაძავს საკუთარ მამას, ამენხოტეპ |||-ს, რომელიც საკმაოდ ხშირად არის გამოსახული მეუღლესთან, ეხნატონის დედასთან ერთად.
ეხნატონის დროინდელი კულტურის თავისებურებები
ეხნატონის მმართველობის დროინდელი კულტურული ძეგლები ქალაქ ახეტატონში არა მარტო სილამაზით გამოირჩევა, აქ იგრძნობა საკმაოდ დიდი სითბო და სულიერება. ბარელიეფებზე ეხნატონი და ნეფერტიტი გამოსახულნი არიან მოთამაშე ბავშვებთან ერთად, საოჯახო ატმოსფეროში, ბაღში სეირნობის დროს. აღსანიშნავია ფრაგმენტი, სადაც ისინი ბავშვებს კოცნიან. ეს საკმაოდ დიდი კონტრასტია მანამდე არსებულ რეალობასთან მიმართებაში, სადაც მკაცრადაა დაცული ოფიციალური ეტიკეტი. ამ მომენტამდე არათუ სამეფო წყვილი, კერძო პირებიც კი არ ყოფილან გამოსახულნი მსგავს ინტიმურ გარემოში.
როგორ დასრულდა ეხნატონისა და ნეფერტიტის იდილია
ეხნატონი ნეფერტიტზე ჯერ კიდევ მაშინ დაქორწინდა, როცა უფლისწული გახლდათ. ეხნატონმა 16 წელზე მეტი იმეფა. სამეფო სასახლის ეს იდილია თითქმის ორ ათეულ წელს გრძელდებოდა...
ბოლო დროს არქეოლოგიური გათხრებისას ელ-ამარნაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ბარელიეფები, სადაც ნეფერტიტი მარტოა გამოსახული, საკუთარი მეუღლის გარეშე. აქ ნეფერტიტი ატონის ღმერთს სცემს თაყვანს, ზოგჯერ გვევლინება მტერსშერკინებული სფინქსის სახით. ასე მხოლოდ მეფეებს გამოსახავენ ეგვიპტურ რეალობაში.
ყველაფერს აქვს დასასარული, არც ნეფერტიტისა და ეხნატონის იდილია გამოდგა სამარადჟამო. ეხნატონის მეფობის ბოლო წლებში ნეფერტიტის გამოსახულება ქრება, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მისი სახელიც აღარ იხსენიება სამეფო ტექსტებში.
ამ პერიოდიდან ეხნატონთან ერთად სააშკარაოზე ჩნდება მცირე ფარაონი, რომელიც საკმაოდ უცნაურადაა გამოსახული მეომრის მუზარადში, ის გამოწყობილია სამოსში, რომელიც მრავლად შეიცავს ქალის სამოსის ნიშნებს.
ვინ არის ეხნატონის "საყვარელი ცოლი" კიია?
ულამაზესი კიია ეხნატონის მეორეხარისხოვანი ცოლის რანგში მოევლინა ეგვიპტეს. საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ კიიამ მიიღო ყველაფერი - სიმდიდრე, სამეფო სასახლე, თუმცა მას არ მიუღია უმთავრესი - მეფის დიდი მეუღლის ტიტული. ეხნატონი მას საკმაოდ უცნაურად მოიხსენიებს. კერძოდ, როგორც "საყვარელ ცოლს".
ეს რეალობა უბიძგებს მკვლევართ, რომ სწორედ კიია ჩათვალონ იმ ამოუცნობ იდუმალებითმოსილ "მცირე ფარაონად", თუმცა არის ვერსია, რომ მცირე ფარაონი ნეფერტიტია, რის გამოც გაუჩინარდა მისი ხსენება სამეფო ტექსტიდან.
არის სხვა ვერსიაც, კერძოდ ის, რომ მცირე ფარაონის რანგში მეფის სიძე, სმენხკარაა, რომელსაც ეხნატონის სიკვდილის შემდეგ მოუწია ორი წლის განმავლობაში ეგვიპტის მართვა.
კიიას აღმასვლა დაკავშირებული უნდა იყოს იმ რეალობასთან, რომ ეხნატონს ნეფერტიტისგან მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა. სამეფო ტიტულის მემკვიდრე კი მხოლოდ მამრობითი სქესის შეიძლებოდა ყოფილიყო, სწორედ ეს შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც უნდა გაღრმავებულიყო ეხნატონისა და კიიას ურთიერთობა, თუმცა ამანაც არ მოიტანა შედეგი - აქაც ქალიშვილი გაჩნდა...
როგორ იძიეს ქურუმებმა შური ეხნატონზე
ადვილი წარმოსადგენია, როგორ სძულდათ ეხნატონი ქალაქ თებეს ქურუმებს, როგორ ლოცულობდნენ, რომ ეხნატონი მალე გასცლოდა რეალობას და მათი თვალთახედვის არედან გასულიყო. გავიხსენოთ, რომ მაშინ არც სიკვდილის ცნება არ არსებობს და არც დაბადების. არსებობს მხოლოდ რეალობა - თვალთახედვის არედან გასვლის ან შესვლის შესახებ.
აღსრულდა ქურუმთა ნება, გარდაიცვალა ფარაონი და სწორედ ეს ქურუმები იწყებენ მანამდე გაუგონარ საქმიანობას - ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც ეხნატონის სახელთან იყო დაკავშირებული, უპირველესად წარწერებს, წარწერები კი მაშინ ქვაზე კეთდებოდა - მათი განადგურება არ არის იოლი ისე, როგორც ქაღალდის ჩანაწერების მოსპობა. მიუხედავად ამისა, დაწყებულ საქმეს გულმოდგინებით მისდევდნენ, არადა, წარმოიდგინეთ, რა ძალა და ენერგია დასჭირდებოდა ამ არტეფაქტების მოსპობას.
საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ბევრი რამ გადაურჩა განადგურებას, თუმცა ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ ეხნატონთან დაპირისპირებულმა არისტოკრატიამ პოზიცია შეცვალა. აქ სხვა რეალობა იყო მთავარი - მცდელობა იმისა, რომ გაანადგურო ისტორიული სინამდვილე, წინასწარ განწირულია.
როგორ მიატოვეს ეგვიპტელებმა ქალაქი ახეტატონი
ეს კარგად გამოჩნდა ეხნატონის შემდგომი ისტორიითაც. ქურუმებმა ბრძანეს - ყველანი გასცლოდნენ ეხნატონის დაარსებულ ქალაქს ახეტატონს, ყველანი გაყარეს აქედან, ვითომც ეს ქალაქი არც არსებობდა, ბრძანება უკლებლივ ყველა ახეტატონელმა აღასრულა, ქალაქი დაცარიელდა...
და სწორედ ამან იხსნა ქალაქი შემდგომი განადგურებისგან, ამან შემოუნახა შთამომავლობას ის, რაც ვიცით იმ პერიოდის ისტორიასა და ეხნატონზე. და რაც მთავარია, ახეტატონი - მოსახლეობის გარეშე დარჩენილი ქალაქი, აღარ იყო სხვადასხვა ურდოებისა და მოლაშქრეების სამიზნე. ამ ქალაქს არ განუცდია უცხოტომელთა შემოტევა, ის არ გადაუწვავთ როგორც ნინევია ან ბაბილონი, არ დაუნგრევიათ, მის ადგილას არც ახალი ქალაქი აუშენებიათ...
ახეტატონს დრო გადაეფარა უცნაურ საბურველად, უკიდეგანო უდაბნოს ქვიშაში ჩაიკარგა ერთ დროს ყველასგან გამორჩეული ქალაქი...
რატომ ვერ შლის დრო ყველა პირველწყაროსა და არტეფაქტს
გავიდა ათასწლეულები... ამ ადგილას არქეოლოგები მოვიდნენ და ნახეს ერეტიკოსი ეხნატონის დედაქალაქი დაკონსერვებული სახით, მივიღეთ უნიკალური შედეგი - არავის შესახებ არ ვიცით ეგვიპტის ისტორიიდან იმდენი, რამდენიც ეხნატონის შესახებ, იმ კაცის შესახებ, ვისი სახელის გაქრობისათვის თითქოს ყველაფერი გააკეთეს მისმა მოწინააღმდეგეებმა.
უნდოდათ განადგურება და მიიღეს სრულიად საწინააღმდეგო შედეგი, გარდა ეხნატონის განადგურებული სკულპტურებისა და ბარელიეფებისა, თითქმის ყველაფერი ხელუხლებელი იყო, ბუნებრივია, ჩანდა არეულობის კვალი - თუთმოსის სახელოსნოში პირქვედამხობილი თვალამოგდებული ნეფერტიტის ქანდაკება, დღეს რომ ბერლინის მუზეუმში ინახება, ამის დასტურია.
მერე სხვადასხვაგვარად გადახარშეს ეს ამბავი - თუთმოსი ნეფერტიტზე იყო შეყვარებულიო. ძნელია რაიმე თქვა, ალბათ მართლაც გამორჩეულად უნდა ეტრფოდე ქალს, ასე ლამაზად გამოსახვა რომ შეძლო მისი.
ისტორიის თავისებურება კი სწორედ ისაა, რომ მიუხედავად მავანთა სურვილისა, მავანთა მცდელობისა, ყველგან და ყოველთვის არ იწვის ყველა პირველწყარო და ხელნაწერი...