კონსტანტინე დიდი, რომის იმპერატორი, რომელმაც ქრისტიანულ სამყაროს არტახები ახსნა და სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათის გახლდათ. მარტო ის რად ღირს, რომ მოკლა უფროსი შვილი კრისპა და ძმისშვილი ლიცინიუს უმცროსი, დაახრჩო ფაუსტა - თავისი მეორე ცოლი, რომელთანაც ექვსი შვილი ჰყავდა...
და მიუხედავად ამისა, ის ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანია, ქრისტიანულმა ეკლესიამ სწორედ მისი მმართველობის დროს მიიღო სხვა რელიგიებთან თანასწორობის სტატუსი, და ეს მაშინ, როცა კონსტანტინეს სრულიადაც არ სწამდა ქრისტეს რჯული.
არავინ უწყის როგორ წარიმართებოდა ცივილიზებული სამყაროს ბედი, კონსტანტინეს სხვა არჩევანი რომ გაეკეთებინა, ქრისტიანობაზე რომ არ აეღო აქცენტი. რთული სათქმელია, რა გზას დაადგებოდა ევროპა, ანდა, რა ზნეობრივი პოსტულატებით იქნებოდა თანამედროვე სამყარო ხელდასხმული...
ძნელია ამის განჭვრეტა, ფაქტი კი ისაა, რომ |ქ ს-ის პირველ მესამედში სწორედ კონსტანტინე დიდის ოჯახში გადაწყდა ყველაფერი. არადა, არც ის იქნებოდა გასაკვირი, კონსტანტინეს სხვა არჩევანი რომ გაეკეთებინა - მის ოჯახში ხომ ერთადერთი ქრისტიანი დედამისი - დედოფალი ელენე გახლდათ.
რატომ არ ისურვა კონსტანტინემ ღმერთებს გატოლებული იმპერატორობა
რომის იმპერატორები ღმერთებს უტოლებდნენ თავს. ეს ცოცხალი ღმერთები დიდი შემართებით დევნიდნენ ქრისტიანობას და ქრისტიანებს. სიტუაცია შეიცვალა |ქ ს-ის 10-იანი წლებიდან - კოსტანტინე დიდის იმპერატორობისას. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის, როგორც იდეოლოგიური საყრდენის გამოყენება ქვეყნის ერთიანობის საფუძვლად.
სიტუაცია ურთულესი გახლდათ. ქვეყანა ფაქტობრივად დაშლილი იყო, ამ მოვლენისგან თავის დახსნისა და ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი საშუალება სწორედ ერთიანი იდეოლგიური საფუძველი უნდა ყოფილიყო.
კონსტანტინე დიდთან დაკავშირებით არ წყდება კამათი - რამ აიძულა ის სრულიად განსხვებული პოლიტიკა აერჩია თავისი მმართველობისას? იყო თუ არა ეს განპირობებული იმით, რომ მან ქრისტიანობა იწამა, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოება?
იმპერატორის წინააღმდეგობრივი ხასიათი ცალსახა დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. მოვლენების ანალიზისას ირკვევა, რომ მისთვის ქრისტიანობა ერთადერთი შანსი გახლდათ პოლიტიკური სიმტკიცით აღეჭურვა საკუთარი საიმპერატორო ტახტი. სწორედ ამიტომ ქრისტიანობა მისთვის რწმენა კი არა, პოლიტიკური იარაღი გახდა.
ამაში დავრწმუნდებით, როცა კონსტანტინე დიდის ბიოგრაფიის ფრაგმენტებს გავეცნობით.
როგორ იძალა ქრისტიანობის მადლით დედოფალმა ელენემ
ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებისათვის საჭირო იყო წმინდა რელიკვიების მოძიება. კონსტანტინე ამ საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა, სწორედ ამ მისიით მიავლინა მან დედამისი ელენე 326 წელს იერუსალიმში.
ელენე დედოფალმა ის ჯვარი მოიძია, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს. ეს უნიკალური რელიკვია კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. სწორედ დედოფალ ელენეს ინიციატივით გადაწყვიტეს პალესტინაში მაცხოვრისა და მარიამ ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და იქ ეკლესია-მონასტრები აეგოთ. მაცხოვრის აღდგომის ადგილას სწორედ კონსტანტინეს ბრძანებით აიგო მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა როგორც გოლგოთა, ასევე მაცხოვრის საფლავი.
უდიდესი იყო საქრისტიანო მრევლის მადლიერება დედოფლისადმი. რაც შეეხება კონსტანტინეს, მისთვის დედამისის, ელენეს ღრმადმორწმუნეობა გარკვეული სტიმული იყო ქრისტიანული ეკლესია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა.
რატომ დარჩა კონსტანტინე დიდი წარმართული კულტის უზენაეს ქურუმად
კონსტანტინეს მონეტებზე "დაუმარცხებელი მზე" იყო გამოსახული, ისე როგორც როგორც ძველად რომში. ეს კი იმის დასტურია, რომ კონსტანტინე რომის წარმართული კულტის უზენაეს ქურუმად რჩებოდა.
მზე რომში უძლეველობის სიმბოლოა, სწორედ ამიტომაც მაქსენციუსზე გამარჯვების აღსანიშნავად აგებულ ტრიუმფალურ თაღზე, რომში საგანგებოდაა მინიშნებული, რომ კონსტანტინემ გამარჯვებას ღვთაების, დაუმარცხებელი "მზის დახმარებით" მიაღწია.
როგორ დასრულდა ტრიუმფალური თაღის აგებით კონსტანტინეს ერთადერთი ვიზიტი რომში
კონსტანტინე დიდი დაიბადა კონსტანტინე ქლორას - მომავალი იმპერატორისა და მედუქნის ქალიშვილის ელენეს ოჯახში, მამამისი კონსტანტინე ქლორა გალიას და ბრიტანეთს მართავდა, კონსტანტინემ ბავშვობიდანვე გამოავლინა გონიერება, განსაკუთრებულად თვალსაჩინო იყო მისი მხედართმთავრული ნიჭი. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი განათლება არ მიუღია, ის იყო ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი, ამასთანავე აშკარა გახლდათ მისი ტირანული და დესპოტური ხასიათიც.
306 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც მამამისი კონსტანტინე ქლორა გარდაიცვალა, რომაელმა ლეგიონერებმა კონსტანტინე იმპერატორად გამოაცხადეს.
ახლად კურთხეულმა იმპერატორმა წარმატებით ილაშქრა რომში, დაამარცხა მაქსენციუსი. ასე დაიმორჩილა მარადიული ქალაქი, სენატის გადაწყვეტილებით დაიდგა კიდეც ტრიუმფალური თაღი რომში კონსტანტინეს გამარჯვების აღსანიშნავად.
ყველაზე შემზარავი კი ის გახლდათ, რომ ერი ესალმებოდა იმპერატორს, რომელსაც მაქსენციუსის სისხლიანი თავი უძლეველი არმიის მსვლელობისას ბაირაღივით გამოეფინა. განგებამ ისე ინება, რომ ეს რომში კონსტანტინეს ბოლო ვიზიტი აღმოჩნდა.
მილანის ედიქტი
313 წელს კონსტანტინემ თავის მოკავშირე ლიცინიუსთან ერთად გამოაქვეყნა მილანის ედიქტი - რჯულშემწყნარებლობის აქტი, რომლითაც ქრისტიანობა საყოველთაოდ აღიარებულ რელიგიად გამოცხადდა, მოხდა მისი ლეგალიზაცია.
ამ ედიქტით ქრისტიანობა, რომელიც მანამდე აკრძალული და დევნილი რელიგია იყო, უკვე თანაბარი უფლებების მქონე რელიგიად არის მოაზებული სხვა რელიგების გვერდით. სწორედ კოსტანტიტნემ გამოსცა ბრძანება, რომ ის ქონება რაც ქრისტიანებს წაართვეს დევნის პერიოდში, დაებრუნებინათ მათთვის.
მილანის ედიქტი ცალსახად მაინიშნებდა - "თავისუფლება რელიგიაში არ უნდა იზღუდებოდეს, პირიქით - ყველას გულსა და გონებას უნდა მიეცეს უფლება იზრუნოს ღვთიურ საგანზე თავისი ნების მიხედვით".
აი, კიდევ ერთი ფრაგმენტი მილანის ედიქტიდან: "გადავწყვიტეთ, ჩვენს იმპერიაში მცხოვრებ ქრისტიანებს და სხვა ხალხებს მივცეთ სრული თავისუფლება თავადვე გადაწყვიტონ რომელი სარწმუნოება აირჩიონ. ყველა ადამიანს აქვს უფლება ქრისტიანი გახდეს, ჩვენ არ შევზღუდავთ არცერთ რწმენას, არც ერთ სარწმუნოებას არ დავუშლით არავის. სწორედ ამიტომაც ქრისტიანების მიმართ დავადგინეთ: ვისაც ჩვენი ხაზინიდან ან სხვა ვინმესგან შეუძენია ადგილები, სადაც წინათ ქრისტიანები იკრიბებოდნენ, ის ადგილები უკან უნდა დაუბრუნდეთ ქრისტიანებს უსასყიდლოდ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე."
ამ ედიქტით არ ჩანს, რომ ქრისტიანობა პრივილეგირებული რელიგია ხდება, თუმცა, ესეც ბუნებრივია. ჯერ საჭიროა მისი გათანარება სხვა რელიგიებთან, მისი არსებობის აღიარება, რაც შეეხება პრივილეგირებულად აღიარებას, ეს შემდგომი ნაბიჯია იმპერატორის მხრიდან.
მილანის ედიქტში უკვე იკვეთება გარკვეული წინაპირობა ამისა, - ის რომ უსასყიდლოდ დაუბრუნებენ ქრისტიანებს ადრე წართმეულ ქონებას, ეს მარტო სამართლიანობის აღდეგნის მცდელობა არ არის. იგრძნობა, რომ ამას უფრო მნიშვნელოვანი და ქრისტიანთათვის სასურველი გადაწყვეტილებებიც მოჰყვება.
კონსტანტინემ კარგად გათვალა, რომ მისი ასეთი ნაბიჯით საყოველთაოდ მოიგებდა ქრისტიანების გულს, ამიტომაც გარდა ჯარისა და სახელმწიფო მოხელეებისა, სწორედ ქრისტიანებიც ეგულებოდა საკუთარი პოლიტიკის მხარდამჭერებად.
როგორ ჩამოიშორა კონსტანტინემ ლიცინიუსი
რომის იმპერიას კონსტანტინე ლიცინიუსთან ერთად მართავს. თავდაპირველად ეს მმართველობა ჰარმონიულია, ორივე იმპერატორი ერთი იდეითაა დამუხტული. თავად მილანის ედიქტსაც, რაც თავისი ხასიათით შეიძლებოდა ყველაზე დიდი უთანხმოების მიზეზი ყოფილიყო, ორივე აწერს ხელს. ჩანს რომ სახელმწიფოს განვითარების კონცეპტუალური მოდელი ორივეს ერთნაირად აქვს გააზრებული.
თუმცა სიტუაცია მაინც აირია - ლიცინიუსსა და კონსტანტინეს შორის უთანხმოება |ქ ს-ის 20-იანი წლებიდან იწყება. თავდაპირველად ორმა იმპერატორმა გაიყო იმპერია - ლიცინიუსს აღმოსავლეთი ერგო, კონსტანტინეს - დასავლეთი, მიუხედავად ამისა, მათ შორის მაინც მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა - 324 წელს თანამედროვე სტამბულთან, იმჟამად ქალაქ ბიზანტიის მისადგომებთან, სადაც, სხვათა შორის, ქართლის მეფეც იბრძვის ლიცინიუსის მხარეს.
ლიცინიუსმა წააგო ეს შერკინება და ტყვედ ჩაბარდა კონსტანტინეს, ერთი წლის ტყვეობის შემდეგ კონსტანტინემ ლიცინიუსის მოკვლა ბრძანა. ბრძანების აღსრულების შემდგომ, 324 წლიდან კონსტანტინე რომის იმპერიას ერთპიროვნულად მართავდა.
ორსახოვნება კონსტანტინე დიდისა
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანულმა ეკლესიამ კონსტანტინე წმინდანად აღიარა, იმპერატორი ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულიადაც არ ყოფილა უნაკლო და მისაბაძი. ამას მოწმობს ის საკმაოდ დამთრგუნველი ისტორიები, მისი ცხოვრების ეპიზოდებად რომ შემოგვინახა ჟამთააღმწერელმა
ცნობილია, რომ კონტანტინემ 326 წელს დესპოტური ხასიათის გამო მოკლა თავისი უფროსი შვილი კრისპა, რომელიც დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში (შემდგომში აღმოჩნდა, რომ კრისპა უდანაშაულო გახლდათ), ასევე სასტიკად მოექცა თავის მეორე ცოლს ფაუსტას, რომელთანაც ექვსი შვილი ჰყავდა - დაახრჩო იგი აბანოში, მოკლა თავისი ძმისშვილი ლიცინიუს უმცროსი.
ის სასტიკი და შეუვალი იყო მექრთამეების მიმართ. გამოსცა ბრძანება, რომ კოცონზე დაეწვათ ის მოხელეები, რომელსაც მექრთამეობაში შეამჩნევდნენ. ამის პარალელურად კონსტანტინემ შეამცირა პატიმრობის ვადები, სამუდამოდ აკრძალა ჯვარზე ადამიანების გაკვრა.
საგულისხმო ფაქტია, რომ სიცოცხლის ბოლომდე ის წარმართად დარჩა, ქრისტიანობა სასიკვდილო სარეცელზე მიიღო მხოლოდ, სწორედ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში გააქრისტიანა კონსტანტინე არიანელმა ეპისკოპოსმა ევსევი ნიკომედიელმა, არადა საცნაური სწორედ ისაა, რომ ევსევის ნიკეას საეკლესიო კრებაზე, 325 წელს, სწორედ კონსტანტინეს უშუალო ინიციატივით ბრალი დასდეს ერეტიკოსობაში.
კონსტანტინე გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. მისი ცხედარი გადაასვენეს კონსტანტინოპოლში და 12 მოციქულის მონასტერში დაკრძალეს.
ქრისტიანული ეკლესიის მიმართ დიდი დამსახურებისათვის მას კონსტანტინე დიდად მოიხსენიებენ, კონსტანტინე დიდი წმინდანად და მოციქულთა სწორად აღიარეს.