თამარის გამეფება დღემდე რჩება საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ სადავო და საჩოთირო თემად. ყ|| ს-ის შუა ხანებისას დაწყებული სამეფო კარის ინტრიგები დასრულდა იმით, რომ გიორგი |||-მ არნახული სისასტიკე ჩაიდინა, საკუთარ ძმისშვილ დემნას, რომელსაც მეფობაზე კანონიერი პრეტენზია გააჩნდა, თვალები დასთხარა და დაასაჭურისა, ერთი წლის შემდეგ კი ტახტზე თავისი 12 წლის ქალიშვილი თამარი აიყვანა თანამესაყდრედ.
ეს ამბავი 1178 წელს ხდება...
1184 წელს, მაშინ, როცა გიორგი მესამე გარდაიცვალა, 18 წლის თამარმა დაიკავა ტახტი. საქართველოს ისტორიაში ეს იყო ქალის გამეფების პირველი შემთხვევა, ამიტომაც ფეოდალთა უმრავლესობა, რომელთაც საკუთარი სამფლობელოს გაძლიერება უნდოდათ, ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს დასუსტების ხარჯზე, იმედით შეჰყურებდა მომავალს.
1177 წლის შემდეგ ბევრი დიდგვაროვანი საგულდაგულოდ რომ ნიღბავდა თავის მისწრაფებებს, ამჯერად სააშკარაოზე გამოვიდა. გამოუცდელი 18 წლის ქალი, როგორც მეფე, მათ წარმატების მოპოვების გამორჩეულ ილუზიას უქმნიდა.
როგორ აღმოჩნდა კათალიკოსი მიქაელი ქვეყნის ფაქტობრივი გამგე
გიორგი |||-ის გარდაცვალებამ ერთ საკმაოდ საჩოთირო საქმესაც დაუდო სათავე. თამარს აქტიურად დაუპირისპირდა კათალიკოსი მიქაელ მირიანის ძე, რომელიც კათალიკოსის ტახტზე გიორგი |||-ის გარიგების შედეგად ავიდა.
მას შემდეგ, რაც გიორგი |||-მა თვალები დასთხარა და დაასაჭურისა საკუთარი ძმისშვილი, ტახტის კანონიერი მფლობელი დემნა უფლისწული, იმ დროს კათალიკოსად მყოფმა ნიკოლოზ გულაბერის ძემ არ ისურვა, მონაწილეობა მიეღო გიორგი |||-ის მეფედკურთხევაში, მიატოვა ტახტი და ათონში გაემგზავრა. სამაგიეროდ კათალიკოსის კვართხს დახარბდა მიქაელ მირიანის ძე, რომელმაც მეფის მხარდაჭერით ჩაიგდო ხელში უმაღლესი სასულიერო თანამდებობა. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მიქაელის ქვენა ზრახვებისათვის კათალიკოსის ტახტი სრულიადაც არ აღმოჩნდა საკმარისი.
დიდგვაროვნებს ყველაზე გავლენიანი თანამდებობის - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობის ხელში ჩაგდება სურდათ, ამიტომაც დაუნდობელი ბრძოლა დაიწყეს გიორგი |||-ის უერთგულეს ვაზირ ანტონ გნოლისთავის ძის წინააღმდეგ.
იერიში ჯერ მის ძმებზე მიიტანეს - კახაბერის ძეთა სახლიშვილებმა ორი ძმა დაუხოცეს ანტონს, შემდეგ კი კათალიკოსმა მიქაელმა თამარის გარემოცვის ხელშეწყობით შეძლო ამ თანამდებობასაც დაპატრონებოდა.
ის ფაქტი, რომ საკმაოდ აქტიური და მომხვეჭელობით სახელგანთქმული საეკლესიო უმაღლესი პირის ხელში მოიყარა თავი საერო და სასულიერო ძალაუფლებამ, იყო დასტური უმძიმესი ფონისა, რომელიც თან სდევდა თამარის მეფობის პირველ წლებს. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ შექმნილიყო ილუზია თამარის როგორც სამეფოს მმართველის, მით უფრო მეფე-ქალის სისუსტეზე.
რატომ გახდა საჭირო თამარის ხელახალი მეფედ კურთხევა
დიდგვაროვნებმა თავიანთი ძალისა და გავლენის დემონსტრირება კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს და მოითხოვეს, თამარი ხელმეორედ კუთრთხეულიყო მეფედ. ამ მოთხოვნას სამეფო დარბაზი დაეთანხმა.
რეალურად საქმის არსს თუ სიღრმისეულად განვიხილავთ, ეს სრულიადაც არ იყო საჭირო, რამდენადაც ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში - 1178 წელს გიორგი |||-მ გადაწყვიტა 12 წლის თამარი თანამესაყდრედ აეყვანა, რაც შესაბამისი საეკლესიო თუ საერო წესითაც აღესრულა.
ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ არა მარტო განემტკიცებინა გიორგის იმ დროს 12 წლის თამარის - როგორც მისი თანამოსაყდრის კანონიერი უფლებები, არამედ იმისთვისაც, რომ შემდგომში აეცილებინა მისთვის საკმაოდ საჩოთირო და უხერხული მომენტი - მეფის კურთხევის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი გახლდათ დიდგვაროვან აზნაურთაგან ხელისუფლების სიმბოლური გადაცემა.
თავიდანვე გათვალა გიორგი |||-მ, რომ თამარის ერთპიროვნულ მმართველობას დიდი წინააღმდეგობები შეხვდებოდა, ამიტომაც წინასწარ დაიჭირა თადარიგი, თუმცა, სამეფო დარბაზმა დიდებულთა მოთხოვნით სხვაგვარად განსაჯა. ახლა ისევ ითხოვენ დიდებულები მეფის კორონაციას. თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ფეოდალები, სადაც კი შანსი ეძლევათ, ყველგან ცდილობენ საკუთარი ძალის ჩვენებას, იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმას, რომ სამეფო რეგალიებსა და უფლებებს მეფე მათი ხელდასხმით, მათი ხელიდან იღებს.
მეფედკურთხევისას განსაკუთრებულად მკვეთრადაა ხაზი გასმული ძველი ფეოდალური გვარების მნიშვნელობას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია მეფისთვის ხმლის "მოღება" და დადება. სწორედ ფეოდალები გადასცემენ მეფეს ძალაუფლების სიმბოლოდ მიჩნეულ თავიანთ ხმალს. თამარის მეფედ კურთხევისას ეს ცერემონიალი დასავლეთ საქართველოს გავლენიანი გვარების - ვარდანის ძეთა, საღირის ძეთა და ამანელის ძეთა მონაწილეობით შესრულდა.
საყურადღებოა, რომ თავის დროზე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა დემეტრე |, რომელიც მამამისმა დავით აღმაშენებელმა თანამოსაყდრედ აიყვანა, თუმცა, დავითის გარდაცვალების შემდეგ ჩვეულებრივი მეფედკუთხევის ცერემონიალი შედგა, სადაც ხმლის მომღებნი დასავლეთ საქართველოს გავლენიან ფეოდალთა წარმომადგენლები ვარდანის ძეები იყვნენ. ეს ყველაფერი დაწვრილებითაა აღწერილი მაცხვარიშის ფრესკულ გამოსახულებასა და წარწერაში.
ამდენად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ თამარის ხელახალი კურთხევა კანონიკური წესებით დადგენილი ცერემონიალია და დიდებულები ამით სრულიადაც არ აყენებენ ეჭვქვეშ თამარის, როგორც მეფის კანონიერ უფლებებს.
მსხვერპლად შეწირული მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა
თუმცა, მოვლენებს თუ უფრო სიღრმისეულად შევხედავთ, ვნახავთ, რომ მთლად ასე მარტივადაც არ უნდა იყოს საქმე - ის, რომ თამარი იძულებული გახდა საკუთარი გარემოცვის რჩევით ოპოზიციისთვის მსხვერპლად შეეწირა სამეფო კარზე უმნიშვნელოვანესი თანამდებობა - მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა და მისთვის არასასურველი პიროვნებისთვის კათალიკოს მიქაელისთვის დაეთმო, ერთგვარი კომპრომისი უნდა იყოს იმ მიზნით, რომ მეფედკურთხევის ცერემონიალმა ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიაროს.
რამდენად სურდა გიორგი |||-ს დადგენილი წესის შეცვლა - თანამოსაყდრედ აყვანილი მეფის ერთპიროვნული მმართველობის შემთხვევაში ხელახლა აღსაყდრების თავიდან აცილება, რთული სათქმელია, თუმცა, ფაქტია, რომ გიორგი წინასწარ კარგად ხედავდა, რა ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა მისი ერთადერით მემკვიდრე როგორც ერთპიროვნული მმართველი და ბუნებრივია, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მისთვის იოლად განსაჭვრეტი ეს უმძიმესი ფონი შეძლებისდაგვარად შეემსუბუქებინა.
ამბავი ყუბასარისა და აფრიდონისა
თამარის მეფედ კურთხევის შემდეგ ახალი შეტევა დაიწყო სამეფო ხელისუფლებაზე. უნდა ითქვას, რომ წინასწარ იყო პროგნოზირებადი ის, რომ დიდებულები, რომელთაც პოზიციები დათმეს 1177 წლის დემნა ბატონიშვილის აჯანყების შემდეგ, ასე მარტივად არ დაყრიდნენ ფარ-ხმალს. თამარის გამეფებისას მათთვის სასურველი მომენტი დადგა, მათ მიიჩნიეს, რომ დრო იყო, ძალაუფლების დაბრუნებისთვის დაეწყოთ ბრძოლა. ოპოზიცია ერთმანეთს შეეკრა, მათ დაიფიცეს, რომ აღარ აიტანდნენ უგვანოთა პარპაშსა და ბატონობას.
სამიზნედ დიდებულებმა გიორგი |||-ის დროს დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები - ვაზირებად დაწინაურებული ყუბასარი და აფრიდონი ამოიღეს. იმდენად კატეგორიული და ერთსულოვანი იყო ოპოზიციის მოთხოვნა, რომ თამარი, მიუხედავად ერთგული ვაზირებისადმი დიდი სიმპათიისა, ვერაფერს გახდა.
საგულისხმოა, რომ ყუბასარიც და აფრიდონიც მას შემდეგ დაწინაურდნენ ქართველთა სამეფო კარზე, რაც დემნა უფლისწულის აჯანყების დროს მხარში დაუდგნენ გიორგი |||-ს. გარდა დაწინაურებისა, გიორგიმ აჯანყებულთა ჩამორთმეული მამულებიც გადასცა მათ - ყუბასარს - ლორე, აფრიდონს - თმოგვი.
ყუბასარი სამეფო კარზე აღზრდილი გაქრისტიანებული ყივჩაღი გახლდათ, აფრიდონი კი აზნაურის ყმა იყო. მეფემ აფრიდონის ერთგულება სათანადოდ დააფასა და უგვანო და უჩინო მსახურთუხუცესად დანიშნა. გარდა ამისა, აფრიდონს უბოძეს ქვაბულის ძეთა ყოფილი მამული, მათ შორის - თმოგვის ციხე და თრიალეთი.
ურთულესი აღმოჩნდა თამარისთვის ყუბასარისა და აფრიდონის გადაყენების პროცესი. საქმე ის იყო, რომ მათ ერთგულებაში არც თავად ეპარებოდა ეჭვი, პირიქით, დარწმუნებულიც იყო, რომ მათი სახით უერთგულესი ხალხი ჰყავდა გვერდით, თუმცა, ვერც მამის შემართება აღმოაჩნდა და მოწინააღმდებებს დაუთმო.
საგულისხმოა, რომ ყუბასარი, რომელსაც ორი თანამდებობა ეჭირა, იმხანად ლოგინად ჩავარდნილიყო, ფეხი წართმეოდა და ვეღარც ლაპარაკობდა. ამ სიტუაციაში იყო გარკვეული ლოგიკა - უენო და დავრდომილმა კაცმა მანდატურთუხუცესობა და ამირსპასალარობა როგორ უნდა იტვირთოსო. ამიტომაც დაჰყვა დიდგვაროვანთა ნებას თამარი, გადააყენა ყუბასარი, ჩამოართვა ლორეს ციხე, თუმცა, საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ სიკვდილის პირას მყოფი ყუბასარისთვის თამარს მეფური პატივი და მზრუნველობა არ მოუკლია სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე.
აფრიდონთან მიმართებაში კი სხვაგვარად, უფრო რთულად გახლდათ საქმე, ეძნელებოდა თამარს ერთგული მსახურისთავის დამსახურებულად მოპოვებული თანამდებობისა და მამულის, მათ შორის თმოგვის ციხის ჩამორთმევა, მაგრამ სამწუხაროდ სხვა გზა არ აღმოჩნდა.
სხვა გზა სისხლსა და დაპირისპირებაზე გადიოდა, რაც ახლად აღსაყდრებული მეფისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო.
საიდან იღებს სათავეს თამარის მმართველობის მშვიდობიანი პრინციპი
როდესაც ვამბობთ, რომ სხვა გზა არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ეს პირობითია. ბუნებრივია, იყო სხვა გზაც - გზა, რომელიც ძალადობასა და სისხლის ღვრაზე გადიოდა, თუმცა, ეს იმდენად მიუღებელი იყო თამარისათვის, რომ მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშიც კი არ განიხილავდა.
თამარის ასეთ განწყობას, ასეთ პრინციპულ დამოკიდებულებას ჰქონდა თავისი წინაპირობა. 1177 წელმა მძიმე კვალი დააჩნია მის ფსიქოლოგიას. ურთულესი გახლდათ 11 წლის გოგონასათვის იმის ყურება, რაც მის გარემო ხდებოდა. სისხლში ჩახშობილი აჯანყება, სიკვდილისათვის განწირული მისი ბიძაშვილი, რომელსაც კანონიერად ეკუთვნოდა სამეფო ტახტი, უმძიმეს ფსიქოლოგიურ განწყობებს ქმნიდა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია 11 წლის გოგონაზე, რომლისთვისაც არ შეიძლებოდა, ამ ამბებს მძიმე კვალი არ დაეჩნია.
მუდმივმა სინდისის ქენჯნამ და და მამამისის დანაშაულის შეგრძნებამ მეფე სანიმუშო ქრისტიანად ჩამოაყალიბა - მთელ მის ცხოვრებას აჩრდილივით გაჰყვა დემნას ხატება...
თამარისათვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა გიორგი |||-ის დამახასიათებელი სიმკაცრე, ის ხვდებოდა, რომ გამარჯვება მარტო სისხლსა და ფიზიკურ დაპირისპირებას არ მოჰქონდა. ის ხვდებდა ინტუიციურად, რომ შეიძლებოდა მოწინააღმდეგე მაშინაც დაგემარცხებინა, როცა მას ფიზიკურად არ დაუპირისპირდებოდი, როცა სისხლისღვრას თავს აარიდებდი.
ეს პრინციპი წითელ ზოლად გაჰყვა თამარის საშინაო პოლიტიკას, მისი მმართველობის მთელ პერიოდს.