თამაზ აქუბარდია
თუ არ ვცდები, 20 წლის წინ, ჯერ კიდევ ნაკლებად გათვითცნობიერებულს საპარლამენტო კულუარულ და წყალქვეშა დინებებში, ჩემთან კომიტეტში მოვიდა ერთი ადამიანი და ასეთი ინფორმაცია მომაწოდა, - არის ერთი პიროვნება, რომელსაც შეუძლია 1 მილიარდი დოლარის სესხი აიღოს უცხოეთში, რისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იქნება უბრალოდ ერთი ფარატინა საგარანტიო წერილი, რაც უბრალო ენაზე რომ გადავთარგმნოთ, იმას ნიშნავს, რომ თუ ვალი არ დაუბრუნდებოდა კრედიტორს, სახელმწიფოს, როგორც მეწველ ძროხას, მოუწევდა მისი გადახდა და ამ კომბინაციის ყველა მონაწილე უსაზღვროდ მდიდარი გახდებოდა.
შესაძლოა, სავალუტო ფონდი ჩვენთან მიმართებაში, ბევრ საკითხში, ნებსით თუ უნებლიეთ, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ შეცდომებს უშვებდა (რაც თავის დროზე ძალიან კარგად აღწერა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ თავის წიგნში), მაგრამ ერთ საკითხში კი ნამდვილად სწორი იყო, - იგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ სახელმწიფო გარანტიები კერძო პირთა მიერ აღებულ სესხებზე არ გაცემულიყო.
ეს, სრულიად მისაღები და სახელმწიფოს მდგრადობაზე გათვლილი მოთხოვნა, ჩემი აზრით, სავალუტო ფონდის მიერ პოზიტიური გადაწყვეტილების ძალიან კარგი მაგალითია. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდა ქვეყანა იმ პერიოდში, როცა გაქანებული აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული ქვეყანაში, ველური კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელი ყველანაირი სისაძაგლით და მანკიერებით. მაგალითებისათვის შორს წასვლა არ არის საჭირო. გავიხსენოთ თუნდაც თურქმენეთთან გაზის ვალის გასტუმრებასთან დაკავშირებით წარმოებული, შეიძლება ითქვას, საუკუნის აფერა.
ცხადია, ამ მხრივ, ჩვენ სულაც არა ვართ გამონაკლისები. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი და მასთან დაკავშირებული, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობები, საფრანგეთის პრეზიდენტები, - ჟაკ შირაკი, თუ ნიკოლა სარკოზი, გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი, დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტი ტონი ბლერი და სულ უკანასკნელი სკანდალი ფეხბურთის სამყაროში. აღარაფერს ვამბობ თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებთან დაკავშირებულ სკანდალზე.
ამდენად, ეს მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ცოდვა არ არის და თუ დიდი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნები დღესაც მთელი ძალისხმევით ებრძვიან ადამიანის მანკიერი ბუნებისათვის დამახასიათებელ კორუფციულ გადაცდომებს, რისი მაგალითიც ზემოთ მოხსენიებული უმაღლესი თანამდებობის პირების ცოდვების გამოაშკარავებაა, ჩვენც, შეძლებისდაგვარად უნდა ვებრძოლოთ ამ ქვეყნის წინსვლის დამაბრკოლებელ უმთავრეს მიზეზს.
თუმცა, ყველამ თავის ცოდვებს მიხედოს და ჩვენ ჩვენსაზე ვილაპარაკოთ. ამ ფონზე, სრულიად ბუნებრივია, რომ წინა ხელისუფლების მმართველობისას ჩადენილი ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებები საკანონმდებლო სფეროშიც ასახულიყო და ისეთი კანონები მიეღოთ, და იღებდნენ კიდეც, რომ საკმაოდ გონივრული ეჭვი აღეძრას ნებისმიერ, ცოტად თუ ბევრად ამ საკითხებში ჩახედულ ადამიანს, რომ აქ კორუფციული საქმიანობისათვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია.
ცხადია, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის გასაკვირი ისიცაა (სამართლიანობის არაღდგენა მაქვს მხედველობაში), რომ ახალმა ხელისუფლებამ, შესაძლოა, სულ არაფერი არა, მაგრამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ კორუფციის ის ფორმა, რაც წინა ხელისუფლებამ ფილიგრანული საკანონმდებლო ცვლილებებით მხოლოდ მაღალჩინოსანთა ვიწრო წრისათვის ხელმისაწვდომი გახადა, და რასაც დღეს ე.წ. "ელიტარულ კორუფციას" უწოდებთ, გამოსწორებულიყო.
ერთი მაგალითი, რომლის უნებლიე მოწმეც პარლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე გვხდი, მინდა მკითხველის სამსჯავროზე გამოვიტანო. საკითხი ეხება კანონის პროექტის "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ასე არის ჩამოყალიბებული:
"2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს განსაკუთრებული უფლება საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციით:
ბ) საქართველოსა და სხვა ქვეყნების საფინანსო ორგანიზაციებს მისცეს კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიები ეროვნული და სხვა კონვერტირებადი ვალუტით, რომელიც გამოეყოფათ საქართველოს ეკონომიკურ აგენტებს საკუთრების ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის მიუხედავად."
შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ დღევანდელი ფინანსთა მინისტრი ამ მუხლს (რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში მიღებული ნამდვილად არ უნდა იყოს) ბოროტად გამოიყენებს, რადგან მისი პატიოსნების დასტურად ისიც საკმარისია, რომ წინა რეჟიმის დროს ის სულ ერთი კვირა იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ისე უსინდისოდ გაიმეტეს განტევების ვაცად, რომ ესეც საკმარისია მისი პატიოსნების დასტურად, მაგრამ ამ მუხლში რომ კორუფციისათვის ნოყიერი ნიადაგია, ვერავინ გადამარწმუნებს.
შეურაცხყოფილად რომ არავინ იგრძნოს თავი და, ამასთან, თუ ზემოთ მოყვანილ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების პირთა მიერ ჩადენილ ცოდვებსაც მივიღებთ მხედველობაში (რომელთა მიერ ჩადენილი ცოდვების კონკრეტიკისგან თავს ვიკავებთ, თუნდაც პოლიტკორექტულობის დაუწერელი კანონის გამო), წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ხართ ფინანსთა მინისტრი ( მაინცდამაინც ფინანსთა მინისტრი მხოლოდ იმიტომ ავიღეთ, რომ, როგორც ზემოთ მოყვანილი კანონის მუხლშია განმარტებული, ეს ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებულ უფლებას წარმოადგენს) და იცით, რომ არჩევნების შემდეგ დიდი ალბათობით თანამდებობას დატოვებთ.
თუ მეხსიერება არ მღალატობს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც განთავისუფლებული ფინანსთა მინისტრი ისევ დაუბრუნდა თავის სკამს, ხოლო დანარჩენები პოლიტიკურ მოუსავლეთში წავიდნენ და როგორ ფიქრობთ, ამ დიდებულ მუხლს არ გამოიყენებთ პირადი გამდიდრებისათვის? და ვინმე დამაჯერებს, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს მუხლი არ იქნა გამოყენებული, ან მომავალში არის იმის გარანტია, რომ ამას პირადი გამდიდრებისათვის არავინ გამოიყენებს.
იმით თავის მართლება, რომ ეს მსოფლიო ბანკთან შეთანხმების საფუძველზე ხდება და ამით ინვესტიციების მოზიდვას ვუწყობთ ხელს, არგუმენტად არ გამოდგება და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ წინა ხელისუფლების ნაცოდვილარი თავის მიმზიდველობას არც ახლა ჰკარგავს.
ინსტიტუცია ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ ამის საშუალებას კანონი არ იძლეოდეს, თორემ თუ კანონში ხვრელი ინახა, და გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან საშიში ხვრელია, ყოველთვის გამოჩნდებიან ენერგიული ადამიანები, რომლებიც ამ კანონს, როგორც მიხეილ ჯავახიშვილის გმირი იტყოდა, - "გააიმასქნებენ". ჩემი აზრით, სახელმწიფო გარანტიების გაცემა კერძო პირების მიერ კრედიტების აღებაზე ქვეყნისათვის საზიანო ნორმაა და მხოლოდ ერთპიროვნული მმართველის მანკიერი აზროვნების მქონე თავში შეიძლებოდა დაბადებულიყო და იგი აუცილებლად უნდა გაუქმდეს.