გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების წინააღმდეგ გამოდიან. როგორც გერმანული გამოცემა "ბილდი" წერს, შესაბამისი განცხადებები ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკში გაკეთდა, რომლის თავმჯდომარეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია.
როგორც ბლოკის წარმომადგენელი, ბუნდესტაგის დეპუტატი არმინ შუსტერი აცხადებს, თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან გერმანიაში ორგანიზებულ დანაშაულში სხვა უცხოელებზე მეტად არიან ჩართული. გერმანიის სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს გერმანიაში ბინის ძარცვის 167 000 ფაქტი განხორციელდა, აქედან უმრავლესობა სწორედ ქართულმა მაფიამ ჩაიდინა.
როგორც გერმანიის კრიმინალური პოლიციის მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე ანდე შულცი "ბილდთან" საუბარში აცხადებს, ქართული მაფია "მიზანმიმართულად აგზავნის საქართველოდან გერმანიაში კრიმინალებს", რის შემდეგაც აღნიშნულ პირებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაზე შეაქვთ განაცხადი და სანამ შესაბამისი სტრუქტურა მათ საქმეს განიხილავს, დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიან.
დეპუტატი ჰანს-პეტერ უჰლი კი ასკვე "ბილდთან" საუბარში აცხადებს, რომ ამჟამად საქართველოსთვის ვიზების გაუქმებაზე თუ ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის.
როგორ ფიქრობთ, გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ძალების პოზიცია გავლენას იქონიებს თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მე ვაკვირდები, როგორც ჟურნალისტი და მგონია, რომ გარკვეულწილად რუსული ლობი კარგად მუშაობს გერმანიში. შეიძლება ინფორმაციას აწვდიან ისინი და ეუბნებიან - ნახეთ, რა მდგომარეობაა საქართველოში, იგივე სასამართლო სისტემა, "რუსთვი 2" და აშ.
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელიც ევროპაში ძალაუნებურად იწვევს, რომ არ შეგიშვან ევროპულ ოჯახში. ამის ხელშემწყობი ვიცით, რომ ძალიან ბევრი გვყავს. ამიტომაც ვამბობდით, რომ ჩვენმა ხელსუფლებამ ზედმიწევნით სწორად უნდა გაიაროს ეს გზა. სწორედ ამაშია საქმე, რომ არ გადიან ამ გზას ფრთხილად.
ევროკავშირში წამოდგება ვიღაც ფეხზე და იტყვის - დავფიქრდეთ აბა, ეს ქვეყანა თავისი სამართლებრივი გზით, ნორმალურ მდგომარეობაშია?! მთავარია ჩვენ საბაბი არ მივცეთ. სამწუხაროდ, მოკავშირეები მათ ჩვენი ქვეყნის შიგნით ჰყავთ, ქვეყნის გარეთ ვერავინ ვერაფერს დაგვაკლებს.
მე ხანდახან ვფიქრობ, ადამიანების გარკვეული ნაწილი სპეციალურად ხომ არ აკეთებს-მეთქი ამას, რომ არ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია?! ჩვენ ძალიან მაგრად უნდა დავუდგეთ ამ ყველაფერს, რომ არ გაუვიდეთ. გვეღირსოს იქნებ ეს ნანატრი ვიზალიბერალიზაცია."
ქეთი ბექაური (იურისტი): "მე არ ვიქრობ, რომ მარტო გერმანიის პოზიციით გადაწყდება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება. ასე ხელაღებით თქმა, რომ ქართული დაჯგუფებები არიან, არამგონია, რომ ეს ზუსტი ინფორმაცია იყოს, ეს გადმოწმებას საჭიროებს. იმიტომ, რომ ემიგრანტები ძალიან ხშირად არ რეგისტრირდებიან თავიანთი ზუსტი მონაცემებით და არ არის გამორიცხული, რომ არ იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები.
მეორეც, ასოცირების ხელშეკრულებით რაც გათვალისწინებული იყო, საქართველომ ყველა პუნქტი პირნათლად შეასრულა და წესით, არაფერი უნდა დაუდგეს წინ ამ პროცესს."
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "სინანული მინდა გამოვთქვა იმიტომ, რომ გერმანიაში კრიმინალური დაჯგუფება მარტო ქართული წარმოშობის არ იქნება, აქ სხვა ქვეყნებიც იქნებიან და ვიზალიბერალიზაცია ამ კრიმინალურ დაჯგუფებებთან არ უდნა იყოს დაკავშირებული.
ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ პროცესი შეჩერდა, ეს უფრო მძიმე შედეგების მომტანი იქნება არამარტო საქართველოსთვის, არამედ თვითონ ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და იმედი მაქვს, დასავლელი პოლიტიკოსები დააჯერებენ გერმანულ პარტიებს, რომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭება საქართველოსთვის აუცილებელია."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "შეიძლება მათ რამე შენიშვნები შეიტანონ, მაგრამ მარტო გერმანია მაგის გადამწყვეტი არ უნდა იყოს, წესით, იქ ხომ სხვა ქვეყნებიც არიან და თუ გერმანიას 2 ხმის უფლება აქვს, ეს უკვე რა კომისიაა, მე არ ვიცი."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე