ბიძინა ივანიშვილს ხშირად საყვედურობენ არაფორმალურ მმართველობას, რასაც თავად უარყოფს. მისი ვრცელი წერილის გამოქვეყნების შემდეგ აქტიურად დაიწყო ჟურნალისტებთან შეხვედრა და პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. გუშინ ექსპრემიერი პირდაპირ ეთერში სატელევიზიო ჟურნალისტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა.
დაგრჩათ თუ არა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ შთაბეჭდილება, რომ ეს არაფორმალური მმართველის გამოსვლა იყო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არაფორმალური მმართველობა პირობითი ცნებაა, როდესაც ქვეყანაში პარლამენტი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია. საქმე თუ კომპეტენტურ ადამიანებს ეხება, იქ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას, ქვეყანაში მისი გარკვეული გავლენა იქნება, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა იმის, რომ ის მართვაში პირდაპირ ერევა, არ მჯერა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): რა თქმა უნდა, მისი განცხადებები ამის დასტურია და ასევე იმის დადასტურებაა, რა საშინელ დღეში ვართ ქართველები და ვიქნებით კიდეც, თუ ასე გაგრძელდა. ადამიანი, რომელიც თავის თავზე არ იღებს არანაირ ოფიციალურ პასუხისმგებლობას, ამ დროს ყველაფერს მართავს და თვითკმაყოფილებაში იძირება. წარმოუდგენელია ასეთი თვითკმაყოფილება, ასეთი არაფერი გამიგია. ეს არაა ევროპული ცნობიერება, ესაა რაღაც სხვა, ალბათ უდიდესი ისტორიულ-კულტურული პარადოქსია.
ნინო ლაპიაშვილი (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): თუნდაც ის ფაქტი, რომ ამხელა მნიშვნელობა ენიჭება მის პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ის, რომ ითხოვს, განსაკუთრებული ფორმატი შევუქმნათ ჟურნალისტებთან საურთიერთობოდ, და ფაქტობრივად ამ ფორმატზე ძალიან ბევრი ჟურნალისტი თანხმობას აცხადებს, იმაზე მეტყველებს, რომ არაპროპორციულად დიდი ჩარევა ხდება მისი მხრიდან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
ყველა გამოსვლაში, ფაქტობრივად ყველგან ადასტურებს, რომ მისი ჩარევის ხარისხი ძალიან მაღალია, რასაც მისი გუნდის წევრებიც არ უარყოფენ. ვეჯახებით იმ სიტუაციას, როდესაც გვეუბნებიან, რომ ესაა მოცემულობა და ამას უნდა შევეგუოთ. ამას არაფერი საერთო არ აქვს იმ "გასაოცარ დემოკრატიასთან", რომელსაც ის დაგვპირდა.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): გუშინდელი მისი გამოსვლა არ მინახავს, მაგრამ ვნახე მისი გამოსვლა "პირველი არხით", სადაც, რასაკვირველია, არც ჟურნალისტი არ იყო თავის ადგილას და ვერც ივანიშვილმა ისაუბრა ისე, როგორც ველოდი. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადგინდა ერთი ფაქტორი, რომ რატომღაც ასტროლოგიას ყურადღებას არ აქცევს.
არაერთხელ საგანგებოდ, როგორც გაზეთებიდან, ასევე გადაცემებიდან აღვნიშნე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, რომ პერიოდი, რომელიც 15 მაისიდან დაიწყო და 16 ივნისამდე გასტანს, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია მთელი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ყველას თავი უნდა შეეკავებინა საჯარო გამოსვლებისგან, განსაკუთრებით - ჟურნალისტებთან შეხვედრებისგან. ივანიშვილს ეს რომ მოესმინა, ასე არ გააქტიურდებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე