ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო გადადეს.
მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბერლინში, ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტო ლამერტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება იქნება მალე და იქნება დადებითი.
ოპტიმისტურად ხართ თუ არა განწობილი, რომ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება მალე იქნება? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): მე ვფიქრობ, კი, რადგან რეალურად ევროპელებმა უნდა გააანალიზონ და მიხვდნენ, რომ თუკი ეს პროცესები გაიწელება, ე.წ. რუსული პროპაგანდა საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება. რეალურად ნატოსთან დაკავშირებული ამბები ფერხდება და თუ ამ მხრივაც პროცესები გაიწელება, რუსეთისკენ გადახრილი ადამიანების რიცხვი უფრო გაიზრდება.
ვთვლი, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოოდ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს პროცესები ფერხდება, ალბათ ის არის, რომ ევროპას არ უნდა ამდენი მიგრანტი. საქართველოში წამოჭრილი თემები კი არის მიზეზი იმისა, რომ მთავრობა გალანძღონ, რეალურად ეს არის იმ ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება, არ უნდათ ბევრი ადამიანი დარჩეს ევროპაში.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): არ მგონია, მალე მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამ წელიწადში ეს საკითხი ვერ გადაწყდება და მომავალ წლამდე გადაინაცვლებს მისი განხილვა. რახან ასე შეჩერდა ეს პროცესი, აღარ მგონია, მალე მიიღონ გადაწყვეტილება, ვერც იმას გეტყვით, დადებითი იქნება თუ არა, რადგან მაინცდამაინც ჩახედული არ ვარ. როგორც ვიცი, თავიანთი შიდა პრობლემებიც აქვთ ევროკავშირში, თუნდაც ამდენი ხალხის ჩასვლის გამო. ამიტომ აჩერებენ ამ პროცესებს. გადაწყდება, მაგრამ ალბათ გარკვეული ვადით გადაიდება.
გივი სიხარულიძე (მსახიობი, მწერალი): ყველაფერი მოხდება იმისთვის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია არ მიიღოს. სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ დადებითად განწყობილი ამ საკითხებისადმი, რადგან რომც მოგვცენ, ისეთ უბედურობებს ჩაიდენენ ჩვენები, რომ მაინც შეგვიწყვეტენ ამ ვიზალიბერალიზაციას. ასე რომ, დიდი აღფრთოვანებითა და სიყვარულით არ ვარ განწყობილი ამ პროცესებისადმი.
ჩვენი საზოგადოება, თუ გვყავს საერთოდ საზოგადოება, არ არის მზად ამ ყველაფრისთვის. ჯერ ერთი, ვინც წავა, მათგან ნახევარზე მეტი აღარ დაბრუნდება. გულწრფელად რომ გითხრათ, მაშინ, როცა ჩვენი პარტიები ერთმანეთს ჭამენ, წინასაარჩევნოდ კი ზოგიერთი პარტია მზად არის ერთმანეთს არა პოლიტიკური ბრძოლა გამოუცხადოს, არამედ ხელში იარაღით ერთმანეთი დახოცონ, ასეთ ქვეყანაში რა ვიზალიბერალიზაციაზეა ლაპარაკი?!
ნატო გელაშვილი (მუსიკოსი): დადებითად ნამდვილად ვარ განწყობილი. ყოველ შემთხვევაში, იმედიანად ვუყურებ, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. მე მჯერა, რომ ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს და მალეც, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა/
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე