1453 წლის 29 მაისმა კარდინალურად შეცვალა მსოფლიო ისტორია. კონსტანტინოპოლის დაცემით ახალი ერა დაიწყო. ამ მოვლენამ სულ სხვა რელსებზე გადააწყო ის ტენდენციები, რითაც იმ პერიოდის ევროპის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება იღებდა საზრდოს. კარგად ჩანდა ოსმალეთი ბიზანტიაზე არ შეჩერდებოდა, უახლოეს ხანში მისი სამიზნე თავად ევროპა გახდებოდა.
ბიზანტიის იმპერიის დაცემას მოჰყვა კულტურული ცენტრის გადანაცვლება აღმოსავლეთიდან დასავლეთ ევროპაში. კონსტანტინოპოლის დაპყრობით ოსმალებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები, ამან უდიდესი დარტყმა მიაყენა ევროპულ საქალაქო ცხოვრებას.
ოსმალეთის, როგორც აგრესიული სახელმწიფოს შექმნა ევროპისა და აზიის მიჯნაზე ნიშნავდა იმას, რომ მთელი ევროპა აგრესიის საფრთხის წინაშე იდგა, ამან კი თავისთავად განაპირობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ალტერნატიული სავაჭრო გზების ძიების აუცილელობა. აღნიშნულმა რეალობამ უბიძგა ევროპას ახალი გეოგრაფიული აღმოჩენებისაკენ.
როგორ აღმოჩნდა დამოკლეს მახვილი საქართველოს თავზე
ბიზანტიის დაცემამ თავდაყირა დააყენა საქართველოს რეალური ყოფაც. ის იმპულსები, რომელიც მანამდე ასაზრდოებდა საქართველოს ფუნქციას და როლს საერთაშორისო არენაზე, წარსულს ჩაბარდა.
1453 წლის მოვლენებმა აშკარად დაგვანახა, რომ ერთიანი საქართველოს სასიცოცხლო იმპულსები საზრდოობდა მსოფლიო მასშტაბის იმ სავაჭრო გზიდან, რომლითაც აღმოსავლეთი დასავლეთს უკავშირდებოდა. ამ გზის უსაფრთხოებაზე ზრუნვას საქართველოს ყველა კუთხისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური დივიდენდი მოჰქონდა. შემთხვევითი არ იყო ის, რომ თბილისი აღმოსავლეთის ლიტერატურაში მოხსენიებულია როგორც "სახლი სიხარულისა".
არც ის იყო შემთხვევითი, რომ როცა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ეს გზა გადაიკეტა, საქართველოს ერთიანობის ეკონომიკური საფუძვლებიც მოისპო, რასაც რეალურად ემყარებოდა ერთიანი საქართველოს იდეოლოგიური პოსტულატი. ამიტომაც, სწორედ კონსტანტინოპოლის დაცემა გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ჩვენი სამშობლო მსოფლიო რანგის ქვეყნიდან რეგიონალური მნიშვნელობის ქვეყნად იქცა.
საქართველო მაჰმადიანური სახელმწიფოების გარემოცვაში აღმოჩნდა, ეს კი შუასაუკუნეების რელიგიური ომების ეპოქაში ჩვენი ქვეყნის თავზე დამოკლეს მახვილის აღმართვის ტოლფასი გახლდათ.
კონსტანტინოპოლის დაცემამდე ევროპისა და აზიის დამაკავშირებული სავაჭრო გზა საქართველოსთვის სასიცოცხლო იყო კიდევ ერთი მიზეზის გამო - ეს იყო განსხვავებულ კულტურათა ექსპანსიის საშუალებებიც, რაც თავისებურად გადაიხარშებოდა ქართული რეალობაში და შედეგად ყალიბდებოდა თვითმყოფადი ქართული კულტურა. კონსტანტინოპოლის დაცემამ საქართველოს კულტურული განვითარების ეს გზა მოუსპო.
ევროპული მახე ოსმალთათვის
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ევროპა ოსმალეთის საკითხს დამოუკიდებლად ვერ მოუვლიდა, ამიტომაც გახდა აუცილებელი ანტიოსმალური კოალიციის დაწყება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა რომის პაპი ნიკოლოზ ქ.
ოსმალთა გაძლიერებით განსაკუთრებულად აღშფოთებულნი იყვნენ ბურგუნდიის ჰერცოგი, უნგრეთის, ნეაპოლის, ვენეციის და პოლონეთის მმართველები. საჭირო იყო მტრის მრავალრიცხოვანი ძალის დაქსაქსვა, ამიტომაც დასავლეთიდან ევროპელთა შეტევებს, აღმოსავლეთიდან კოალიციური სახელმწიფოების შეტევა უნდა მოჰყოლოდა. ოსმალთა ძალის დაქსაქსვა ერთადერთი შანსი იყო, ევროპელთა გეგმების წარმატებული განხორციელებისთვის.
ამიტომაც პაპმა ნიკოლოზ ქ განაცხადა კატეგორიულად და საქვეყნოდ, რომ საქრისტიანოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ კონსტანტინოპოლი მუსულმანთაგან ეხსნა. ამ მიმართვის ადრესატი არ იყო მარტო მისი მრევლი - კათოლიკური სამყარო, ის მიმართავდა თავად მართლმადიდებლურ ქვეყნებსა და ეკლესიებს, რომელნიც ბუნებრივია, ამ მოთხოვნას უპირობოდ დაუჭერდნენ მხარს.
ლუდოვიკო ბოლონიელის საგანგებო აღმოსავლური მისია
საჭირო იყო ეს იდეა მისწვდომოდა თავად მართლმადიდებლურ სამყაროს, ამიტომაც პაპი ნიკოლოზ ქ 1454 წელს თავისთან იბარებს ლუდოვიკო ბოლონიელს, ელჩის უფლებამოსილებას ანიჭებს და აღმოსავლეთში საგანგებო მისიით გზავნის. მისიის არსი კი ცხადზე-ცხადია - ლუდოვიკო ბოლონიელმა უნდა დაარწმუნოს აღმოსავლეთის მონარქები ჩაებან ანტიოსმალურ კოალიციაში. თუმცა, სულ მალე ნიკოლოზ ქ გარდაიცვალა და მხოლოდ ახალი პაპის კალიქსტ ||| ტახტზე ასვლის შემდეგ გაგრძელდა ნიკოლოზ ქ დაწყებული საქმე.
ახალი პაპისთვის სრულიად მისაღები იყო ის პოსტულატები და პოზიცია, რაც მის წინამორბედს ჰქონდა, ამიტომაც მცირე შეფერხების შემდეგ ისევ აქტიურად დგება დღის წესრიგში ლუდოვიკო ბოლონიელის მივლინება აღმოსავლეთის ქვეყნებში.
უნდა აღინიშნოს, რომ ლუდოვიკო ბოლონიელის საგანგებო მისიის ერთ-ერთი მთავარი თემა, გარდა ოსმალურ კოალიცაიში ჩაბმისა, გახლდათ ის, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებული ქვეყნები დაერწმუნებინა კათოლიკობა მიეღოთ. ეს იყო, ბოლონიელის აზრით, ჭეშმარიტი რელიგია და სწორედ ამ კოზირის გათამაშებას აპირებდა იგი. ფაქტობრივად, ლუდოვიკო ბოლონიელი მართლმადიდებლებს დიპლომატიურად მიანიშნებდა, უარი ეთქვათ საკუთარ სარწმუნოებაზე.
რატომ შეხვდნენ ლუდოვიკო ბოლონიელს საქართველოში ენთუზიაზმით
ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ამ დიპლომატიური გზავნილისა საქართველო გახლდათ, თუმცა, ბოლონიელის ურთიერთობა ჩვენ ქვეყანასთან ამ თემით არ დაწყებულა.
საქართველოში ევროპელ ელჩს საკმაოდ დიდი სიხარულით შეხვდნენ. ესეც სრულიად ბუნებრივი იყო - ამ დროს დასუსტებულია საქართველო, უკვე კარგად ჩანს ის ტენდენციები, რომ ერთიანი სამეფოს დაშლა შეუქცევადი პროცესია. ასეთ სიტუაციაში საქართველოს როლი მსოფლიო ისტორიაში ერთგვარად მინელებულია და აქ ჩნდება შანსი ქართველებმა მსგავსად წინა საუკუნეებისა, ისევ თქვან თავიანთი სიტყვა მსოფლიო ისტორიაში და კონსტანტინოპოლის გათავისუფლებაში მიიღონ მონაწილეობა.
ასე რომ, ლუდოვიკო ბოლონიელის პირველი ვიზიტი ჩვენთან უფრო გაცნობით ხასიათს ატარებდა, ამიტომაც მას საქართველოში თავისი თავდაპირველი კოზირი არ გაუთამაშებია. ეს იყო ნიადაგის მოსინჯვა იმის გასარკვევად, რამდენად შესძლებდნენ ევროპელები ქართველთათვის თავს მოეხვიათ თავიანთი თამაში, მითუფრო, რომ ინტერესთა თანხვედრა გარკვეული ასპექტით თვალსაჩინო გახლდათ.
ამ პოლიტიკურ თამაშში ყველა ევროპელი ხელისუფალი საქმის გაკეთებას სხვის ხარჯზე ფიქრობდა მხოლოდ. როგორც შემდგომი აღმოჩნდა, სწორედ ეს გახდა ანტიოსმალური კოალიციის არაეფექტური ქმედების თავი და თავი.
ძლევამოსილი ყვარყვარეს ამბიციები
ლუდოვიკო ბოლონიელი საქართველოში ორჯერ ჩამოდის. პირველი ვიზიტისას ის სამცხის ათაბაგს ყვარყვარე ||-ს ხვდება. ყვარყვარეს საკმაოდ დიდი ამბიცია აქვს იყოს ლაშქობის შემთხვევაში აღმოსავლეთის ჯარების მთავრსარდალი, რაზეც ლუდოვიკო ბოლონიელის თანხმობას იღებს, თუმცა, თავის მხრივ, პაპის ელჩი მას მიმართავს ულტიმატუმით, რომ ყვარყვარემ უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა საქართველოს მეფე-მთავრებთან, რომ შიდა დაპირისპირება ამ ეტაპზე არავის არგებს.
როგორც ჩანს, ყვარყვარესათვის ეს თეზა მისაღები აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდისას, როცა ეს საკითხი აქტუალურად იდგა დღის წესრიგში, საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის შიდადაპირისპირება არ ყოფილა.
ჩვენამდე მოღწეულია პაპის კალიქსტ ||| წერილი ყვარყვარე ათაბაგისადმი, რომლიდანაც კარგად ჩანს, რომ რომის ეკლესიის წინამძღოლს ყვარყვარე ძლევამოსილ პიროვნებად მიაჩნია და მასზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს.
ისტორიული დოკუმენტები არ არის შემორჩენილი იმის დასადასტურებლად, შეხვდა თუ არა ლუდოვიკო ბოლონიელი საქართველოს სხვა მეფეებსა და მთავრებს, თუმცა, კარგად ჩანს ჩვენამდე მოღწეული მასალებიდან, რომ ის ზედმიწევნით იცნობს საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას.
რატომ სთავაზობდა რომის პაპი პიუს მეორე კონსტანტინოპოლის დამპყრობელს მსოფლიო იმპერატორობას
ანტიოსმალური კოალიციის ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მხრცოვანი პაპის კალიქს ||| გარდაცვალებამ. პაპის ტახტზე აკურთხეს პიუს ||, რომელსაც განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ანტიოსმალური კოალიციის საკითხთან. ამასთან საქმეზე უარყოფითად იმოქმედა პიუს || და ლუდოვიკო ბოლონიელის დაძაბულმა ურთიერთობამაც.
პაპის კუთრთხევის დროს ლუდოვიკო არ იყო რომში, ამიტომაც რეალურად არ მონაწილეობდა ახალი პაპის არჩევნებსა და იმ ქვედადინებებში, რომლის შედეგადაც პაპის ტახტზე პიუს || მიენიჭა უპირატესობა.
პიუს || შეეცადა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა საერთო ევროპულ საქმედ გამოეცხადებინა. ამ მიზნით 1459 წელს მანტუას კონგრესიც იქნა მოწვეული, რომელზეც პაპმა ყველა დიდი სახელმწიფოს ხელისუფალს სთხოვა დასწრება. განსაკუთრებული პატივი ერგო საფრანგეთის მეფეს, რომელსაც ოქროს ვარდი გაუგზავნა და "უქრისტიანესი ხელისუფალის" ტიტული უბოძა.
საინტერესოა ისიც, რომ თავდ პიუს || საკმაოდ ოდიოზური პიროვნება გახლდათ. სანამ კათოლიკური ეკლესიის მესაჭე გახდებოდა, ის აშკარად ემხრობოდა რეფორმისტულ იდეებს, იმ პერიოდის ევროპაში რომ იყო გავრცელებული, თუმცა, პაპის ტახტზე ასვლისთანავე უგანა თავის თანამოაზრეებს და მათი დევნა დაიწყო. მისი ფანტაზიები საკმაოდ უჩვეულო იყო, მან ოსმალთა სულთანს, კონსტანტინოპოლის დამპყრობელს მეჰმედ || საკმოდ უჩვეულო გარიგება შესთავაზა - თუკი მეჰმედ || კათოლიკურ სარწმუნოებას მიიღებდა, პაპი მას მსოფლიოს იმპერატორად კურთხევას ჰპირდებოდა.
რატომ იყო ევროპული პრიენტაცია საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა
და იწყება მეტად საინტერესო პერიოდი - ქართველ ელჩთა ვიზიტები ევროპაში. პირველად სწორედ აქ შეეჯახა არცთუ სასურველ რეალობას საქართველო - ევროპელ ხელისუფალთა გულცივობამ, მხოლოდ საკუთარი პრიზმიდან მოვლენების განჭვრეტამ აშკარად მიგვანიშნა, რომ ევროპული ქვეყნების მონარქები და პაპები ცალსახად თავიანთ პოლიტიკურ ამბიციებზე ფიქრობდნენ და საქართველოს ბედი ჩირადაც არ უღირდათ. არადა, საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროპული ორიენტაცია გახლდათ. ამასაც თავისი კონკრეტული მიზეზი გააჩნდა
საქმე ისაა, რომ შუა საუკუნეების დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ სარწმუნოებას ეფუძვნებოდა, უმნიშვნელოვანესი გახლდათ რელიგიური ფაქტორი, რამაც ევროპა ერთიან კულტურულ და გეოპოლიტიკურ სივრცედ აქცია. სწორედ ამ რეალობამ განაპირობა ის, რომ საქართველო ევროპისაკენ მიისწრაფოდა. მუსლიმანურ სახელმწიფოების გარემოცვაში მოქცეულ ქართულ სამეფო-სამთავროები მხოლოდ ამ გზით მოაიზრებდნენ მიეღოთ ეროვნული უსაფრთხოების გარანტიები.
ქართველთა გადარჩენის ყველა გზა რომზე გადიოდა...