რამაზ გახოკიძე, ამერიკის ფარმაკოგნოზიის ნამდვილი წევრი, პროფესორი
ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, აგრესიული ქცევა ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ხშირი და არასასიამოვნო სოციალური მოვლენა გახდა. აგრესიას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ასეთია ფსიქოლოგიური მიზეზები: გადაღლა, ქრონიკული უძილობა, შიში, სტრესული სიტუაცია, ნარკოტიკული დამოკიდებულება, ნიკოტინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება; ფიზიოლოგიური მიზეზები - ჰორმონული ცვლილებანი, გამოწვეული ორსულობით, კლიმაქსით, წინამენსტრუალური სინდრომით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით.
სტატიაში საუბარი არ იქნება აგრესიის, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური ფენომენის, ასევე ეთიკურ-ფილოსოფიური საკითხების შესახებ. შევეხებით მხოლოდ ქიმიური მიზეზებით გამოწვეულ აგრესიას. კლიმაქსის პერიოდში ქალების გამაღიზიანებლობას იწვევს ჰორმონული ცვლილებანი და ჰიპოვიტამინოზი (ამ პერიოდში ქალის ორგანიზმს აკლია ი ჯგუფის ვიტამინები, მათ შორის, ნიკოტინისა და ფოლიუმის მჟავები). მამაკაცთა გამაღიზიანებლობა კლიმაქსის დროს გამოწვეულია ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავების შემცირებით. ამ ჰორმონის დეფიციტი მამაკაცებში იწვევს აგრესიას. ამ შემთხვევაში აუცილებელია სრულფასოვანი ძილი (დღე-ღამეში 7-8 საათი). უმძიმეს შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით ტარდება ტესტოსტერონის ინექციები. ტესტოსტერონი მრავალ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი. როგორც კაცებში, ისე ქალებში ჰორმონი იწვევს "სექსუალურ ლტოლვას". ტესტოსტერონი იშლება სხვა ნივთიერებებად (მაგალითად, სიხარულის ჰორმონებად - დოფამინად და სეროტონინად). ტესტოსტერონის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა კუნთოვანი მასის გადიდება (რაც მეტია ჰორმონი, მით უფრო სწრაფად იზრდება კუნთები). ჰორმონის სიჭარბე ნაწილობრივ იწვევს აგრესიას. ჭარბი ტესტოსტერონის დათრგუნვით, თირკმელზედა ჯირკვალი იწვევს სხვა ჰორმონის - კორტიზოლის გამომუშავებას, რომელიც იწვევს აგრესიას. ჰორმონი ესტროგენი აუცილებელია ორივე სქესისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის. იგი პასუხისმგებელია ცხიმის დაგროვებაზე და რძის გამოყოფაზე, ხელს უწყობს დაფეხმძიმებას. მამაკაცებში ესტროგენის მაღალი დონე კატასტროფაა. ჰორმონების პროპორციის დარღვევას (ესტროგენის მომატების მხარეს) შეუძლია გამოიწვიოს "გაბერილი" სხეულის სინდრომი. ისინი, რომელთაც ესტროგენების დაბალი დონე გააჩნიათ, ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. ტესტოსტერონის დაბალი დონე და ესტროგენის მაღალი დონე იზიდავს "გამაბინძურებელ" ნივთიერებებს (მძიმე მეტალთა იონებს, ტოქსინებს, რადიაციას და სხვა).
არსებობს მრავალი ნივთიერება, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის გაზრდა და ესტროგენის დონის დაქვეითება. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანი, რომლებიც აუცილებელია ჰორმონული ბალანსისთვის: კალციუმის გლუკონატი (შედის ბოსტნეულში), თუთია (აუცილებელია ჰორმონის მუშაობისთვის), სელის ზეთი (ხელს უწყობს ნორმალური ფიზიკური მდგომარეობის და ესტროგენის დაბალი დონის შენარჩუნებას, ამუხრუჭებს სიმსივნეების წარმოქმნას), კვერცხი, უჯრედისი (ცხიმებთან ერთად გამოაქვს ესტროგენები, რაც შეუცვლელია მისთვის, ვისაც გახდომა სურს). ჰორმონული ცვლილებანი იწვევს სოციალური ქცევის ცვლილებებს და პირიქით. მაგალითად, პრიმატების ჯგუფს ჰყავთ აღიარებული წინამძღოლი და მათ საერთოდ არ ახასიათებთ აგრესია. თუმცა ლიდერი, დაბერებასთან ერთად, კარგავს თავის ადგილს და ჯგუფში იწყება "ბრძოლა ხელისუფლებისთვის", რომელშიც თითქმის ყველა მამალი ცხოველი ერთვება. ამ დროს მთელ პოპულაციაში მიმდინარეობს მკვეთრი ჰორმონული ცვლილებები. იზრდება კორტიზოლის და ტესტოსტერონის დონე. ამ დროს მატულობს აგრესიისადმი მაიმუნთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობა და იზრდება მათი კუნთოვანი მასა.
აგრესია, როგორც დაავადების სიმპტომი, შეიძლება განვითარდეს შემდეგი პათოლოგიების დროს: ინფექციური დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი, ტრამვით მიღებული სტრესი ზოგიერთი ფსიქიკური დაავადება (ნევროზები, შიზოფრენია, ალცჰაიმერის დავადება). ზოგჯერ აგრესია შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო პრეპარატთა შეუთავსებლობამაც. აგრესიულობის მიზეზი, შესაძლოა, გენეტიკურიც იყოს. ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობა შესაძლებელია მემკვიდრეობით გადაეცეს. გენეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აგრესიულ მამაკაცებს აქვთ დეფექტური გენი, რომელიც განსაზღვრავს განსაკუთრებული ფერმენტის - მონოამინოქსიდაზის მუშაობას, რომლის მოლეკულები ნაწილდება ნერვული უჯრედების შეერთების წერტილის გარშემო. სწორედ ამ წერტილებში ხდება ნერვული იმპულსის გადაცემა ერთი უჯრედიდან მეორეზე განსაკუთრებული "შუამავალი" ნივთიერებების - ნეირომედიატორების საშუალებით. ამიტომ შუამავალ-ნივთიერებათა ნაწილი რჩება უჯრედშორის სივრცეში. აღმოჩნდა, რომ თუ ისინი ადვილად იშლებიან მონოამინოქსიდაზით, აგზნება სწრაფად ცხრება და ადამიანი მშვიდდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა მონოამინოქიდაზა დაზიანებულია, აგზნება გაიწელება და ადამიანი იმყოფება ძლიერ გაღიზიანებულ მდგომარეობაში, რაც მას სასტიკი საქციელისკენ უბიძგებს.
აგრესიის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არასრულფასოვანი და უხარისხო საკვებია. საკვების შედგენილობამ, ასევე წყლის ხარისხმა, შეიძლება გავლენა იქონიოს აგრესიულობაზე. გამოვლენილია ფრინველთა და ცხოველთა კვების რაციონში ცილებისა და განსაზღვრულ ამინმჟავათა (მაგალითად, მეთიონინის ან ტრიპტოფანის) დეფიციტით გამოწვეული აგრესიულობის ზრდა. ამ მიზეზით გამოწვეული აგრესიულობის შესამცირებლად, საჭიროა საკვებში 0,05-0,1% მეთიონინის ან 0,1-0,3% ტრიპტოფანის დამატება. ტრიპტოფანის დამატება ზრდის ტვინში სეროტონინის გამომუშავებას. რაციონში ცილების დეფიციტი გავლენას ახდენს ამინმჟავათა დეფიციტზე, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს აგრესიას. ასეთი რაციონი შესაძლოა, გარდა ზემონახსენები ამინმჟავებისა, არასაკმარისი რაოდენობით შეიცავდეს ვალინს, იზოლეიცინს ან ლიზინს, რომლებიც ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.
აგრესიას იწვევს ვიტამინების, განსაკუთრებით, როგორც ზემოთ იყო ნახსენები, ი ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. მაგალითად, 200 მილიგრამი ნიაცინის (ი3 ვიტამინი, ზზ ვიტამინი) დამატება ერთ კილოგრამ რაციონში ამცირებს აგრესიას. აგრესიის თავიდან ასაცილებლად შეიძლება პანტოთენის მჟავას (ი5 ვიტამინი), პირიდოქსინის (ი6 ვიტამინი) და თიამინის (ი1 ვიტამინი) საშუალებით. ისინი მონაწილეობენ ნერვულ ფუნქციებში. სტრესებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი პირდაპირ არის დაკავშირებული ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას (ი9 ვიტამინი) საკმარის რაოდენობასთან. აღნიშნული ვიტამინი მონაწილეობს სეროტონინის გამომუშავებაში. ფოლიუმის მჟავას ნაკლებობის სიმპტომებია: თავის ტკივილი, სისუსტე, სწრაფი დაღლა, უძილობა, ცუდი მახსოვრობა, უხასიათობა, კანის დაავადებები. მისი მწვავე უკმარისობით სისხლში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი და ვითარდება აგრესია და მანიაკური მდგომარეობა. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ცილების ნორმალურად შეთვისებას, დადებითად მოქმედებს სისხლის ხარისხზე და ხელს უშლის ანემიის განვითარებას. იგი აუცილებელია ბავშვების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. ფოლიუმის მჟავა იშლება სინათლის მოქმედებით და გაცხელებით. ოთახის ტემპერატურაზეც კი იშლება, რის გამოც არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივად შენახვა. ფოლიუმის მჟავას ბუნებრივი წყაროებია: ოხრახუში, მწვანე სალათა, კომბოსტო, ასკილი, შავი მოცხარის, ჟოლოს, ცაცხვის, არყის ხის ფოთლები და სხვ. მას შეიცავს ლობიო, ჭარხალი, გოგრა, სტაფილო, კიტრი, გარგარი, ფორთოხალი, ბანანი. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ი9 ვიტამინით მდიდარია ყველი, რძე. ი9 ვიტამინს ორგანიზმი ვერ ითვისებს ი12 ვიტამინის დეფიციტის დროს.
აგრესიას იწვევს მიკროელემენტების ნაკლებობაც. თითეული მათგანი აკონტროლებს ორგანიზმის განსაზღვრულ ფუნქციას. ჰიპერაქტიურობას და აგრესიას იწვევს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის მაგნიუმის უკმარისობა. მაგნიუმის დეფიციტი ორგანიზმში ქმნის ტყვიის დაგროვების ხელსაყრელ პირობებს, ტყვია კი განსაკუთრებით მავნეა ცენტრალურ ნერვული სისტემისთვის. მაგნიუმი პასუხისმგებელია ნერვული სისტემის მუშაობაზე და გვეხმარება სტრესებთან ბრძოლაში, აცხრობს ჭარბ აგზნებადობას. აგრესიული ქცევის სტუდენტთა ჯგუფში მაგნიუმის დონე თითქმის ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე არააგრესიულ სტუდენტებში. მაგნიუმის, ისევე როგორც რკინის, კალციუმის და ი ჯგუფის ვიტამინების, შეთვისებას აქვეითებს ანტიბიოტიკები. როგორც კი შეივსება მაგნიუმის ნაკლებობა ორგანიზმში, ტყვია გამოდის ბუნებრივი გზებით. მაგნიუმი განსაკუთრებით სჭირდებათ მათ, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ქუთუთოების თამაში, კიდურების დაბუჟება, ტირილის სურვილი, სასორწარკვეთილებაში ჩავარდნა, რეაქცია ამინდის ცვლილებაზე, არითმია და გულმკერდში მკვეთრი ტკივილი, თმის ცვენა, მსხვრევადი ფრჩხილები, კოშმარული სიზმრები, უძილობა - ყოველივე ეს მაგნიუმის დეფიციტზე მეტყველებს. სამწუხაროდ, ჩვენს საკვებში იგი ძალიან ცოტაა. ყოველდღიურად ჯანმრთელ ადამიანს სჭირდება 300 მილიგრამი მაგნიუმი. ამ რაოდენობას შეიცავს 6 გრამი ნიგოზი და 3 ნაჭერი შავი (ჭვავის) პური. მაგნიუმს შეიცავს ბოსტნეული, ხორცი, ყველი, ჩირი, სოია, წიწიბურას ბურღული. მაგნიუმის მდიდარ წყაროს თეორიულად წარმოადგენს კაკაო, მაგრამ ჰიპერაქტიურ ბავშვებს იგი შეზღუდულად უნდა მიეცეთ კოფეინის შემცველობის გამო. ცხოველთა და ფრინველთა აგრესიული ქცევის შესამცირებლად მზა საკვებს მაგნიუმი უნდა დაემატოს ოქსიდის სახით 0,05-0,1%-ის რაოდენობით. ასევე ამცირებს აგრესიულ ქცევას მანგანუმი, რომელიც გამოიყენება ღორების კვებაში.
როგორც აღნიშნული იყო, ანტიაგრესიული სისტემის მუშაობაში დიდ როლს ასრულებს სეროტონინი, რომლის წარმოქმნაც თავის ტვინში აქტიურდება ლითიუმით. ამიტომ ლითიუმის მარილები მედიცინაში გამოიყენება ქცევის აგრესიული ტენდენციების მოსახსნელად. კობალტის ნაკლებობით მცირდება ი12 ვიტამინის გამომუშავება, რაც თავის მხრივ, იწვევს ქცევის დარღვევებს. აგრესია შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმის დეფიციტმაც. რაციონში 0,15%-ზე ნაკლები ნატრიუმის დოზა იწვევს სხვადასხვა სირთულის აგრესიას. როგორც ფრინველებზე დაკვირვებების შედეგად აღმოჩნდა, სუფრის მარილის კონცენტრაცია საკვებში არ უნდა შეადგენდეს 0,18%-ზე ნაკლებს. რეკომენდებული დოზაა 0,2-0,23%.
აგრესიის გამოწვევა შეუძლია ტრანს-ცხიმებს. ამერიკელი სპეციალისტების მიერ დადგენილია კავშირი დიეტურ ტრანს-ცხიმების მოხმარებასა და ღია აგრესიას შორის. ტრანს-ცხიმების მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოიხატება ორგანიზმში "ცუდი" ქოლესტერინის მომატებით, ინსულინის მიმართ გაზრდილი რეზისტენტობით, ანთებებისადმი მიდრეკილებით. ტრანს-ცხიმები იწვევს გულის დაავადებებს და დიაბეტის პროვოცირებას. რადგან ტრანს-ცხიმების დიდი რაოდენობით გამოყენება უშუალოდ უკავშირდება ძლიერი აგრესიის გამოვლინებას, ამიტომ აუცილებელია მათი კვების რაციონიდან ამოღება, განსაკუთრებით სკოლებსა და ციხეებში. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს თავი შეიკავოს ტრანს-ცხიმების მაღალი შემცველობის პროდუქტებისგან. ტრანს-ცხიმების დღე-ღამურმა ნორმამ არ უნდა გადააჭარბოს ორ-სამ გრამს, "მაკდონალდსის" ე.წ. კარტოფილ ფრის ულუფა კი შეიცავს 7 გრამ ტრანს-ცხიმს.
ყავის დიდი რაოდენობით მოხმარებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს არამოტივირებული აგრესია. 1 ლიტრი ყავა შეიცავს 1,5 გრამამდე კოფეინს. კოფეინი ფსიქომასტიმულირებელი საშუალებაა. იგი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ყავის სისტემატური მიღება დიდი დოზებით იწვევს ნერვული უჯრედების გამოფიტვას, ძალიან დიდი დოზებით კი - სიკვდილს. კოფეინი იწვევს ზოგიერთი მიკროელემენტის (კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის, ნატრიუმის) და ვიტამინის (ი1 და ი6) გამორეცხვას და ხელს უშლის მათ შეწოვას. განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ბავშვები კოფეინის შემცველ პროდუქტებს (ყავის გარდა მას შეიცავს შოკოლადი, კოკა-კოლა და ა.შ.). ყავას შეუძლია ბავშვებში გამოიწვიოს ნერვული ტიკები, ხასიათის ცვალებადობა, შიშები, განგაშის შეგრძნება, აგრესიულობა.
ბავშვების ჰიპერაქტიურობის ერთ-ერთი მიზეზია არასწორი კვება. კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპერაქტიური ბავშვები განიცდიან არანაჯერ ცხიმოვან მჟავათა (ომეგა-3, ომეგა-6) მწვავე ნაკლებობას, რომლის სიმპტომებია: მუდმივი წყურვილის გრძნობა, თმების და კანის სიმშრალე, ხშირი შარდვა, ალერგია. აღნიშნული მჟავები ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ საჭიროა საკვებთან ერთად მათი მიღება. ისინი შედიან თევზეულში, ძროხის და შინაური ფრინველების ხორცში, მცენარეულ ზეთებში. ბავშვებისათვის განკუთვნილ პროდუქტთა უმრავლესობა შეიცავს სხვადასხვა კონსერვანტებს, არომატიზატორებს, ხელოვნურ შემავსებლებს, საღებავებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს ტვინზე. ჰიპერაქტიურობა, ყურადღების დარღვევა, მოუსვენრობა - ყოველივე ეს ტვინის ქიმიური დისბალანსის გამოვლინებაა.
ავსტრალიელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბავშვები, რომლებიც სწორად იკვებებიან, იშვიათად ვარდებიან დეპრესიაში, ნაკლებად აგრესიულნი არიან და გარდამავალი ასაკის რყევა ადვილად და ჩქარა გადააქვთ. ისინი, რომელთაც უყვართ სწრაფი და მავნე საკვები: ე.წ. ფასტ-ფუდი, ჩიფსები, სოსისი, ორცხობილა, ლიმონათი, აგრესიულები და ბუნტისთავები არიან. აგრესიულ ადამიანებში აღინიშნება მძიმე მეტალთა მომატებული შემცველობა. მაგალითად, მათ ახასიათებთ ქრომის, სპილენძის, ვანადიუმის, ტყვიის, მანგანუმის, კადმიუმის, რკინის და დარიშხანის საშუალო მაჩვენებლების გაზრდის ტენდენცია. ამასთან განიცდიან სელენის, თუთიის, ლითიუმის და კობალტის დეფიციტს. მაგალითად, აგრესიული ადამიანებისთვის დამახასიათებელია დარიშხანის (1,9-ჯერ), ქრომის და ვანადიუმის (1,2-ჯერ) რაოდენობის გაზრდა ჩვეულებრივთან შედარებით. კადმიუმის და კალის შემცველობა ორჯერ მეტია აგრესიულ ადამიანებში. ლითიუმისა და კობალტის შემცირებული რაოდენობა და ტყვიის და კადმიუმის გაზრდილი დონე დამნაშავეთა ორგანიზმში არღვევს ფსიქიკას და წარმოადგენს უმართავი აგრესიული ქცევის მიზეზს. ტყვიის უმნიშვნელო რაოდენობაც კი საშიშია ბავშვებისთვის. იგი აქვეითებს შემეცნებით აქტიურობას, ბავშვი ხდება უყურადღებო და თანატოლებისგან განსხვავებით უჭირს ახალი მასალის ათვისება. არასრულასაკოვანთა ტვინში ტყვიის მიკროდოზებით მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესია. ტყვიას დიდი რაოდენობით შეიცავს გამონაბოლქვი გაზები. ტყვიის შემცველი ეთილირებული ბენზინის აკრძალვამ აშშ-ში გამოიწვია განზრახ მკვლელობათა ერთი 1/3-ით შემცირება უკანასკნელ 25 წელიწადში.
ტყვია ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში. ამიტომ თუ საცხოვრებელი სახლები განლაგებულია აკუმულატორების, კაბელების ქარხნების, პოლიგრაფიულ და ხელსაწყომშენებელ საწარმოთა გვერდით, იქმნება ტყვიით მოწამვლის გაზრდილი რისკი. ორგანიზმში ტყვია შეიძლება მოხვდეს რემონტის დროს. ლაქსაღებავები სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებთან ერთად წარმოადგენს ტყვიის წყაროს. რომაელთა სამარხებში ნაპოვნი ტყვიის რაოდენობით ირკვევა, ძველი რომის მოსახლეობის მასობრივი განადგურების მიზეზი ტყვიის წყალსადენი მილების გამოყენება ყოფილა. გარდა ამისა, ღვინოს ტყვიის ჭურჭელში ათბობდნენ. ამ მიზეზით შეირყა ჭკუიდან ნერონი, რომელიც ხშირად სვამდა ასეთ ღვინოს. ამას ისიც ემატებოდა ისიც, რომ მაშინ ბევრი ექიმი სამკურნალოდ მძიმე მეტალების (ტყვია, ვერცხლიწყალი) მარილებს იყენებდა.
ასევე აზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას კადმიუმი. უნდა აღინიშნოს, რომ იგი დიდი რაოდენობით გამოიყოფა საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების პროცესში და გაბინძურებულ ნიადაგზე მოწეული პროდუქტები საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. აგრესიული ტენდენციის ადამიანები შეიცავენ ალუმინის მომატებულ რაოდენობას. ალუმინის ტარას დღეს ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში. ალუმინი ნაწილობრივ იხსნება საკვებში და იწვევს ანემიას, გასტრიტს, რაქიტს, თავის ტკივილს, აგზნებადობას, აგრესიას და მეხსიერების დაქვეითებას. ალუმინს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების პროვოცირებაც. ალუმინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის საფუვრებში, საკვებ დანამატებში (უ520-523). მათ გარეშე კი არ მზადდება ძეხვები, კონსერვები და სხვა პროდუქტები.
კიდევ უფრო საშიშია ვერცხლისწყალი. მეფე-ტირანის ივანე მრისხანეს ნეშტში აღმოჩნდა ვერცხლისწყლის დიდი კონცენტრაცია - 13 მილიგრამი წონის ერთ კილოგრამზე გადაანგარიშებით (ამ დროს ადამიანის ქსოვილებში მისი შემცველობა არ აჭარბებს 0,005 მილიგრამს, ე.ი. 2600-ჯერ ნაკლებს), რამაც გამოიწვია ზედმეტი ეჭვიანობა, ძლიერი აგრესია და თავშეუკავებლობა. მეფის ქრონიკული მოწამვლის მიზეზი გახდა სახსრების ტკივილისთვის ვერცხლისწყლის მალამოების გამოყენება. სახლში თერმომეტრი ან ლუმინესცენტური ნათურა თუ გაგიტყდათ, სასწრაფოდ მიიღეთ უსაფრთხოების ზომები.
რაც შეეხება რკინას, ამ შემთხვევაში აუცილებელია ოქროს შუალედის დაცვა. ერთი მხრივ, რკინის დეფიციტი გავრცელებული პრობლემაა ბავშვებსა და მოზრდილებში. მისი დაბალი შემცველობა იწვევს აპათიას, სისუსტეს, ყურადღების კონცენტრირების უუნარობას, ანემიას. მეორე მხრივ, რკინის დიდი რაოდენობა იწვევს აგრესიულ ან ჰიპერაქტიურ ქცევას. აგრესიის გარეგანი დეტერმინანტები გარემოს და სიტუაციის ის თავისებურებანია, რომლებიც ზრდის აგრესიის განვითარების ალბათობას. მაგალითად, ჰაერის ზომიერად მაღალი ტემპერატურა (დაბალ და ძალიან მაღალ ტემპერატურებთან შედარებით) ხელს უწყობს აგრესიული ტენდენციების გამწვავებას. აგრესიული რეაქციები ძლიერდება იმ შემთხვევაშიც, როცა ჰაერი შეიცავს ზოგიერთ გამაბინძურებელ აგენტს (სიგარეტის ბოლი, არასასიამოვნო სუნი და სხვა). გარემოს ისეთმა სტრესორმა, როგორიცაა ხმაური, შეუძლია შეასრულოს აგრესიის გარეშე დეტერმინანტის როლი, აგზნების გაძლიერებით გამოიწვიოს აგრესიის გაძლიერებაა