სალომე სარიშვილი
10.06.2016

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა. მანამდე კი გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-ის სასამართლო დავას არაუფლებამოსილი კომისია განიხილავდა. მისი თქმით, მოსამართლეთა კოლეგიის წევრ შორენა ყაველაშვილს კონკრეტული მიზეზის გამო არ ჰქონდა უფლება, ყოფილიყო იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც "რუსთავი 2"-ის სამოქალაქო დავას იხილავდა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილ დოკუმენტებს შორის არის შორენა ყაველაშვილის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მან ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ "რუსთავი 2"-ის საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, უკანონო შემადგენლობამ, რაც ცალსახად კანონის დარღვევაა და მათ მიერ მიღებული გადაწვეტილება ყოველთვის ჩაითვლება, როგორც უკანონო," - განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა.

მოგვიანებით, მის განცადებას სააპელაციო სასამართლოში უპასუხეს და განაცხადეს, რომ მოსამართლე ყაველაშვილი წლების განმავლობაში სამოსამართლეო საქმიანობას სწორედ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ახორციელებს და განხილული აქვს 1000-ზე მეტი სამოქალაქო საქმე. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მას საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვს სისხლის სამართლის სპეციალობით, სააპელაციო სასამართლოს ცნობით, მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს არავითარი შეზღუდვა მოსამართლემ სხვა სპეციალობის საქმე განიხილოს.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ სააპელაციო სარჩელის განხილვა 7 ივნისს დაასრულა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების 60%, ხოლო მის კომპანია "პანორამას" კი 40% მიეკუთვნა.

თქვენი აზრით, როგორი იქნება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): "როგორ გითხრათ, ამაზე ჩემი მხრიდან მსჯელობა ძალიან რთული იქნება. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ვთქვა - არც ხელისუფლებას, არც ქვეყანას და არც არავის ინტერესში არ შედის დღეს "რუსთავი 2"-ის საქმეზე რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა. სულ ერთია, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, კითხვის ნიშანი მის გადაწყვეტილებაზე არ უნდა დარჩეს, სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნისთვის საზიანო იქნება, თუმცა ეს პოლიტიკური შეფასებაა და არა სამართლებრივი."

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "არ მგონია, სასამართლომ უკანონო და არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, მითუმეტეს ასეთ გახმაურებულ საქმეზე. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან მასზე მთელი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაა მიპყრობილი. არავინ გარისკავს, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღოს.

"გვარამიასგან განსხვავებით, ამ საქმეში ხელისუფლების ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავ, რადგან ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ტელევიზიისთვის სამართლებრივი გზით შეიძლებოდა სხვანაირი პრობლემების შექმნა.

"გვახსოვს, როგორ არღვევდა ადამიანის უფლებებს ეს ტელევიზია მთელი 9 წლის განმავლობაში, თანაც პირდაპირ და უხეშად. ეს თემა რომ ხელისუფლების ინტერესში შედიოდეს, მაშინ ისინი პირდაპირ სამართლებრივი გზით ტელევიზიის დახურვას მოითხოვდნენ. ვფიქრობ, ეს მესაკუთრებიის დავაა და არა პოლიტიკური ინტერესი. ამიტომ მგონია, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს."

 დიმა ჯაიანი  (მსახიობი, რეჟისორი);"წინასწარ ამის თქმა ძალიან რთულია, თუმცა მწამს და მჯერა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, რადგან ყველაფერი თავის კალაპოტში ჯდება. "რუსთავი 2" თავის დროზე არ იყო ცუდი ტელევიზია, თუმცა შემდგომ "ნაციონალებმა" გააუბედურეს და დღეს ჩვენ ვუყურებთ ტაკიმასხარებს.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმეს ტელევიზიის მიმართ პოლიტიკური ინტერესი აქვს. მჯერა, რომ სასამართლო ობიექტური იქნება."

 

 ჯემალ ჭკუასელი (ამსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "სიმართლე გითხრათ, ამ თემის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალყურს არ ვადევნებ, თუმცა მგონია, რომ სასამართლო ძალადობას არ განიცდის და შესაბამის, კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"საერთოდ ვინც უნდა იყოს, მე ასე მწამს - მტერია თუ მოყვარეა, სამართალი სამართლიანი უნდა იყოს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ შემთხვევაშიც ასე იქნება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×