ამბავი ლეგენდარული კიროსის შვილის, კამბიზის იდუმალებით მოცული გარდაცვალებისა
მამუკა ნაცვალაძე
11.06.2016

 აქემენიდურმა ირანმა გამორჩეული კვალი დაამჩნია მსოფლიო ისტორიის განვითარებას. ძვ. წ-აღ-ის VI-IV საუკუნეებში მსოფლიო მოდის კანონმდებელი ქვეყანა მანამადე უპრეცედენტო სიდიდის მსოფლიო იმპერიად ჩამოყალიბდა. აქ პოლიტიკური პროცესები დუღდა, რაც ადამიანურ ვნებებზე იყო გადახლართული.

იმდროინდელი კომუნიკაციის პირობებში იმპერიის მართვას დიდი გამჭრიახობა სჭირდებოდა და ამ ფონზე სამეფო კარის ინტრიგები გამორჩეულად საინტერესოდ ჩანს.

ის ამბავი, რომელიც ძვ. წ-აღ-ის VI ს-ის 20-იან წლებში დატრიალდა, გულგრილად ვერ დატოვებს თავგადასავლების მოყვარულთ. საუბარია ლეგენდარული კიროს II შვილის, კამბიზ II| ცხოვრების პერიპეტიებზე, რომლის დრამატურგიაც იმგვარი იყო, შექსპირის თემატიკას რომ დაამშვენებდა.

რატომ დაუპირისპირდა კამბისი საკუთარ ძმას

მას შემდეგ, რაც ჩვ. წ-აღ-მდე 530 წელს კიროს II მასაგეტებთან ბრძოლისას გარდაიცვალა, აქემენიდების ტახტზე კიროსის შვილი კამბიზ II(530-522) ადის, რომელიც აგრძელებს მამამისის დაპყრობით პოლიტიკას.

კამბიზის მთავარი ამოცანა ეგვიპტის დაპყრობაა, თუმცა ამის პარალელურად მას საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს თავად სამეფო კარზე საკუთარ ძმასთან, ბარდიასთან, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებს, როგორც მეფობის მოსურვეს.

როგორც ჩანს, ისინი არც იდეოლოგიურად ხედავენ ერთნაირად მოვლენებს, საგულისხმოა, რომ ამ დროს აქემენიდებში ერთმანეთს უპირისპირდება სპარსული ტრადიციული კულტებისადმი მსახურება აჰურამაზდას კულტს.

სწორედ ეს ხდება იმ გამოსვლების მთავარი საფუძველი, რომელმაც კამბიზის დროს თითქმის მთელი იმპერიის მასშტაბი მოიცვა და საბოლოოდ დაშლის პირას მიიყვანა კიროსის დროს შექმნილი ერთ დროს მძლავრი იმპერია.

ასე რომ, კამბიზისა და ბარდიას დაპირისპირება და უთანხმოება ტახტისთვის ბრძოლის ვიწრო ჩარჩოებს ბევრად უნდა სცილდებოდეს. მათ განსხვავებულად ესახებოდათ იდეოლოგიური თვალსაზრისით აქემენიდების სახელმწიფოს განვითარების სტატეგიული მიმართულებები.

ეგვიპტეში ლაშქრობის წინ კამბიზმა მოიშორა თავიდან საკუთარი ძმა. ჩუმად მოაკვლევინა ის, ბარდიას მკვლელობა იმდენად საიდუმლო ვითარებაში მოხდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ ბარდიას საკუთარმა სისხლმა და ხორცმა მოუსწრაფა სიცოცხლე.

კამბიზს ეხმარებოდა გაუმატა მოგვი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ბარდიას, სწორედ გაუმატას დაეკისრა ბარდიას როლის შესრულება, რასაც მან წარმატებით გაართვა თავი, თუმცაღა, მას შემდეგ რაც აქემენიანთა მეფის წარუმატებლობა დაიწყო, გადაწყვიტა ასპარეზზე გამოსვლა, მაგრამ არა თავისი სახელით, არა როგორც გაუმატა მოგვმა, არამედ როგორც კიროსის შვილმა, ბარდიამ.

მანამადე კი იყო აქემენიდების მიერ ეგვიპტის დაპყრობა.

როგორ აუჯანყდა კამბისს მისი ადრინდელი მოკავშირე ბარდია

ჩვ.წ-აღ-მდე 526 წელს აქემენიდები ეგვიპტეში შეიჭრნენ, ამ ქვეყნის დაპყრობას სულ ერთი წელი დასჭირდა. ეგვიპტიდან კამბიზი ნუბიაში გადადის, სადაც ვერაფერს ვერ ახერხებს, დიდ წინააღმდეგობას უწევენ მას თავიანთი კერკეტი ხასიათით ცნობილი ნუბიელები და ამარცხებენ.

კამბიზის მარცხით შეგულიანებული ეგვიპტის ფარაონი ფსამექიტე აჯანყდა, აქემენიდთა მბრძანებელი დაბრუნდა ეგვიპტეში, მას იმის ძალა შერჩა რომ აჯანყება ჩაეხშო. მოკლა ფსამექიტე, თუმცა მარტო ამას არ დასჯერდა - ააოხრა ის ქვეყანა, რომლის გაძარცვაც ორიოდე წლის წინ საგანგებო ბრძანებით აკრძალა. არც ეგვიპტურ ტაძრებს მოერიდა, რამდენიმე წლის წინ თვალთმაქცურად რომ სცემდა პატივს და მუხლს იყრიდა. ერთიანად ააოხრა ქვეყანა და აღარც გაუძარცვავი ტაძარი დატოვა.

ეგვიპტის პრობლემა რომ მოაგვარა, კამბიზმა ნუბიაში გადასვლა გადაწყვიტა და ახალი ლაშქრობისთვის დაიწყო მზადება, თუმცა ამ დროს მოაღწია ხმებმა, რომ ბარდია აჯანყდა და მისი მეთაურობით აქემენიდებს ირანი განუდგაო.

კამბიზი ნუბიას ტოვებს და სპარსეთისაკენ მიმავალ გზაზე სირიაში ჩვ. წ-აღ-მდე 522 წელს გაურკვეველ ვითარებაში კვდება, ბეჰისთუნის კლდეზე დარიოსის წარწერა (ირანის ქირმანშაჰის პროვინციაში) მიანიშნებს, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა.

ამბავი გაუმატას საარაკო მმართველობისა

კამბიზის სიკვდილის შემდეგ ასპარეზზე გამოდის აქემენიდების გვერდითი შტოს წარმომადგენელი უფლისწული დარიოსი, რომლის მამა ჰისტასპი პართიის სატრაპი გახლდათ. სწორედ დარიოსი იკავებს აქემენიდების სამეფო ტახტს ძვ. წ-აღ-ის 522 წელს, არადა ყველამ იცის, რომ კიროსს კამბიზის გარდა დარჩა კიდევ ერთი შვილი - ბარდია.

აქემენიდებში ჯერ კიდევ უცნობია, ბარდია რომ მკვდარია და ვინც მის სახელს იჩემებს - გაუმატა მოგვი რომ არაა მეფის ძე. გაუმატამ, იგივე ცრუ ბარდიამ ჩვ. წ-აღ-მდე 522 წელს კამბიზის წინააღმდეგ მთელი ირანი აამხედრა და თავი მეფედ გამოაცხადა. შედეგად ჩვ. წ-აღ-მდე 522 წელს ზაფხულში მთელი იმპერია გაუმატას გამგებლობაში აღმოჩნდა.

აჯანყებული ბარდია ურიგო მმართველი არ გამომდგარა, ტახტზე ასვლისთანავე მოუპოვებია მოსახლეობის კეთილგანწყობა - კეთილგანწყობილნი არიან მისდამი დაპყრობილი ქვეყნებიც, რომელიც ახალმა მეფემ სამი წლით გაათავისუფლა ხარკისგან. ყველა ბედნიერია, ტახტის მოცილეც არავინაა, ეჭვის ნასახიც კი არ არის, რომ რამე ხდება უკანონოდ.

ერთი სიტყვით, ცრუ ბარდიას ხელთაა მთელი ძალაუფლება - შინაურიც მომადლებული ჰყავს და გარეულიც, ყველა კმაყოფილია...

როგორ გაცხადდა გაუმატას საიდუმლო

ყველას სურს ნახოს ხელმწიფე, არადა ჯიუტად არ ჩნდება ცრუ ბარდია - იგივე გაუმატა მოგვი ხალხის წინაშე. როგორც ვთქვით, სახით გაუმატა საოცრად წააგავდა ბარდიას, რომც გამოჩნდეს, ბევრი ვერ მიხვდება კამბიზის მიერ დახლართულ ინტრიგებს, თუმცა მაინც არ რისკავს გაუმატა... ბუნებრივია, აქვს რაღაც მიზეზი, რომელიც მის გარდა არავინ იცის...

თუმცა, როგორც ბიბლია გვამცნობს - არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს. და ბოლოს, ყველაფერს მოეფინა ნათელი - ჰარამხანაში დასაქმებულმა დიდგვაროვანი წარმომავლობის ერთმა სპარსმა ასულმა გათქვა საიდუმლო - მეფე, ბარდიას სახელს რომ იჩემებს, არ უნდა იყოს ბარდიაო.

რომ ჩაეკითხა მამამისი, ასე რატომ ფიქრობო, ისეთი პასუხი მიიღო, გაოცებისგან სახე გაეყინა - მეფეს ყურები არა აქვს, ყურებდაჭრილი კი მეფე ვერ იქნება, ბარდიას ხომ სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია. არც არაფერი დაუშავებია, ასე რომ დაესაჯა ვინმეს. თანაც მეფისწულის დასჯა აბა ვის გაუგონიაო...

სპარსი დიდებულის ასულს ისეთი არგუმენტი ჰქონდა, ქვას გახეთქავდა. სასწრაფოდ უხმო დიდებულმა თავის უახლოეს პირებს - ექვსი სხვადასხვა გვარის წარმომადგენელთ - მათ შორის დარიოსს, ისტასპის ძეს, მიდიაში ეკპატანაში შეიყარნენ, ერთად ეკვეთნენ ცრუ მეფეს და მოკლეს იგი. ტახტი კი აქემენიდების გვერდითი შტოს წარმომადგენელს, დარიოსს ჩააბარეს.

ასე დაიწყო აქემენიდების ისტორიაში დარიოსის ეპოქა, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია იმ პერიოდის მსოფლიო ისტორიას.

რატომ ვერ ჩააცხრო მღელვარება გაუმატა მოგვის სიკვდილმა

ძვ.წ-აღ-ის 522 წელს აქემენიდების ტახტზე ასულ დარიოსს საკმაოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაზე უწევს ზრუნვა. მართალია, გაუმატა - ცრუ ბარდიას ისტორია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ აჯანყებულთა ტალღა მაინც ვერ ჩაცხრა. ეს საგულისხმო ნიშანია იმისა, რომ მარტო სასახლის გადატრიალებასთან არ უნდა გვქონდეს საქმე.

საკმაოდ სერიოზული კითხვები წარმოშვა ბეჰისთუნის კლდეზე დაცულ წარწერაში ერთმა კონკრეტულმა ფრაგმენტმა - გაუმატა მოგვმა მრავალი ტაძარი დაანგრია, რაც შემდეგ მე, დარიოსმა აღვადგინეო. საკითხავია, რატომ უნდა დაენგრია თავის ქვეყანაში არსებული ტაძრები გაუმატას, რომელიც ყველას თავს აჩვენებდა, რომ მეფეს კამბიზის ძმა იყო? რატომ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში არსებული ტაძრები მისთვის მიუღებელი?

როგორც მეფის ძმას, როგორც სამეფო ტრადიციების მიმდევარს, მას ხომ მოვალეობაც გააჩნდა, დაეცვა ეს ტაძრები ნებისმიერი შემოტევისა და ძარცვისგან? რატომ გამოდის თავად ბარდია ამ ტაძრების დანგრევის ინიციატორად? ერთი შეხედვით, საქმეს უცნაურ კაცთან უნდა გვქონდეს, თუმცა, თუკი ჰეროდოტეს "ისტორიას" მოვუსმენთ, ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხსაც მივიღებთ.

რატომ უყურებდნენ ძველი სპარსელები ტაძრებსა და ქანდაკებებს ალმაცერად

ჰეროდოტე გვამცნობს, რომ ძველ სპარსელებს ადრე წესად არ ჰქონიათ ქანდაკებების, ტაძრებისა და საკურთხევლების აგება. ის, ვინც ამას აკეთებდა, სპარსელები სულელებად თვლიდნენ, რადგანაც მათ მიაჩნდათ, რომ ღმერთებს ადამიანის ბუნება არა აქვს.

ჰეროდოტე იმასაც მიანიშნებს, რომ სპარსელებს წესად ჰქონდათ ზევსისადმი მსხვერპლშეწირვა. ზევსს ცის მთელ კაბადონს უწოდებენ. ადიან მაღალ მთაზე და მსხვერპლსაც იქ სწირავენ. ამგვარი რიტუალი სრულდება მზის, მთვარის, დედამიწის, ცეცხლის, წყლის, ქარის პატივსაცემად.

გამოდის, რომ გაუმატა ტაძრების დანგრევით საკუთარი მამა-პაპეული რელიგიისკენ მობრუნებას, კულტმსახურებას ცდილობს და უპირისპირდება ცეცხლთაყვანისმცემლობას და მის ტრადიციებს. ეგებ ამიტომაცაა რომ დიდი ხნის განმავლობაში მორჩილად იტანენ ახალი მეფის ქცევასა და ტაძრების რბევას სპარსელები?

როგორც ბეჰისთუნის წარწერა მიგვანიშნებს, ერთადერთი დარიოსი ყოფილა, ვისაც აქტიური პროტესტი გამოუთქვამს ამ მოვლენისადმი. დარიოსი წერს, გაუმატას დაშინებული ჰყავდა ხალხი და ვერავინ ბედავდა სიტყვის ამოღებას მის წინააღმდეგო...

არადა, სავარაუდოდ აქ შიში არაფერ შუაში უნდა იყოს, ხალხი თავიანთი ტრადიციულ კულტმსახურებას დაბრუნებია და ეს ბუნებრივია, პროტესტის განცდის საფუძველი ვერ იქნება. დარიოსის პოზიცია რომ მკაცრად იდეოლოგიზირებულია, ეს არ გახლავთ რთულად დასანახი.

მას, როგორც კარგ მეფეს, სჭირდება ტახტიდან ჩამოგდებული ცრუბარდიას ცუდი იმიჯი, არადა რამდენად ასახავს მოვლენათა ასეთი სტილით აღწერა რეალობას, ეს სულ სხვა საკითხია. საცნაური კი სწორედ ისაა, რომ გაუმატას სიკვდილის შემდეგაც, დარიოსის მეფობის პირველ წლებში ვერ ჩაცხრა სიტუაცია, ვერ დაწყნარდა ქვეყანა. არაერთი აჯანყების ჩახშობა უწევს დარიოსს, რასაც ის წარმატებით უმკლავდება, თუმცა აქ ისევ იბადება კითხვა - მაშინ როცა გაუმატა ცოცხალი აღარ არის, დაპირისპირებისას რა მოტივი უნდა ჰქონოდათ აჯანყებულებს?

კითხვები კამბიზის მოულოდნელ სიკვდილთან დაკავშირებით

ამ კითხვების კასკადის ფონზე კიდევ ერთი კითხვა ჩნდება - იყო თუ არა გაუტამა კავშირში კამბიზის სიკვდილთან? წყაროები ამაზე არაფერს იუწყებიან, პირიქით, ბეჰისთუნის წარწერა საგანგებოდ მიანიშნებს, რომ გაუმატამას წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალი კამბისი თავისი სიკვდილით აღესრულაო.

შეიძლება ვირწმუნოთ, რომ წარწერა სინამდვილეს გვამცნობს, თუმცა მაინც ჩნდება გარკვეული ეჭვი - ხომ არ გახდა კამბიზი იმავე ინტრიგების მსხვერპლი, რომლის ხელოვნებასაც თავად დიდი ოსტატობით ფლობდა? ხომ არ იყო გაუმატა უფრო დიდი შემოქმედი ასეთი ხლართებისა? ის ხომ რეალურად მართავდა მთელ სამეფოს და ასეთ დროს კარგი საშუალებაც ჰქონდა მოეშორებინა კამბიზი, ვიდრე ეს უკანასკნელი დაასწრებდა და სამარცხვინო გარიგებას თავადვე გამოამზეურებდა?

და ბოლოს კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელიო კითხვა - ხომ არ იზრუნა გაუმატას მომხრე უცნობმა პირმა უკვდავეყო ის ვერსია, რომ კამბიზი ბრძოლად მიმავალი უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარების წინ თავისი სიკვდილით აღესრულა?

რთულია ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხის მოძებნო, ისტორიული დოკუმენტები არ გვაძლევს ამის საშუალებას. თუმცა, ფაქტია, მთლად ისე მარტივად არ უნდა იყოს საქმე, როგორც ბეჰისთუნის წარწერა გვამცნობს. ასეთ არგუმენტს აქვს არსებობის უფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×