სალომე სარიშვილი
11.06.2016

 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (IBSU) და გაზეთ "რეზონანსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს IBSUგ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გამოცემასთან ურთიერთობის გაღრმავებას, გაზეთში სტაჟირების გავლასა და მათ პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვას.

მხარეებს შორის თანამშრომლობის მეორანდუმს ხელი გუშინ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში IBSU-ს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ და გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორმა მალხაზ გაგუამ მოაწერეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ამჟამად 60 სტუდენტი იღებს განათლებას, მემორანდუმის ფარგლებში კი მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ გამოცემის მუშაობის სპეციფიკას, გაესაუბრონ "რეზონანსის" ჟურნალისტებს, ჩაწერონ ინტერვიუები.

დაინტერესების შემთხვევაში კი სტუდენტები უნივერსიტეტის სახელით გაზეთის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობაში ჩაერთვებიან.

IBSU-ს რექტორის, ილიას ჩილოღლუს თქმით, მხარეებს შორის მემორანდუმის გაფორმება ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებს ეფუძნება. რექტორმა "რეზონანსთან" საუბრისას ყურადღება მემორანდუმის მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა.

"მემორანდუმის ძირითადი მიზანია სტუდენტებმა გამოცდილება სწორედ იმ ორგანიზაციებიდან თუ კომპანიებიდან მიიღონ, რომლებიც საქართველოში თავიანთ სფეროში წამყვანები არიან. ასეთი ტიპის მემორანდუმებს სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროში ვაფორმებთ. იგივე ბიზნესი, საერთაშორისო ურთიერთობები, მედია და ა.შ.

"რა თქმა უნდა, ეს მემორანდუმი ძირითად შემთხვევაში მომავალ ჟურნალისტებს ეხებათ, რომელთაც საშუალება ექნებათ ელემენტარულად გამოცემას ესტუმრონ, გაეცნონ ჟურნალისტების მუშაობის პრინციპებს, აიღონ ინტერვიუები მათ კოლეგებთან და რაც მთავარია, შესაძლებლობის შემთხვევაში ამავე ორგანიზაციაში სტაჟირება გაიარონ", - გვითხრა ილიას ჩილოღლუმ და დასძინა, რომ მემორანდუმი მომავალ ჟურნალისტებს ასევე საშუალებას მისცემს "რეზონანსის" ჟურნალისტებმა თავიანთი ცოდნა და პრაქტიკა გაუზიარონ.

 "ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა შეიქმნება და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გამოცემის ჟურნალისტები უნივერსიტეტშიც მივიწვიოთ", - ამბობს რექტორი და იქვე დასძენს, რომ უნივერსიტეტმა გამოცემასთან თანამშრომლობის გაღრმავება სხვადსხვა მიზეზების გამო გადაწყვიტა.

"რეზონანსი" - ესაა ერთ-ერთი გავლენიანი და დაბალანსებული გამოცემა, რომელთანაც შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობს. ვფიქრობ, მემორანდუმი უფრო ადრეც უნდა გაგვეფორმებინა, თუმცა ნათქვამია: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.

"ამდენად, ალბათ ამ შემთხვევაში ეს მომენტიცაა. რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტებისთვის "რეზონანსთან" ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და იმედია, რომ ეს თანამშრომლობა ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს, შედეგი კი ყველასთვის სასურველი იქნება", - განუცხადა "რეზონანსს" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ.

რექტორის თქმით, სტუდენტების მხრიდან პრაქტიკის მიღების დაინტერესება დიდია და შესაბამისად, უნივერსიტეტი ცდილობს, მათ მაქსიმალური ცოდნა მისცეს.

გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორის, მალხაზ გაგუას თქმით კი, გამოცემას უნივერსიტეტთან ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს, ხოლო მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი შესაძლებლობას შექმნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რაც მისი შეფასებით, მისასალმებელი და სასიხარულოა.

"პრინციპში, უკვე აღინიშნა და კიდევ გავიმეორებ, რომ გამოცემას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან მემორანდუმამდეც აქტიური ურთიერთობა ჰქონდა, ამიტომ ერთმანეთისთვის უცხონი ნამდვილად არ ვართ.

"ძალიან ვაფასებთ ერთმანეთს, ვაფასებთ იმას, რომ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან მაღალ დონეზეა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას უფრო მჭიდროდ გავაგრძელებთ", - უთხრა "რეზონანსს" მალხაზ გაგუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×