მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა და წმინდა კრებამ, რომელიც სულ რაღაც 2 დღეში კუნძულ კრეტაზე იხსნება და სადაც რამდენიმე ეკლესია, მათ შორის საქართველო და რუსეთის დელეგაციები არ მიდიან, დიდი პოლიტიკური ინტრიგა შეიძინა და თეოლოგები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქებს შორის პირველობისთვის ბრძოლა ამ კრებამ ძალიან გამოკვეთა და გაამძაფრა.
თეოლოგების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კრებაზე წაუსვლელობის განცხადებები ჯერ ბულგარეთმა, ანტიოქიამ და საქართველომ გააკეთეს და რუსეთმა მხოლოდ ყველაზე გვიან, გუშინ თქვა კრებაში მონაწილეობაზე უარი, ყველასთვის აშკარაა, რომ მთავარი აქტორი რუსეთია. ამ კრების ჩატარების შემდეგ კი მოლოდინია, რომ აშკარა გახდება კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის პატრიარქებს შორის ამ პირველობის ომში ვინ რა დივიდენდები მიიღო.
კანონიკური სამართლის სპეციალისტი, თეოლოგი ლადო ნარსია აცხადებს, რომ ეს კრება მაინც ჩატარდება და მისი მნიშვნელობა დიდია იმ თვალსაზრისით, რომ კონსტანტინოპოლი უკვე ღიად დაიწყებს რუსეთის ამბიციებსა და პირველობის ზრახვაზე საუბარს. ღიად საუბრის შემდეგ კი პრობლემის მოგვარება შესაძლებელიც გახდება.
"კრება ჩატარდება და უმრავლესობა კონსტანტინოპოლის, ბერძნულენოვანი საპატრიარქოების მხარეს დაიჭერს, ხოლო რუსეთი - უმცირესობაში დარჩება. დღეს მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში მყარი ცენტრი კონსტანტინოპოლის ეკლესიის ლიდერობის სახით გამქრალია და ამ კრებით ამ პრობლემა მოგვარებას დაიწყება. კრებაზე გამოცემული ყველა დადგენილება გავრცელდება, როგორც სავალდებულოდ შესასრულებელი ნორმები.
"ნებისმიერი პირველი წინააღმდეგობის დროს კი დაისმევა საკითხი იმასთან დაკავშირებით, ვინ და რატომ უწევს წინააღმდეგობას კონსტანტინოპოლს. აქ უკვე ღია ტექსტით გაცხადდება, რომ კონსტანტინოპოლის მეტოქე არის რუსეთი."აქამდე რუსეთი არ იძლეოდა ამის ღიად თქმის საშუალებას, კარგად გათვლილი მანერების გამო. მანამდე ცდილობდა მის მაგივრად კრების საწინააღდეგოდ სხვა ეკლესიებს ესაუბრათ. ახლა კი მისი ფარული ამბიციები ცხადი გახდება და შესაძლოა ეს მისი დამარცხების დასაწყისიც კი გახდეს. ამას საეკლესიო ტერმინით სქიზმა ჰქვია.
"ამ პრობლემის მოსაგვარებლად შემდეგ კიდევ ერთი კრების მოწვევა გახდება საჭირო, სადაც ღია ტექსტით დაგმობენ რუსეთის ეკლესიის ასეთ პოლიტიკურ ზრახვებს და ამბიციებს. ამ კრებით მოხდება რუსეთის ამბიციების სააშკარაოზე გამოტანა და მისი ნაბიჯ-ნაბიჯ უარყოფა", - ამბობს ლადო ნარსია.
თეოლოგის თვალსაზრისით, ამ კრების ირგვლივ რუსეთმა პირველი უკმაყოფილება იმის გამო გამოთქვა, რომ მის მიერ აღიარებული ფინეთისა და აშშ ეკლესიები არ მიიწვიეს.
"რუსეთის ეკლესიას მათთვის ავტონომიის მინიჭების უფლება არ ჰქონდა. ეს უპრეცედენტო ამბავია. ავტონომიის სტატუსის მინიჭების ექსკლუზიური უფლება ტრადიციულად მხოლოდ კონსტანტინოპოლს აქვს. რუსეთი კი აცხადებს, რომ 1453 წელს, მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლმა დაკარგა პოლიტიკური ძალაუფლება, ე.წ. მესამე რომის იდეა, რომელიც მართლმადიდებლური ჭეშმარიტების დაცვის იდეაა, რუსეთზე გადავიდა და მას უფლებები აქვს", - აღნიშნავს ნარსია.
ცნობისათვის, მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმინდა კრება პირველად ტარდება და ის კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს იგეგმება. მისი ინიციატორი კონსტანტინოპოლის, იგივე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსია. ამიტომაც ეს კრება მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ერთგვარად პირველობისთვის შეჯიბრსაც დაემსგავსა.
როგორც რუსული მედია წერს, კრების წარმატებით ჩატარება კონსტანტინოპოლის პატრიარქის რეპუტაციას გაზრდის, რუსეთისას კი, დააკნინებს და ამიტომაც კრების ჩაშლა რუსეთის პატრიარქის, კირილის იმიჯის და გავლენის გაზრდისათვის ძალიან კარგი იქნება.
კრებაში სულ 14 ავტოკეფალიურ ეკლესიას უნდა მიეღო მონაწილეობა. მათგან ნაწილი მეტნაკლებად კონსტანტინოპოლის ე.წ ბანაკის წევრებად მიიჩნევა, ნაწილი რუსეთის და საუბარია იმაზე, რომ რუსეთი მომხრე ეკლესიების ხელით ცდილობდა მთელი ეს დრო ამ კრების ჩაშლას, რაც, დიდი ალბათობით, გამოსდის კიდეც. თუ ჩაშლა არა, მისი მნიშვნელობის გაუფასურება მაინც.
კუნძულ კრეტაზე წასვლაზე ოფიციალურად უარს ამბობენ ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიები. სერბეთმა კი მხარი დაუჭირა კრების თარიღის გადაწევას. გუშინ რუსეთის ეკლესიის საგანგებო წმინდა სინოდის კრებაზე გაცხადდა, რომ არც რუსეთი აპირებს კრებაში მონაწილეობის მიღებას და ისინიც გადადების მომხრეები არიან.
"რუსეთი ცდილობს, ეკლესია და რელიგიური საკითხები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს"
თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, რუსეთი ყველაფერს იყენებს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, მათ შორის ეკლესიასაც, თუმცა მიიჩნევს, რომ მოსკოვის ამ ინტერესებს დასავლეთ ევროპის მართლმადიდებლობაც და აღმოსავლეთ ევროპაც დაუპირისპირდებიან და რუსეთის ეკლესია უმცირესობაში აღმოჩნდება.
"ცხადია, თუ რუსეთი შეეცდება და ცდილობს კიდეც, ეკლესია და რელიგიური საკითხები წმინდა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს, ცხადია, მას დასავლეთი დაუპირისპირდება და ერთ მხარეს კონსტანტინოპოლი იქნება და მეორე მხარეს რუსეთი. თუმცა არ გამოვა ისე, რომ რუსეთმა ყველა ეკლესიაზე მოიპოვოს გავლენა. ბევრი ეკლესია რუსეთისაგან დამოუკიდებელია და მოსკოვს არ აქვს ბერკეტები, რომ მსოფლიოში ყველაფერი აკონტროლოს", - აცხადებს აბაშიძე.
ის ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიამ პირველობისთვის, ლიდერობისთვისა და გავლენის სფეროებისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, მაშინ როდესაც გაძლიერდა და ტერიტორიებს ზრდიდა. ამის პარალელურად კი მთლიანად საბერძნეთის ეკლესია თურქების ხელში აღმოჩნდა. არამარტო კონსტანტინოპოლი, სადაც სულთანი იჯდა, არამედ ანტიოქია, იერუსალიმი, ალექსანდრიაც, ყველა ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა.
შემდეგ საბჭოთა პერიოდში იყო მცდელობა, მართლმადიდებელი ეკლესიების პოლიტიკური ცენტრი მოსკოვში გადატანილიყო, ამ მიზნით 1948 წელს მოსკოვში საეკლესიო კრებაც მოეწყო და არის ვარაუდი, რომ სტალინს სურდა, ამ კრებას მსოფლიო კრება, იგივე დიდი და წმინდა კრება დარქმეოდა, თუმცა ეს არ გამოვიდა.
მართალია, მაშინ რუსეთში ყველა ეკლესიის მეთაური იყო ჩასული, მაგრამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის დიდი წინააღმდეგობის გამო კრებას მხოლოდ თათბირი დაერქვა.
იმის შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთში პირველობის სურვილი ისევ არსებობს, თუმცა აბაშიძე თვლის, რომ დღეს რუსეთის პოზიციები შესუსტებულია და იმედოვნებს, რომ მას პირველობაში მხარს ბევრი არ დაუჭერს.
"პირველობისთვის ბრძოლა არსებობს და ის გაგრძელდება, თუმცა ოფიციალურად სადმე ერთი დიდი ძლიერი ცენტრის არსებობა არ იქნება. ორი ცენტრია დღეს, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის და შესაძლოა, მესამე და მეოთხეც კი გაჩნდეს.
"თუ აშშ-ს ეკლესია გაძლიერდება, შესაძლოა, ის გამოჩნდეს, როგორც დამოუკიდებელი ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი, რადგან იქ ძალიან დიდი მრევლია თავმოყრილი. ლიდერობისთვის დაპირისპირება დიდია, მაგრამ რა და როგორ იქნება, ამის თქმა რთულია. თუნდაც იგივე დიფტიხის საკითხი რომ ავიღოთ. მაგალითად, როდესაც ავტოკეფალიური ეკლესიების მეთაურები წირვას ატარებენ, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ეკლესიებს იხსენიებენ და ამ მოხსენიებისას არის თანმიმდევრობა.
"პირველი 4 არის უძველესი კათედრები - კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის. მე-5 ადგილზეა რუსეთი, მე-6 ჩვენ ვართ. თუმცა ეკლესიების ნაწილი ჩვენამდე ჯერ ბულგარეთს, სერბეთსა და რუმინეთს იხსენიებს და შემდეგ საქართველოს.
"თუკი რუსეთი პირველი გახდება, დიფტიხში ადგილებიც უნდა შეიცვალოს და რუსეთი მის წინ მყოფ 4 ეკლესიას უნდა გადაახტეს, რაც წარმოუდგენელია, მაგრამ გავლენა სხვა რამეში გამოვლინდება. რუსეთს ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი, დიდი ფინანსური საშუალებები და ა.შ. კონსტანტინოპოლსაც დიდი დიასპორა ჰყავს, მასთან შედის დასავლეთ ევროპის ბერძნული მრევლი, ასევე აშშ-ს ბერძენი და სხვა მართლმადიდებლების დიდი ნაწილი.
"გარკვეული ძალთა ბალანსი არსებობს. ორივე ბანაკს საკუთარი მხარდამჭერები ჰყავს და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება გავლენისთვის ბრძოლა, რა იქნება კრებაზე და კრების შემდეგ", - აღნიშნავს აბაშიძე.
"უმრავლესობა კონსტანტინოპოლის, ბერძნულენოვანი საპატრიარქოების მხარეს დაიჭერს"
ლადო ნარსიას განცხადებით, რუსეთის ამოცანაა, მართლმადიდებელი ეკლესიების გავლენის ცენტრი კონსტანტინოპოლიდან გადაიტანოს მოსკოვში და პირველი იყოს დიფტიხშიც და ამისთვის მოკავშირეებს ეძებს, თუმცა თვლის, რომ მოსკოვის პატრიარქის ე.წ. გუნდში ძალიან ცოტა ეკლესია მოიაზრება.
"რუსეთის მცდელობაა, რომ პოლიტიკური ცენტრი გადაიტანოს მოსკოვში, მაგრამ ვერ გამოუვა. ამის გაფორმება შეუძლებელია, მაშინ ყველაფერი თავდაყირა უნდა დადგეს, მაშინ ისტორიული მახსოვრობაც უნდა განადგურდეს. აშკარაა ის, რომ რუსეთი თავის საიმედო პარტნიორად მიიჩნევს საქართველოს ეკლესიას. ასევე ბულგარეთიც და სერბეთიც რუსეთის გავლენის მქონე ეკლესიებად მიიჩნევიან," - ამბობს ნარსია.
მისი თქმით, 14 ეკლესიიდან რუსეთს ძალიან ცოტა მოკავშირე ჰყავს, რადგან ბერძნულენოვანი ეკლესიები კონსტანტინოპოლის ბანაკის წევრებად მიიჩნევიან, პოლონეთი, რუმინეთი და ასევე ჩეხეთი და სლოვაკეთი კი ნეიტრალურებად, ამიტომაც თვლის, რომ ამ პოლიტიკური უმცირესობის პოლიტიკურ თამაშს მომავალი არ აქვს.