სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემეირ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა, ამავე დროს, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოხდენის ხერხად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ: არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პარაგრაფი 1-ლი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს;
ასევე, არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი (გონივრულ ვადებში სასამართლო გარჩევის ჩატარება ან სასამართლომდე გათავისუფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას;
ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ როგორც შესაძლებლობა, მოეპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს თუ არა, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია?," - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
გიგა ნასარიძე (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): "სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, მე-18 მუხლის დარღვევაზე მითითება სწორედ პოლიტპატიმრობას ნიშნავს და სხვას არაფერს. ასე იყო ტიმოშენკოს შემთხვევაშიც და ასე არის ახლაც.
ეს მშვენივრად უნდა იცოდეს ქალბატონმა თეა წულუკიანმა, რომელიც იქ წლების განმავლობაში მუშობდა და ახლა უბრალოდ, მიზანმიმართულად ცდილობს, მოატყუოს საქართველოს მოსახლეობა.
ძალიან რთულია, ვინმე წამოაგო ასეთ ტყუილზე და მათი მხრიდან ეს, ალბათ ფუჭად გასროლილი ტყვიებია. მაგრამ ამით ალბათ თავს იმშვიდებენ, ან ბატონს ამშვიდებენ, რომელიც ძალიან აღელდა ამ განცახდების შემდეგ. ნელ-ნელა ყველაფერს აეხდება ფარდა".
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "ყველა ქვეყანაში პოლიტპატიმრის აღსანიშნავად სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს. ჩვენთან ყველაფერს, ხშირად პოლიტიკური საწყისი უდევს საფუძვლად.
ეს არავისთავის დასამალი არ არის, მაგრამ ეს არის პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების ბრალი. მათ არასწორად იმუშავეს, არასათანადოდ დაასაბუთეს და ამიტომ წინა პლანზე პოლიტიკური ნიშანი წამოვიდა. ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღეს."
თედო დონდუა (ისტორიკოსი): "სტრასბურგის სასამართლო კარგად არ იცნობს საქმეს. ვფიქრობ, ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება მთავარია. რატომ არის მერაბიშვილი პოლიტპატიმარი?! ნახევარი საქართველო ციხეში იყო ჩაყრილი და ტირანულ რეჟიმში იმყოფებოდა. ამ რეჟიმის აღმასრულებელი კი თავად იყო. ჰოდა, სადაც ზის, იჯდეს იქ კიდევ ცოტა ხანი, არაფერი არ უჭირს."
ანა რატიანი (ჟურნალისტი): "მე არ ვთვლი, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. საქართველოს ხელისუფლებისა და პროკურატურის მიერ მისი დაჭერა კანონიერი იყო და, სიმართლე გითხრათ, უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ყველა ის დანაშაული, რომელიც მერაბიშვილს აქვს ჩადენილი, აქამდე არ არის გამოძიებული."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე