"ყველა კანდიდატს მაგიდაზე ეკრანი დახვდებათ, სადაც დავალებებს წაიკითხავენ"
ლიკა ამირაშვილი
15.06.2016

 წელს პირველად აბიტურიენტები ეროვნული გამოცდებს (1-22 ივლისი) ნახევრად ელექტრონულ ფორმატში ჩააბარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტებს კომპიუტერში გაეცნობიან, პასუხებს კი ფურცლებზე აღნიშნავენ - აბიტურიენტთა საერთო რაოდენობა 40 ათასამდეა, ხოლო ადგილების რაოდენობა 44 ათასია.

პირველი გამოცდა ტრადიციულად ქართულ ენასა და ლიტერატურაშია, რომელიც 1-2 ივლისს ჩატარდება. აღნიშნულ გამოცდაში მაქსიმალური ქულა 80 იქნება. მეორე გამოცდას აბიტურიენტები 4-5 ივლისს ზოგად უნარებში ჩააბარებენ, ქულათა რაოდენობა კი 80-ია.

უცხო ენების (ინგლისური, რუსული, გერმანული) გამოცდის ჩაბარება აბიტურიენტებს 6-7 ივლისს მოუწევთ, ხოლო ფრანგული ენის გამოცდა მხოლოდ 6 ივლისს იქნება. უცხო ენის ტესტი 100-ქულიანია.

სამოქალაქო განათლების გამოცდა 12 ივლისს ჩატარდება და ქულათა რაოდენობა 60 იქნება. მათემატიკის გამოცდა 14 ივლისსაა დაგეგმილი, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა კი 59-ია. ასევე მაქსიმალური 59 ქულა იქნება გეოგრაფიის გამოცდაში, რომელიც 15 ივლისს ჩატარდება.

ისტორიის გამოცდა 18 ივლისს ჩატარდება, რომელიც, თავის მხრივ, 70-ქულიანი ნიშნულით შეფასდება. მომდევნო დღეს ლიტერატურის გამოცდაა, რომლის ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 80 იქნება. 20 ივლისს აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას ჩააბარებენ, სადაც ქულათა რაოდენობა ამჯერადაც 70 იქნება. ისტორიის გამოცდა 18 ივლისს ჩატარდება, რომელიც თავის მხრივ 70 ქულიანი ნიშნულით შეფასდება. მომდევნო დღეს ლიტერატურის გამოცდაა, რომლის ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 80 იქნება. 20 ივლისს აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას ჩააბარებენ, სადაც ქულათა რაოდენობა ამჯერადაც 70 იქნება.

ქიმიისა და ხელოვნების გამოცდა 21 ივლისაა დაგეგმილი და ქულათა რაოდენობა 75 და 70 იქნება. გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება, სადაც ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 75-ია.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, წელს 40 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული, უმაღლეს სასწავლებელში ადგილების რაოდენობა კი 44 ათასია.

"აბიტურიენტები აბარებენ სამ სავალდებულო საგანს - ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა. აღნიშნული გამოცდების გარდა ფაკულტეტები მათთვის სასურველ საგანს ირჩევენ. შესაბამისად აბიტურიენტები მეოთხე არჩევით საგანსაც აბარებენ. იდეაში მათ შესაძლებლობა აქვთ ყველა საგანი აირჩიონ და სურვილის მიხედვით ჩააბარონ.

"წელს სიახლეა ის, რომ საგნების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა 1 ივნისამდე შეეძლოთ. რაც შეეხება ფაკულტეტებისა და უნივერსიტეტის ცვლილებას, მესამე წელია აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ დაახლოებით 5 აგვისტომდე, პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც შეცვალონ.

"მნიშვნელოვანი სიახლე შეეხო ტესტირების ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კანდიდატს მაგიდაზე ეკრანი დახვდებათ, სადაც დავალებებს წაიკითხავენ. თითოეულ აბიტურიენტს მიცემული ექნება სამუშაო ფურცელი, სადაც შეუძლიათ დავალებები შეასრულონ, შემდეგ უკვე პასუხების ფურცელზე გადაათეთრებენ. ამ ფორმატს ამიტომაც ვუწოდებთ ნახევრადელექტრონულს", - განაცხადა მინდაძემ.

მისი თქმით, ეროვნული გამოცდების დროს, ცენტრს რამდენიმე პრინციპი აქვს, რომელსაც აუცილებლად ითვალისწინებენ.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ვალიდური და სამართლიანი ტესტები შევთავაზოთ.

"ჩვენი ვალდებულებებია - ყველას ჰქონდეს ერთნაირი პირობები, უნარშეზღუდულ კანდიდატებს სათანადო სივრცე შევუქმნათ, შევთავაზოთ სამუშაო ადგილი, ნაშრომები გასწორდეს ობიექტურად, უკმაყოფილების შემთხვევაში ჰქონდეს გასაჩივრების შესაძლებლობა, ვუზრუნველყობთ სააპელაციო განცხადებების განხილვასა და გასწორებას, ასევე გრანტის გადანაწილებას და ჩარიცხვის უფლების მინიჭებას.

"რაც შეეხება დანარჩენ ვალდებულებებს, ყოველ წელს საგანგებოდ მივმართავთ მერიას, ან ადგილობრივ თვითმმართველობას, რათა საგამოცდო სივრცე ბიოტუალეტებით უზრუნველყონ, რომელიც მომლოდინე მშობლებისთვისაა გათვლილი.

"ყველა საგამოცდო ცენტრთან სასწრაფო დახმარების და სახანძრო მაქანებია მობილიზებულები. შსს უზრუნვეყოფს პერიმეტრის დაცვას და ტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას.

"გულახდილი რომ ვიყო, არ ვიცი ზრდასრული ადამიანისთვის მშობელის დალოდება რამდენად საჭიროა. თუკი აბიტურიენტი რეგიონიდან არ არის ჩამოსული და კვლავ რეგიონში არ მიემგზავრება, ზრდასრულ ადამიანს ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილება არ უნდა გაუჭიდეს," - აღნიშნა მინდაძემ.

როგორც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათა შორის ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი დაკისრებულ მოვალეობას თავს არაჩვეულებრივად ართმევს.

"წმინდა ტექნიკური, ლოჯისტიკური თვალსაზრისით საგამოცდო ცენტრი დაკისრებულ მოვალეობას თავს არაჩვეულებრივად ართმევს. საკმაოდ გამართული და ჩამოყალიბებული სისტემა აქვს. გამონაკლისების გარდა, ყოველთვის მოწესრიგებული გარემო აქვთ. ამ მხრივ საწუწუნო ნამდვილად არ გვაქვს.

"რაც შეეხება მოსაცდელი ადგილების ორგანიზებას, ვფიქრობ ეს მხოლოდ გამოცდების ცენტრის საქმე არ არის. ამ კუთხით, ძალიან ბევრი სამსახურები უნდა იყოს ჩართული. ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ჯანდაცვის სამსახურმა კომფორტული გარემო ერთობლივად უნდა უზრუნველყონ.

"გამოცდების ეროვნულ ცენტრს უშუალოდ გამოცდების კომფორტულად ჩატარება ევალებათ. ხოლო მომლოდინეთა კომფორტზე სხვადასხვა უწყებები უნდა ზრუნავდნენ," - განაცხადა ტაბატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×