ლიკა გურაბანიძე
17.06.2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში.

როგორც გუშინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

უნდა დადგეს თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "მე ვფიქრობ, რომ მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ან დაისაჯონ სხვადასხვა ზომით, მაგალითად, სამსახურიდან გაუშვან. თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადასტურდება. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც რაღაც ფაქტის დაუსაბუთებლობას იყვნენ მიჩვეულები. მათ საკუთარი მოსაზრებები უნდა დაასაბუთონ. ვთვლი, რომ სასამართლო კორპუსი არ შეცვლილა."

 

 

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): "არ ვიზიარებ იმას, რომ ვიღაცის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. პრეზიდენტმა სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა ცალმხრივად აღიქვა და, შესაბამისად, კომენტარიც ცალმხრივად გააკეთა.

"პრეზიდენტმა მხოლოდ ტექსტის ის ნაწილი აიღო, სადაც საშუალება მიეცა, აღმასრულებელი ხელისუფლების კრიტიკა გამოეხატა და ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაცია მოახდინა. მისი მხრიდან ეს პოზიცია თავისთავად არაობიექტური და არაეთიკური აღმოჩნდა. პრეზიდენტს არ ჰქონდა მოცემულობა, რომ ასე ემსჯელა და უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ ორგანოებისთვის რეკომენდაცია მიეცა."

 გია ბუღაძე (მხატვარი): "პრეზიდენტის აზრები ხშირად გაუგებარია. ჩვენი სასამართლო კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ქვეყნის უბედურებაა. პრეზიდენტის ფილოსოფოსობა ჩემთვის ზედმეტია. ჩვენი სასამართლო ისედაც უბედურია, ისინი არაპროფესიონალები და მედროვეები არიან. მე, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ მსურს, ციხეში ვინმე გაუბედურდეს, ვერ ვიტყვი, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს."

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "თუკი ასეთი ადამიანები ნამდვილად არიან, ვინც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და ამაზე გონივრული ეჭვი არსებობს, მაშინ ისინი პერსონალურ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და მე ამას გავამართლებდი. დასჯის მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ თუ მათ დაუსაბუთებენ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მათი ქმედება უკანონო და ანტისახელმწიფოებრივია, მაშინ ასეთი ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×