საქართველოს ისტორია არაერთი პიროვნების ტრაგიკული ბედის დამტევია. პოლიტიკური თუ სოციალური ყოფა, უმძიმესი რეალობა ბევრ ქართველს აიძულებდა სამშობლო დაეტოვებინა და არსებობა ქვეყნის მიღმა გაეგრძელებინა. ნოსტალგიაშეპყრობილი არაერთი ქართველი სულით და ხორცით კვლავ თავისი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად რჩებოდა.
ასეთი დამოკიდებულებების ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი ალავერდი-ხანი უნდილაძისა და მისი შთამომავლების უაღრესად ტრაგიკული ისტორია გახლავთ. ირანის შაჰის კარზე აღზევებულ ქართველებს საქართველოს ერთგულება არ აპატიეს.
რას შეეწირა ალავერდი-ხანი უნდილაძე და როგორ დაესვა ტრაგიკული წერტილი მის შთამომავლობას, რა იყო ის პოლიტიკური ფონი, რამაც გამორჩეულად ფასეული გახადა ეს თავდადება?
როგორ აღზევდა შაჰის კარზე ალავერდი-ხანი
საინტერესოა, რამ განაპირობა ალავერდი-ხანი უნდილაძის აღზევება ირანის სამეფო კარზე, რამდენად იოლი იყო ამის მიღწევა სამშობლოდან გადახვეწილი ქართველისათვის? ამ კითხვებზე პასუხისათვის გვერდს ვერ ავუვლით ყქ| ს-ის მიწურულის ირანის შიდა პოლიტიკურ სიტუაციას.
მას შემდეგ, რაც შაჰ-აბასი ტახტზე ავიდა, მთავარ წინააღმდეგობას პრივილეგირებული ყიზილბაშური ტომების მეთაურთა მხრიდან წააწყდა, სწორედ მათი გავლენის შესუსტება იყო გადამწყვეტი. შაჰ-აბასი ყიზილბაშებს კავკასიელებს უპირისპირებს. ასე წინაურდებიან ირანში ქართველები, ჩერქეზები...
განსაკუთრებული ყურადღება ყულის ჯარს ექცეოდა, რომელიც გამაჰმადიანებული ქრისტიანებისგან შედგებოდა. აქ საკმაოდ დიდი რაოდენობით მსახურობდნენ ქართველები და ამიტომ მისი მეთაური, ანუ ყულარ-აღასი მხოლოდ ქართველი უნდა ყოფილიყო. სწორედ ალავერდი-ხანი უნდილაძე გამოარჩია შაჰმა და ყულარ-აღასობა უბოძა.
რატომ გამოარჩია ალავერდი ხანის შაჰ-აბასმა
როგორ აღმოჩნდა ალავერდი-ხანი სპარსეთში? ამაზე ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება. მსჯელობა მხოლოდ ვერსიების დონეზე შეიძლება - პირველი ვერსიით, ალავერდი-ხანი ბავშვობაში მოიტაცეს და ტყვედ წაიყვანეს ირანში; მეორე ვერსიით კი, საქართველოში უნდილაძეთა ფეოდალური გვარის დამცრობის გამო ისინი თავად წასულან ირანში და ალავერდი-ხანიც მათ წაჰყოლია.
საცნაურია, რომ ქართველს სულ რამდენიმე წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ირანის სამეფო კარის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გამხდარიყო.
ალავერდი-ხანის სახელი პირველად 1588 წელს ჩნდება მატიანეში - შაჰ-აბასს ტახტზე ასვლის მეორე წელს დიდი მოხელე მურშიდ ყული-ხანი დაუმარცხებია და ამ საქმეში ალავერდი-ხანი დახმარებია.
მთავარი მომენტი, რამაც ქართველისადმი შაჰის ნდობა განაპირობა, იყო ვანის ტბასთან 1605 წელს გამართული ბრძოლა, სადაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილა შაჰი, შეშინებულა კიდეც, თუმცა, მშველელად სწორედ ალავერდი-ხანი გამოჩენილა, ჯარის მეთაურობაც უკისრია და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც უზეიმია. საცნაურია, რომ ამ გამარჯვებით იწყება შაჰის აღმავლობა და წარმატებული კარიერა. სწორედ ეს ფაქტი გახლდათ მრისხანე შაჰის კეთილგანწყობის მიზეზი ქართველისადმი.
როგორ ემორჩილებოდა მთელი ირანი შაჰ-აბასს, შაჰ-აბასი კი უნდილაძეს
ამ პერიოდის თანამედროვე პორტუგალიელი ელჩი ანტონიო დე გოვეა საკმაოდ ცალსახად მიანიშნებს იმ ურთიერთობის შესახებ, რაც შაჰ-აბასსა და ალავერდი-ხან უნდილაძეს შორის არსებობდა. ელჩი საგანებოდ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ალავერდი-ხანი შაჰის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, რომ ის ბეგლარ-ბეგი ანუ ბატონთა ბატონია. გარდა ამისა, ერთი მეტად საინტერესო დეტალსაც გვამცნობის პორტუგალიელი. შაჰ-აბასს მისთვის უთქვამს - მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილებიო.
ალავერდი-ხანი მისდევს სააღმშენებლო საქმესაც. სწორედ მისი ხელმძღვანელით აშენებულა ისპაჰანში ბაღები, ქარვასლები. ამ შესანიშნავ ქალაქში დღესაც შემორჩენილია ალავერდი-ხანის აშენებული უმშვენიერესი ხიდი.
ინგლისელთა ქართული გამბიტი შაჰ-აბასის კარზე
ინგლისის პოლიტიკურ სწრაფვას გაბატონებულიყო სტრატეგიულად მნიშვნელოვან სრუტეებზე, წინ ეღობება ოსმალეთის სახელმწიფო. სწორედ ოსმალების წინააღმდეგ მოიაზრებენ ირანელებს ინგლისელები უმთავრეს დამრტყმელ ძალად. ეს პოლიტიკური სვლა აიძულებს ბრიტანულ დიპლომატიას ხელი შეუწყოს ირანის გაძლიერებას. ირანის გაძლიერება ხომ თავად ირანელთა ნატვრაა. ამიტომაც 1599 წელს განსაკუთრებული პატივით იქნენ მიღებული შაჰის კარზე ინგლისელები, ძმები ანტონ და რობერტ შერლები.
შაჰ-აბასთან შეხვედრისას პირველივე ჯერზე შერლი მიხვდა, რომ უმთავრესი სწორედ შაჰის კეთილგანწყობა იქნებოდა, მთავარი იყო ის, როგორ მოეპოვებინა ირანის ხელისუფალისგან ასეთი ნდობა.
სწორედ ამის შესახებ წერს შერლი: "გარკვეული დრო მოვანდომე იმაზე ფიქრს, რა გზას უნდა დავდგომოდი, როგორ გამეგო მეფის მიზანი, მისი ხასიათი და მიდრეკილებები. უნდა მიმეღწია იმისთვის, რომ მეფეს შინაგანად მოვწონებოდი, ასევე ყველა მისი დიდი თანამდებობის პირის კეთილგანწყობა დამემსახურებინა, განსაკუთრებით მათი, რომლებიც ჩემი მიზნის მიღწევაში დამეხმარებოდნენ. ასეთებად ჩავთვალე ალავერდი-ხანი - მისი გენერალი, და შაჰ-თამაზ ყული-ბეგი - ორივე ქართველი. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაამაჰმადიანა მეფის მამამ, მათ შინაგანად ქრისტიანობა შეინარჩუნეს და უსაზღვროდ კეთილად იყვნენ განწყობილნი ქრისტიანებისადმი. ისინი არ ერიდებოდნენ ქრისტიანთათვის ხელის შეწყობას და საჯაროდ მიაგებდნენ კიდეც პატივს".
საგულისხმოა, რომ სწორედ ალავერდი-ხანი უნდილაძე ხელმძღვანელობს სამხედრო რეფორმას, მას ამ საქმეში ინგლისელი ძმები ანტონ და რობერტ შერლები ეხმარებოდნენ. თუ რა დონის მოღვაწე იყო ქართველი, მიანიშნებს ის ფაქტი, რომ შაჰ-აბასმა სწორედ მას ანდო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმა, რამაც ირანი თვისებრივად სულ სხვა დონის სახელმწიფოდ აქცია.
შეთქმულება წინასწარმეტყველების ნიღბით
ალავერდი-ხანის გარდაცვალება უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ირანისთვის, ბუნებრივია ამ ამბავს შაჰ-აბასის მემატიანემ სათანადო ყურადღება დაუთმო. ოფიციალური ვერსიით, შაჰი ფარახაბადიდან ისპაჰანს ბრუნდებოდა. მის დასახვედრად ჩასული ალავერდი-ხანი რომ დაუნახავს, აბასს გვერდით მყოფისთვის უთქვამს - ალავერდი-ხანი ფერზე არ არის, ასე მხოლოდ საიქიოს მიმავალნი გამოიყურებიანო.
ამ ამბის გახსენების შემდეგ მემატიანე საგანგებოდ მიანიშნებს - ეს წინასწარმეტყველება შემთხვევით რამდენიმე დღეში ახდა, ფარსის ამირა ავად შეიქნა და გარდაიცვალაო.
დიდი პატივით დაუკრძალავთ უნდილაძე, შაჰსაც სათანადოდ უგლოვია, დიდებულ ამალასთან ერთად პანაშვიდსა და დაკრძალვასაც დასწრებია და განბანვის ცერემონიალშიც მიუღია მონაწილეობა.
ღირსეული ცერემონიალისთვის ხარჯებიც, 150 თუმანი, სამეფო ხაზინიდან დაუფარავს. ქართველი დიდი პატივით დაასვენეს აკლდამაში. დაკრძალვის მეორე დღესაც არ დავიწყნია აბასს უნდილაძე, ალავერდი-ხანის უფროს ვაჟს იმამყული-ხანს სწვევია და მამის თანამდებობა უბოძებია, ხოლო მისი უმცროსი ძმა, დაუდ-ხანი ყარაბაღის ამირთ-ამირად და ყაჯართა ტომის მეთაურად დაუნიშნავს. ამით შეეცადა შაჰი გადაეფარა ის ვერაგობა, რაც სულ რამდენიმე ათეული წლის წინ გაცხადდა...
ხალხში არაფერი იმალება, ირანშიც ალავერდი-ხანის სიკვდილის ნამდვილ მიზეზზე საუბრობდნენ თურმე, თუმცა, მხოლოდ მინიშნებებით, რადგანაც ეშინოდათ შაჰის მრისხანებისა.
რა კავშირია უნდილაძის გარდაცვალებასა და შაჰის საქართველოში ლაშქრობას შორის
საგანგებოდ უნდა მივანიშნოთ - ალავერდი-ხანის გარდაცვალების თარიღი 1613 წლის 3 ივნისია. ოთხ თვეში 1613 წლის ოქტომბერში შაჰი საქართველოს წინააღმდეგ პირველ ლაშქრობას აწყობს.
1612 წელს ირანი ოსმალეთს დაუზავდა. ამან საშუალება მისცა შაჰ-აბასს საქართველოს წინააღმდეგ წასულიყო და სამაგალითოდ დაესაჯა კახეთის სამეფო, რომელსაც კავკასიაში რუსეთის შემოყვანა სურდა. ამგვარი პოლიტიკური ფერისცვალება კი არათუ ირანის, ოსმალეთის ინტერესებსაც ეწინააღმდეგებოდა.
რა თქმა უნდა, აბასი თავის განზრახვას ალავერდი-ხან უნდილაძესაც აცნობს, სხვაგვარად აბა რა უნდა ვიფიქროთ, ის ხომ მთელი ირანის ჯარების სარდალია. ამასთან ალავერდი-ხანის ქართველობაც არ თამაშობს მეორეხარისხოვან როლს - შაჰს ამ თვალსაზრისითაც აქვს კონკრეტული გათვლები - ალავერდი-ხანის ოჯახის წევრები ხომ ენათესავებოდნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრებს და ქართველ ფეოდალებს. თეიმურაზ პირველის და - ელენე ცოლად დაუდ-ხანს ჰყავდა, იმამყული-ხანის ქალიშვილი კი ანდუყაფარ ამილახვრზე იყო დაქორწინებული. ეს კავშირები შაჰს აღუძრავს იმედებს საიმედო პლაცდარმი შექმნას საქართველოში, თუმცა, მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.
"არა არს დამალული, რაიც არა გაცხადდეს"
გარდაიცვალა ალავერდი ხანი უნდილაძე, ოფიციალური ვერსიაც მუშაობდა, თუმცა, ყველაფერი გაცხადდა მაშინ, როცა მოგვიანებით ქართველმა მეცნიერმა ილია ტაბაღუამ საფრანგეთიდან ჩამოიტანა 1635 წელს პარიზში გამოცემული დე სენ-ლაზარის წიგნი ირანში მოგზაურობის შესახებ.
სწორედ აქაა წარმოდგენილი ის, რაც ყველაფერს ნათელს ფენს. დე სენ-ლაზარი აღწერს იმ ეპიზოდს, როცა აბასს უნდილაძისთვის საქართველოში ლაშქრობის გადაწყვეტილება გაუცნია და ქართველს ამაზე კატეგორიული უარი უთქვამს: "შაჰი მეტად განრისხებული იყო. შირაზის ხანი, სახელად ალავერდი და მისი ჰარამხანის მეთვალყურე და მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი ყორჩიბაში, შეეცადნენ უარი ეთქმევინებინათ შაჰისათვის თავის გადაწყვეტილებაზე / თვითონ პირადად წასულიყო ქართველების წინააღმდეგ სალაშქროდ. ამის გამო ირანის შაჰის რისხვას ვერ გადაურჩნენ: შაჰმა ბრძანა ალავერდი-ხანი მოეწამლათ, მან სიკვდილის წინ გამწარებულმა ხელები დაუკბინა ცოლს. ყორჩიბაში კი შაჰის ბრძანებით გაროზგეს."
ღირსეული მამის ღირსეული შვილები
მართლაც საოცარი ფაქტია - ალავერდი-ხანის შვილები ძმები უნდილაძეები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი თანამდებობები - ყულარაღასობა და ბეგლარბეგობა ეკავათ შაჰის ჯარში, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა არ იღებენ. ისინი ერთგულნი დარჩნენ მამის პოზიციისა.
არ აშინებთ იმამყული-ხანსა და დაუდ-ხანს მამის ბედი, რა თქმა უნდა, მათ ყველაფერი კარგად უწყიან, იციან შაჰის ვერაგობის ამბავი, და მიუხედავად ამისა ერთგულებენ ქართველობას.
საცნაურია, რომ 1625 წელს დაუდ-ხანი უკავშირდება ჯერ გიორგი სააკაძეს, შემდეგ, თეიმურაზ მეფეს და მონაწილეობას იღებს სეფი-მირზას წინააღმდეგ აჯანყებაში. მას სწორედ შიგნიდან სურს გატეხოს ის ულმობელი ძალა, რაც სულ ცოტა ხანში როსტომ-ხანის ვერაგი მმართველობის სახით სახადივით მოედება ყქ|| ს-ის 30-50-იანი წლების საქართველოს, ქართული სულის ჩაკვლას რომ ისახავდა მიზნად.
სწორედ ეს აჯანყება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანში უნდილაანთ ფეოდალური სახლის ამოწყვეტისა.