"ქართული ოცნება" რამდენიმე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "კონსერვატორებისთვის" დახმარებას გეგმავს, რაც იმაში გამოხატება, რომ სადაც "კონსერვატორი" მაჟორიტარობის კანდიდატები იყრიან კენჭს, "ქართული ოცნება" დეპუტატობის საკუთარ კანდიდატურას ან არ დაუპირისპირებს, ან ისეთ კანდიდატურას შეარჩევს, რომლის წარდგენას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ეს ორი პარტია სამ მაჟორიტარულ ოლქზე გეგმავს შეთანხმდეს. კერძოდ, როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც "კონსერვატორების" მაჟორიტარობის კანდიდატები ზვიად ძიძიგური და პაატა კვიჟინაძე იქნებიან, "ქართული ოცნება" საკუთარი მაჟორიტარის გაყვანისათვის არ იბრძოლებს. "ქართული ოცნება" ამ ფორმით "კონსერვატორებისთვის" კიდევ ერთი მაჟორიტარული ოლქის დათმობას აპირებს, სადაც "კონსერვატორთა" მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატი ან გიგა ბუკია, ან ბიძინა გუჯაბიძე იქნებიან.
გამართლებულია თუ არა "ოცნების" მხრიდან მაჟორიტარული ოლქების ყოფილი თანაგუნდელებისათვის დათმობა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
მიხელ ცაგარელი (ასტროლოგი): "ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ვერაფერს გეტყვით. მაინტერესებს, რატომ აკეთებენ ამას და რა აქვს დადებითი ქვეყნისთვის. თუ ამას აკეთებენ, ეს უნდა იყოს საზოგადოებისთვის ახსნილი. სხვანაირად გაუგებარია, იმიტომ, რომ შეიძლება საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ წყალქვეშა დინენებია და სხვა სახის პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობს.
"თუ საუბარია გამჭვირვალობაზე, მაშინ უნდა აგვიხსნან, რატომ აკეთებენ მაინცდამაინც "კონსერვატორებთან", რით დაიმსახურეს და რით არიან სხვებზე უკეთესები. მაშინ იქნება ეს გასაგები, თუ არა და, საზოგადოებას ეჭვი შეეპარაება".
ირმა სოხაძე (მომღერალი): "ეს ალბათ შიდა ამბებია და მათი გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ახსნა-განმარტებაა გასაკეთებელი. შეიძლება, კარგი და ლოგიკურიც არის და არ ვიცი. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
"საერთოდ ყველაფერზე ველოდები ახსნა-განმარტებას. ზოგს აქვს, ზოგს - არა და მემგონი ეს რთული არ იქნება და მოსახლეობას აუხსნიან, რატომ ხდება ეს".
ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): "პოლიტიკაში გარიგებები ჩვეულებრივი ამბავია და გასაკვირი არ არის, რომ "ქართულმა ოცნება" "კონსერვატორებს" დაუთმოს ადგილი. თუმცა, ზვიად ძიძიგურის პარტია ღირსი არ არის, მომავალ პარლამენტში იყოს. იმიტომ, რომ ხალხის საკეთილდღეოდ მას 4 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ისე, როგორც "ქართულ ოცნებას".
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "გამართლებულია. დარწმუნებული ვარ, "კონსერვატორებს" ეყოლებათ ღირსეული კანდიდატები. თან ეს კოლეგიალურობაა, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე