იუსტიციის სამინისტროს მიერ საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პოლიციელებს საარჩევნო უბნებთან ყოფნა დაევალებათ. ასევე მკაცრდება სასჯელი საარჩევნო უბანთან ძალადობაზეც და სასჯელი 2-დან 5 წლამდე იქნება.
აღნიშულ ცვლილებებს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა როგორც მმართველ პოლიტიკურ ძალაში, ისე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებში. ბევრისთვის კანონი ძალიან ზოგადია და მეტ კონკრეტიკას საჭიროებს, რადგან გაურკვეველი ბევრი დეტალი რჩება.
უკმაყოფილება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გამოთქვა. შსს-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, უმჯობესია, რომ კონკრეტულად იქნეს განსაზღვრული, პოლიციელმა ზუსტად სად უნდა განახორციელოს პატრულირება
გარდა ზემოთ აღნიშნული მიზეზებისა, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიციელების საარჩევნო უბნებთან ყოფნამ შესაძლოა, გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოების არჩევანზე, რაც დაუშვებელია.
უნდა იდგნენ თუ არა პოლიციელები საარჩევნო უბნებთან? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "პირადი გამოცდილებიდან გეტყვით - იყო შემთხვევა, როცა გორში პოლიციელები იყვნენ უბანში, დათვრნენ და დახოცეს დამკვირვებლები და კომისიის წევრები. ამიტომ საერთოდ არ უნდა იყვნენ პოლიციელები საარჩევნო უბნებთან. თუ იქნება რაიმე, კომისიის თავმჯდომარე დაუძახებს და შეიყვანს, ისე, როგორც ადრე იყო."
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იდგნენ პოლიციელები საარჩევნო უბნებთან, რათა არ იყოს ქვების სროლა და ცემა-ტყეპა. არც კორცხელის ინციდენტი არ მოხდებოდა, პოლიცია რომ იქ თავიდანვე ყოფილიყო. ამიტომ აუცილებელია.
"თუ ჩვენ არ ვენდობით პოლიციას - ეს სხვა საკითხია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცენ პოცილიელს პოლიტიკური დავალება, ამის გაკონტროლება კი მიმაჩნია, რომ არც ისე რთულია."
გიგა ნასარიძე (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): "ეს შექმნის დამატებით დაძაბულობას. კანონი, რომლის მიხედვითაც ძალადობა უნდა ისჯებოდეს, საარჩევნო უბნის მოშორებით უნდა ხორციელდებოდეს. ეს კანონი გამოყენებული უნდა ყოფილიყო კორცხელის ინციდენტის დროს. კიდევ უფრო კარგი გამოსავალი იქნება ის, თუ ხელისუფლება თავად არ გამოაგზავნის იმ ადამიანებს, რომლებიც მოაწყობენ ასეთ ინციდენტებს."
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "საქმე ისაა, რომ საქართველო დამოუკიდებლობის 25 წელიწადს ითვლის და თუ მხედველობაში პირველ არჩევნებს არ მივიღებთ, სხვა არჩევნები გაყალბების გზით ტარდებოდა. ეს განსაკუთრებით შევარდნაძის პერიოდს ეხება, შედარებით მსუბუქი და ნაკლები გაყალბება იყო მიხეილ სააკაშვილის დროს. "რადგან ჩვენ დემოკრატიული საზოგადოებისკენ მივდივართ, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით ვერ ვახორციელებთ ძირითად პრინციპებსაც კი, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია დაპირისპირებები, რადგან ქვეყანაში არიან ოპოზიციური პარტიები, წინა ხელისუფლების წევრები, რომლებიც ყველაფერზე მიდიან პროვოკაციის მოსაწყობად. ამიტომ საჭიროა გარკვეული წესრიგის დაცვა საარჩევნო პერიმეტრებში. ეს წესრიგი კი პოლიციამ უნდა დაიცვას."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე