ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, რომელიც თავისი დროის გამორჩეული ნათელი მოვლენა გახლდათ, თვისობრივად შეცვალა დასავლეთ ევროპა. ეს პროცესი თითქმის სამ საუკუნეს ითვლის - სულ 8 ლაშქრობაა ცნობილი, პირველი - 1096-1099 წლებში, ბოლო, მერვე - 1270 წელს.
საგულისხმოა, რომ ჯვაროსნული ლაშქრობები ერთგვარ გამოთქმადაც დამკვიდრდა და სხვადასხვა მოვლენის აღსანიშნავად დღესაც იხმარება, თუმცა, ნამდვილ ჯვაროსნულ ლაშქრობას კაცობრიობის ჟამთასვლა სულ რვაჯერ შეესწრო. ამათგან ყველაზე შთამბეჭდავი, მსოფლიო გამორჩეული მასშტაბური მღელვარება რომ ახლდა თან, რა თქმა უნდა, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა იყო.
რა მოხდა 1099 წლის 15 ივლისს, შუადღის სამ საათზე
პალესტინა, 1099 წლის 15 ივლისი, პარასკევი, შუადღის 3 საათი, პალესტინური რეალობისათვის დამახასიათებელი ხვატი...
დასავლეთევროპელი რაინდები, ჯვაროსნები, როგორც მათ შემდგომში უწოდებენ (რაინდებს ჯვაროსნების სახელით ჯერ კიდევ არავინ იხსენიებს), შტურმით იღებენ იერუსალიმს, ქალაქის ზღუდე, რომელიც საიმედოდ იყო გამაგრებული, ევროპელებმა დაძლიეს და შეიჭრნენ იქ.
მკითხველი, ბუნებრივია, დაიბნევა - თარიღის მინიშნება ჩვეულებრივი ამბავია, კონკრეტული თვე და რიცხვის დაზუსტებაც ნებისმიერი ისტორიული მოვლენისას სრულიად ბუნებრივად აღიქმება, უცნაური კი ისაა, რომ აქ ზუსტ დროს, შუადღის სამ საათს ვუთითებთ.
არადა, სწორედ ეს შუადღის სამი საათი და პარასკევია მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამტევი - ეს ერთგვარი ნიშანია ჯვაროსანთათვის, საკრალური ნიშანი იმისა, რომ მათი გათვლები სწორია, რომ ისინი ქრისტეს გზას ადგანან - საქმე ისაა, რომ თავად ქრისტეც პარასკევს, შუადღის სამ საათზე შევიდა იერუსალიმში... ეს დამთხვევა განსაკუთრებულად ახარებთ ჯვაროსანთ.
ტრიუმფალური და სისხლიანი გახლდათ აღდგომის ეკლესიაში ჯვაროსანთა შესვლა, სადაც უფლის საფლავი მდებარეობს, ქრისტეს ჯვარცმის ადგილთან, გოლგოთასთან მისვლა. მანამადე კი ვიადოლორესაზე გავლა, იმ ვიწრო ქუჩაზე, რომლითაც მაცხოვარმა ჯვარი გოლგოთაზე აიტანა.
რატომ არ იყო იერუსალიმი მხოლოდ ქრისტიანების
იერუსალიმი ჯერ კიდევ ქ|| ს-ში დაიპყრეს მაჰმადიანებმა, კერძოდ არაბებმა, ყ| ს-ში კი სხვა მაჰმადიანებმა - თურქ-სელჩუკებმა, სწორედ მათ წაართვეს ევროპელმა ქრისტიანებმა 1099 წელს სიწმინდეებით აღვსილი ქალაქი. ქრისტიანული სამყარო ზეიმობს, მაჰმადიანური - დამწუხრებულია, მისთვის იერუსალიმის დაკარგვა ტრაგედიის ტოლფასია, რამდენადაც ამ საუკუნეების განმავლობაში, ხუთი საუკუნის მანძილზე იერუსალიმი მაჰმადიანური სიწმინდეების ქალაქადაც ჩამოყალიბდა.
აქ მაჰმადიანებს თავიანთი სამლოცველოები აქვთ - ალ-აკსა და ას-სახრა - კლდის გუმბათს რომ ეძახიან და მექასა და მედინას შემდეგ მესამე სიწმინდედ რომ ითვლება მუსულმანთათვის.
რაც შეეხება იუდეველებს, მათთვის წმინდა ადგილია იერუსალიმის სატაძრო მთა, სადაც ძვ.წ-აღ-ის 950 წელს სოლომონის მიერ აგებული ტაძარია, აქვეა ბაბილონის ტყვეობის მერე, ქრისტეს დაბადებამდე 516 წელს აშენებული მეორე ტაძარი.
იუდეველთა გამორჩეული სიწმინდეა გოდების კედელი, რომელიც ქრისტემდე | ს-ში ჰეროდეს მიერ აგებული იერუსალიმის კედლის შემორჩენილი დასავლეთი ნაწილია. ეს ადგილი საუკუნეების მანძილზე გახლავთ ებრაელებისათვის რწმენისა და იმედის სიმბოლო.
როგორ დაიწყო ახალი ეპოქა ჯვაროსნულმა მოძრაობამ
რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ევროპა ნაკლებ კომუნიკაბელური გახდა, ჩაკვდა სიცოცხლე, კომუნიკაციები მოიშალა, ევროპაში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იციან, რა ხდება მათი რეგიონის მიღმა. დიახ, ეს რეგიონებია, ჯერ კიდევ არაა აქ ჩამოყალიბებული სახელმწიფოები, და ამ ფონზე, ასეთი მასშტაბური გაჭრა საკმაოდ დიდ მანძილზე, თანაც უცხო კულტურულ არეალში, თანაც საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსით, ახალი ეპოქის დასაწყისი გახლდათ ევროპისათვის.
1099 წლის 15 ივლისს იერუსალიმში ევროპელი რაინდები შეიჭრნენ, თუმცა საგულისხმოა, რომ პირველები ჯვაროსნული ლაშქრობის შორეულ გზას ისინი არ დასდგომიან, პირველები აღმოსავლეთისაკენ გლეხები დაიძრნენ. ჯგროდ, ათასობით, იმ იდეით, რომ ქრისტიანული სიწმინდეები დაეხსნათ მაჰმადიანთა ბატონობისგან. არადა, ეს იყო ხალხი, რომელთაც არ გააჩნდათ საბრძოლო უნარ-ჩვევები, თანაც უმეტესობა უიარაღო იყო.
მაგალითი ისტორიის მრავალფეროვანი სპექტრისა
ისტორიოგრაფიაში ჯვაროსნული ლაშქრობები, როგორც სიწმინდეებისათვის ბრძოლები, როგორც ბრძოლები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ქრისტიანთა და მაჰმადიანთა დაპირისპირება, ორი განსხვავებული კულტურის შეხვედრა, საკმაოდ დეტალურადაა განხილული. ამ მოვლენებს არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა. ეს ერთ-ერთი ნათელი მაგალითია პოლარულად დაპირისპირებული განსხვავებული დასკვნებისა, დასკვნები არა მარტო განსხვავებული, არამედ რადიკალურად საპირისპიროა.
ერთნი, ჯერ კიდევ ყ|| ს-იდან მოყოლებული, აფასებენ ჯვაროსნულ ლაშქრობებს, როგორც წმინდათაწმინდა ღვთიურ მოვლენას რწმენისა და ეკლესიის დაცვის თვალსაზრისით. მათთვის ეს მოვლენა მსოფლიო მასშტაბსა და მნიშვნელობას იძენს. რომანტიკული ისტორიოგრაფიის წარმომადგენელი ჟოზეფ ფრანსუა მიშო, ფრანგი ისტორიკოსი, ამ მოვლენებს აფასებს როგორც გმირობას და, რაც მთავარია, მას აქვს საკუთარი დასკვნებისათვის მეტად არგუმენტირებული ფაქტები.
მაგრამ იყო ასეთი შეფასების საწინააღმდეგო პოზიციებიც, იმ ადამიანების დასკვნები, რომელნიც კათოლკიურ სარწმუნოებას არ იზიარებდნენ. არადა, სწორედ კათოლიკურმა ეკლესიამ დაუდო სათავე ჯვაროსნულ ლაშქრობებს. პროტესტანტული ისტორიოგრაფია, ქრისტიანული, თუმცა არაკათოლიკური, ამ მოვლენას აფასებს როგორც ეშმაკისეულ წაქეზებას, რამაც უდიდესი უბედურება მოიტანა, ჯვაროსნულ ლაშქრობებს მართლაც უამრავი უბედურება, განსაცდელი ახლდა თან.
როგორ დაიკარგა ჯვაროსანთა თავდაპირველი იდეა
ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა თანდათანობით მართლაც დაკარგა თავდაპირველი იდეა და სახე. ისინი უკვე აღარ ჰგავდნენ პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას.
მაგალითად, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობისას ქრისტიანები ანადგურებდნენ და ძარცვავდნენ ქრისტიანულ ქალაქებს, მათ შტურმით აიღეს ქრიატიანული, მართლმადიდებლური კონსტანტინოპოლი, მართლაც ბევრი იყო ამ მოვლენებისას ეშმაკისეული, ათეულობით ათასი დაღუპული, ბნელეთის მოციქულის ქმედება.
მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობისას ათეულობით ათასი ბავშვი შესწირეს ზვარაკად თავიანთ გაუაზრებელ იდეას. საბრძოლველად ბავშვები შეკრიბეს. იფიქრეს, ბავშვების, როგორც სუფთა სულის მატარებლების, წინაშე უძლური იქნებოდა იერუსალიმის კედლები, რომელიც ისევ მაჰმადიანებმა დაიბრუნეს.
იყო მოლოდინი, რომ ეს ზღუდეები ჩამოიშლებიან ბავშვების წმინდა სულის ზემოქმედებით და ქრისტიანული სიწმინდეები ისევ ქრიატიანებს დაუბრუნდებათ. ყველაფერი ეს კი არნახული მასშტაბის უბედურებით დასრულდა.
მაინც რა იყო ეს, როგორ უნდა შევაფასოთ ჯვაროსნული ლაშქრობები მათი შედეგების მიხედვით? ცალსახოვანი პასუხის გაცემა ამ კითხვებზე რთულია, ეს არის საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ შავ-თეთრ ფერებში ისტორიული პროცესების შეფასება არ ხდება.
ჯვაროსანთა სისხლიანი ნაკვალევი
აღმოსავლეთში ჯვაროსანთა პირველი გამაგრებული პლაცდარმი ანტიოქიაა. სწორედ ამ ქალაქის აღების შემდეგ იწყება შეტევა სამხრეთით, იერუსალიმისკენ, სადაც პოლიტიკური ვითარება იცვლება - 1098 წელს ეგვიპტელმა ფატიმიდებმა აიღეს იერუსალიმი და განდევნეს სელჩუკები, მაგრამ სელჩუკი რომ უკან არ იხევს და რევანშისათვის ემზადება, ესეც ფაქტია.
ფატიმიდები ჯვაროსნებს საკმაოდ მაცდურ წინადადებას სთავაზობენ - ისინი მზად არიან, მათ სასარგებლოდ დათმონ იერუსალიმი, თუკი სელჩუკების საბოლოო დამარცხებაში დაეხმარებიან. თითქოს ყველაფერი გარკვეულია, წინადადებაც თითქოს მისაღები უნდა იყოს, მაგრამ გარიგება ვერ შედგა.
7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს, 8 ივლისს იწყება ჯვაროსანთა რელიგიური მსვლელობა იერუსალიმის გარშემო. ინიციატორი პეტრე მეუდაბნოეა, მისი ხელმძღვანელობით ჯვაროსნები ფსალმუნებს მღერიან, არადა, მარტო ლოცვა და რელიგიური რიტუალი რომ არ არის საკმარისი, თავადაც კარგად ხვდებიან, მითუფრო, როცა შეიტყვეს, მუსულმანები ჯარს ასკალონში აგროვებენო.
გადამწყვეტი შეტევა 13 ივლისს დაიწყო. 15 ივლისს ჯვაროსნებმა შეძლეს სამხრეთ კედელზე ასვლა. პირველი, ვინც იერუსალიმის კედელზე დადგა ფეხი, იყო რაინდი ლეტოლდი.
იერუსალიმამდე მხოლოდ 12 000-მა კაცმა მიაღწია, ჯვაროსანთა მორწმუნე ნაწილი წმინდა ქალაქში პილიგრიმის ტანისამოსით შევიდა, მაგრამ ასეთნი ძალიან ცოტანი აღმოჩნდნენ. ქრისტიანმა მეომრებმა ცოდვის კალო დაატრიალეს, გაუგონარი სისასტიკე გამოიჩინეს და 10 ათასამდე ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. მიწა სისხლით ყოფილა გაჟღენთილი.
როგორ იწყებოდა ეპოქა, რომელმაც ველური ევროპა აღმოსავლურ ცივილიზაციას აზიარა
ჯვაროსანთა მეთაური რაიმონდი დაუნდობლად მოქმედებს, მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევს, კლავს. ასე იქცევიან მისი თანამებრძოლებიც. ერთ-ერთი ჯვაროსანი ასე აღწერს შემაძრწუნებელ სანახაობას: "ურწმუნოები სიკვდილით დასაჯეს, ისრებით ჩახოცეს და გალავნიდან გადაყარეს, დანარჩენები კი დაწვეს. გვამები ქალაქის ქუჩებში ეკიდა".
აი, კიდევ ერთი ჯვაროსნის ჩანაწერი: "იქ რომ ყოფილიყავი, ნახავდი, რომ ჩვენ, ჯარისკაცებს ფეხები მუხლამდე შეღებილი გვქონდა წითლად, დახოცილთა სისხლით. ეს ძალიან არ მინდოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო."
ხოცვა-ჟლეტა რამდენიმე დღე გაგრძელებულა, ყველაფერს აქვს დასასრული და დასრულებულა ეს უსაშინლესი სანახაობაც, მხოლოდ იმიტომ, რომ წმინდა ქალაქში მოსაკლავი აღარავინ დარჩენილა...
ასე იწყება მსოფლიო ისტორიაში ეპოქა, რომელმაც ველური ევროპა აღმოსავლურ ცივილიზაციას აზიარა...