ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2014-2015 წლებში მშობიარობისას დედისა და ჩვილის გარდაცვალების შემთხვევების შესწავლისას დადგინდა, რომ 62 შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზი მკურნალობისას დაშვებული შეცდომა, ან ექიმების მხრიდან არასათანადო ყურადღება იყო.
ამ განხილვების შედეგად, ამავე პერიოდში დასმული იქნა 174 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, რის შედეგადაც 77 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, ხოლო 97 ექიმს "წერილობითი გაფრთხილება" მიეცა. 38 ექიმს კი დაევალა შესაბამის სპეციალობაში პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. ამ ეტაპზე განსახილველია კიდევ 44 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითი.
"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან, ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება იმ შემთხვევაში, თუ გამოკვეთილია სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების გარკვეული ბრალეულობა, ზემოთ ნახსენები 62 შემთხვევა არის ის, სადაც არასათანადო მკურნლობა მიმდინარეობდა, ან მკურნალობის პროცესში გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული და ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ექიმის ბრალეულობა არ არის, საკითხი საბჭოზე არ განიხილება", - განმარტა ჩვენთან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა მარინა ბაიდაურმა.
ექიმი, რომელიც ტრაგედიის მიზეზი გახდა, ისევ მუშაობს
მიუხედავად იმისა, რომ ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ისინი გარკვეული დროის შემდეგ მაინც აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას.
ჩვენთან საუბრისას გონიოში მცხოვრები 31 წლის მინდია ზოიძე განმარტავს, რომ მისი მეუღლე ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა და იმ ტრაგედიის შესახებ საუბრობს, რაც მის ოჯახს შეემთხვა.
მისი მეუღლე, 27 წლის შორენა დევაძე და მისი მუცლად მყოფი შვილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. ზოიძე ჩვენთან მორიგე ექიმის მიერ დაშვებულ შეცდომაზე საუბრობს და მშობიარობის ღამეს იხსენებს. როგორც იგი აღნიშნავს, ის ექიმი, ვინც მისი მეუღლე ამშობიარა, ამჟამადაც განაგრძობს პროფესიულ საქმიანობას.
"როდესაც ტკივილები დაეწყო, ბავშვის მოძრაობა ჩემი ხელით ვნახე. მეუღლე ამ დროს 8 თვის ორსული იყო და ჩავთვალე, რომ ნაადრევი მშობიარობა ეწყებოდა. მაშინვე გადავიყვანე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
"იქ ჩემს ცოლს სამი ექო გადაუღეს მშობიარობამდე და ამის შემდეგ მითხრეს, რომ ბავშვი ცოცხალი აღარ იყო. ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე იგი 8 საათი აწვალეს, მაშინ როდესაც შეეძლოთ, საკეისრო გაეკეთებინათ მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ აიღეს.
"ბავშვი მკვდარი დაიბადა. მშობიარობა ღამის 2 საათზე დაეწყო და დილით 8-ზე მითხრეს მისი გარდაცვალების შესახებ. სინამდვილეში კი ის 3-4 საათზე უკვე გარდაცვლილი იყო და ეს ამბავი დაგვიმალეს, ჩვენ მასთან არ გვიშვებდნენ. მე კი სამშობიარო მაგიდაზევე შევატყვე, რომ ვეღარ გადარჩებოდა.
"გარდა მშობიარობისა, მისი მკურნალობაც არასწორად მიმდინარეობდა. ნემსი დაუნიშნეს და ამან ფეხის გაშეშება გამოიწვია, როდესაც ვკითხე ექიმს, თუ რატომ ხდებოდა ასე, მითხრეს, რომ ეს ნემსის ბრალი იყო.
"ექოსკოპიასა და სისხლის ანალიზში თანხას ვიხდიდი, შეღავათს აზრი არ ჰქონდა. ჩემი ცოლის გარდაცვალების დღეს მორიგე ექიმთან ერთად მთავარი ექიმიც იყო საავადმყოფოში.
"პროკურატურაში ჩემი საჩივარი დევს და დღემდე არანაირი პასუხი არ მოსულა. მორიგე ექიმი მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დასაჯა, ისიც მხოლოდ 3 თვით შეუჩერა საქმიანობა და შემდეგ ისევ ჩვეულებრივად გააგრძელა ექიმობა", - აღნიშნა ზოიძემ.
ზოიძის თქმით, პროკურატურა მის საქმეს არ იძიებს.
"ჩვენთან იუსტიციის სახლში პროკურორი საქმეს ყველა მისვლაზე დებდა. გამომძიებელმა საქმე უკან დააბრუნა, ვითომ რაღაც გამოსაძიებელი დარჩა. დღემდე ახალი არაფერი ისმის", - გვითხრა მინდია ზოიძემ.
სამშობიაროებს სხვადასხვა დონეებს მიანიჭებენ
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარინა ბაიდაური "მთელ კვირასთან" საუბრისას განმარტავს, რომ საბჭოს ფორმატში გარდაცვალების შემთხვევების განხილვა არ არის კონკრეტული პიროვნების ან დაწესებულების დასჯისკენ მიმართული.
"დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევების განხილვა კომისიური წესით ანონიმურად ხდება. ამ პროცესში საბჭოს წევრი სპეციალისტები და დარგის სხვა ექსპერტები მონაწილეობენ. კომისიური განხილვა, რა თქმა უნდა, სამედიცინო სერვისის მიწოდების პროცესში შეცდომებისა და მათი მიზეზების იდენტიფიცირებისკენაა მიმართული, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც სპეციალისტების კვალიფიკაციის პრობლემასთან, ასევე სისტემურ და ორგანიზაციულ პრობლემებთან.
"ჩვენ ამ პრობლემების გამოსწორებაზე ვმუშაობთ და არა კონკრეტული პირების დასჯაზე. გამოსწორებაში სპეციალური რეკომენდაციები იგულისხმება, რომ შემდგომ სხვა ექიმებმა და დაწესებულებებმა იგივე შეცდომები არ გაიმეორონ. რაც შეეხება ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს, აღნიშნული პროფესიული განვითარების საბჭოს კომპეტენციაა", - განმარტა ბაიდაურმა.
მისივე ცნობით, დედათა სიკვდილიანობა 2014-2015 წლებში თითქმის არ შეცვლილა, ხოლო ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობამ იკლო.
"დედათა და ბავშვთა სიკვდილის შემთხვევების შესახებ სრული ინფორმაცია თავს იყრის სამინისტროს ოპერატიული შეტყობინების სისტემაში, რაც გულისხმობს მომხდარიდან 1 საათში სატელეფონო შეტყობინებას და 24 საათის განმავლობაში კი ინფორმაციის წერილობითი ფორმით გადმოგზავნას იმ დაწესებულების მიერ, სადაც დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი.
"2015 წლის მონაცემით, მშობიარობის დროს 18 დედა გარდაიცვალა, 2014 წელს კი 19. რაც შეეხება ჩვილ ბავშვთა (1-წლამდე) გარდაცვალებას, ეს რიცხვი 2015 წელს 507, 2014 წელს კი 578 იყო", - განმარტა ბაიდაურმა.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში უსაფრთხო დედობის, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი საკანონმდებლო, პროგრამული და ადმინისტრაციული ღონისძიებების თაობაზე წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. საბჭო სულ 36 წევრისგან შედგება და მას ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს.
საბჭოს გადაწყვეტილებები კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით მიიღება, კონსენსუსის ვერ მიღწევის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებას თავმჯდომარე ანუ მინისტრი იყენებს.
ბაიდაურის განმარტებით, დედათა და ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ქვეყანაში პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაცია დაიწყო, რომელიც მალე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. როგორც ბაიდაური ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ყველა პერინატალურ დაწესებულებას გარკვეული დონე მიენიჭება და მათ მიერ პაციენტების მიღება დადგენილი რეფერალის სქემის მიხედვით განხორციელდება, ანუ შესაბამისი პაციენტი (ორსული, ან ახალშობილი) მოთავსდება შესაბამისი დონის დაწესებულებაში.
"მაგალითად პირველი დონის დაწესებულებას მხოლოდ და მხოლოდ გაურთულებელი მშობიარობის მიღების უფლება ექნება. კონსულტაციის ეტაპზევე დაიგეგმება ორსულის მშობიარობის პროცესი, თუ რომელ დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს.
"პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის პროცესი, რომელიც დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას შეუწყობს ხელს, 2015 წელს დაიწყო და 2018 წლისთვის ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. პროცესი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონში უკვე ხორციელდება, გასული წლის ბოლოს დაიწყო ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც უკვე ხორციელდება სპეციალისტების გადამზადება, ხოლო თბილისში ახლა მიმდინარეობს დაწესებულებების შეფასების პროცესი", - აღნიშნა ბაიდაურმა.