"როცა იწყება კლიენტის ძებნა ქუჩა-ქუჩა, ეს მიანიშნებს, რომ საფინანსო სექტორში კრიზისული სიტუაცია მწიფდება"
მარი ჩიტაია
21.06.2016

 მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კლიენტების მოსაზიდად აგრესიული მარკეტინგის ნაირ-ნაირ ფორმას იგონებენ. ხშირად იმდენად დაუოკებელია მათი ფინანსური ჟინი, რომ კლიენტების დასარწმუნებლად წარმოუდგენელი მეთოდებითაც სარგებლობენ. ზოგიერთი ამ მიზნის მისაღწევად პირდაპირ ქუჩას იყენებს.

ვისაც ბოლო დღეებში მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ გაუვლია, ალბათ, სათქმელს უკვე მიხვდა. საქმე ეხება ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "სვის კაპიტალის" წამოწყებულ კამპანიას, რომელიც კლიენტებს უშუალოდ ქუჩიდან იზიდავს. შემთხვევითი არაა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაქირავებული თანამშრომლები ამისთვის ხალხმრავალ ადგილებს ირჩევენ (მაგალითად, მეტროს) და იქვე დამტკიცებული სესხის ასაღებად კლიენტებს ოფისებში ეპატიჟებიან. ექსპერტების აზრით, ამ კომპანიას ან ჭარბი რაოდენობის ფული აქვს და ვერ აბანდებს ან ქვეყანაში, შესაძლოა, საკრედიტო ბუმი მწიფდებოდეს.

ასეთი აგრესიული საბანკო პოლიტიკის "მსხვერპლი" ყოველდღიურად ათობით ადამიანია, რომელთა ყურსაც ადვილად წვდება ხმამაღალი შეძახილი: "სესხი 1000 ლარამდე პირადობის მოწმობით".

რამდენიმე დღეა, ეს ფრაზა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად იმის. თავდაპირველად ეს ფრაზა კერძო მევახშესთან ასოციაციას იწვევს, თუმცა რეალობა სხვაგვარია. ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე, რომ ასეთი ნაბიჯის უკან ერთ-ერთი სოლიდური მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დგას.

სანამ კომპანიის თანამშრომელთან რიგმა მოგვიწია, გასაუბრება ვცადეთ გარემოვაჭრეებთან, რომელთა გვერდითაც "სვის კაპიტალი" საქმიანობს. ერთ-ერთი გარემოვაჭრის თქმით, გამსესხებელი სანდოა, რომელიც ფრთხილად არჩევს კლიენტებს და სესხს ბრმად სულაც არ გასცემს.

"ფული თუ გჭირდებათ, რაღა სხვაგან უნდა წახვიდე, აქვე დაგიმტკიცდება. "აფერისტი" არ გეგონოს, სანდო ადამიანია თუ სუფთა საკრედიტო ისტორია გაქვთ, უპრობლემოდ დაგიმტკიცდება. ყოველდღე უამრავი ადამიანი მოდის და იშვიათად, რომ ვინმეს არ დაუმტკიცდეს", - გვითხრა გარემოვაჭრემ და გვირჩია, რიგს დავლოდებოდით.

ეს კი ნამდვილად წარმოუდგენელი აღმოჩნდა. ჩვენ წინ რიგს ოთხი ადამინი ელოდა. ერთ-ერთს, შუახნის მამაკაცს, სესხი - 450 ლარის ოდენობით - 5 წუთში დაუმტკიცდა. მეორესაც დაახლოებით ამ დროში, მაგრამ ცოტა გაზრდილი ლიმიტით. დანარჩენი ორი უკმაყოფილო წავიდა მხოლოდ იმის გამო, რომ პროცენტი ეძვირა.

ასე რომ, ჩვენი რიგიც მალე დადგა, თუმცა ორგანიზაციის თანამშრომელს "მსესხებლის" სტატუსით გავეცანით. ორგანიზაციის წარმომადგენელი, პირველ რიგში, საკრედიტო ისტორიით დაინტერესდა.

"პრობლემას არ შეგიქმნით, თუ მიმდინარე ფინანსური ვალდებულება გაგაჩნიათ. მთავარია, სუფთა საკრედიტო ისტორია, სადაც არ იქნება ვადაგადაცილების შემთხვევები ან სხვა შეუსრულებელი ვალდებულება. შეგვიძლია, ჩვენ ფილალში ახლავე წავიდეთ. უკვე ორი კლიენტი მელოდება", - გვითხრა ბატონმა არჩილმა, რომელიც საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა, ფაქტია, რომ კლიენტების დარწმუნება არ გასჭირვებია.

"ბიზნეს-რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად ემუქრება საფრთხე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მაცდურ შეთავაზებას გვერდს ვერ აუვლიან? რას მიგვანიშნებს საფინანსო ინსტიტუტების აგრესიული მარკეტინგი და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი როგორც მსესხებლების ასევე საფინანსო სექტორისთვის?

საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, შესაძლოა, მიზეზი გამოწვეული იყოს მონეტარული პოლიტიკის ხარვეზით, რაც ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოასწოროს.

"სერიოზული პრობლემაა, როცა ფინანსური დაწესებულება სპეციალურად ქირაობს ადამიანებს და პრაქტიკულად, ქუჩაშივე გასცემს სესხს. ვფიქრობ, მას აქვს ჭარბი რაოდენობის ფული, რომლის დაბანდება და კლიენტის მოზიდვა ნორმალური მეთოდით უჭირს. შეიძლება მზარდი საკრედდიტო ბუმი. ორივე არის საკმაოდ ნეგატიური მოვლენა საფინანსო სექტორისთვის.

ასეთ საკრედიტო ბუმი თვის 2007-08 წლებში, რაც დამთავრდა საბანკო კრიზისით 2008 წლის აგვისტოში. ასეთი ზღვარსგადასული საფინანსო მარკეტინგი არა მარტო ზრდის სესხების რაოდენობას ეკონომიკაში, არამედ მსესხებლებსაც უქმნის პრობლემას კრედიტის მომსახურების მხრივ.

არასწორად მიმაჩნია ეროვნული ბანკის საქმიანობა იმ კუთხით, რომ ზრდის ლარის მასას ეკონომიკაში. გამსესხებლებს გაუჩნდათ ბევრი ფული და ისინი ცდილობენ ამ ფულის სასწრაფოდ დაბანდებას. ლარის მასის გაზრდა არ არის ცუდი, პარალელურად რომ ყოფილიყო დოლარის მასის შემცირება. აქ არის მონეტარული პოლიტიკის ხარვეზი, რაც უნდა გამოსაწოროს ეროვნულმა ბანკმა", - განმარტავს ელიავა.

ექსპერტი სებ-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისკენ მოუწოდებს. ეს ხელს შეუწყობს, რომ აღნიშნული ინსტიტუტების საქმიანობა არ გახდეს პრობლემატური არც მოსახლეობისთვის და იმავდროულად არ მოხდეს ჭარბი ფულადი მასის გადინება ეკონომიკიდან ამ სახის საკრედიტო დაწესებულებებში.

"ფაქტობრივად, როცა იწყება კლიენტის ძებნა ქუჩა-ქუჩა, ეს აშკარად მიანიშნებს, რომ საფინანსო სექტორში თანდათან მწიფდება კრიზისული სიტუაცია, რომელიც აუცილებლად თავს იჩენს უახლოეს წლებში. ამის პროგნოზირება არის რთული, მაგრამ უეჭველია, რომ პრობლემას შექმნის.

მიმაჩნია, სებ-ის მოინეტარული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. სასწრაფოდ ზედამხედველობის ქვეშა უნდა მოექცეს ყველა საკრედიტო დაწესებულება და სებ-ი ყურადღებით ადევნებდეს თვალს რა რაოდენოიბის საკრედიტო რესურსი გადადის ეკონომიკაში. ეს თუ არ მოხდება, პრობლემების გაჩენისთვის ნოყიერი ნიადაგი იქნება", - აცხადებს ლია ელიავა.

როგორც ექსპერტი განმარტავს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მაღალი საპროცენტო განაკვეთებიც ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგია, რამდენადაც შესაძლო დაუბრუნებელი სესხების რაოდენობა სწორედ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით იფარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×