ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურის, სენაკის, სამტრედიის აღება და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს
ია აბულაშვილი
21.06.2016

 დამოუკიდებლობის კომიტეტის გადაწყვეტილებით საქართველოს ყველა კუთხესა და თბილისში ერთიანი გამოსვლის თარიღად დადგინდა 1924 წლის 29 აგვისტოს დილის 6 საათი. ცენტრთან შეუთანხმებელი მოქმედებისა და ადგილობრივ სოციალ-დემოკრატთა დესტრუქციული საქმიანობის შედეგად, ქალაქ ჭიათურაში გამოსვლები დაიწყო 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს.

ამან დიდი დაღი დაასვა აჯანყების შემდგომ მსვლელობას. მართალია, ამბოხებულებმა შეძლეს ჭიათურის და ზოგიერთი სხვა ქალაქის (სენაკი, სამტრედია და სხვა) აღება და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს, მაგრამ აჯანყება განწირული იყო.

მიუხედავად სახალხო ხასიათისა, აჯანყება მოკლებული იყო კოორდინაციას და სიტუაციის რეალურ შეფასებაზე დამყარებულ გეგმას. განსაკუთრებით ძლიერი იყო გამოსვლები დასავლეთ საქართველოში. 28 აგვისტოს დილით ჭიათურა დაიკავეს აჯანყებულებმა, რომლებიც უკვე მეორე დღეს განდევნეს ქალაქიდან.

29 აგვისტოს აჯანყებულთა შეტევები მოიგერიეს ზუგდიდისა და სენაკის მაზრებში. შეიარაღებული გამოსვლები გაგრძელდა საჩხერეში 31 აგვისტოს, შემდეგ ვანის რამდენიმე სოფელში, სვირის, ქუთაისის, ბაღდათის ზოგიერთ თემში, გორის მაზრაში, რომლებიც სასტიკად იქნა ჩახშობილი ორ-სამ დღეში.

გურიაში აჯანყებულ რაზმებს მეთაურობდნენ: მათითაშვილი, მუხაშავრია, ჭანუყვაძე. აჯანყებულთა ხელში იყო ხიდისთავი, ნაგომარი, საჯავახო. 31 აგვისტოს აჯანყებულებმა იერიში მიიტანეს ოზურგეთზე, რომლის საგანგებოდ გამაგრება უკვე მოესწროთ საბჭოთა ძალებს. ბათუმიდან და სამტრედიიდან ჩამოსწრებულმა წითელმა რაზმებმა უკუაქციეს აჯანყებულთა იერიშები.

2 სექტემბერს აჯანყებულებმა უკან დაიხიეს და ტყეებსა და მთებში გაიხიზნენ. ორი დღის განმავლობაში მთელ მხარეში, გარდა ქალაქ ოზურგეთისა, აჯანყებულები აკონტროლებდნენ სიტუაციას. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი დააპატიმრეს.

რამდენადაც საფრანგეთისა და ინგლისის დახმარების იმედი ფუჭი აღმოჩნდა, აჯანყება მინელდა. პირველი დღეების აღტაცებას იმედგაცრუება მოჰყვა. ორკვირიანი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ აჯანყება სისხლში ჩაახშეს წითელი არმიისა და ჩეკას ნაწილებმა.

მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულებს არსად დაუხვრეტიათ ხელისუფლების თანამდებობის პირები, აჯანყებულთა წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიები დაიწყო. რეპრესიებმა საერთო ჯამში თორმეტ ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შედარებით გადარჩა გურია, სადაც ფილიპე მახარაძე ჩაერია.

განსაკუთრებით ბევრი დახვრიტეს სამეგრელოსა და ზემო იმერეთში, სადაც ყველაზე ძლიერი იყო აჯანყებულთა გამოსვლები. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყებას ნაკლებად მასობრივი ხასიათი ჰქონდა, რეპრესიები მთლიანად შეეხო ქართლ-კახეთის თავადაზნაურობას.

განადგურდა ეროვნულ-პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილი, განადგურდა ქართველი ოფიცრობა, რომელთა ნაწილი შეთქმულებაში იყო ჩართული ან თანაუგრძნობდა მათ, ხოლო ნაწილი ყოველგვარი პოლიტიკის მიღმა იდგა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაიხვრიტა უამრავი ადამიანი, - პოლიტიკური ოპოზიციის, ოფიცრობის, თავადაზნაურობის, ინტელიგენციის, სამღვდელოებისა და გლეხობის წარმომადგენლები. მთლიანად განადგურდა რამდენიმე ქართული არისტოკრატული საგვარეულო.

1924 წლის აგვისტოს სახალხო აჯანყებას არაერთი ისტორიული მასალა თუ ნარკვევი მიეძღვნა, თუმცა მოგონებები, რომლებიც ამ ამბოხში მონაწილე პირების მიერ არის დაწერილი, ისეთ ნიუანსებს და დეტალებს შეიცავს, რომლებიც სხვაგან არც ერთ ისტორიულ პირველწყაროში არ შეიძლება იპოვოს კაცმა, ამ მხრივ, ისინი თვითონ წარმოადგენენ ისტორიულ პირველწყაროებს.

მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს ამ მოგონებებიდან.

ელიზბარ მაყაშვილის მოგონება

"საღამოს 9 საათი იქნებოდა, როდესაც დაღლილნი და დაქანცულნი რუსის ჯარისკაცებმა თელავის საპატიმროს მიგვიყვანეს. გაიღო დიდი კარები ციხისა და კვლავ მიიკეტა, სადაც მეფობს დუმილი, ციხე მიტოვებული სამყაროსაგან, მოშორებული სიცოცხლეს.

"მოათავსეთ ათივე (ჩვენ ათნი ვართ) მე-7 საკანში, იქ მხოლოდ ერთი პატიმარიღაა, დანარჩენები წუხელ ჩაბარდნენ პატრონს" - ისმის ბრძანება ციხის უფროსის.

შევდივართ საკანში, სადაც ნახევრად ბნელა, ხმაურზე ვიღაცამ გაიღვიძა, "ელიზბარ, გამარჯობა" - შემომესმა ხმა, ვიცან ყველასგან პატივცემული, ჩემი მასწავლებელი ბატონი გიორგი ციცქიშვილი, მისმა გამჭრიახმა ენამ, არა ერთსა და ორ ახალგაზრდა ქართველს ასწავლა სამშობლოს სიყვარული.

"სად დაგაპატიმრეს, როდის და როგორ? დავმარცხდით, დამარცხდა ჩვენი აჯანყება, უამრავი მტრის ხელით და დღეს ჩვენ ყველა გამომწყვდეული ოთხ კედელს შუა ველით სიკვდილს, მაგრამ ჩემო ელიზბარ, ნუ დავივიწყებთ ჩვენ ქართველობას და დავიხოცნეთ - ვით იხოცებოდნენ ჩვენი მამა-პაპანი, მხნედ და სისხლის უკანაკნელ წვეთამდე ვიბრძოლოთ ჩვენი ტანჯული სამშობლოს კეთილდღეობაზე.

"გუშინ ამ საკანში 9 ვიყავით, დღეს მარტოღა ვარ, დანარჩენი წუხელის დაიხოცნენ მტრის ხელით. საქართველოს ყველა კუთხეში იხოცება და იჟლიტება შეუბრალებელ რუსის ჯალათების ხელით ქართველი მამულიშვილები, ქართველთა სისხლით მოირწყო საქართველო", - მითხრა კვნესით მოხუცმა.

თორმეტ საათზე ტუსაღთა რიცხვმა იმატა, საკნები ივსება კახეთის სასახელო შვილებით, საკანში დაჯდომა ვეღარ ხერხდება, ნაწილი ხალხისა ფეხზე სდგას, ვწვებით და ვსხდებით რიგრიგობით, ხალხი ნახევარი ხმით საუბრობს, ამხნევებს ერთმანეთს. ყველა ელის სიკვდილს და ცდილობს შეხვდეს შავ სიკვდილს მხნედ.

დილით საკანი გაგვიღეს, ციხის ეზოში გავედით, ყველგან ნაცნობი სახეებია, ყველას სახეზე ტანჯვაა აღბეჭდილი, მაგრამ ყველა ცდილობს იყოს მხნედ. ერთი ჯგუფი, კუთხეში შეგროვილნი, დაბალი ხმით იწყებს სიმღერას. ისმის რევაზ ყარალაშვილის წკრიალა ხმა "ქართველო, ხელი ხმალს იკარ"; ზედამხედველი ყვირის "სიმღერა მოსპეთ".

15 წუთის სეირნობის შემდეგ ჩვენ კვლავ საკანში ვართ, გული მეტანჯება, სუნთქვა მიჭირს. "რომელი საათია!" ყველა ელის შუაღამეს, შუაღამეა ყველაზე საზარელი, როდესაც ჯალათები იწყებენ თავის საქმეს. ფეხის ხმა გაისმა, გაისმა კარის ჭრიალი და კვლავ საკანი გაივსო თვალებჩასისხლიანებული რუსის ჯალათებით.

დაიწყო გამოძახება ხალხის. ჩვენ 16 ვართ. ალყა შემოგვერტყა. გაიღო ალაყაფის კარები, მივადექით ჯალათის ბუნაგს "პოლიტბიუროთ" წოდებულს, შევდივართ შიგ, "ჩარეკეთ ყველა დაბლა" - გაისმა უფროსი ჯალათის ჯაფარიძის ბრძანება. ყველა სადღაც ჯურღმულში ჩაგვყარეს.

"მაყაშვილი ათეოზ" - გაისმა ძახილი, ათონი წელში გაიმართა "მშვიდობით"-ო მოგვმართა, შეჩერდა, რაღაც უნდა ეთქვა, "აჩქარდი!" - შეუტია ჯალათმა ყანჩაველმა და დასარტყმელად რევოლვერი ასწია. "არ დამკრა, ჯალათო! მოკვლის ნებას მოგცემ და ცემისა კი არა" - მიაძახა მკვახედ.

"ყარალაშვილი რევაზ!" - მოხუცი უაზროდ წამოდგა უხმოდ, უსიტყვოდ გავიდა, მაღლა ასვლა გაუძნელდა და თითქმის თრევით იქნა ატანილი. რამდენიმე წუთის შემდეგ დაძახილი იქნა უბედური მოხუცის ორივე შვილიც, "ხელებს ნუ მიკრავთ, ჯალათებო, მომკალით ხელებშეუკვრელად" - გაისმა ისევ მოხუცებული ყარალაშვილის ხმა "ქართველებო, თქვენ ნუ მესვრით, დაე რუსებმა მომკლან". მას მოჰყვა დანარჩენი გვარების გამოძახება. ჯურღმულს თანდათან მოაკლდა ხალხი.

"ატიტვლებენ და ხელებს უკრავენ" - ჩამჩურჩულა ჩემ გვერდზე მჯდომმა. რაღაც საშინელმა ძალამ ტანში დამიარა. ფიქრს თავს ვერ ვუყრი, სახე საშინლად მიხურს. უცბად მაღლა გავარდა დამბაჩა "კოლია მოკლეს" (ჯალათი ჯაფარიძის სახელი) "დახოცეთ ყველა პატიმრები!" - დაიძახა ვიღაცამ რუსულად.

დაიწყო საშინელი სროლა, ხელშებორკილ ხალხს ესროდნენ ჯალათები. სროლის ხმაში მოისმოდა ლანძღვა ჯალათების მიმართ, კვნესა, ძახილი, თოფის კვამლმა თავბრუ დამახვია, პირქვე დავეცი. გარედან შემოჭრილმა რუსის ჯარისკაცებმა ხმლები აამუშავეს; დაჭრილთა კვნესა, ხმლების ჩახა-ჩუხი, თოფის სროლა ერთმანეთში აირია.

ვეღარ გავუძელ ამ საზარელ ხმაურობას და ყურები დავიცავი, ვეღარას ვგრძნობდი. ვეღარ ვაზროვნებდი, ვიცოდი მხოლოდ, რომ იქ მაღლა, მეორე სართულში ჟლეტდნენ უიარაღო და ხელებშეკრულ ქართველობას.

რამდენიმე ტყვიამ ხის იატაკში ჩამოატანა და იქვე გვერდით დაეცა. მაღლიდან ჩხრიალი მოისმა, ზედ რაღაც სითხე დამედინა, და "ალბათ წყალი თუ არის?" - გავიფიქრე ჩემთვის. მხოლოდ მეორე დილით შევნიშნე რომ ის სითხე წყალი კი არა სისხლი იყო, სისხლი ადამიანთა და მეც მთლად წითლად ვიყავი შეღებილი ჩემივე მოძმეების სისხლით.

გამთენიისას სროლა შეჩერდა. ხანგამოშვებით მოისმოდა დაჭრილთა ხრიალი და კვნესა, რასაც თან მოსდევდა თოფის ხმა, რომლის შემდეგ სწრაფად სწყდებოდა დაჭრილთა კვნესა. დილის 4 საათზე კიბეებზე ხმაურობამ მაცნო, რომ ჯალათები მიათრევდნენ და სტვირთავდნენ ურმებზე ქართველ მამაულიშვილთა დახოცილ გვამებს.

ქართველი მამულიშვილები იმარხებოდნენ დაუტირებლად, ვით პირუტყვნი, საერთო საფლავში. 36 ქართველმა შესწირა ამ ჯოჯოხეთ ღამეს სამშობლოს თავი.

მკვლელობა ჯალათ ჯაფარიძისა მოხდა შემდეგნაირად. კომუნისტთა ჯგუფში იმყოფებოდა ვინმე ქართველი ახალგაზრდა ალექსანდრე ჯორჯაძე; ამავე დროს დაპატიმრებულთა ჯგუფში მისი მამა, რომელსაც თელავის საგანგებო კომისიამ აჯანყების დროს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა.

ალექსანდრე ჯორჯაძემ რამდენჯერმე მიმართა ჯაფარიძეს, რათა მას შეემსუბუქებინა მამისათვის სასჯელი. თხოვნა დატოვებული იქნა უშედეგოდ; ზემო აღწერილი ამბის დროს, მამა ჯორჯაძის ხელშებორკილი იყო სხვა პატიმრებთან ერთად და სასიკვდილოთ გამზადებული. "პოლიტბიუროს" კარებში ჯორჯაძემ დაინახა ეს სურათი და კიდევ ერთხელ მიმართა ჯაფარიძეს, რათა მას ეპატივებინა მის მამისთვის და არ დაესაჯა სიკვდილით.

ჯაფრიძისაგან მან მიიღო შემდეგი პასუხი: "თუ შენ ნამდვილი ბოლშევიკი ხარ, თვით შენ დახვრეტ მამაშენს"-ო. ამ სიტყვების შემდეგ ჯორჯაძემ ესროლა ჯაფარიძეს, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრა. თავად ალექსანდრე ჯორჯაძე ორი დღის შემდეგ მოკვდა და მამასთან და სხვა ქართველებთან ერთად აკუწულ იქნა რუსის ჯარისკაცების მიერ ხმლებით".

გიორგი მხეიძის მოგონება - სისხლის გუბე

"დილის ოთხი საათი იქნებოდა, რომ ტყვიამფრქვევის კაკანი მომესმა, ვიფიქრე, ალბათ აჯანყებულები დაეცნენ- მეთქი. სროლა შეწყდა ხუთი წუთის შემდეგ, მაგრამ განმეორდა 10-15 წუთის შემდეგ და შედარებით უფრო დიდხანს გაგრძელდა.

საჩქაროდ გავწიე ზესტაფონისკენ, სამი კილომეტრით დავუახლოვდი ზესტაფონს, გზატკეცილიდან გადავუხვიე, ლიანდაგზედ მივაბიჯებ, რაღაც წუმპეში გავიარე, ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ისევ განვაგრძე გზა. მივადექი რკინის გზის სადგურის ქვიტკირის კედელს, ლიანდაგის ფუტები სავსე იყო საბარგო და სახალხო რონოდებით.

ერთ საბარგო რონოდას მივაქციე ყურადღება, რონოდის კედლები გადაჭრილი იყო ტყვიამფრქვევით, კარები ღია იყო, შიგ შევიხედე და დავინახე საშინელება, ვიგრძენ ჯერ კიდევ თბილი სისხლი ძვირფას ქართველთა. მივხვდი წუხანდელი სროლის მიმართულებას, ახლა მივხვდი, თუ ვის სისხლში მივლია.

რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, მეორე რონოდა, იგივე სანახაობა. რონოდაში 3-4 სანტიმეტრი სისხლი სდგას, ადგილზე შედედებული. სისხლი აშლილია, ეტყობა გვამები უთრევითა. რონოდას კედლები მთლად დახვრეტილია ტყვიამფრქვევით, მოჭრილია დახვრეტილთა ხორცის ნაგლეჯებით.

სურათი შემზარავია, რონოდის კედლები, შიგნით და გარეთ ღია კარებითგან წვეთავს ჯერ კიდევ შეუდედებელი სისხლი. ხელები თვალებზე ავიფარე, წამოსული ცრემლები ამოვიწმინდე, ერთი კიდევ შიშით გადავხედე წყეულ რონოდებს, თავბრუდახვეულმა დავტოვე ეს გულშემზარავი ადგილი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×