საქართველო შესაძლოა, ჰოლივუდის ყველაზე მსხვილი და საზოგადოებისთვის ცნობილი კინოსტუდიების ინტერესის ქვეშ მოექცეს. ამის თქმის საფუძველს საქართველოში ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერებისა და პროდიუსერების ვიზიტი იძლევა, რომლებიც თავიანთი კინოპროექტებისთვის შესაბამის ადგილებს არჩევენ.
"პარამაუნთ ფიქჩერსი", "ვორნერ ბრაზერსი", "იუნივერსალ ფიქჩერსი" - ამ სტუდიების სახელწოდება უცხო არავისთვისაა, 6 დღის განმავლობაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს სწორედ ამ სტუდიების პროდიუსერები და მენეჯერები ესტუმრებიან, სამომავლოდ კი ქართველ კოლეგებს შეხვდებიან.
ცნობისთვის, უცხოელი სტუმრების საქართველოში ვიზიტი ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტს მოჰყვა, სადაც ქართული მხარე ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ლოკაციების გამოფენას დაესწრო და საქართველოს, როგორც ქვეყნის პრეზენტაცია გამართა.
აღნიშნული გამოფენა ახალი კინოწარმოების წახალისებას მოიცავს და მასში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები საქართველოს კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ესტუმრნენ. უწყების ცნობით, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის - "გადაიღე საქართველოს" ფარგლებში 20-დან 26 ივნისის ჩათვლით, ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს დაათვალიერებენ.
ერთი კვირის განმავლობაში ისინი თბილისს, რუსთავს, კახეთს, მცხეთას, ყაზბეგს, უფლისციხეს, წყალტუბოს, ზუგდიდსა და მესტიას, ასევე ანაკლიასა და ბათუმს მოინახულებენ. ხოლო ამის შემდეგ, მათ რეკომენდაციაზე დაყრდნობით ქვეყანაში შესაძლოა, ახალი ფილმების გადამღები ჯგუფები შემოვიდეს.
"საგულისხმოა, რომ საქართველოს ჰოლივუდიდან ისეთი სტუდიის წარმომადგენლები სტუმრობენ, რომლებმაც იმუშავეს ფილმებზე - "ტრანსფორმერები", "კაპიტანი ამერიკა", "წვეულება ვეგასში" და ა.შ.
"ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინომწარმოებლებსა და სხვადასხვა ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, შეხვდნენ უცხოელ კოლეგებს და მათი გამოცდილება გაიზიარონ.
"ასევე გააცნონ ქართული კინოს შესაძლებლობები და არსებული ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოს, როგორც აღმოსავლეთი ევროპის გადასაღებ ცენტრად ქცევის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, პროგრამის "გადაიღე საქართველო" მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, ხოლო მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს, უკვე 3 განაცხადია შესული, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.
ამავე პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინდური ფილმისა და ქართულ-გერმანული პროექტების გადაღებები; ასევე დაგეგმილია ამერიკული პროექტის განხორციელება.
სამინისტროს განცხადებით, გარდა ზემოჩამოთვლილისა, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზეც აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერებისა და პროდიუსერების ვიზიტთან დაკავშირებით, "რეზონანსმა" დამატებითი ინფორმაცია მოიძია. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოკომისიონერი დავით ვაშაძე ჩვენთან საუბრისას ყურადღებას იმ სისტემაზე ამახვილებს, რომელიც პროექტის "გადაიღე საქართველო" ფარგლებში საქართველოში წლის დასაწყისში ამუშავდა და რამაც უკვე კონკრეტული შედეგი მოიტანა.
"ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რაც საქართველოში წლის დასაწყისში ე.წ "ქეშ რიბეითის" სისტემა ამუშავდა და რაც ნიშნავს, რომ უცხოელ მწარმოებლებს გახარჯული თანხის 20-25%-მდე უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ.
"ეს გახლავთ სისტემა, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა, ძირითადად ამერიკის კინომწარმოებლებს სთავაზობენ, რათა ისინი გადასაღებად მათ ქვეყნებში ჩავიდნენ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ვაშაძე და იქვე დასძენს, რომ ჩვენი ამ პროექტში ჩართულობით საქართველო მსოფლიო კინორუკაზეც გაჩნდა.
მისივე თქმით, ეს გახლავთ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და კინოცენტრის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში დახარჯული თანხის 20-25% კინომწარმოებელს უკან დაუბრუნდება. ეს ეხება როგორც ქართულ, ისე უცხოურ პროექტებს.
ვაშაძე ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებიდან ამ პროექტში ჩართული არიან: უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია, მალტა, კანადა და ა.შ, ამიტომ, მისი თქმით, კონკურენცია საკმაოდ დიდია.
"მოგეხსენებათ, კინო, ერთი მხრივ, ინდუსტრიაა, რომელიც ხელს ეკონომიკის განვითარებას უწყობს და, მეორე მხრივ, ქვეყნის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამავე პროგრამის ფარგლებში უკვე სამი პროექტია დაწყებული, რომელთაგან ერთ-ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა და რომელსაც რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი იღებს.
"ეს წარმოება უკვე მთავრდება და შესაბამისად, პირველები ესენი ისარგებლებენ. ასევე ინდოეთიდანაა ძალიან დიდი დაინტერესება", - აღნიშნავს ვაშაძე და უცხოელი სტუმრების საქართველოში ვიზიტის დაინტერესებასა და ინიციატივაზე გვიყვება.
"აპრილის თვეში ამერიკაში გამართულ ლოკაციების გამოფენას დავესწარით, სადაც საქართველოსა და ჩვენი ახალი სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. სწორედ ამის შემდეგ გვქონდა ხუთ დიდ სტუდიასთან შეხვედრა, მათ შორის, ისეთებთან, როგორებიცაა: "იუნივერსალ ფიქჩერსი", "ვორნერ ბრაზერსი", "პარამაუნთი" და ა.შ. სწორედ ამის შემდეგ საქართველოში უცხოელებისთვის ტურის მოწყობა გადაწყდა.
"ახლა სტუმრად ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები გვყავს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონის ლოკაციებს ათვალიერებენ. ეს ადამიანები მუშაობდნენ ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა: "შეუსრულებელი მისია", "კაპიტანი ამერიკა", "ტრანსფორმერები" და ა.შ. ანუ, ისინი ჰოლივუდის ყველაზე მაღალი დონის ფილმებზე მუშაობენ. ჯერჯერობით არ აცხადებენ, მაგრამ პროდიუსერები ეძებენ ადგილებს, სადაც სამომავლოდ ფილმებს გადაიღებენ", - გვითხრა ვაშაძემ და იქვე დაამატა, რომ სტუმრების მხრიდან ქვეყნის მიმართ მოწონება და ინტერესი ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალია.
"ჯერ მხოლოდ მეორე დღეა და შემიძლია გითხრათ, რომ გარემოთი აღფრთოვანებულები არიან, აქვთ ინტერესი და მოწონება. თანაც მთიანი რეგიონი და დასავლეთი საქართველო ჯერ არ უნახავთ. გარდა ამისა, ჯგუფი ქართველ პროდიუსერებსა და რეჟისორებსაც შეხვდება, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ა.შ. "ეს ადამიანები სხვადასხვა კომპანიას წარმოადგენენ და შესაბამისად, ადგილებს რამდენიმე პროექტისთვის ეძებენ, ამიტომ ცხადია, რომ არსებობს მაღალი ალბათობა, რომელიმე პროექტში საქართველოც მოხვდეს. მაგალითად, თბილისის დათვალიერებისას ერთ-ერთმა კომპანიის წარმომადგენლელმა თქვა, რომ ჩვენი ქუჩები მეორე მსოფლიო ომის გადასაღებად მოეწონა.
"რაც შეეხება სამომავლო გეგმას, პროექტის დაწყების შემთხვევაში კინოწარმოების პროცესში ძირითადად ქართველი სპეციალისტები იქნებიან დასაქმებულნი, მათ შორის, პროდიუსერები, გამნათებლები და ა.შ. ამდენად, ეს ვიზიტი ცალსახად მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს", - განუცხადა "რეზონანსს" კინოცენტრის წარმომადგენელმა.