XVს-ის შუა პერიოდის ევროპის ისტორიაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობას გამორჩეული ადგილი ეთმობა. კონსტანტინოპოლის დაცემა უდიდესი ტრაგედია გახლდათ ქრისტიანთათვის.
მიუხედავად მართლმადიდებელ ეკლესიასთან საუკუნეების განმავლობაში უმწვავესი დაპირისპირებისა, რომის პაპი უმნიშვნელოვანეს საქმედ მიიჩნევდა კონსტანტინოპოლის გამოხსნას.
ანტიოსმალური კოალიცია ქართველთათვის აღმოჩნდა უმთავრესი სტიმული, რაც საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეულ სიმშვიდეს უზრუნველყოფდა, შიდა დაპირისპირებებს ბოლო მოეღო და მთელი ქვეყანა ერთიანი განწყობით იყო დამუხტული.
ყველას ჰქონდა გააზრებული, რომ კონსტანტინოპოლის დაცემით იკარგებოდა საქართველოს უპირველესი ფუნქცია, ყოფილიყო გზაშესაყარი დასავლეთისა და აღმოსავლეთისა, სადაც არა მარტო სავაჭრო და ეკონომიკური ინტერესები იყო წინა პლანზე წამოწეული, არამედ უმთავრესი კულტურული ღირებულებების თანხვედრა ხდებოდა.
სწორედ ამიტომაც იყო პოლიტიკურად საინტერესო საქართველო ყველა ამბიციური სახელმწიფოსთვის. უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზა ახლა ფაქტობრივად გადაკეტილი ჰქონდათ თურქებს, მისი აღდგენა კი საქართველოს თავდაპირველ დანიშნულებას დაუბრუნებდა.
ლუდოვიკო ბოლონიელის ჩამოსვლა საქართველოში
სწორედ ასეთი პოლიტიკური ფონი ჰქონდა 1458 წელს საქართველოში ლუდოვიკო ბოლონიელის ხელახალ ვიზიტს, რომელიც ანტიოსმალურ კოალიციაში აღმოსავლეთის სამეფოების მონაწილეობის უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.
მიუხედავად ბოლონიელსა და რომის პაპ პიუს III-ს შორის დაძაბული ურთიერთობისა, მათ შორის მაინც გამოინახა კომპრომისი და გარიგებაც შედგა - თუკი მოახერხებდა ბოლონიელი მაჰმადიანური და ქრისტიანული კოალიციის შეკვრას, პაპი მას ანტიოქიის პატრიარქის ტიტულს უბოძებდა.
საქართველოში ჩამოსვლისას ლუდოვიკო ბოლონიელი ხვდება როგორც სამცხის მთავარ - ყვარყვარე ათაბაგს, ისე ქართლის მეფე გიორგი მერვეს.
ამ პერიოდში, ქართველებს, რომელნიც ადრე დაპირისპირებული იყვნენ, მოუგვარებიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ისინი შერიგებულან და მზად არიან, ერთობლივი მონაწილეობა მიიღონ კონსტანტინოპოლის დახსნაში. ყვარყვარე 20 ათასი ცხენოსნის გამოყვანას სთავაზობს პაპის ლეგატს, გიორგი VIII კი 40 ათასი მეომრის გამოყვანაზეა ყაბულს.
როგორ სურდათ ქართველებს თურქების წინა აზიიდან განდევნა
ქართველებმა საკმაოდ მასშტაბურად შეხედეს ევროპელთა შემოთავაზებას, მათი გეგმით, თურქები არა მარტო კონსტანტინოპოლიდან უნდა გაეძევებინათ, არამედ მთელი წინა აზიიდან უნდა განედევნათ, რათა შემდგომში მათგან არანაირი საფრთხე არ წამოსულიყო.
სწორედ ქართველთა ინიციატივა იყო, რომ ანტიოსმალური კოალიცია გაეფართოებინათ და ამ მოძრაობაში ჩაერთოთ ტრაპიზონის სამეფო, მცირე სომხეთი, ასევე ის მაჰმადიანური ქვეყნები, რომელნიც ოსმალეთთან დაპირისპირებული იყვნენ - კონკრეტულად ირანის შაჰი უზუნ ჰასანი.
შემოთავაზებას დიდი სიხარულით შეხვდა ირანის შაჰი, რომელსაც ოსმალთა ტერიტორიების დაკავება სურდა. მისი მთავარი ინტერესი შავ ზღვაზე გასასვლელის ხელში ჩაგდება იყო, რომლითაც ირანი თვისებრივად სხვა სახელმწიფო ხდებოდა. ტრაპიზონიც, მცირე სომხეთიცა და ირანიც თანახმა იყვნენ, კონკრეტული რაოდენობა ჯარისა გამოეყვანათ ოსმალთა წინააღმდეგ.
ამრიგად, წარმატებული აღმოჩნდა ლუდოვიკო ბოლონიელის მისია. მან აღმოსავლეთის სამეფოებიდან 120 ათასი ჯარისკაცის გამოყვანის თანხმობა მიიღო.
საჭირო იყო, კოორდინირებული, შეთანხმებული ურთიერთობისათვის შემუშავებულიყო კონკრეტული გეგმა, რისთვისაც კოალიციის ხუთივე მომხრემ ელჩები გააყოლა ლუდოვიკო ბოლონიელს რომის პაპთან შესახვედრად. ამ ელჩობისას გიორგი VIII-ის წარმომადგენელი ნიკოლოზ თბილელი იყო, ხოლო ყვარყვარეს ელჩი - ფარსადან ქარციხელი.
იმედიანი გზა ევროპისაკენ
ქართველ ელჩებს მიჰქონდათ გიორგი მერვისა და ყვარყვარე ათაბაგის წერილები რომის პაპთან და ბურგუნდიის ჰერცოგთან. აი, რა ეწერა გიორგი მერვის მიერ ბურგუნდიის ჰერცოგისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც 1459 წლის 5 ნოემბრითაა დათარიღებული: "ქრისტიანმა მთავრებმა ერთმანეთს შორის ჩამოვაგდეთ მშვიდობა და ზავი და შევფიცენით, რათა ყველა ჩვენის ძალით და ცდით ვეომოთ ოსმალებს, მეტადრე იმათ, რომლებიც არიან კონსტანტინოპოლში, რადგანაც ქრისტიანებს ძლიერ მტრობენ. ამ კავშირის გამო ყველა ჩვენგანმა ჯარი მოამზადა."
შინაარსით დაახლოებით ანალოგიური იყო ყვარყვარე ათაბაგის წერილი რომის პაპსა და ბურგუნდიის ჰერცოგისადმი. უსაფრთხოების მიზნით ელჩობა ჩრდილოეთის გზით გაემგზავრა. სამეგრელოდან ისინი ზღვით გადავიდნენ ევროპაში.
როგორ უგანა ევროპამ ანტიოსმალურ კოალიციას
დასავლეთმა ევროპამ თავიდანვე გამოთქვა მზადყოფნა ოსმალთა წინააღმდეგ ლაშქრობისა, თუმცა, საჭირო იყო კონკრეტულად გარკვეულიყო, რომელი სახელმწიფო რამდენად იყო მზად და კონკრეტულად რა სამოქმედო გეგმა უნდა აერჩიათ ამ საკითხის მოგვარებაში.
ერთია იდეა და მეორეა ამ იდეის განხორცილება, ამიტომაც საჭირო იყო სიტყვიდან საქმეზე გადასვლა. სწორედ ასეთი დანიშნულება ჰქონდა მანტუაში პიუს ||-ის მიერ მოწვეულ კრებას, სადაც თავი მოიყარეს იმ პერიოდის ევროპის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა.
ამ თავყრილობამ აჩვენა, რომ მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმი არ იყო კონსტანტინოპოლში ლაშქრობისა, ისეთმა დიდმა ქვეყანამაც კი, როგორც ბურგუნდია იყო, მხოლოდ 6 ათასი მეომრის გამოყვანაზე განაცხადა თანხმობა. სწორედ ამის გამო ჩანდა, რომ ანტიოსმალური კოალიციის იდეა სიცოცხლისუნარიანი არ იყო.
აღმოსავლეთიდან წასული ელჩები უნგრეთ-გერმანიის გზას დაადგნენ. ისინი შეხვდნენ გერმანიის იმპერატორ ფედერიკოს, აქედან ჩავიდნენ იტალიაში, ვენეციის რესპუბლიკის სენატმა დიდი პატივით მიიღო ისინი, 1460 წელს ხუთი ელჩი უკვე რომშია და პაპს პიუს მეორეს ხვდება.
რატომ დააფრთხო პაპი აღმოსავლეთის 120 - ათასიანმა ჯარმა
პაპ პიუს II-ის განწყობა ნათელია - მას სურს მართლმადიდებლური საქრისტიანო ქალაქის დახსნა, თუმცა ევროპაში თავდაპირველი ტალღა პროტესტისა ჩაქრა, უკვე შეეგუა მომხდარს და ახლა საკმაოდ გულგრილად უყურებს იმას, რომ კონსტანტინოპოლი თურქების ხელშია. ასეთი განწყობა კარგად იგრძნობოდა, ერთი მხრივ, პაპისა და, მეორე მხრივ, ლუდოვიკოსა და მისი აღმოსავლელი თანამზრახველების შეხვედრისას.
ამ შეხვედრისას იყო ერთი საკმაოდ სახასიათო დეტალი - როდესაც პაპს მოახსენეს, რომ აღმოსავლეთიდან არის მზადყოფნა 120 ათასი ჯარისკაცის გამოსვლისა, მას ირონიულად ჩაუცინია - რით უნდა გამოვკვებოთ ამდენი ჯარიო.
ეს ფრაზა ნათლად გამოხატავდა რეალობას, პაპი თავად ცდილობს აღმოსავლელი ელჩები დასავლეთის მონარქებთან გადაამისამართოს, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო, ამაზეა ნათქვამი. საკითხავია - იმას, რაც დასავლეთის სულიერმა მწყემსმა ვერ შეძლო, როგორ შეძლებდნენ უცხო ქვეყნების ელჩები?
პაპის ეს წინადადება დელიკატურად ელჩების თავიდან მოშორებას ჰგავდა. ასე რომ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - თუკი ადრე ევროპა სთხოვდა ქართველებს კონსტანტინოპოლის გათავისუფლების საქმეში დახმარებას, ახლა თავად ქართველებს უნდა მიემართათ იმავე თხოვნით ევროპელი მონარქებისთვის.
ამბავი ვერსალის კარზე ქართველთა უშედეგო აუდიენციისა
ასე დაიძრა ქართველთა ელჩობა მათ სამ თანამზრახველთან ერთად საფრანგეთის იმპერატორისაკენ. მაშინ იმპერატორის გვირგვინი შარლ VII-ს ედგა, სწორედ მასთან შეხვედრა ურჩია პაპმა ელჩებს, იქნებ დაიყოლიოთო, მე ეს ვერ შევძელი და ეგებ თქვენ სცადოთო. გზად ელჩებმა შეიტყვეს, რომ შარლ VII გარდაცვლილიყო, მიუხედავად ამისა, არ შეჩერებულან და იმ მიზნით, ეგებ ახალმა იმპერატორმა სხვა პოზიცია დაიკავოსო, მაინც გააგრძელეს გზა.
დიდი პატივით მიიღეს ელჩები საფრანგეთის კარზე, ისინი დაესწრნენ ლუდოვიკო XI-ის აღსაყდრებას, შემდეგ შეხვდნენ კიდეც მას, თუმცა, ვერ მიიღეს მხარდაჭერა, არც სხვა ჰერცოგების მხრიდან იყო განსხვავებული პოზიცია.
ამ შეხვედრებიდან ცხადი გახდა, რომ ევროპა არ იყო მზად ასეთი მასშტაბური ღონისძიებისათვის, ის თავისი ვიწრო სახელმწიფოებრივი ინტერესების პრიზმიდან უყურებდა კონსტანტინოპოლის დაცემას და ოსმალებს მასშტაბურ ძალად ვერ მოიაზრებდა.
საქართველოს კიდევ უფრო დაუმძიმდა სიტუაცია მას შემდეგ, რაც 1461 წელს ტრაპიზონის სამეფო დაეცა. ოსმალებმა ეს ტერიტორიები თავისად მიითვალეს და საქართველოსაც გაუმეზობლდნენ. ამ გადასახედიდან კიდევ უფრო ცხადად გამოიკვეთა ის რეალობა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ოსმალეთი შემოესეოდა და ქართველთა ტერიტორებზეც განაცხადებდა პრეტენზიას.
ამბავი უფუნქციოდ დარჩენილი ქართველობისა
უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო გზა ახლა ფაქტობრივად გადაკეტილი ჰქონდათ თურქებს, მისი აღდგენა კი საქართველოს თავდაპირველ დანიშნულებას დაუბრუნებდა. ამიტომაც ანტიოსმალური კოალიციის მიზნების აღსრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის.
კონსტანტინოპოლის დაბრუნება და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზის აღდგენა იყო ის, რაც საქართველოს ერთიანობის იდეას კვებავდა.
როგორც კი გამოიკვეთა, რომ ამ იდეას აღსრულება არ ეწერა, მაშინვე განახლდა შიდა ბრძოლები საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის. 1462 წელს ყვარყვარე ათაბაგმა ირანის თურქმანი მბრძანებელი უზუნ ჰასანი დაიხმარა გიორგი VIII-ის წინააღმდეგ და დაამარცხა ქართლის მეფე.
ამავე პერიოდში ვითარება მწვავდება იმერეთშიც. 1463 წელს ჩიხორასთან დამარცხდა გიორგი. განდგომილი ყვარყვარე ათაბაგის შესაპყრობად წასული ქართლის მეფე გიორგი ტყვედ ჩაუვარდათ მესხებს, ამით ისარგებლა იმერეთის ერისთავმა ბაგრატმა და თავი მეფედ გამოაცხადა. მართალია, ყვარყვარემ შემდგომში გაათავისუფლა გიორგი VIII, თუმცა, მან ვეღარ მოახერხა ქართლის დაბრუნება და კახეთში გადავიდა. ასე ჩაეყარა საფუძველი კახეთის სამეფოს, რომლის სათავეშიც ბაგრატიონები იდგნენ.
მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, გიორგი VIII-მ ვერ აღადგინა ერთიანი საქართველო. ეს იყო იმ წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის შედეგი, რომელიც მიზნად ისახავდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნას და თურქებისგან თავდახსნას.
საქართველოს ერთიანობას იმ პერიოდისათვის, როცა ქვეყანას კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა, მისი ყველა მხარისთვის გამორჩეულად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნდა, ამას ყველა ხელისუფალი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გამორჩეული სიფრთხილით ეკიდებოდა და განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა. როცა ეს ფუნქცია დაიკარგა, დაიკარგა მოტივიც საქართველოს ერთიანობისა.
საქართველოსა და მსოფლიო ისტორიისათვის ახალი ერა დაიწყო, ხანა, როცა მსოფლიო ალტერნატიულ გზებს ეძებს აღმოსავლეთთან ურთიერთობისათვის, ხანა, როცა უფუნქციოდ დარჩენილი ქართველობა მთელ შინაგან ენერგიას ურიერთდაპირისპირებას ახმარს. ეს იყო სათავე საქართველოს ისტორიის დიდი დაღმართისა...