ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლურმა ლაშქრობებმა სათავე დაუდო ახალ რეალობას მსოფლიო ისტორიაში. ეს იყო გლობალიზაციის პირველი უპრეცედენტო მაგალითი. ძვ. წ-აღ-ის |ქ ს-ის 30-20-იან წლებში მაკედონელის ლაშქრობებისას სწორედ აღმოსავლეთში ყალიბდება თვისებრივად განსხვავებული კულტურა, რომელიც არა ძალადობაზე, არამედ სხვადასხვა ეთნოსის დაახლოებაზე იყო დაფუძნებული.
ამ უაღრესად საინტერესო ეპოქას უამრავი საარაკო ამბავი ახლავს თან. სწორედ აქ ჩნდება ის განსხვავებული დამოკიდებულებები, ადამიანური ურთიერთობები, რის გამოც 25 საუკუნეა არ ივიწყებს ცივილიზებული კაცობრიობა ალექსანდრე მაკედონელს.
როგორ იწყებოდა მაკედონელის აღმოსავლური ლაშქრობები
მას შემდეგ, რაც მაკედონელებმა საბერძნეთი დაიმორჩილეს, დადგა აღმოსავლეთის ჯერიც. მაკედონია იმ პერიოდის მსოფლიოში უძლიერეს აქემენიდთა იმპერიას უნდა დაპირისპირებოდა. აქემენიდები თავიანთი სიმდიდრით იყვნენ განთქმულნი.
მაკედონელებს სწორედ ამ სიმდიდრის ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებდათ, თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეს მერკანტელური მიზანი უკანა პლანზე მიიჩქმალა და წინ სწორედ მანამადე არნახულმა დამოკიდებულებებმა წამოიწია, რაც დღემდე მარადიული ფასეულობების თანაზიარად ითვლება.
საგულისხმოა, რომ მაკედონელთა ლაშქარში მრავლად იყვნენ გაღატაკებული ათენელები, რომელთათვისაც ფილიპეს ჯარში სამსახური თავის რჩენის ერთადერთი საშუალება იყო, მათთვის აქემენიდთა ნადავლის ხელში ჩაგდება გამორჩეული მოტივაცია გახლდათ.
ლაშქრობის მზადებისას ფილიპე || მოკლეს. არის ვერსია, რომ ეს მკვლელობა უკავშირდება აქემენიდების ინტრიგათა ხლართებს.
ალექსანდრე მაკედონელი ტახტზე ჩვ. წ-აღ-მდე 336 წელს ადის. ის საკმაოდ მტკივნეულად განიცდიდა მამამისის წარმატებებს. მამაჩემი ყველაფერს იპყრობს, მე კი არაფერი მრჩება დასაპყრობიო, - ნაღვლობდა ალექსანდრე, თუმცა, მალე, როცა მისი ჯერიც მოვიდა, ნახა რომ დასაპყრობი ტერიტორიაც მრავლად იყო დარჩენილი და ის ტერიტორიაც, რომლის დამორჩილებასაც ვერასდროს შესძლებდა.
"გორდიას კვანძი"
ჩვ. წ-აღ-მდე 334 წელს ალექსანდრე მაკედონელის ჯარი მცირე აზიაში გადადის, რამდენიმე ბრძოლით მან შეძლო სპარსეთის წინააღმდეგობის დაძლევა.
აზიაში ალექსანდრესთვის ფრიგიის ლეგენდარული მეფის, გორდიას ეტლი უჩვენებიათ, სადაც კვანძი იყო შეკრული. ყველამ იცოდა ორაკულის წინასწარმეტყველება - ვინც ამ კვანძს გახსნიდა, მთელი აზიის ხელში ჩაგდებასაც მოახერხებდა. ბევრი ცდილობდა ამას, თუმცა, ვერავინ აღწევდა მიზანს, ვერავინ ხსნიდა კვანძს. ვერც ალექსანდრემ შძლო ამის გაკეთება, თუმცა შემდეგ დახლართული კვანძი ხმლის ერთი მოქნევით გაჭრა და მარადიული პრობლემაც ასე მოაგვარა.
მას შემდეგ ტერმინი "გორდიას კვანძის გახსნა" ნიშნავს გადაუჭრელი პრობლემის ძალით, სწრაფად და გაბედულად გადაწყვეტას.
როგორ შესთავაზა დარიოსმა ალექსანდრეს ნახევარი სამეფო
კარგად ხვდებოდა სპარსეთის მეფე დარიოს |||, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მაკედონელის ჯართან დაპირისპირებას, ამდენად მან სცადა ერთგვარად დიპლომატიური გზით მოეგვარებინა საქმე. ალექსანდრეს თავისი სამეფოს ნახევარი შესთავაზა. ალექსანდრეს პასუხი საკმაოდ ლაკონიური გახლდათ - შენ მე მთავაზობ იმას, რაც შენ არ გეკუთვნისო.
ამის მერე დარიოსს აღარაფერი დარჩენოდა, თუ არა ის, რომ დიდი ჯარი შეეკრიბა მის განმგებლობაში მყოფი ქვეყნებიდან და ალექსანდრეს ფართო ვაკეზე ტიგროსის მახლობლად გავგამელას ველზე დახვედროდა.
ეს ჩვ. წ-აღ-მდე 331 წელს მოხდა.
რატომ არ იპარავდა მაკედონელი გამარჯვებას
პლუტარქე აღწერს საინტერესო ეპიზოდს, რომელიც გავგამელას ომის წინა დღეს მომხდარა. ღამით მაკედონელი მოლაშქრეები ჩირაღდნებით ცდილობდნენ მოწინააღმდეგის ბანაკის დაზვერვას, მათ ნახეს, თუ რა დიდი ძალა ჰყვდათ თავმოყრილი სპარსელებს. სპარსთა გუგუნი და დრტვინვა არემარეს აყრუებდა თურმე.
შეწუხებულები დაბრუნდნენ მაკედონელები. უხუცესმა მზვერავმა მოახსენა ალექსანდრეს, რომ მტრის სიმრავლის პირობებში ფაქტობრივად არანაირი შანსი არ გააჩნდათ მათ გაშლილ ველზე ბრძოლაში და ურჩია მეფეს, ღამით მოულოდნელად დასხმოდა თავს სპარსელებს და მტერი ასე გამოეყვანათ მწყობრიდან.
მაკედონელმა საკმაოდ უემოციოდ უსმინა თავის ჯარისკაცს და ასევე უემოციოდ უპასუხა - "მე გამარჯვებას არ ვიპარავ".
როგორ გამოაცხადა ალექსანდრემ თავი აქემენიდების მემკვიდრედ
გავგამელას ბრძოლაში მაკედონელების გამარჯვებამ ფაქტობრივად წერტილი დაუსვა აქემენიდების მბრძანებლობას, ალექსანდრე მაკედონელის გამარჯვებამ სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა იმდროინდელი მსოფლიო.
გავგამელას ბრძოლის ბოლო აკორდი იყო ის, რომ მაკედონელები დაედევნენ სპარსელებს. დარიოსის თვალწინ შემზარავი ეპიზოდები ისახებოდა, მისთვის მორალურად მძიმე იყო იმის ყურება, როგორ გარბოდა ერთ დროს უძლეველი აქემენიდების ჯარი ბრძოლის ველიდან.
დარიოსმაც მიატოვა საბრძოლო ეტლი, გადაჯდა ცხენზე და გაქცევით უშველა თავს.
ამ ბრძოლის შემდეგ სპარსეთის არმიის წინააღმდეგობა დაძლეული გახლდათ, მაკედონელებმა სამეფოს მთავარი ქალაქები დაიპყრეს. ხელთ იგდეს უმარავი ძვირფასეულობა და ოქრო-ვერცხლი, რომლის გადმოზიდვასაც რამდენიმე ათასი აქლემი დასჭირდა. ამ გამარჯვების შემდეგ ალექსანდრე აზიის მეფედ აღიარეს.
ალექსანდრემ თავი დარიოსის მემკვიდრედ გამოაცხადა. უზარმაზარი იმპერია - ერთ დროს უძლეველი აქემენიდთა იმპერია, პირველი სერიოზული წინააღმდეგობისთანვე დაეცა.
რატომ ექცეოდა პატივით ალექსანდრე მაკედონელი დარიოსის ოჯახის წევრებს
განსაკუთრებულად ფაქიზი თემაა ალექსანდრეს დამოკიდებულება დარიოსის ოჯახის წევრებისადმი. როდესაც ტყვედ ჩავარდა აქემენიანთა მბრძანებლის დედა სისიგამბისი, მეუღლე სტატირა | და ორი ქალიშვილი - სტატირა || და დრიპედიტა, მაკედონელს მათთვის მეფური პატივი არ მოუკლია. დაუტოვა ის შემოსავალი და პრივილეგია, რითაც დარიოსის მეფობისას სარგებლობდნენ.
საცნაურია ისიც, რომ ალექსანდრეს თავისი სარდლის ლეონატეს მეშვეობით შეუთვლია მათთვის - მე დარიოსს მხოლოდ ძალაუფლებას ვეცილები და თქვენ არას გავნებთო.
ამასთან დარიოსის ოჯახის წევრებს ბრძოლაში დაღუპული თანამემამულეთა ღირსეულად დაკრძალვა შესთავაზა და ნება დართო სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეებს ნადავლიდან შესაფერისი ტანისამოსი აეღოთ.
მართლაც მეფური გახლდათ დარიოსის მეუღლის სტატირა |-ის დაკრძალვა (დედოფალი მშობიარობას გადაყვა), რა თქმა უნდა, ჩნდებოდა ეჭვი, რამდენად გულწრფელი იყო ამ დამოკიდებულებებისას ალექსანდრე, რომელიც თავის საქციელს მარტივად ხსნიდა - მეფემ ვნებებს უნდა სძლიოს და მეფეს ღირსეული პატივი უნდა მიაგოსო. როგორც მემატიანე გვამცნობს, ალექსანდრეს გულწრფელობაში თავად დარიოსიც დარწმუნებულა.
მოგვიანებით ალექსანდრემ ცოლად შეირთო დარიოსის ქალიშვილი სტატირა ||, რომელიც იმავე წელს (ჩვ-წ-აღ-მდე 323 წ) მოკლეს, როდესაც მაკედონელი გარდაიცვალა.
როგორ დაიახლოვა ალექსანდრემ აქემენიდები
იმისათვის, რომ საკუთარი ხელისუფლება გაემყარებინა, მაკედონელი აქტიურად უწყობდა ხელს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაახლოებას. მას შემდეგ რაც დაიპყრო უზარმაზარი ტერიტორები, მან სამხედრო და სახელმწიფო სამსახურში ჩართო სპარსელები, თავად დაქორწინდა სპარსეთის მეფის ასულ სტატირაზე.
მაკედონელმა მოაწყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გრანდიოზული ქორწინება სუზაში. რამდენიმე ათასი მაკედონელი ჯარისკაცი სპარსელ ასულებზე დაქორწინდა.
რატომ დასაჯა ალექსანდრე მაკედონელმა დარიოსის მკვლელი
ალექსანდრეს სურდა, დარიოსი ცოცხლად ეგდო ხელთ, ამიტომაც დაედევნა მას. ჩვ. წ-აღ-მდე 330 წლის გაზაფხულზე დატოვა სპარსეთის დედაქალაქი პერსეპოლისი და საზაფხულო სამეფო რეზიდენცია ექტაბანა აიღო, რის გამოც დროებით მიანება თავი აქემენიდთა მბრძანებლის შეპყრობის ცდას, თუმცა მალე ისევ განაგრძო დარიოსის დევნა.
ყველა ხედავდა, რომ ალექსანდრეს წარმატებული ლაშქრობა შეუქცევადი პროცესი იყო. აქემენიდების სახელმწიფო განწირული გახლდათ. ამიტომაც სპარსელი დიდებულების ნაწილმა საკუთარი თავის გადარჩენაზე დაიწყო ფიქრი. ერთ-ერთი მათგანი იყო ბაქტრიის მმართველი ბესა, რომელმაც დარიოსი მოღალატურად გამოასალმა სიცოცხლეს.
ბესას რატომღაც იმედი ჰქონდა, რომ ამ საქციელს ალექსანდრე მოუწონებდა, თუმცა ვერ გათვალა, რომ მაკედონელს სულ სხვა ზნეობრივი ორიენტირი ჰქონდა - სძულდა ლაჩარი ადამიანები, ის განსაკუთრებულ პატივს სცემდა ერთგულ და მამაც ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომელ ბანაკს განეკუთვნებოდნენ ისინი - მის მომხრეებს, თუ მოწინააღმდეგეებს.
ალექსანდრე საკმაოდ განარისხა ბესას მოქმედებამ. ის თვლიდა, რომ მეფის ერთგულება უმთავრესი თვისება უნდა ყოფილიყო ადამიანისათვის და ამიტომაც ვერ ურიგდებოდა დარიოსის მოღალატურ მკვლელობას.
როგორ გააოგნა ალექსანდრე სპარსი ბესას ღალატმა
დარიოსის სიკვდილმა და ბაქტრიის გამგებლის ბესას ღალატმა მძიმე სიტუაციაში ჩააგდო სპარსელები - უმოქმედონი ერთ ადგილას იდგნენ და აღარ იცოდნენ, რა ეღონათ. ასეთ სურათს წააწყდა ალექსანდრე, როცა სპარსელთა ბანაკს მიუახლოვდა.
მაკედონელი შემზარავი სურათის მომსწრე შეიქნა - შუბით მრავალგზის განგმირული დარიოსი სულს ღაფავდა. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მომაკვდავს წყალი მოუთხოვია. როცა მსახურს მიუწვდია წყალი, დარიოსს უთქვამს - მე ამ სიკეთისთვის სამაგიეროს ვეღარ გადაგიხდი, თუმცა ალექსანდრე იქმს ჩემს საკეთებელსო. მას ღმერთები მიაგებენ სამაგიეროს იმისათვის, რომ დედაჩემს და ჩემს ცოლ-შვილს მზრუნველობა არ მოაკლო და ტყვედ მყოფთ ღირსება და პატივი შეუნაჩუნაო.
საკმაოდ ემოციური იყო ალექსანდრესთვის ამის მოსმენა - მოუძვრია მას თავისი მოსასხამი და დარიოსისთვის გადაუაფარებია. მისი ცხედარი მაკედონელმა სპასეთის დედოფალს, დარიოსის დედას გაუგზავნა და პატივით დაკრძალა.
ისტორიაში ბევრი საინტერესო დამთხვევაა, ალბათ ამ დამთხვევათა რიგში უნდა მოვიაზროთ ერთი ფაქტი. დარიოსი სწორედ იმ წელს ავიდა ტახტზე, ალექსანდრე მაკედონელი რომ გამეფდა - ჩვ. წ-აღ-მდე 336 წელს. დარიოსის სიკვდილის შემდეგ აქემანიდთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
საკმაოდ დიდ ხანს - თითქმის ორი წლის განმავლობაში სდია ალექსანდრე მაკედონელმა ბესას და ბოლოს ხელთ იგდო. მკაცრი იყო მაკედონელის განაჩენი - მოღალატე სპარსი დიდებული ალექსანდრემ დარიოსის ნათესავებს გადასცა, რომელთაც ბაქტრიის მმართველი ხმლით აკუწეს.