ია აბულაშვილი
25.06.2016

 ძირძველი თბილისელებისგან ხშირად გაიგონებთ - თბილისი წარმოუდგენელია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების გარეშე, რომელიც მან მშობლიურ ქალაქს მიუძღვნაო. მართლაც, დიმიტრი ერმაკოვი მე-19 საუკუნის იმ ნოვატორ ხელოვანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებმაც ფოტოგრაფიის განვითარებას გაუკვალა გზა საქართველოში, ხოლო მისი მდიდარი ფოტოგრაფიული ნამუშევრები, თავის შინაარსით ისტორიული, კულტურული და მხატვრული ღირებულებების მატარებელი დღესაც ამშვენებს სანქტ-პეტერბურგის, ამსტერდამის, ნიდერლანდების და პარიზის მუზეუმებს.

ერთ სტატიაში ნამდვილად შეუძლებელია გადმოსცე დიმიტრი ერმაკოვის ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედება, ამიტომ ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მასალას მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან.

არსებობს ორი ვერსია, სად დაიბადა დიმიტრი ერმაკოვი: პირველი ვერსიით იგი დაიბადა თბილისში 1845 წელს. მეორე ვერსიით, 1846 წელს ნახიჩევანში, იტალიელი არქიტექტორის ლუიჯი კამბიაჯოს ოჯახში, რომელიც კავკასიის მთავარმმართებელის გრაფ მიხეილ ვორონცოვის მოწვევით ჩამოვიდა ოდესიდან თბილისში და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვოდა ოდესის განაშენიანებაში.

თბილისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ დიმიტრი ერმაკოვმა სწავლა განაგრძო სამხედრო ტოპოგრაფიულ აკადემიაში, სწორედ აქ დაინტერესდა ფოტოგრაფიით. აკადემიის დასრულების შემდეგ, 1866 წელს საკუთარი ფოტოატელიე გახსნა, რომელიც მდებარეობდა სასახლის ქუჩაზე. იმ ადგილას, სადაც 1844 წელს ფოტოატელიე გახსნილი ჰქონდათ ხლამოვს და ალექსანდრე როინიშვილს და მას "რემბრანტი" ერქვა.

ერმაკოვმა ფოტოატელიე მხატვარ კოლჩინთან ერთად გახსნა, აქ გადაღებულ ფოტოებს თბილისელები "სავიზიტო ბარათებს" ეძახდნენ.

1870 წელს ერმაკოვი უკვე მეორე ატელიეს ხსნის გოლოვინის პროსპექტზე. როგორც მისი ბიოგრაფები წერენ, 20 წლის ყმაწვილმა, რომელმაც პირველად აიღო ხელში ფოტოაპარატი, სულ რამდენიმე წელში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის ფოტოებს უკვე აქვეყნებს სანქტ-პეტერბურგის და პარიზის ჟურნალები. 28 წლის ასაკში კი თავისი ფოტოები გამოფინა პარიზში, სადაც მისმა ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იმასაც ამბობენ, რომ ამ გამოფენის შემდეგ სპარსეთის შაჰს ერმაკოვი პირად ფოტოგრაფად მიუწვევია.

გაზეთი "ტფილისის ლისტოკი" კი იტყობინებოდა, რომ "მისი უდიდებულესობა იმპერატორი ალექსანდრე მესამე იმდენად მოხიბლულა დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრებით, რომ მის მიერ გადაღებული 500 ფოტო შეუძენია".

გრაფინია პრასკოვია უვაროვა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ექსპედიციებით კავკასიაში (მის მიერ შეგროვილი მასალები დღესაც ინახება თბილისის სახელმწიფო მუზეუმში და სანქტ-პეტერბურგში, ერმიტაჟში) 1890 წელს აქვეყნებს საკუთარ დასკვნებს "კავკასიის არქეოლოგიური მასალების შესახებ", სადაც დიმიტრი ერმაკოვის უამრავი ფოტოც მოხვდა. სწორედ ამ ქალბატონს გადაუწყვეტია შეეძინა ერმაკოვის ფოტოკოლექცია და რუსეთში გაეტანა.

აი, რას წერს ამ ამბის შესახებ ექვითმე თაყაიშვილი:

"ეს იყო მაშინ, როცა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოგრაფიული პლასტინკების კოლექციის სყიდვა განვიზრახე "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისათვის". კოლექციის სყიდვას გრაფინია უვაროვისა აპირებდა. ტფილისიდან ამ კოლექციის წაღება ჩვენთვის დიდი ზარალი იქნებოდა, ამიტომ წინდა-წინ მოურიგდი ერმაკოვის მემკვიდრე ქალს ფასში - სულ ორმოცდაათი ათასი მანეთი უნდა მიმეცა. წერა-კითხვის საზოგადოებას ჰქონდა სხვადასხვა თანხები და ამ საზოგადოების გამგეობისაგან დასტური მივიღე თანხის სესხებისა, თუ მას გარანტია ექნებოდა დაბრუნებისა.

"ჩემი გეგმა იყო, თანხა გაენაღდებინათ ბაქოს ქართველთა მრეწველებს, რომელნიც ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებებს უხვად ეწეოდნენ ხოლმე. მე პირდაპირ იოსებთან მივედი, თუმცა, მასთან არ დავბინავებულვარ, გავაცანი ჩემი გეგმა და კატეგიორიულად განვუცხადე, როგორც არ იყოს და რა საშუალებითაც არ იყოს, ეს თანხა უნდა მოგვიხერხოთ-მეთქი. იოსებმა მითხრა, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე ფული ახლა ხელში არ მაქვს და როგორ მოვიქცეო.

"მე ასეთი წინადადება მივეცი. შენ მხოლოდ განაცხადე, რომ ამ საქმისათვის სდებ ათი ათას მანეთს, დანარჩენს იმედია, სხვები გაინაწილებენ ფულს, ან ბანკიდან ისესხებთ, ან წერა-კითხვის საზოგადოებისაგან და ვალს მერე გადაიხდით-მეთქი.

"ეს აზრი მოეწონა, მოიწვია ბაქოს ქართული კოლონიის კრება. თავმჯდომარე ის იყო. მე მოხსენება გავაკეთე, ავუხსენი დაწვრილებით მნიშვნელობა კოლექციის შეძენისა. ყურადღებით მომისმინეს. პრინციპულად ხელის გაწყობაზე უარი არავის უთქვამს, ხოლო ზოგიერთებს თანხა ცოტა არ იყოს ედიდა. ბოლოს ერთხმად მიიღეს აზრი, რომ წერა-კითხვის საზოგადოებისაგან აგვეღო თანხა, მათი გარანტიით. აქვე დაასკვნეს და განაცხადეს, ვინ რა წილის შემოტანას კისრულობდა.

"მე, რასაკვირველია დიდად კმაყოფილი დავბრუნდი უკან, მაგრამ ტფილისში ჩემს ჩამოსვლამდის მდგომარეობა შეცვლილიყო. ეს ამბავი შეეტყო კავკასიის მუზეუმის დირექტორს, რომელსაც ჩვენი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება თვალში ეჩხირებოდა, როგორც ენერგიული კონკურენტი. წასულიყო ნემესტნიკთან, გამოეთხოვა ნებართვა ერმაკოვის კოლექციის შეძენისა. ხუთი ათასი მანეთი მოემატებინათ, შეეკრათ პირობა და მთელი კოლექცია დაებეჭდათ, რომ აღარავინ ახლოს ხელი, მანამ ფულს ჩააბარებენ და კოლექციას გადააგზავნიდნენ მუზეუმში.

"მე ეს ამბავი მაინცდამაინც დიდად არ მწყენია, ვინაიდან, თუ კოლექცია კავკასიის მუზეუმში დარჩებოდა, მოვლილი იქნებოდა. ფასით მაინც შეგვეძლო სარგებლობა საჭიროების დროს. ჩვენი გეგმა ამით ჩაიშალა. წერა-კითხვის საზოგადოებას ახლა ვეღარ გამოვართვით თანხა.

"ბაქოელები თავისუფალი გახდნენ მოვალეობისაგან იურიდიულად, მაგრამ ზოგიერთმა მაინც გაანაღდეს თავისი დანაპირები, ზოგმა მთლად, ზოგმა ნაწილობრივ, მათ შორის მთლად შემოიტანა თავისი ხვედრი სულ ცოტა ხანში აკაკი ხოშტარიამ; იოსებმა ჩემის წინადადებით გვიყიდა მისი ნათესავის პუპი აბაშიძისაგან ბიზანტიური მილანქრის ჯვარცმის ხატი ორმოციათას მანეთად და სხვა ბევრი დახმარება გაგავიწია კავკასიის ბანკის საშუალებით ნივთების შესაძენად.

"ბოლოს კავკასიის დირექტორის განზრახული საქმეც ჩაიშალა. ფინანსთა სამინისტრომ არ შეიწყნარა ნამესტნიკის წინადადება და უარი უთხრა კოლექციისთვის ფულის გაღებაზე. ამ დროს რევოლუციამაც მოაწია, ფული დაეცა. ერმაკოვის კოლექცია მაინც ჩვენ შევიძინეთ, ხოლო ახლა, რასაკვირველია მეტი მივეცით, ოთხმოცდათხუთმეტი ათასი მანეთი. ეს ფული გავიღეთ დავით სარაჯიშვილის მეუღლის ანდერძის გამო შემოსული ფულიდან და შემდეგ სანახევროდ კოლექცია ჩვენს ტფილისის ქართულ უნივერსიტეტს გავუზიარეთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×