რატომ დაემთხვა ელინიზმის ხანას კავკასიაში სახელმწიფოთა წარმოშობის პროცესი
მამუკა ნაცვალაძე
27.06.2016

 ძვ წ-აღ-ის 326 წელს, ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილისთანავე, ხუხულასავით დაინგრა უპრეცედენტო მასშტაბის მქონე იმპერია. ასპარეზიდან გაქრა აქემენიდთა სამეფოც, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში აზანზარებდა მსოფლიოს. მივიღეთ სულ სხვა პოლიტიკური რეალობა, სადაც აღარ იყო დიდი სახელმწიფოები. ალექსანდრეს სარდლებმა, დიადოხოსებმა გაინაწილეს ტერიტორიები.

ამ პროცესს, ბუნებრივია, ახალი პოლიტიკური ერთეულების წარმოქმნაც ახლდა თან. მეტად საინტერესო პროცესები მიდის კავკასიის ტერიტორიაზე, რაც ასევე არანაკლებ საინტერესო კულტურულ რეალობებთანაა გადაჯაჭვული.

აქემენიდების განადგურებამ ხელი შეუწყო ქართლის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღმოცენებას, თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ აქემენიდების ჩამოცილება არ იყო ამისთვის საჭირო. სოციალური, საზოგადოებრივი და ეკონომიკური სურათი თვალსაჩინოს ხდიდა კავკასიაში სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესის შეუქცევად ხასიათს....

რატომ დაემთხვა ელინისტურ ხანას კავკასიის ტერიტორიაზე სახელმწიფოთა ჩამოყალიბების პროცესი

მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყო ეგრისის სამეფო, ახლა კი მას ქართლის სამეფოც დაემატა. ქართლის სამეფოს სამხრეთით, თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე ორი სამეფო წამოიქმნა, ასევე გაერთიანდა 26 ალბანური ტომი. ალბანეთის სამხრეთით დაარსდა ატროპატენას სამეფო, რომელიც მაზდეანური სარწმუნოების ერთ-ერთი ცენტრი გახლდათ. სწორედ ატროპატენადან მომდინარეობს თანამედროვე აზერბაიჯანის სახელდება. აზერბაიჯანი ცეცხლის ქვეყანას ნიშნავს.

ასე რომ, ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდგომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ვერც საქართველომ აუარა გვერდი. საქმე ის გახლდათ, რომ ჯერ კიდევ მანამდე, დიდი ხნით ადრე, არსებობდა ინტენსიური ურთიერთობები ბერძნულ და ქართულ სამყაროს შორის. სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ეს პროცესი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ქართლში გავრცელდა ბერძნული ენა, დამწერლობა. მცხეთაში ნაპოვნია არაერთი ბერძნული წარწერა, რაც მიანიშნებს იმ რეალობას, აღნიშნული პერიოდისათვის რომ იყო დამახასიათებელი.

კულტურული ურთიერთობები ინტენსიური გახლდათ ვაჭრობის განვითარების პირობებშიც. როგორც ჩანს, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ გარკვეული პოლიტიკური პროცესები შეეხო სასპერების ტერიტორიასაც. აღმოსავლურქართულმა ტომებმა მნიშვნელოვანი ტერიტორები დაკარგეს სამხრეთით, პოლიტიკურმა ცენტრმა ჩრდილოეთით გადმოინაცვლა, სწორედ ამის შედეგი იყო მცხეთის, როგორც ქართლის ახალი დედაქალაქის ფორმირება.

ელინიზაციის ანარეკლი დაკრძალვის წესებში

მცხეთა საკმაოდ ინტენსიურად დასახლებული პუნქტი გახლდათ, ბერძნული კულტურული პლასტები აქ აღინიშნება მიცვალებულის დაკრძალვის წესების განსხვავებული ფორმებითაც. თავდაპირველად ქართველები გარდაცვლილს ღრმა ორმოს ფსკერზე ასვენებდნენ, შემდეგ შემოდის ქვევრსამარხები, ამას მოჰყვება ჯერ დიდი ქვით, შემდეგ კი აგურითა და კრამიტით ამოყვანილი სპეციალურად აშენებული სამარხები.

განსაკუთრებით საინტერესო მასალას გვაწვდის მცხეთის გარეუბნის, სამთავროს სასაფლაო, სადაც ხშირად ერთმანეთზე დასაფლავებული მიცვალებულები გვხვდება. საინტერესოა ასევე მცხეთის მეორე სასაფლაო - არმაზისხევთან, აქ უმთავრესად სამეფო გვარის წარმომადგენლები და დიდებულები არიან დაკრძალულნი.

როგორ მოხვდა ავრელიოს აქოლისი მცხეთაში

ქართლის სამეფოში განსაკუთრებულად აფასებდნენ კარგ ხელოსნებს. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მცხეთის მთავარი არქიტექტორი მშენებელი ყოფილა ავრელიოს აქოლისი - ტომით ბერძენი, რომლის ხელმძღვანელობითა და მითითებით არაერთი საინტერესო ნაგეობა აშენებულა. ბუნებრივია, ტომით ბერძენი საკუთარი ქვეყნის მშენებლობის გამოცდილებას შეუხამებდა ადგილობრივ ტრადიციებს.

ქალაქში შენობების გადასახურად ხმარობდნენ ბრტყელ და ღარიან კრამიტს, ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო საზოგადოებრივი, ადმინისტარაციული, სამეურნეო, წყალსადენის, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. თანამედროვე დონეზე ამ საქმიანობის წარმართვას და ასევე მშენებლობას დიდი გამოცდილება სჭირდებობდა.

ქალაქებს, როგორც წესი, თავიანთი სასოფლო-სამეურეო ტერიტორები ჰქონდა, საიდანაც მარაგდებოდა სურსათით.

ვანი - ბერძნულ-ქართული კულტურული პლასტები

ვანის ნაქალაქარში აღმოჩნდა ტაძარი, რომელიც ძვ. წ-აღ-ის || საუკუნეს განეკუთვნება. ტაძარს თეთრი და ღია ვარდისფერი მოზაიკური იატაკი ჰქონდა. ტაძარს გააჩნდა საკურთხეველი - ოვალური ხის ბოძი. აქ ერთ კუთხეში აღმოჩნდა 40 კოლხური ამფორა, საკურთხეველთან კი იყო უზარმაზარი პითოსი - ღვინისა და მარცვლეულის შესანახი ჭურჭელი. იქვე ეწყო ბრინჯაოს მონეტები.

ტაძრის ნანგრევებში არქეოლოგებმა იპოვეს დაზიანებული ბრინჯაოს სასმისი, რომელსაც მეტად საინტერესო ორნამენტები ამშვენებს. ჭურჭელი მტაცებელი ფრინველის ბრჭყალებზე დგას, მას 16 სანტიმეტრიანი არწივის ქანდაკებები ჰქონდა გარს შემოვლებული. ჭურჭელს ასევე მიმაგრებული აქვს 18 სანტიმეტრიანი ნიკეს ქანდაკება. მას ამშვენებს დიონისეს ღვთაების თანმხლებ პირთა გამოსახულებანი, წვეროსანი პანი - საქონლისა და მწყემსების მფარველი ღმერთი, რომელსაც წარმოადგენდნენ ადამიანის სახის მქონე თიხის ფეხებითა და წვერით, ახალგაზრდა სატირი - ღვინისა და მხიარულების ღმერთი, დიონისეს მხლებელი, რომელსაც გამოსახავდნენ თხის ფეხებით, წვერითა და რქებით, გვირგვინითი იყო შემკული დიონისეს მეუღლე არიადნე. აქვე გამოსახულია დიონისეს მუდმივი თანამგზავრები - მენადები.

აღნიშნული ჭურჭელი კარგად მოწმობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობსათვის ცნობილი გახლდათ ბერძნული რელიგიურ-მითოლოგიური სახეები. ტაძარი, სადაც ღვინის პითოსი იდგა და სადაც რიტუალური ჭურჭელი აღმოჩნდა, მეღვინეობის კულტს უკავშირდებოდა.

 როგორ იქცა ბერძნული დიონისე ქართული წარმართული პანთეონის ორგანულ ნაწილად

ბერძნულ რელიგიურ პანთეონში დიონისე მეღვინეობის, მევენახეობის, მოსავლიანობისა და ნაყოფიერების მფარველია. ბერძნები წელიწადში რამდენჯერმე აღნიშნავდნენ დღესასწაულ დიონისეობას. ეს დღესასწაულები დაკავშირებული იყო ვენახის მოვლისა და ღვინის დამზადების ციკლურ ეტაპთან, რომლის განუყოფელი ნაწილი გახლდათ ცეკვა-სიმღერა და თამაში.

ვაზის ქვეყანაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი იყო დიონისეს კულტის გავრცელებისა და დამკვირდებისთვის. სწორედ მისი ტრანსფორმაციისა და ადგილობრივ რიტუალებთან შერწყმის შედეგად მივიღეთ გურიაში აგუნა, სამეგრელოში - ჯუჯელია. ესეც ბუნებრივი იყო, რამდენადაც სწორედ დიონისეს კეთილგანწყობაზე იყო დამოკიდებული, როგორი იქნებოდა ყურძნის მოსავალი, რთველი.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ "ხელმწიფის კარის გარიგების" მიხედვით მეფედკურთხევის შემდეგ იწყებოდა მილოცვა და პურობა, ნადიმი. ეს ორი პროცესი იმდენად ორგანულად შეერწყა ერთმანეთს, რომ შედეგად მივიღეთ ქართული სუფრა თავისი ყველა ატრიბუტიკით. აქ ყველაფერი ცენტრალიზებულია, გამოკვეთილია მეფის (თამადის) უპირატესი როლი.

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ უძველესი დროიდანვე არსებობდა საქართველოში ღვინის კულტთან დაკავშირებით რიტუალები. ამიტომაც საკმაოდ იოლად მიიღო ქართულმა კულტურამ ბერძნული კულტურის ანალოგიური ტენდენციები.

რა კავშირშია ალექსანდრე მაკედონელი ქართლის სამეფოს წარმოქმნასთან

ქართული წერილობითი წყაროები ალექსანდრე მაკედონელის სახელს უკავშირებენ ქართლის სამეფოს წარმოქმნას. ლეონტი მროველი გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ დაიპყრო ქართლი და აქ მმართველად აზო - თავისი სარდალი დატოვა. "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით აზოს 24 წელი უმართია ეს ტერიტორიები და ქართლს გარდა, დაუკავებია კოლხეთიც. სწორედ მცხეთის მამასახლისის სამარას ძმიშვილმა ფარნავაზმა მოუღო ბოლო აზოს, დაამარცხა ის და თავი მეფედ გამოაცხადა.

მატიანის ცნობით, ალექსანდრე მაკედონელამდე ქართლის უზენაესი მმართველი მცხეთის მამასახლისი იყო. ისტორიულ წყარებში არაერთი ცნობაა დადასტურებული, თუ რა მნიშვნელოვან საქმეებს წყვეტდა იგი - ებრაელების ჩამოსახლება სწორედ მისი დასტურით ხდება, ყველა თემს თავისი მამასახლისი ჰყავს, თუმცა, მცხეთის მამასახლისი მათგან იმით გამოირჩევა, რომ მას მოსამართლისა და მრჩევლის ფუნქციაც გააჩნია. სწორედ მცხეთის მამასახლის სამარას წაართვა ქართლის მმართველობა აზომ.

სრულიად განსხვავებულად წამოგვიდგენს ამ ამბავს |ყ საუკუნის თხზულება "მოქცევაი ქართლისაი". აქ საუბარია, რომ ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას თან ჰყავდა აზო - არიან ქართლის მეფის ძე, და სწორედ მას მისცა მცხეთა სამართავადო. აზო ამის შემდეგ ჩასულა არიან-ქართლში და იქიდან გადმოუსახლებია თავისი ხალხი. იქიდანვე ჩამოუტანია მას ორი კერპი - გაცი და გაი. აზო პირველ ქართველ მეფედაა გამოცხადებული, მის შემდეგ კი, "მოქცევაი ქართლისაის" ვერსიით, ფარნავაზი გამეფებულა. ასე რომ, აზო "მოქცევაი ქართლისაის" ვერსიით, არის არა მაკედონელი, არამედ არიან-ქართლის მეფის ძე.

არაინ-ქართლიდან ქართლამდე

არაინ-ქართლი (ირანის ქართლი) აქემენიდების იმპერიაში შემავალი ტერიტორია გახლდათ. თავის დროზე ძვ. წ-აღ-ის ყ||| საუკუნეში სამხრეთით წინა აზიაში გაჭრილი მუშქები აარსებენ საკმაოდ ძლიერ სამეფოს, რომელმაც ძვ. წ-აღ-ის 676 წლამდე იარსება და სწორედ ამ მუშქების სამეფოს დაცემის შემდეგ დაიძრა მრავალრიცხოვანი, ეთნიკურად ქართული ნაკადი ჩრდილოეთისკენ. როგორც ჩანს, "მოქცევაი ქართლისაის" ცნობა ქართლში არიან-ქართლიდან ჩამოსულთა შესახებ სწორედ ამ ისტორიული ფაქტის გამოძახილი უნდა იყოს.

საგულისხმოა ისიც, რომ როგორც "მეფეთა ცხოვრება", ისე "მოქცევაი ქართლისაი" აზოს მფარველად ალექსანდრე მაკედონელს წარმოგვიდგენს, ეს ცნობა მეცნიერულმა წრეებმა ურაყვეს, რამდენადაც ჩათვალეს, რომ ალექსანდრე მაკედონელი არ დაინტერესებულა სამხრეთი კავკასიით და აქ არასდროს ულაშქრია.

შემდგომში, დიადოხოსების პერიოდში გახდა საქართველოში არსებული მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა ბევრი პოლიტიკური ძალის დაინტერესების საგანი. ეს იყო გზა, სადაც უამრავი კულტურული თუ პოლიტიკური პლასტი გადაეჯაჭვა ერთმანეთს...

სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით აღმოცენდა საქართველოს ტერიტორიაზე ის საინტერესო დამოკიდებულებები, მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით უპრეცედენტო მაგალითს რომ ქმნის დღემდე.

ევროპული ისტორიის გარიჟრაჟზე, ძვ. წ-აღ-ის ყ|ქ-ყ||| სს-ში კოლხამ და აიეტის სასახლემ მსოფლიო გააოცა... ამჯერად კიდევ ერთ სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს ქართული პოლიტიკური თუ კულტურული სპექტრი სამყაროს. სულ მალე ფარნავაზისა და ქუჯის ურთიერთობა გახდება ის საოცრება, რასაც მიწიერი ახსნა ვერ მოეძებნა დღემდე...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×