ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა კარდინალურად შეცვალა დასავლეთი ევროპა. აღმოსავლეთის ცივილიზაციასთან კონტაქტი გახლდათ ერთადერთი გზა, რამაც ბებერი კონტინენტი სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანა.
|ქ საუკუნის ბოლო ათწლეულიდან ევროპა ანტიკურ ხანას კატეგორიულად გაემიჯნა და ქრისტიანობის სიწმინდის დაცვის მოტივით უარყო რომაული და ბერძნული კულტურული და იდეოლოგიური მემკვიდრეობა, რამაც ევროპაში მოსახლე ადამიანების არა მარტო ცნობიერებაზე, ყოფიერებაზეც იქონია ადეკვატური გავლენა.
ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა თავდაყირა დააყენა ის ფასეულობები, რაც მანამდე იყო მოაზრებული ქრისტიანული ბებერი კონტინენტისთვის. ეს პროცესი ყ| ს-ის ბოლოდან იწყება. მართლაც საინტერესო სურათია - მრავალათასიანი არმია, უმეტესად გლეხები, იერუსალიმისკენ დაძრულან.
კლერმონში, საეკლესიო კრებაზე, 1095 წელს პაპ ურბან ||-ის მოწოდება ქრისტეს საფლავის დახსნისა ახლობელი აღმოჩნდა ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ადამიანები მუდმივად სვამენ კითხვას - მაინც რამ აღუძრა სურვილი ათეულობით ათას ევროპელს გამგზავრებულიყო უკიდურესად შორეულ, უცნობ მხარეში? რამ აიძულა ისინი საკუთარი თავი ასეთ ურთულეს პირობებში, ურთულეს განსაცდელში ჩაეგდოთ?
თავად განსაჯეთ, რას ნიშნავს პარიზიდან იერუსალიმში ჩასვლა იმ მწირი კომუნიკაციების არსებობის პირობებში, რაც მაშინ იყო. ახლა ადვილია მსოფლიოს ერთი ქალაქიდან საკმაოდ დაშორებულ ქალაქში მოხვედრა საავიაციო გზით, თვითმფრინავით და ეს დროის უმოკლეს პერიოდშია შესაძლებელი, არადა, ყ| ს-ნის მიწურულს ამის შესაძლებლობა არ იყო.
ეს ხალხი ფეხით, ნაწილი კი ცხენზე, ან ვირზე ამხედრებული დაადგა შორეული იერუსალიმის გზას. ხალხის ნაკადი უფრო შორიდან, პირინეის ნახევარკუნძულიდან და ბრიტანეთიდან დაიძრა, დაიძრა ხალხის მასა შუა გერმანული პროვინციებიდანაც.
როცა აღმოსავლეთი ევროპა უღრანი ტყე იყო
ხალხის ეს ნაკადი მოძრაობს დღევანდელისგან სრულიად განსხვავებულ ევროპაში, სადაც არ უნდა ევლო შუა საუკუნეების პერიოდის ადამიანს, მისი გზა ტყე-ტყე გადიოდა, ეს სრულიად სხვა ევროპაა, ჯერ კიდევ აუთვისებელი, ტყით დაფარული. არ არის გზები, ის ინფრასტრუქტურა, რითაც დღეს იწონებს თავს დასავლეთი.
მართალია ამ დროს ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა რომაული გზები, თუმცა, გერმანიის მიღმა ისინი აღარ გრძელდებოდა, ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან უკვე გზა დაბურულ ტყეებზე გადიოდა.
იდეა, რომელმაც დასავლეთი შეაზანზარა
პირველი, რამაც აიძულა ევროპელები ასეთ შორეულ გზას დასდგომოდნენ, იდეური საფუძველი იყო, ყველაფერს მატერიალური წანამძღვარი აქვს, მარქსისტული ისტორიოგრაფია ყველაფერს მატერიალური წანამძღვრით იწყებდა, თუმცა, სწორედაც რომ ჯვაროსნული ლაშქრობები არ არის ის მოვლენა, რომელიც ასე უნდა შეფასებულიყო.
ჯვაროსნების შემთხვევაშიც ბუნებრივია, არცთუ უმნიშვნელო იყო მატერიალური ფაქტორი (ხალხი ყველა ეპოქაში ერთნაირია - მატერიალური სტიმულირება მისთვის არცთუ უმნიშვნელოა), მაგრამ მას მთავარი მასტიმულირებელი ფუნქცია არ გააჩნდა. ჯვაროსანთა მოძრაობის უმთავრესი მიზეზი იდეოლოგიური წანამძღვარი გახლდათ.
საინტერესოა სულიერი ატმოსფერო შუა საუკუნეებისას, აქ არსებული ქაოსი თავის კვალს აჩნევს ადამიანთა მსოფლმხედველობას, ხალხთა გადასახლებას, მიგრაციას თან სდევს განათლების უკიდურესი დაბალი დონე, ეს ის პერიოდია, როცა ეკლესია თავის პოზიციებს იმაგრებს.
ეს არის ერთგვარად ბავშვური გულუბრყვილობის ხანა, სამყაროზე მეცნიერული შეხედულება ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული, ყოფიერებასა და ცნობიერებაში დამკვიდრებული ასეთი გულუბრყვილობა მათ არსებული რეალობის ტყვეობაში აქცევდა.
როგორ გახდა იერუსალიმი სამყაროს მიზიდულობის წერტილი
შუა საუკუნეებისას ევროპელები ძალიან ცუდად იცნობდნენ გარე სამყაროს, ამის მაგალითად ერთი ფაქტი გამოდგება, ჯვაროსნები იერუსალიმის გზაზე აღმოსავლეთ გერმანიის მისადგომებთან ციხეს მიადგნენ, ამ ციხის დანახვაზე ყველას ერთი კითხვა გაუჩნდა - ეს იერუსალიმია?
ამ ხალხმა არ იცოდა სად მიდიოდა, რა მანძილით იყო დაშორებული იერუსალიმი მათ საცხოვრისს. მათ გონებაში აღრეული იყო მითები, ზღაპრები, რასაც ხშირად რეალურ წარმოდგენად მოიაზრებდნენ.
ყ ს-დან განსაკუთრებულად პოპულარული გახდა პილიგრიმობა წმინდა მიწაზე, ითვლებოდა, რომ ეს მომლოცველობა ყველა ცოდვისგან, მათ შორის უმძიმესი ცოდვებისგანაც კი გაათავისუფლებდა ადამიანს, მამა-პაპათა ცოდვებისგანაც კი განწმენდავდა უფალი.
შუა საუკუნეების ადამიანებს მამა-პაპათა ცოდვების განსაკუთრებით ეშინოდათ, რამდენადაც მიაჩნდათ, რომ ამ ცოდვებს უმძიმესი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა, და ასეთ დროს განცდა იმისა, რომ წმინდა მიწაზე გამგზავრება და იქ ლოცვა ასეთი საფერთხისგან გაათავისუფლებდა, საკმაოდ პოპულარულს ხდიდა ჯვაროსანთა განზრახვას წასულიყვნენ წმინდა მიწაზე და დაეხსნათ ქრისტეს საფლავი.
ყ| სი-ს მეორე ნახევრის ავტორი რაულ გლობერი წერდა: იერუსალიმში მიდიოდა სამყაროს ყველა კუთხიდან ადამიანთა დიდი ნაკადი, არავინ დაიჯერებდა ადრე, რომ ეს ადგილი ასეთი დიდი მიზიდულობის წერტილი გახდებოდა ევროპელთათვის."
რატომ ვერ მიაღწია ლიდბერტმა ქრისტეს საფლავს
და ამ დროს ხდება მნიშვნელოვანი გარღვევა შუა საუკუნეების დახშული სივრციდან. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 40 წლით ადრე პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობამდე, 1054 წელს კემბრიელი ეპისკოპოსი ლიდბერტი მოუწოდებს მორწმუნეებს სალოცავად წავიდნენ იერუსალიმში. ლიდბერტი 3 ათასამდე მომლოცველს აგროვებს. 3 ათასი მომლოცველი საკმაოდ მასშტაბური ჩანს.
საგულისხმოა ისიც, რომ ამ მოლაშქრეებს საკმაოდ სახასიათო სახელი უბოძეს - მათ "ქრისტეს მოლაშქრეები" ეწოდათ, უკვე ჩნდება იდეა, რომ შესაძლოა მათ ქრისტიანული სიწმინდეებისათვის მოუწიოთ თავდადება და ბრძოლა.
საგულისხმოა, რომ ლიმბერტის შეკრებილი ქრისტეს მოლაშქრეების აბსოლუტური უმრავლესობა ბალკანეთში დაიღუპა ისე, რომ ვერ ჩააღწია იერუსალიმს. თავად ლიმბერტი გადარჩა, მაგრამ ძალიან განიცდიდა სიცოცხლის ბოლომდე ამ არშემდგარ და წარუმატებელ სულიერ მისიას.
ამბავი ვირით პეტრე ამიენელის იერუსალიმში მშვიდობიანი პილიგრიმობისა
ყ| ს-ის ბოლო ათწლეულში ევროპაში ჩნდება სახალხო მქადაგებელი პეტრე ამიენელი მეუდაბნოეს სახელით, წარმოშობით ჩრდილოეთ საფრანგეთიდან. ის თავად გახლდათ იერუსალიმში, მოინახულა და მოილოცა სალოცავები, იერუსალიმის მუსლიმანი მმართველები აძლევდნენ საშუალებას ქრისტიანებს, მისულიყვნენ ქრისტიანულ სიწმინდეებთან და ჰქონოდათ მათთან ურთიერთობა, ასეთი შეთანხმება იყო მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს შორის.
პეტრე მეუდაბნოესთვის საკმაოდ ემოციური იყო სიწმინდეებთან შეხება, ის ასეთი ემოციური მუხტით აღვსილი ბრუნდება ევროპაში, ეახლა რომის პაპს და მისგან მიიღო ხელდასხმა, რომ ხალხში იერუსალიმში სალოცავად წასვლისა და ქრისტიანული სიწმინდეების მაჰმადიანებისგან დახსნის საყოველთაო აგიტაცია გაეწია.
პეტრე მეუდაბნოე (სხვათა შორის შემორჩენილია ამ აგიტაციის ამსახველი იკონოგრაფიული გამოსახულება) ფეხშიშველი, პატარა ვირზე ამხედრებული ქრისტიანულ ქვეყნებში მოგზაურობს, ქალაქიდან ქალაქში დადის და ქადაგებს როგორც უპოვართა, ისე დიდგვაროვანთა შორის, და საკმაოდ წარმატებითაც.
მაინც რატომ სარგებლობს ეს ქადაგება ხალხში ასე პოპულარობით? რატომ იყო გამორჩეული რეზონანსული მეუდაბნოეს მოწოდება ურჯულოებს გამოგლიჯონ ხელიდან იერუსალიმში ქრისტეს საფლავი? ამ კითხვაზე პასუხი რომ მივიღოთ უნდა გავაცნობიეროთ რა პირობებში უხდება ამ ხალხს ცხოვრება.
ამბავი მისტიკური შვიდწლიანი მოუსავლიანობისა
ყ|-ს-ის ბოლოს დასავლეთ ევროპაში უკიდურესი გაჭირვებაა. ყ-ყ| ს-ს მიჯნაზე საკმაოდ გაუარესდა ხალხის მდგომარეობა, ეს გამოწვეული იყო ბუნებრივი კატაკლიზმებით, ანომალიური სიცხე, გვალვა, მოუსავლიანობა - ამით უპირველესად მოსახლეობის ქვედა ფენა ზარალდება, 1087-1094 წლებს იმდროინდელი ქრონისტები შვიდწლიან გამოფიტულ ხანას უწოდებენ, შვიდი მოუსავლიანი წელი არ იყო იოლად გადასატანი.
საგულისხმო და გასათვალისწინებელია ისიც, რომ ციფრ შვიდს მისტიკური დატვირთვა აქვს, შვიდი ქრისტიანულ რელიგიაში განსაკუთრებულია, სწორედ ამ ციფრმა აღძრა გამორჩეული კითხვები - ხომ არ იყო ეს ღვთის რისხვა? ხომ არ სჯიდა ადამიანებს ღმერთი მამა-პაპათა ცოდვებისათვის? და აქ ჩნდება გამოსავლის ძიების სურვილი და კონკრეტული გზა - იერუსალიმში წასვლა და ქრისტიანული სიწმინდეების დახსნა.
ჭუჭყში ჩამხრჩვალი ევროპა
მოუსავლიანობა და ბუნებრივი კატაკლიზმები ადამიანებისთვის ყოველთვის მწუხარების მომტანია, შუა საუკუნეებისას ეს მწუხარება განსაკუთრებულად გამძაფრებულია, ამას ეპიდემია მოსდევს, ადამიანები ავადდებიან, სამედიცინო სფეროზე საკმაოდ მწირი წარმოდგენები აქვთ, ჰიგიენის დაცვის ცნება პრაქტიკულად არ არსებობს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში - ყქ-ყქ| სს-ების მიჯნამდე ნებისმიერ ნარჩენს, მათ შორის ფეკალიებსაც, ქუჩაში ყრიან, სწორედ ამის გამოა გაშინაურებული შუა საუკუნეები მასობრივ ეპიდემიას, რაც დროდადრო საკმაოდ მძაფრად იფეთქებს ხოლმე.
მძვინვარებს შავი ჭირი, რასაც ადამიანთა მასობრივი განადგურება სდევს თან და ეს პროცესი ევროპაში ჯერ კიდევ ქ||| ს-დან იწყება, ამ რეალობას კი თან სდევს ფიქრი იმაზე, რომ ეს ღვთის რისხვაა, რომ ადამიანები ასე მასობრივად თავიანთი და მამა-პაპათა ცოდვებისათვის იტანჯებიან და ისჯებიან.
თვითგადარჩენის კოდი - "გაიქეცი რაც შეიძლება შორს" ერთადერთი პრაქტიკული გზა ამ რეალობიდან თავდახსნისა არის სასწრაფოდ გაერიდონ იმ ადგილებს, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, წავიდნენ რაც შეიძლება შორს და რაც შეიძლება გვიან დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრისში. თვითგადარჩენის მთავარი კოდია - "გაიქეცი რაც შეიძლება შორს..."
რაულ გლაბერი, ყ| ს-ის ბოლო პერიოდს მოვლენების შემსწრე საკმაოდ მუქ ფერებში აღწერს ზემოთ ხსენებულ შვიდწლიან მოუსავლიან პერიოდს: "როცა აღარ დარჩა შინაური ცხოველი და ფრინველი, ადამიანები იქამდე მივიდნენ, რომ ხელიდან გლეჯდნენ ერთმანეთს მძორს და ლეშს, ცხოველთა ნარჩენებს, საშინელებაა მოვყვეთ, თუ რა მდგომარეობამდე მივიდა მაშინ ხალხი.
მანამადე გაუგონარი რამ ხდებოდა, ნორმალურ განსჯას მოკლებულნი მივიდნენ იქამდე, რომ უარს არც ადამიანის ხორცზე ამბობდნენ." როგორც ჩანს, უმძიმესი შიმშილის ფონზე კანიბალიზმი მართლაც არსებობდა დასავლეთ ევროპაში. ასე რომ, სწორედ ამ უმძიმესმა რეალობამ უბიძგა გლეხებს, მასობრივად წასულიყვნენ აღმოსავლეთით ჯვაროსნულ ლაშქრობებში.
ასე ამუშავდა კიდევ ერთხელ ევროპელთა ფიზიკური გადარჩენის კოდი - "გაიქეცი, რაც შეიძლება შორს". ეს "შორს" ამჯერად ქრისტეს საფლავი და სამი სარწმუნოების სიწმინდეთა სავანე - იერუსალიმი გახლდათ.