"დღეში ერთი ლარიც არ გამოდის ამ დანამატიდან, ყოველდღიურად თეთრების იმედად არიან ჩვენი პენსიონერები"
მარიამ აფციაური
01.07.2016

 ლარის გაუფასურებისა და გაძვირებული ცხოვრების შემდეგ პენსიის 20 ლარით მომატებას სპეციალისტები სერიოზულ ნაბიჯად არ აღიქვამენ. მათი გაანგარიშებით, ცვლილება მხოლოდ მომატებული ხარჯის კომპენსირებაა. მთავრობის მხრიდან გაღებული დანამატი დღეში ერთი ლარიც არ გამოდის და რეალურ საარსებო მინიმუმს მკვეთრად ჩამორჩება.

დღეიდან ასაკით პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პენსია 20 ლარით ეზრდებათ, მაგრამ ამ ცვლილებას ფონად გასდევს ლარის გაუფასურება და პარალელურად პროდუქტების, მედიკამენტების სიძვირე.

ყველა სპეციალისტი "რეზონანსთან" საუბრისას დაუფარავად აცხადებს, რომ პენსიის 160 ლარიდან 180 ლარამდე მომატება, ხანდაზმული ადამიანების სოციალურ მდგომარეობას ვერ გაუუმჯობესებს.

სოსო ცისკარიშვილი თვიურ შემოსავალს დღიურ ნორმას უსადაგებს და ამბობს, რომ გაზრდილი პენსია დღეში ერთი ლარიც არ გამოდის. შესაბამისად, ეს ცვლილება პენსიონერების აბუჩად აგდებად მიაჩნია. მისი თქმით, პენსიის მომატება კარგი მოსასმენია, თუმცა ასაკოვანი მოსახლეობის ჯიბეს და მაცივარს სიკეთეს ვერ მოუტანს.

"რასაკვირველია, გაზრდა პოზიტიურად იქნება აღქმული ჩვენი დაბეჩავებული პენსიონერების მიერ, თუმცა მათ გაჭირვებას ნამდვილად არ უშველის დღეში რამდენიმე თეთრის მომატება. დღეში ერთი ლარიც არ გამოდის ამ დანამატიდან, ანუ ყოველდღიურად თეთრების იმედად არიან ჩვენი პენსიონერები. ვერ იქნება სანდო ასეთი ამომრჩეველი. რეალურად ხომ არჩევნებისთვის არის გათვლილი პენსიის მომატება ასეთი მცირე ოდენობით", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ დემურ გიორხელიძესაც. იგი სხვების მსგავსად აღნიშნავს, რომ 20-ლარიანი მატება საერთო სურათს ვერ შეცვლის. "როგორ გააუმჯობესებს 20 ლარი სოციალურ ფონს, როცა ლარი უფასურდება და ფასები იზრდება?" - კითხულობს გიორხელიძე.

"20 ლარი ბევრი არ არის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან არის გაუფასურებული. მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას შეცვლის მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა ხანგრძლივ პერიოდში. ეს ცვლილება ვერანაირად გააუმჯობესებს სოციალურ ფონს", - განუცხადა "რეზონანასს" ეკონომიკის ექსპერტმა გიგა ბედინეიშვილმა.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი პენსიის ზრდის და ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხზე 2015 წლის აგვისტოშიც გვესაუბრა. მაშინ პენსია 150 ლარს შეადგენდა და საუბარი იყო მისი 10 ლარით მომატებაზე. მისი შეფასება დღევანდელის იდენტური აღმოჩნდა.

"რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ 6-7%-ით გაიზრდება პენსია, მაშინ, როდესაც დევალვაცია გვქონდა 30%-იანი, ინფლაცია კი - 10-12%. გააჩნია რაზეა ლაპარაკი. წამლები, ალბათ, კიდევ უფრო მეტად არის გაძვირებული. ასე რომ, მცირე მატება ვერ დაეხმარება პენსიონერებს. თუ ეს იყო მათი მიზანი, ბევრი არაფერი გამოვა, შეღავათს არ მოიტანს.

ახალი მთავრობის პირობებში პენსიონერების ცხოვრების დონე იმდენად გაუარესდა, რომ 10-20 ლარი ვერაფერს მისცემს. ამის მთავარი მიზეზი ფასების ზრდა და ლარის სისუსტეა", - აღნიშნავდა გიგა ბედინეიშვილი.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ პენსიის 180 ლარამდე მომატება პენსიონერებს შემოსავალს, გარკვეულწილად, გაუზრდის, თუმცა ეროვნული ვალუტის გაუფასურების პირობებში, ეს დიდი შეღავათი ვერ იქნება.

"მოსახლეობაში სოციალურ ფონს ვერ შეცლის, თუმცა პენსიის 20 ლარით მომატება დააკომპენსირებს ლარის გაუფასურებით გამოწვეულ დანაკარგს", - განუცხადა "რეზონანსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ.

მან მთავრობის დაპირებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პენსიის ზრდა თავიდანვე დაანონსებული იყო. 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ პენსია პირველ ეტაპზე საარსებო მინიმუს გაუტოლდებოდა.

"პენსია ჯერ საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, ხოლო შემდეგი ნაბიჯი საარსებო მინიმუმის გადაფასებაა. ყველა პროექტი ნაბიჯ-ნაბიჯ გადაიდგმება, თუმცა სოციალური საკითხების განხორციელებისათვის აუცილებელია ბიუჯეტის პარამეტრების ცოდნა", - აცხადებდა ჯანდაცვის მინისტრი.

გიორგი კეპულაძე კი ამბობს, რომ დაპირების შინაარსი და ამჟამინდელი მდგომარეობა ერთმანეთთს არ ეთანხმება. გამოდის, რომ სოციალური დაპირება ჯერ არ შესრულებულა.

"გვახსოვს, რომ პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გატოლებოდა. დღესდღეობით რეალური საარსებო მინიმუმი 200 ლარზე მეტია და პენსია კი მხოლოდ ახლა გახდა 180 ლარი", - განაცხაა კეპულაძემ.

მან "რეზონანსთან" სხვა ალტერნატივაზეც ისაუბრა დაგროვებითი პენსიის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. "ალბათ გარკვეულ ეტაპზე დადგება დრო როცა უნდა გადავიდეთ დაგროვებით პენსიაზე. ახალგაზრდამ იმთავითვე უნდა იზრუნოს, რომ სიბერეში ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი. ეს უფრო ცივილიზებული მეთოდია და უფრო სამართლიანიც იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა პენსია უსამართლოდ არის გადანაწილებული, რადგან ადამიანი მუშაობს თუ არ მუშაობს, ყველას თანაბარი პენსია აქვს", - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×