ია აბულაშვილი
01.07.2016

 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიაზე ბევრი დაწერილა ქართულ პრესაში და იმედია, დღევანდელ სტატიაში შეთავაზებული მასალაც, რომელიც ამ პერიოდს ეხება, დააინტერესებს ჩვენს მკითხველს. ეს არის ცნობილი ქართველი დიპლომატის, ზურაბ ავალიშვილის წერილი "პოსტ-სკრიპტუმ", რომელიც 1924 წელს პარიზში დაიწერა.

"მე ვისურვებდი, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ძველი ძლიერება; არ დასჭირდებოდეს უცხო ქვეყნების დახმარება; და სავსებით დამოუკიდებლი იყოს მშვიდობისას და ომიანობის ჟამსაც...

მაგრამ რახან დროთა მდინარებით, ანდა ბედის ტრიალით, ეგებ ორივეს გამოც, ისე დავუძლურდით, რომ სხვებს უნდა დავემორჩილოთ, მე ყველაზე გონივრულად მიმაჩნია, იმათ ნებას დავყვეთ, ვინც უფრო ზომერია და სამართლიანი, და ვინც არასდროს ღალატობს თავისი მოკავშირეების მეგობრობას"...

ეს სიტყვები გუშინ არ უთქვამთ, მაგრამ შეეძლოთ ჩვენს დროშიც ეთქვათ; ეგებ ასი წლის წინათაც; და ყოველთვისაც ივარგებდა სათქმელად, როცა კი საქართველო იძულებული იყო პოლიტიკური კავშირის არჩევანი მოეხდინა, ხალხთა ბედ-იღბალის განმგებელ რომელიმე მეზობელ იმპერიას შორის.

ზემოთ მოხმობილი სარწმუნო ტრიმადა ამოღებულია იმ სიტყვებიდან, რომელსაც ადრებიზანტიელი ისტორიკოსი ათქმევინებს ორატორ აიეტს "წარჩინებულ კაცს... ვისაც სძულდა ყველაფერი რომაული და მუდამ სპარსელებისკენ მიუწევდა გული", ხოლო წარმოთქვა ეს სიტყვები 554 წელს ქრისტეს აქეთ, სახალხო კრებაზე, რომელიც სადღაც მთის ორწოხებში საიდუმლოდ განსჯიდა იმა დღეთა პოლიტიკურ სატკივარს: მაშინ ერთ-ერთი დრამატული მომენტი უდგა იმდროინდელ ამიერკავკასიას, სადაც მის გამო და მისსავე მიწა-წყალზე გაჩაღებული იყო ბრძოლა სპარსელთა და რომაელთა, ანუ ბიზანტიათა შორის, და ამ ომში არც მკვიდრი ხალხები იყვნენ უტყვ მოწმეებად.

აიეტის სიტყვებში განსაცვიფრებლად მოკლედ და ნათლად არის გამოხატული იმის დასაბუთება, რასაც დღეს ჰქვია პოლიტიკური ორიენტაცია საქართველოსი თუ რომელიმე ეგრეთწოდებული პატარა ხალხისა, რომელიც ანალოგიურ ვითარებაში იცავს თავის დამოუკიდებლობას ძლევამოსილ იმპერიათა მძლავრობისაგან.

მეექვსე საუკუნის შუახანებში კავკასიის ხალხები იდგნენ ორიდან ერთის - აღმოსავლეთ რომის იმპერიის მოძალეობის ანდა ირანელი სასანიდების რეაქციის არჩევანის წინაშე. მაგრამ თუ უკანაც მოიხედავდნენ, იმ ეპოქის მოღვაწეებს შეიძლება მოჰგონებოდათ ორიენტაციის შეცვლის არაერთი შემთხვევა, რაც კი წარსულში მომხდარა. განა ჯეროვნად არჩეული მიმართულება არ იყო ერთობა და მოკავშირეობა ძლიერ და სასურველად შორეულ რომთან, რაც ალბათ, ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვდათ, და რასაც აქამდე გვიდასტურებს ლაპიდარული წარწერა ანგორის განთქმულ მონუმენტზე, რომ არაფერი ვთქვათ მცხეთაში აღმართულ ვესპესიანეს ცნობილ წარწერაზე!

წინა საუკუნეებში კი, პომპეუსთა და ლეკულუსთა ხანაში, იმ დროს, როცა რესპუბლიკა ებრძოდა მითრიდატე ევპატორ პონტოელს, ეგებ "ნაკლებ ცხენზე" ითამაშა კავკასიამ და ეგებ არასწორი "ორიენტაციის" გამო იზარალა კიდეც. შორეთისაკენ, საუკუნეთა სიღრმისკენ შეეძლო მიექცია თვალი მეექვსე საუკუნის კოლხეთ- ლაზიკის, ანდა იბერიის პატრიოტს და ბევრი რამ მოჰგონებოდა, მაგრამ მან არ იცოდა, რა ელოდა წინ, რას უმზადებდა კარზე მომდგარი მყობადი: არ უწყოდა არც ბრძოლად აღმდგარ ისლამის და ასევე შეურიგებელ ქრისტიანულ სამყაროს შორის მოქცეულ კავკასიის საუკუნოვანი შეჭირვება, არც ბედი აქაურ ქვეყნებისა, რომლებიც გრდემლად უნდა დასდებოდნენ გამუდმებული შემოსევების უროს ცემას; არც შემდგომი საუკუნეების ორომტრიალი, რომელსაც საქართველო ხალიფების ბაღდადისა და ძოწეულოვანთა გვარის კონსტანტინეპოლის შემდეგ მიჰყავდა სპარსული აღორძინების ისპაჰანშიც, ამურატების სტამბოლშიც, "ჩუმ" ხელმწიფეთა მოსკოვშიც; ხოლო ჩვენს დროში, რომანოვების პეტერბურგის იმპერიასთან საუკუნოვანი კავშირის შემდგომ, ჯერ 1918 წელს ბერლინის გზას გაუყენა, 1919-ში - ლონდონისას, ხოლო 1921 წელს კვლავ დაუმორჩილა მოსკოვის ძალაუფლებას, ამჯერად ლენინის მოსკოვისას.

ჰოდა, მოხდა კიდეც ის, რაც გარდაუვალი და საბედისწერო იყო: ქართული დემოკრატია დაემხო იმ მომენტში, 1921-ში, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის სრული საერთაშორისო აღიარების შემდეგ, ელოდა უფრო სრულად დამტკბარიყო თავისი, ბევრ რამეში ფასეული, შრომის ნაყოფით. აი, სწორედ ამ მომენტში, სულ იოლად გადაუშვეს ძირს.

ღირს განა, დავუმატოთ, თუ როგორ უწყობდა ამას ხელს სრული უუნარობა იმისა, რომ მეზობლებთან სადაო საკითხების მოგვარების, მათთან ჯეროვანი კავშირის განხორციელების ტემპი შეეთანხმებინათ ისტორიის გამალებული რიტმისთვის? ანდა ესეც დავუმატოთ, სამწლიანი, ბევრ რამეში წარმატებული, საგარეო პოლიტიკის შემდეგ საქართველო ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ იგი აღმოჩნდა სრულიად იზოლირებული და მოსკოვის მუდმივი დარტყმის მუქარის ქვეშ? როდესაც 1921 წლის თებერვალ - მარტის მძიმე დღეებში საქართველო მაგიდაზე დააწვინეს და საბჭოთა ხელისუფლებამ, სასტიკი ოპერაცია ჩაუტარა, ამ ქირურგმა იცოდა, რომ პაციენტი ქლოროფორუმით დაბანგა და საოპერაციოდ მოამზადა.

საქართველოს დამოუკიდებლობა, მიუხედავად 1920-21 წლების მოვლენებისა, სრულიადაც არაა უბრალო ეპიზოდი გუშინდელი დღისა, რომელიც უმალ ხდება განვლილი ისტორიის კუთვნილება; პირიქით - ეს დამოუკიდებლობა არის და დარჩება ჩვენი დღეების და მომავლის ცოცხალ თემად. მაშ ასე - განგრძობა და არა შეწყვეტა; და არავინ უნდა ჩაებღაუჭოს წარსულს. აწყმოში ბევრად მეტი რეალობაა, ხოლო მომავალში - მიმზიდველობა.

რაც შეეხება იმათ ვინც პოლიტიკურ აშლილობაში დაზარალდნენ ისღა დარჩენიათ რომ მოიგონონ სიტყვები გონიერი კაცისა, რომელსაც თავისი და მათი სათქმელი ასე დაუწერია " თუკი რაიმე მოვლენა მჯობნის, თუ იგი მხარს უჭერს ჩემს მიერ უარყოფილ არჩევანს, და ამას აღარაფერი ეშველება; ამის გამო ჩემს თავს არ ვყვედრი; ბრალს ვდებ ჩემს ბედს და არა ჩემს ნამოქმედარს, ამას მონანიება არა ჰქვია" (მონტენი, ცდანი, წიგნი მესამე, თავი 11).

პარიზი, 1924-ის სექტემბერი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×